გიორგი ყიფშიძის სუსტი წერტილი და ბედნიერება - გზაპრესი

გიორგი ყიფშიძის სუსტი წერტილი და ბედნიერება

როდის კარგავს წონასწორობას, რა რჩება მისთვის დღემდე ყველაზე დიდ ტკივილად და რას აკეთებს სცენაზე გასვლის წინ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 22 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ვინ მინდოდა გამოვსულიყავი? ვაიმე, დედა, ვეღარ ვიხსენებ (პაუზის შემდეგ), ფანტაზიორი ბავშვი ვიყავი. ზღაპრების სამყაროში ფრენა მინდოდა. მსახიობობაზე არც კი ვოცნებობდი. მეტიც, მამას სცენაზე გამოსულს რომ ვხედავდი, სულ მიკვირდა, - ხალხს როგორ ეჩვენება? ამ კაცს როგორ არ რცხვენია, ამდენი ადამიანის წინაშე რომ გამოდის-მეთქი.

- ჩემზე ამბობენ...

- ....სახლში ამბობენ, გიორგი ზარმაციაო. პურის ამოსატანად მაღაზიაში ჩასვლა მეზარება. რას ვიზამთ, ხანდახან ადამიანს რაღაც ეზარება და უნდა გაუგო. ამას სისტემატური სახე კი არ აქვს, უბრალო დამთხვევა ხდება: ზუსტად იმ დროს მეზარება, როცა შინ პური არ არის ანუ ჩემი შესაძლებლობებისა და ოჯახის წევრების მოთხოვნების შეუთავსებლობაა... მეგობრები ამბობენ, - ხელგაშლილიაო. ამას ოჯახშიც აღნიშნავენ და თავადაც ვადასტურებ, რომ ასეა. სწორედ ამ თვისების წყალობით, ჯიბეში ფული არასდროს მაქვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემი ოჯახის წევრებსა და რეჟისორ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პირველმა დაიჯერა, რომ ჩემგან შეიძლებოდა, მსახიობი დამდგარიყო.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ზუსტად იგივენაირად ვიცხოვრებდი, როგორც აქამდე ვიცხოვრე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ყველა ჯანმრთელი მყავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მეგობრობა შემიძლია.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

GzaPress- ...არ მომწონს, როცა თანხას არასწორად ვანაწილებ; როცა უფულოდ ვარ და მაქვს ის პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა, ფულით გადამეჭრა.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაღიარებ, მაგრამ ვერ ვასწორებ. ერთი და იგივე შეცდომა არაერთხელ დამიშვია. ზოგჯერ ადამიანები შეცდომებს ჩვენდა უნებურად, გაუცნობიერებლადაც ხომ ვუშვებთ? მთავარია, ამ შეცდომებზე ჭკუა ისწავლო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისაწავლე, რომ...

- ...არ მახსოვს, რა ვისწავლე. ადრე ბევრ ცუდ რამეს ვაკეთებდი, რასაც ახლა აღარ ვაკეთებ. კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მიღირს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა, ყველაფერი კარგად იყოს.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ. ასეთ დროს ვწითლდები კიდეც. იყო დრო, როცა ლამაზი გოგოს დანახვისას ვიბნეოდი, ახლა კი ასე აღარ მემართება: ლამაზ გოგოს რომ ვხედავ, ვბედნიერდები.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...იქ ვარ, სადაც მინდა ვიყო და ეს თეატრია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლო ადამიანს. როცა უსამართლობას ვაწყდები, სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ ვახერხებ. ასეთ დროს რას ვაკეთებ? რა ვიცი, იმ წუთში თავში რა წამომივლის. უსამართლობის ხარისხს გააჩნია.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა. შეიძლება, 8 საათზე გამეღვიძოს, მაგრამ ადგომა მაინც მეზარება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ქალაქის მერი. თანამდებობაზე რომ ვიყო, ზუსტად ვიცი, როგორი ხალხი მეყოლებოდა გარშემო, რას გავაკეთებდი. ჩემი კონცეფცია მაქვს, გეგმა, რომელიც დღემდე მოსულ არც ერთ მერს არ ჰქონია.

- ქალაქის მერი რომ ვიყო...

- რას გავაკეთებდი? ამას საჯაროდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, კეთილდღეობას ნებისმიერი თბილისელი იგრძნობდა. ქალაქის ხელმძღვანელობა, მერი ან სხვა ვინმე თუ დაინტერესდება, შემიძლია, დეტალებზე დაველაპარაკო და რჩევა მივცე. ისე არ გამიგო, თითქოს პოლიტიკაში მოსვლაზე ვფიქრობდე. მერი პოლიტიკოსი არ არის, მენეჯერია.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...უკეთესი მომავლის მოლოდინით.

- სიყვარული ეს...

- ...თრთოლვაა, ეს არის ინდივიდუალური სიგიჟე, როცა სისულელეების ჩადენის სურვილი გიჩნდება და ამ სისულელის გამო არასდროს ნანობ.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ეს ყველაფერი მემართება, რაც უკვე გითხარით.

- ვოცნებობ...

- ...ისეთ გარემოში ვცხოვრობდე, შვილის ქუჩაში გასვლის რომ არ შემეშინდება.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს შვილს, რომელიც მეუბნება: "მამა, მიკალქალ".

- ცხოვრებაში რისკზე...

GzaPress- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ეს ისე ხდება, რომ არ ვიცი, თუ ვრისკავ. გაუცნობიერებელი რისკები მეტად საშიშია. ემოციური და იმპულსური ადამიანი ვარ. რისკზე გააზრებულადაც წავსულვარ, მაგრამ არა ისეთზე, რომ სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დამეყენებინოს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...სუსტი სქესის წარმომადგენლებია.

- ჭორი, რომელმაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა...

- ...პირველი შვილი რომ შემეძინა, ერთ-ერთ ჟურნალში დაიბეჭდა: "რატომ იპარება ქრისტისთან ჩუმად ღამ-ღამობით ზურა?" მამაჩემს გულისხმობდნენ, რომელსაც ჩემს მეუღლესთან მაწონი მიჰქონდა. მას შემდეგ იმ ჟურნალთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე, რადგან გავმწარდი.

- ჯულიანა ბარ-გნარზე გავრცელებული...

- ...(მაწყვეტინებს) ამ თემაზე არ ვლაპარაკობ და გთხოვ, ნუღარ ჩამეძიები.

- მეშინია...

- ...სიკვდილის. სიმაღლის ფობიაც მაქვს. ფრენის მეშინია. ვიდრე თვითმფრინავში ავალ, წამალს ვსვამ, რომ გავითიშო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...არაპუნქტუალურობის გამო.

- ვნანობ, რომ...

- ...თავის დროზე ბებიას ბევრჯერ ვაწყენინე, რასაც ამწუთას განვიცდი, მაგრამ... ახლა პატარა წყენასაც მტკივნეულად განვიცდი და ბებიები ხომ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან! ადრე მეგონა, რომ ის სულ ჩემ გვერდით იქნებოდა...

- ცრუმორწმუნე...

- ...ვარ. არ ვიცი, ცრურწმენები მგონი, ბავშვობიდან მაქვს ჩანერგილი.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...ძალიან ვღელავ. გიორგი მარგველაშვილმა მასწავლა, რომ სცენა არის მდედრობითი სქესის და როგორც ქალს, ისე უნდა მოექცე, თორემ შესაძლოა, უკან მწარედ დაგიბრუნდეს. სცენას, როგორც ქალს, ისე ვეხვეწები, არ გამწიროს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გამრავლების ტაბულა.

- არ მჩვევია...

- ...ბევრი რამ მჩვევია და ბევრი რამ - არა... რადგან კონკრეტულს ვერაფერს ვიხსენებ, როგორც ჩანს, კატეგორიული "უჩვეულობა" არ მჭირს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ჩემთან ერთად, ბევრი ფული ძალიან ბევრს ექნებოდა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ისეთ როლს არ ვითამაშებ, რომელიც ჩვენი მტრის წისქვილზე წყალს დაასახამს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბევრი დარიგება მახსენდება, მაგრამ ერთს გეტყვით. მამას არაერთხელ უთქვამს, - საქმეზე ფანატიკურად შეყვარებული უნდა იყო და ბოლომდე თავდადებით ემსახურო.

- ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი...

- ყველაზე საინტერესო პერიოდის (23-დან 28 წლამდე) დაკარგვაა. იმ პერიოდში ცუდად ვიცხოვრე და დღეს ეს ძალიან მტკივა.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მეტად დავაფასოთ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს და ამ ქვეყანაზე ამდენი ბოროტებაც აღარ იქნება!

თამუნა კვინიკაძე