როგორი მამაა თორნიკე შენგელია - გზაპრესი

როგორი მამაა თორნიკე შენგელია

თუ როგორი მამაა თორნიკე და ვინ ეხმარება წყვილს შვილის გაზრდაში, ამაზე კალათბურთელის მეუღლე გვიამბობს. სალომე ჯუღელს ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით.

- პირველ რიგში, ოჯახის ახალი წევრის დაბადებას გილოცავთ!

- დიდი მადლობა! ჩვენს შვილს თოკოს მამის სახელი - კახა დავარქვით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ კალათბურთელი გაიზარდოს და მომავალში კიდევ ერთი კახი შენგელია ვიხილოთ მოედანზე.

- თორნიკე თუ ესწრებოდა შვილის დაბადებას?

- დიახ, ესწრებოდა, გვერდიდან არ მომშორებია.

GzaPress

- მისი სურვილი იყო, მშობიარობის დროს შენ გვერდით ყოფნა თუ ეს თავად სთხოვე?

- ეს ორივეს სურვილი იყო. ძალიან მინდოდა, როცა ჩვენი შვილი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, დედაც და მამაც გვერდით ჰყოლოდა.

- შვილი ხელში რომ აიყვანა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ძალიან ბედნიერი იყო. ამბობდა: საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი, ეს ყველაფერი რომ არ მენახა და შემეგრძნო. ერთ ცხოვრებად ღირს შენი შვილის დაბადების ყურებაო.

- ვის ჰგავს თქვენი პატარა?

- ზედგამოჭრილი თორნიკეა. ყველა ნაკვთი მამის აქვს, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მახარებს.

- წინასწარ იცოდით ბავშვის სქესი?

- დიახ. ერთი სული მქონდა, შვილის სქესს როდის გავიგებდი. ამ ცდუნებას მთელი 9 თვე ნამდვილად ვერ გავუმკლავდებოდი (იცინის).

- ოჯახში ბიჭის დაბადება განსაკუთრებით, მამაკაცებს ახარებთ ხოლმე...

- ვიდრე ბავშვის სქესს გავიგებდით, ამბობდა: მნიშვნელობა არ აქვს, ბიჭი იქნება თუ გოგო, მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოსო... მაგრამ როცა გაიგო, რომ ბიჭის მამა გახდებოდა, სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო. იმ წამიდანვე დასახა გეგმები, თუ რას გააკეთებდა შვილთან ერთად, რას ასწავლიდა, როგორ აღზრდიდა და ა.შ.

- როგორც ვიცი, კახი საქართველოში არ დაბადებულა. ასეა?

- დიახ, პატარა კახი ჩიკაგოში დაიბადა, ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოს ნახვაც მოასწრო (იღიმის). ნაცნობ-მეგობრებს ძალიან მოეწონათ ჩვენი შვილი.

- ძიძა უკვე გყავთ?

- ამ ეტაპზე ძიძა არ მყავს. თუმცა, ამ საკითხზე უკვე ვიზრუნე და თვის ბოლოს ძიძაც გვეყოლება. მინდა, ჩემს შვილს ქართველი მომვლელი ჰყავდეს და ამიტომაც, საქართველოდან ჩამომყავს.

- თორნიკე თუ გეხმარება კახის მოვლაში?

- კი, ძალიან მეხმარება. უფრო მეტიც, სურს, კახის ყველაფერი თავად გაუკეთოს. არაჩვეულებრივი მამაა. პატარას ერთად ვასეირნებთ, ყველგან თან დაგვყავს.

- მშვიდი ბავშვია?

- ძალიან მშვიდია. მარტო მაშინ ტირის, როცა შია. საათს გაასწორებ მის ტირილზე (იცინის).

- ფეხმძიმობის შემდეგ, ქალებს ჩვეულ ფორმაში ჩადგომა უჭირთ ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, შენ ეს პრობლემა არ გაქვს.

GzaPress- მადლობა ღმერთს, ორსულობის პერიოდში წონაში დიდად არ მომიმატებია. მხოლოდ მუცელი მეზრდებოდა. უკნიდან რომ შემოგეხედათ ჩემთვის, ვერ მიხვდებოდით, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ერთადერთი, "ბაჯბაჯა" სიარული დავიწყე. მშობიარობის შემდეგ, 1 კვირაში იმაზე ნაკლებს ვიწონიდი, ვიდრე ფეხმძიმობამდე ვიყავი.

- მოდელი ხარ. პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას აპირებ?

- დიახ, ვაპირებ. როგორც კი ამის საშუალება მომეცემა, საქმიანობაზე უარს არ ვიტყვი.

- თორნიკეს კარიერაში რა სიახლეებია?

- თორნიკემ ახალ გუნდთან - "ლაბორალ კუჩასთან" გააფორმა კონტრაქტი. ახლა ესპანეთში, ვიტორიაში ვცხოვრობთ.

- ბავშვი უკვე მონათლეთ?

- დიახ, მოვნათლეთ, მისი ნათლიები თორნიკეს მეჯვარეები არიან.

სოფო ჭონიშვილი