რატომ წავიდა ანი ჯაჯანიძე საქართველოდან - გზაპრესი

რატომ წავიდა ანი ჯაჯანიძე საქართველოდან

ამბობს, არაჩვეულებრივი ბერძენი მეწყვილე ჰყავს, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ტურნირზე გამოსვლას გეგმავს. "დიდი იმედგაცრუებების შემდეგ, თავს ბედნიერად და ლაღად ვგრძნობ", - მითხრა ანიმ, რომელსაც საბერძნეთში ინტერნეტის საშუალებით დავუკავშირდი.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს დისნეის ანიმაცია "მძინარე მზეთუნახავი" და თუ ოდესმე პრინცზე მიოცნებია, ჩემს წარმოსახვაში "ის" ყოველთვის ფილიპი იყო. თეთრ ცხენზე ამხედრებული, მომხიბვლელი ხმითა და გარეგნობით. პრინცი, რომელიც ჩემთვის იბრძოლებდა და ქორწილში ვალსს "ღრუბლებში" ვიცეკვებდით...

- საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე საუბარი შეგიძლია?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ შევეცდები, გულწრფელი ვიყო. არ ვიცი, დადებითი თვისებაა თუ უარყოფითი, მაგრამ ყველაზე მეტად ტყუილის თქმა არ მიყვარს. რა მომწონს და რა - არა, ეს ყველაფერი სახეზე მეტყობა... მორცხვი ვარ, რაც ძალიან ბევრ რამეში მიშლის ხელს. ვიცი, მორცხვობით ვერაფერს მივაღწევ, მაგრამ ეს ჩემგან დამოუკიდებლად ხდება და ვერაფერს ვუხერხებ. ვფიქრობ, რომ არა მორიდებულობა, უფრო მეტს მივაღწევდი. საკუთარ თავში გამოვყოფ ორ თვისებას, ერთს უარყოფითს და მეორეს - დადებითს, რომლებიც ასე თუ ისე, ერთმანეთს აბალანსებენ: ზარმაცი ვარ, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლაც შემიძლია. ამიტომ ყოველთვის ვპოულობ ღონეს, რომ სიზარმაცე დავამარცხო და ცხოვრებაში ახალი ნაბიჯები გადავდგა. მეშინია ცვლილებებისა და რისკის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყოველი დაღმასვლის შემდეგ, აღმასვლა მელოდება.

- თვითკრიტიკა შეგიძლია?

- რა თქმა უნდა! თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. ვფიქრობ, თუ რაღაცებს საკუთარ თავსაც დავაბრალებ და შევეცდები ყველაფერი გამოვასწორო, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი გახდება. არ არსებობს სიტუაცია, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე. რაღაცების სხვაზე გადაბრალება არ მჩვევია. ჩემს უარყოფით თვისებებსა და ხასიათს შეძლებისდაგვარად ვებრძვი. ყველას ვურჩევ, ასეთი რამ სცადოს.

- მშობლებისგან შენიშვნას ხშირად იღებ?

- მშობლებისგან შენიშვნას მხოლოდ იმის გამო ვიღებ, რომ საკუთარ თავს არ ვუფრთხილდები. ძირითადად მსაყვედურობენ: "თბილად რატომ არ იცვამ?" "ქუდს რატომ არ იხურავ?" "ყელი რატომ გიჩანს, გაცივდები!" "შინიდან გასვლის წინ წყალს ნუ გადაივლებ!" "ჭამე რამე? სულ დიეტა არ გამიგია!.." განუმეორებელი დედა მყავს. ის ჩემთვის მშობელიც არის, მეგობარიც, სპონსორიც. ყველაფერში მიგებს და ყველა სიტუაციაში მხარში მიდგას.

- მიზანდასახული ადამიანი ხარ?

- მიზანდასახული ვარ. თუ რაღაცის გაკეთებას გადავწყვეტ, შეიძლება, სიცოცხლის ფასადაც გავრისკო, უკან არაფრის გამო არ დავიხევ! თუმცა, იმასაც გააჩნია, რამდენად ღირებულია ჩემთვის ის მიზანი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სინდის-ნამუსისა და ადამიანობის ფარგლებში ვაკეთებ.

- შენი საქციელის გამო არასდროს გინანია?

- ხშირად არა, მაგრამ რაღაცები მინანია. ჩემს შეცდომებს დაუდევრობას ვერ დავარქმევ. ალბათ, უფრო გამოცდილების უქონლობის გამო თუ შემემთხვა უსიამოვნება.

- ოდესმე დეპრესიაში ყოფილხარ? რამ შეიძლება ამ მდგომარეობამდე მიგიყვანოს?

- საერთოდ, მხიარული პიროვნება ვარ. თუმცა, დეპრესიული პერიოდებიც მქონია - ძირითადად, ადამიანებისგან იმედგაცრუების, ნდობის დაკარგვის, ახლობელი ადამიანების ღალატის ან დაღალატების გამო. ასეთი შემთხვევები მხოლოდ გამოცდილებას გვმატებს, რაღაცებზე წარმოდგენას გვიცვლის. მქონია დღეები, როცა სიცოცხლე აღარ მნდომებია, მაგრამ საბედნიეროდ, მეგობრებით მდიდარი ადამიანი ვარ და მათი მხარში დგომით დავაღწიე თავი იმ აუტანელ მდგომარეობას.

- როგორი ხარ, როცა ბრაზდები? წონასწორობას ადვილად კარგავ?

- ძალიან დიდი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ წონასწორობა თუ დავკარგე, მერე ოოო... თუმცა, პანიკა, აურზაური, ხმამაღლა ლაპარაკი არ მჩვევია. წეღანაც აღვნიშნე, რომ მორცხვი ვარ და ასეთი რაღაცები ჩემს ხასიათში არ ჯდება. თუ ვიღაც ძალიან გამაბრაზებს, მას ჩამოვშორდები, მისკენ აღარასდროს გავიხედავ!

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- წყენასაც გააჩნია. ვფიქრობ, საბოლოოდ ყველას ყველაფერს ვპატიობ, მაგრამ შეცდომის გამეორების სურვილი რომ არ მაქვს, ამიტომაც, ვინც მაწყენინა, მასთან ურთიერთობას აღარ ვაგრძელებ. აი, თუ რაღაც უმნიშვნელო მეწყინა, ამას ცხადია, გულში არ ვიტოვებ. ასეთი რაღაცები მალევე მავიწყდება... ფიცხი არ ვარ. თუ სათქმელი მაქვს, უბრალოდ, ვამბობ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ეს "ცხელ გულზე" არ მოხდეს. ისე არ არის ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და არ მინდა, მერე ჩემი ნათქვამი ან საქციელი სანანებელი გამიხდეს. როცა სიტუაციაში კარგად გავერკვევი, მხოლოდ ამის მერე ვიწყებ მოქმედებას.

- სიყვარულში იმედგაცრუება გიგემია?

- დიახ, მყვარებია და იმედიც გამცრუებია. სიყვარულის აღქმა ყველასთვის სხვადასხვანაირია. მთავარია, შეგხვდეს ის ადამიანი, რომელიც ზუსტად შენნაირად აღიქვამს ამ გრძნობას. არ ვკარგავ იმედს, რომ სადღაც არსებობს ჩემი ფილიპიც, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, რომელსაც ოდესმე შევხვდები.

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ოჰ, როგორი რთული კითხვაა... მამაკაცი, რომელიც მომეწონება, ჩემი ცხოვრების სტილს არ უნდა იწუნებდეს. ძალიან მინდა, ისიც მოცეკვავე იყოს. ჩემ გვერდით მყოფს, საკუთარ აღნაგობაზე ზრუნვა უნდა უყვარდეს. ვფიქრობ, ფიტნესით ყველა ჩვენგანი უნდა იყოს დაკავებული. ვერ ავიტან მწეველსა და ალკოჰოლის მოყვარულ პიროვნებას. ძალიან მაღიზიანებს სასმელს გადაყოლილი მამაკაცები. მესმის, ქართველებს სუფრის ლამაზი ტრადიცია გვაქვს, მაგრამ როცა საკუთარი ლოთობის გამართლებას ქართული ტრადიციული სუფრის ხსენებით ცდილობენ, ეს ამაზრზენია. მამაკაცს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა უყვარდეს. კიდევ, იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს. დეპრესიულ ადამიანებს ვერიდები, რადგან მათ გვერდით ყოფნისას საკუთარ თავს ვკარგავ... რა თქმა უნდა, ზარმაცი არ უნდა იყოს, შრომა უნდა უყვარდეს, ქალთან მოქცევა იცოდეს და განათლებულიც იყოს იმ დონეზე მაინც, რომ სასაუბრო თემა არასდროს გამოელიოს. რაც მთავარია, პირველ რიგში, ის ჩემი მეგობარი უნდა გახდეს, რომელიც ყოველთვის მხარში ამომიდგება. უნდა მენდობოდეს და მეც ვენდობოდე. მაინც მწამს, რომ ყველა კაცი მოღალატე არ არის.

- როგორც ვატყობ, რთულია შენი გულის მოგება. რომანტიკული ხარ?

- ჩემი გულის მოგება ნამდვილად, არც ისე ადვილია. ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ვარ და სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხია. თუმცა, ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ სრულყოფილი ადამიანი ბუნებაში არ არსებობს. წუნია ვარ და ზედმეტად მომთხოვნიც. თუმცა, კარგი ისაა, რომ პატარა რაღაც მაბედნიერებს. მთავარი ხომ ყურადღების გამოჩენაა.

- შენთვის ფანჯრებთან თუ უმღერიათ?

- არა, ფანჯრებთან არავის უმღერია, მაგრამ თაყვანისმცემლებს ვარდების თაიგულები კართან ბევრჯერ დაუტოვებიათ, მოუძღვნიათ წერილები, ლექსები და ა.შ. რაც ცხადია, ძალიან სასიამოვნოა. ასეთი წუთები არასდროს გავიწყდება.

- ამჟამად შეყვარებული ხარ?

- უზომოდ ვარ შეყვარებული, ოღონდ, არა პიროვნებაზე, არამედ ჩემს საქმიანობაზე - ცეკვაზე. ზაფხულში საბერძნეთში ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. მყავს ბერძენი მეწყვილე, რომელიც შესანიშნავი მოცეკვავე და პიროვნებაა. აქ ჩამოვედი მხოლოდ ერთი მიზნით: ვივარჯიშო, ტურნირებზე გამოვიდე და წარმატებას მივაღწიო! ამჟამად მთლიანად საქმიანობაზე ვარ კონცენტრირებული.

- საოჯახო საქმეების კეთება გეხერხება?

- სახლის მოწესრიგება-დალაგებას თუ გულისხმობ, ეს საქმე კარგად გამომდის. რაც შეეხება კულინარიას: კარგად და ხშირად იმ კერძებს ვამზადებ, რაც თავად მიყვარს. ვგიჟდები ტკბილეულზე და ამიტომ, ნამცხვარს ხშირად ვაცხობ. შოკოლადისგან მომზადებული გემრიელობები მიყვარს. ახლა, აქ მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიწევს საჭმლის მომზადება. ძირითადად, ჯანსაღად ვიკვებები და ვცდილობ, ტკბილეული შევიზღუდო, ამიტომ მაქვს ხოლმე "აწყვეტის" მომენტები და ასეთ დროს ტკბილეულის "უიკენდებს" ვაწყობ (იღიმის).

- სადილების მომზადება იცი?

- სადილების მომზადებაც ვიცი. გემრიელ ხაჭაპურს ვაცხობ, მაგრამ უფრო კარგად დახელოვნებული სალათებისა და დიეტური კერძების მომზადებაში ვარ. რაც მჭირდება, ყველაფერი ვიცი და რაც არ ვიცი, მომავალში იმასაც აუცილებლად ვისწავლი.

- ოდესმე თუ გიოცნებია, როგორი ქორწილი უნდა გქონდეს?

- არა, ქორწილზე ჯერ არ ვფიქრობ და სავარაუდოდ, მსგავს რამეზე ფიქრი უახლოეს მომავალში არც მელის. თუმცა, ქართულ ტრადიციულ ქორწილს, მალდივებზე რამდენიმე "ცხელი" დღის გატარება მირჩევნია.

- საყვარელ ადამიანთან ერთად, თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. ალბათ, ჩინეთში, იაპონიაში... ძალიან მომწონს იქაური კულტურა. ამ ქვეყნებში არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს. ისე, საბერძნეთიც ულამაზესი ქვეყანაა. ზღვა და მზე - აქაც შეუდარებელია (იღიმის).

- როდის აპირებ საქართველოში დაბრუნებას?

- უახლოეს მომავალში არ ვაპირებ, მაგრამ ხანდახან მცირე ხნით აუცილებლად ჩამოვალ... სხვათა შორის, მე და ჩემს მეწყვილეს პირველი ტურნირი უკვე გვქონდა უკრაინაში. მსოფლიოს ღია ჩემპიონატი ჩატარდა და მე-18 ადგილზე გავედით. კარგი შედეგია, მით უმეტეს, პირველი ტურნირისთვის. კმაყოფილი ვარ.

სოფო ჭონიშვილი