ენჯი და მისი 3 "ბიჭი" - გზაპრესი

ენჯი და მისი 3 "ბიჭი"

შვილებთან ერთად, ენჯი მსახიობ ზურა ინგოროყვასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მართალია, ამჟამად, ზურა გოგა ხაინდრავას ფილმში გამომძიებლის როლს ასრულებს, მაგრამ მის გმირს ძაღლი არ ჰყავს და შესაბამისად, ენჯიკოს ჯერჯერობით, "შემოქმედებითი პაუზა" აქვს აღებული. მისი პატრონი და "პროდიუსერი" აღნიშნავს, რომ ზედიზედ სხვადასხვა როლით ეკრანზე ენჯიკოს გამოჩენა საინტერესო არც იქნება.

- ცხოველები ძალიან მიყვარს. ჩემი პირველი ოთხფეხა მეგობარი კატა იყო. თურმე, კნუტი ჯიბეში ჩასმული შინ მიმიყვანია და მითქვამს, - ამას აღარ გავუშვებ-მეთქი... მერე სახლში კატები ხშირად მიმყავდა. ერთხელ ლეკვიც მივიყვანე. ერთდროულად კატა, ძაღლი და თუთიყუშიც მყოლია.

- ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა ჰქონდათ?

- იდეალური, რადგან მცირე ასაკიდან ერთად იზრდებოდნენ. კატა ცოტათი უფროსი იყო, როცა ლეკვი მოვიყვანეთ. ფისუნია დინჯი იყო, ლეკვი კი მას აწვალებდა, ნერვებს უშლიდა. კატა თათს მიარტყამდა ხოლმე. ლეკვი ხვდებოდა, რომ უნდა გაჩერებულიყო.

- ამჟამინდელ მეგობართან - ლაბრადორ ენჯისთან რამდენწლიანი მეგობრობა გაკავშირებთ?

- ჩვენს მეგობრობას 6 წელი 13 ნოემბერს შეუსრულდა.

- ენჯი თქვენთან როგორ მოხვდა?

- მეგობრებმა იცოდნენ, რომ ლეკვი ძალიან მინდოდა. ზურა შარიას დიდი დამსახურებაა, რომ ენჯი ძაღლების ერთ-ერთი კლუბიდან მაჩუქეს. ზურას 2 ძაღლი ჰყავდა და კლუბში დადიოდა ხოლმე...

- ენჯი როგორი აღსაზრდელი იყო?

- ძალიან იოლი. თვე-ნახევრის იყო, როცა მომიყვანეს. ლეკვობაშიც კარგი "გოგო" იყო და ახლაც ასეთია. საერთოდ, ლაბრადორები უპრობლემო ძაღლუკები არიან.

- ლეკვებს პატრონის საწოლში ძილი უყვართ...

- კი, ბატონო, ენჯის ჩემთან სძინავს.

- ამ ფაქტს მეუღლე არ აპროტესტებს?

- არა, არა! შინ ენჯიკოს 3 შვილიც გვყავს. უკვე 5 თვის "ბიჭები" არიან.

- 3 ლეკვს რას უპირებთ?

- ჩვენთან იქნებიან, ვერ ველევით.

- ალბათ, ენჯი კიდევ იმშობიარებს...

- არა, ეს მშობიარობის ბოლო შანსი იყო...

- ლეკვების მამას შვილების ნახვის უფლებას აძლევთ?

- ძაღლი და მისი პატრონი ერთხელ მოვიდნენ, ეგ იყო და ეგ... საერთოდ, ერთი ლეკვი ხომ ლეკვების მამის პატრონს მიჰყავს? თავიდანვე ვთხოვეთ, რომ ენჯის შვილებს ჩვენ დავიტოვებდით. ამიტომ, ზედმეტი ყურადღება აღარ გამოიჩინეს.

- ამდენ ძაღლზე როგორ ზრუნავთ?

- ცოტა რთულია, მაგრამ საინტერესო. ძალიან საყვარლები არიან. თითოეული ისე გვიყვარს, რომ სირთულეებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ.

- კონკრეტულად, რა სირთულეს აწყდებით?

- ძირითადად, ოთხივე ძაღლის გასეირნება რთულია, დანარჩენი - პრობლემა არ არის.

- შინ თავისი კუთხე აქვთ თუ ოთახი?

- კუთხე აქვთ, მაგრამ ვინაიდან ენჯის ყველაფრის უფლება აქვს, მისი შვილებიც ამ უფლებებით სარგებლობენ. სამივე დამჯერი ლეკვია. ენჯი ხომ იდეალური იყო? ესენი კიდევ უფრო იდეალურები არიან.

- თქვენს "ბიჭებს" რა ჰქვიათ?

- ბონო, ჩარლი და ბარი.

- ენჯი "მსახიობია". მისი შვილებიც რაიმე ნიჭს ხომ არ ამჟღავნებენ?

- ჯერ არ ვიცი, ვნახოთ. სამივე განსხვავებული ტიპია: ბარი ძალიან "ცოცხალია"; ბონო ისეთი დინჯი, გაწონასწორებულია, რომ მეტსახელად "ბეყეს" ვეძახით; შუათანას - ჩარლის ნებისმიერ გაფაჩუნებაზე თავი წამოყოფილი აქვს - სიტუაციას აკონტროლებს. ამიტომ მას "ოჯახის დამცველს" ვეძახით.

- თქვენს ოთხფეხა მეგობრებს განსაკუთრებული ურთიერთობა ოჯახის რომელ წევრთან აქვთ?

- ყველა ძალიან უყვართ, მაგრამ ძაღლებმა იციან, პატრონი ვინ არის. ლაბრადორები ძალიან მოსიყვარულეები არიან. ოჯახის ყველა წევრზე, სტუმრებზე, მეგობრებზე გიჟდებიან! ერთხელ ნანახ ადამიანს იმახსოვრებენ. როგორც კინოლოგები ამბობენ, მონადირე ძაღლს ადამიანზე 50 ათასჯერ ძლიერი ყნოსვა აქვს, ლაბრადორს კი - მონადირე ძაღლზე 20 ათასჯერ მეტი. მაგალითად, ენჯი 8 თვის იყო, როცა ჩემი ერთი მეგობარი გვესტუმრა. შემდეგ ეს მეგობარი უცხოეთში გაემგზავრა და დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. ჩვენთან რომ მოვიდა, ენჯიმ მაშინე იცნო. ლაბრადორები ასეთი გულთბილები არიან.

- ენჯი დიდი ხნით მარტო დაგიტოვებიათ?

- როცა გასტროლზე ან გადაღებაზე ვყოფილვარ, დიდი ხნით დამიტოვებია, მაგრამ შინ ოჯახის სხვა წევრები ყოფილან. მარტოდმარტო მაქსიმუმ, 5 საათით დამიტოვებია.

- შინიდან თქვენს წასვლას განიცდიან?

- ოჯახის წევრები ამბობენ, - როცა შინიდან მიდიხარ, ძალიან უხასიათოდ არის, მოდუნებული და უკონტაქტოაო. პირველად რომ დავტოვე (ბაქოში გასტროლზე ვიყავი), კართან დაწოლილა და მხოლოდ საჭმელად დგებოდა ხოლმე. სულ მელოდა... ნელ-ნელა ჩემს წასვლას შეეჩვია, მაგრამ ჩემს გარეშე ისეთი მხიარული არ არის, როგორც მას სჩვევია... ლეკვები ჯერ არ დამიტოვებია. ამიტომ არ ვიცი, რას იზამენ. სამაგიეროდ, მაღაზიაში რომ ჩავიდე, უკან დაბრუნებულს ისეთი სიხარულით მეგებებიან, თითქოს შინიდან ერთი თვით ვიყავი წასული.

- სიხარულს როგორ გამოხატავენ?

- კუდის ქიცინითა და გმინვით. ენჯის სიხარულისგან ჩაუფსამს კიდეც...

- ენჯის ან ლეკვებს თქვენთვის რაიმე ოინი არ მოუწყვიათ?

- განსაკუთრებულად "ხულიგნები" არ არიან, მაგრამ მაგალითად, პატარები შინ სამჯერ, ნახევარი საათით დავტოვე (რეპეტიცია მქონდა, ოჯახის წევრები სამსახურში იყვნენ...) და სამჯერვე ინტერნეტის კაბელი გადაღრღნეს.

- ენჯის დედობის მერე ხასიათი ხომ არ შეეცვალა?

- მე ვერ ვატყობ, მაგრამ ჩემი მეუღლე ამბობს, - მგონი, ცოტა ეჭვიანობს, როცა "ბავშვებს" ეფერებიო. წინათ მთელ ყურადღებას ენჯის ვუთმობდით. საერთოდ, ლაბრადორები ეჭვიანი ტიპები არ არიან.

- ზურა, "ჩემი ცოლის დაქალებში" ენჯი რატომ აღარ ჩანს?

- ეს სცენარისტს უნდა ვკითხოთ. იმედია, გამოჩნდება, თან - შვილებით.

ეთო ყორღანაშვილი