გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის საახალწლო მოგონებები - გზაპრესი

გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის საახალწლო მოგონებები

"მე ის ძველი დრო უფრო მომწონდა"

გივი ბერიკაშვილი:

- ეს დღესასწაული ყველაზე ტკბილად ბავშვობის წლებიდან მახსენდება... ნაძვის ხეზე ჩურჩხელა, გოზინაყი, კანფეტები და სხვადასხვა ხილის ჩირი ეკიდა... ნაძვის ხე სულ ასეთი ნუგბარით იყო მორთულ-მოკაზმული. პირველი იანვრიდან 14-მდე ნელ-ნელა ვჭამდი და ბოლოს, ცარიელ ნაძვის ხეს გადავაგდებდით ხოლმე. აბა, ახლა რა ვჭამო, გამაგებინეთ, როცა ზედ შუშხუნები, ასაფეთქებლები და მგონი, ტყვიამფრქვევებიც კი კიდია?.. მე ის ძველი დრო უფრო მომწონდა.

- როგორი იყო თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციები?

- ბავშვობაში სოფელში მივდიოდი პაპა-ბებიასთან. საახალწლო სუფრაზე თამადა ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი იყო, ეს კი პაპა გახლდათ... 31 დეკემბერს ჩვეულებრივად ვიძინებდით და დილით ადრე შემოდიოდა ოთახში პაპა ან ბებია... იტყოდა, - შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი, თვალი ანგელოზისა - და მოგვაწოდებდა ჩურჩხელას: - ასე ტკბილად დამიბერდითო... ასე ვეგებებოდით ახალი წლის შემოსვლას. ახლა ჩემს შვილებს რომ ვუყურებ, მათ აღარაფრის ხალისი აღარ აქვთ...

- რატომ?

- რა ვიცი, აბა? ხომ მოგახსენეთ, მე ის დრო უფრო მომწონდა, როცა ნაძვის ხეზე ტკბილეული იყო ჩამოკიდებული და ყველაფერს ვჭამდი, ნაძვის ხის გარდა... ახლა ვისაც როგორ გაუხარდება, ისე მორთოს და მოკაზმოს თავისი ნაძვის ხე და სახლი. ბავშვებისთვის საჩუქრების ყიდვა არავის უნდა დაავიწყდეს და გოზინაყიც აუცილებლად, ყველგან უნდა იყოს! მოხარული ვარ, რომ მქონდა საოცრად დიდი პატივი და რამდენჯერმე გამოცხადებულ კონკურსზე - "სასურველი მეკვლე", გამარჯვებული გავხდი. ხუთჯერ ვიყავი "ჩემპიონი". ამისთვის ჩემი ხალხის მადლობელი ვარ! ყველა ძალიან მიყვარხართ და მინდა, ბევრი ახალი წელი თქვენთან ერთად გავატარო. თუ მე არ ვიქნები, ჯანდაბას ჩემი თავი, ჩემს ქვეყანას ჰქონდეს ყველა სიკეთე!

- თამადა ხშირად ყოფილხართ ახალ წელს?

- აღარ მახსოვს, მაგრამ მეექვსე კლასიდან სულ ღვინოს ვსვამ... თამადობას ყოველთვის ვერიდები, რადგან არ მიყვარს. არიან ამ საქმის ოსტატები. თამადამ ცოტა უნდა ილაპარაკო, ტყუილებიც გაურიო, მე კი არ მიყვარს ტყუილი ლაპარაკი. ძალიან ცოტა შემთხვევა მახსენდება, როცა თამადა ვიყავი, მაგრამ ერთ კარგ ამბავს მოგიყვებით: დაახლოებით ათი კაცი შევიკრიბეთ რესტორანში - ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, ლეო ანთაძე, თენგიზ ხუბუა და სხვები... დავთქვით, - ყველამ თითო სადღეგრძელო ვთქვათ და მეტს ნუ დავლევთ-თქო. მე ბოლო სადღეგრძელო შემხვდა და ისეთი რამ ვთქვი, ყველა იძახდა: ჩემი სადღეგრძელო დალია გივიმო...

- ასეთი რა თქვით?

- ერთი გაფუჭებული კაცია ჩვენ შორის, ყოვლად უსინდისო, რომელსაც უნდა, აქ ვინც ვართ, ყველას ქელეხი ჭამოს და ამ კაცს გაუმარჯოს-მეთქი... ყველა ყვიროდა, მე ვარ ეგ კაციო. აი, ასე შევხვდით ერთ-ერთ ახალ წელს... ჯანმრთელობა გვქონდეს, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს, კარგის დანახვა შეეძლოს ხალხს. ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი ჰქონოდეთ. დანარჩენი ხან ცოტა იქნება და ხან - ბევრი. რამდენი გაჭირვება ვნახეთ, არეულ-დარეული წლები იყო, ბევრი ტკივილი გამოვიარეთ, მაგრამ დღემდე მოვედით... შრომით ყველაფერი მოდის: "ლონდრე" რომ გადავიღეთ, მთელ საქართველოში უჩვენებდნენ ამ ფილმს. ჩემს სოფელში რომ ჩაიტანეს, აფიშაზე დაწერეს: მთავარ როლში - გივია ბერიკაშვილი (პანწკალაანთი)... პაპაჩემი მშრომელი, მოუსვენარი კაცი იყო და ფანცქალა შეარქვეს, ბოლოს კი პანწკალა შერჩა... მაშინ მე არ მიცნობდნენ სოფელში კარგად და აფიშაზე წარწერა იმას ნიშნავდა, რომ პანწკალას შვილიშვილი ვიყავი. ახლა იქ გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩაა... "ლონდრე" ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი იყო დიდ ქართულ კინოში. თეატრში კი მქონდა რაღაც როლები ნათამაშები, მაგრამ კინოში - არა. ფილმის გამოსვლის შემდეგ, "შიშველი ეშმაკი" დამარქვეს... ახლა მინდა, ისეთი ახალი წელი მოვიდეს, რომ ვიდრე პირში სული გვიდგას, შიშვლები აღარ ვყოფილიყავით. ტანსაცმელიც ბევრი გვქონდეს, სიკეთეც და სიყვარულიც! ყველა მხრიდან არეულობა არის, ნერვიულობს ხალხი და ყველას ვეუბნები: ყველაფერი კარგად იქნება!

"ზოგს ლამაზი ქალი მოსწონს და ზოგს - კაცის მსგავსი ქალები"

კახი კავსაძე:

- გივი ბერიკაშვილი იმდენს ლაპარაკობს, ვერ გაიგებ, როდის ტყუილს ამბობს და როდის - სიმართლეს. იმ ათ კაცს შორის ალბათ, მეთერთმეტე ვიყავი, გვიან მივედი და ამ "დიდებულ" სადღეგრძელოს ვერ მივუსწარი... კი, მაგრამ ის კაცი რომ ადღეგრძელა, ვინც ყველას ქელეხს დაესწრება, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი უბედური იქნებოდა ასეთი ადამიანი?.. ისე, გივის მართლა არ უყვარს თამადობა და ამ საქმეს ტექნიკურად არიდებს თავს.

- ახალი წელი ხომ წარმოუდგენელია სუფრის გარეშე. თქვენ ხშირად ყოფილხართ თამადა?

- მე ხანდახან მიწევს თამადობა. ვერ ვიტყვი, რომ სუფრის გაძღოლა მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვამბობ ამაზეც უარს. ქართული სუფრა ყოველმხრივ კარგია და ვფიქრობ, სახელმწიფო პრობლემებიც იქ უნდა წყდებოდეს, როგორც ადრე ხდებოდა. მხოლოდ სიყვარულზე რომ ლაპარაკობენ და ერთმანეთს კარგს უსურვებენ - ქართული სუფრის ხიბლი და სიძლიერეც ეგ არის. ერთმა მკითხა: რა არის, მარტო კარგს რომ ეუბნებით ერთმანეთსო? ვუპასუხე: სუფრაზე ასეა და თუ არ შეგიძლია ამის ატანა, წადი ტყეში და აგინე, ვისაც გინდა-მეთქი...

- ასეთ ადამიანებსაც აქებთ და ეუბნებით, რომ გიყვართ?

- დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთი კარგი საქმე მაინც არ აქვს გაკეთებული. ჰოდა, ის ერთი, პატარა საქმე გაახსენე ათჯერ და ბოლოს და ბოლოს, მოუნდება, კიდევ გააკეთოს რაღაც კარგი! ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართული სუფრის ფენომენს და მსოფლიოში ასეთი რამ არც მეგულება. თუმცა, როცა ესპანეთში ვიყავით "დონ კიხოტის" გადასაღებად, დავრწმუნდი, რომ ესპანელებსა და ქართველებს შორის ძალიან ბევრი საერთოა... წარმოიდგინეთ, ჩვენი ჯგუფი სუფრასთან შეიკრიბა და სრულიად უცხო, ესპანელმა კაცმა გადაიხადა დანახარჯი. გვითხრა: ძალიან მომეწონეთ, კარგი ხალხი ხართ და ხომ მქონდა უფლება, გადამეხადაო? ვმღეროდით კიდეც, ვილხენდით, მოეწონა კაცს და პატივი გვცა. ასეთი რამე კი ქართველებს ახასიათებთ... შემდეგ ქართველებისა და ბასკების შეხვედრა იყო თბილისში. დავესწარი ამ შეხვედრას და როცა მათ მსგავსებაზე საუბრობდნენ, მე ეს ამბავი გავიხსენე, მერე კი ვთქვი: რაებს ამტკიცებთ, რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი? ეს შემთხვევაც კი სრულიად საკმარისია საიმისოდ, რომ დასკვნა გამოვიტანოთ, ჩვენ შორის რამდენი საერთოა-მეთქი... კრიტიკაც მესმის ქართული სუფრის და ვისაც არ მოსწონს, სადაც "ხოში" აქვს, იქ წავიდეს! ზოგს ლამაზი ქალი მოსწონს და ზოგს - კაცის მსგავსი ქალები. რა ვქნათ, ახლა, რა წყალში ჩავვარდეთ?!

- დაბოლოს, რას უსურვებთ ქართველებს?

- მრავალი ახალი წელი გაუთენდეს ჩემს ქვეყანას! მშვიდობა გვქონდეს. ბოლოს და ბოლოს, დავმშვიდდეთ და აღარ ვიყოთ შეშლილები! სიმშვიდე გვქონდეს შინ და გარეთ!

მანანა გაბრიჭიძე