ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მაიმუნები - გზაპრესი

ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მაიმუნები

ტემპერამენტიანი, თავნება, "ფეთქებადი" და ცოტა მშიშარაა. ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა. სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება. მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, მანანა კობახიძე, ანრი ჯოხაძე, მანიკა ასათიანი, ნინო გაჩეჩილაძე, თინა გალდავა - ეს მაიმუნის წელში დაბადებულ ცნობილ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია.

"მაქვს მოლოდინი, რომ მაიმუნის წელი ჩემთვის წარმატებების მომტანი იქნება", - ამბობს ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი:GzaPress

- ჩემი ნიშნის დახასიათებას კარგად ვიცნობ. ვფიქრობ, მაიმუნისა და სასწორისთვის დამახასიათებელ თვისებებს თანაბრად ვატარებ.

- "ცვალებადი, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათით გამოირჩევა. ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- ვერ ვიტყვი, რომ ცვალებადობა ჩემს ხასიათში გამოკვეთილი თვისებაა. ჩემი აზრით, გამოუვალი მდგომარეობა ნამდვილად არ არსებობს. ყველაფერს მარტივად ვუყურებ, ნერვებს არ ვიშლი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ვიცი, რომ რაიმეს შეცვლა არ შემიძლია.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".

- თავნება ვარ, "ფეთქებადი" - ნაკლებად. გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი მაქვს. ზედმეტი მღელვარება არ მჩვევია.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- ეს მართალია.

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ, ყველაფერი მაინტერესებს. ეს თვისება ბავშვობაში უფრო მეტად მქონდა. გავიზარდე და ვისწავლე, რომ სხვის ცხოვრებაში ცხვირი არ უნდა ჩავყო.

- "ცოტა მშიშარაა".

- ტყუილია, მშიშარა არ ვარ.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- როგორც საყვარელი ადამიანის, ასევე მეგობრების მიმართ ერთგული ვარ.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია. ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- ვინც მოვხიბლე, დღემდე მყავს... სხვა რა გითხრა? ისე, პირიქით უფრო იყო - ის ცდილობდა ჩემს მოხიბვლას. იმდენად პატარა ასაკში გავთხოვდი, ფლირტი და რომანები ჩემს ცხოვრებაში არც ყოფილა. რაც შეეხება სხვისი გრძნობებით მანიპულირებას: მიხარია, რომ ეს ძალიან ცუდი თვისება არ მაქვს.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- ვერ დავეთანხმები. ჩემთან ყველაფერი გულმა გადაწყვიტა. რაღაც მომენტში გონებაც ეხმარება, მაგრამ გული ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია.

- ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილო ხარ?

- კი, ეს თვისებები მაქვს.

- ეს გაზარალებს?

- შეიძლება, მაზარალებს, მაგრამ გამოცდილებას ვიღებ.

- "მას აქვს უნარი, სხვები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს".

- კი, ეს ჩემდა უნებურად ხდება. გააზრებულად, გამიზნულად არ ვიქცევი. ამას სხვებიც ხშირად აღნიშნავენ.

- "ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არ ცდილობს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას".

- ჰარმონია ჩემთვის მნიშვნელოვანია. არც ერთი ჩემი ქცევა არ არის იმისთვის გამიზნული, რომ ვინმე აღვაფრთოვანო.

- "გამჭრიახობა, კარგი ინტუიცია და ოსტატურად ლავირების უნარი აქვს".

- საოცარად კარგი ინტუიცია მაქვს, ოსტატურად ლავირების უნარიც და მსიამოვნებს, ეს თვისება რომ მაქვს.

- "შეუძლია იყოს მაცდური, სასტიკი, გულუხვი. გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".

- სისასტიკე 1%-ითაც კი არ არის

ჩემს ხასიათში. მგონი, მაცდურიც არ ვარ.

- "ის ხშირად სვამს კითხვებს: "რატომ"? "რისთვის"? "ღირს თუ არა"?

- ეს ალბათ, ცნობისმოყვარეობის ბრალია. ზოგადად, კითხვების დასმა მიყვარს.

- "მაიმუნის წელში დაბადებულმა სასწორმა ყველაზე კარგად იცის, რა უნდა. როგორც წესი, მიზანს შემოვლითი გზით უახლოვდება. ის კარგად ახერხებს მოკავშირეების პოვნას. მაგრამ თვისება - ერთდროულად ორ კურდღელს სდიოს, მისთვის ხშირად წარუმატებლობის მიზეზი ხდება."

- ორ კურდღელს ერთდროულად არასდროს გავკიდებივარ. სხვებს უთქვამთ, - ეს საქმეც გააკეთე, კარგად გამოგდისო. მე ვპასუხობ, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება არ შემიძლია.

ნამდვილად აქვთ თუ არა მაიმუნის წელში დაბადებულ ადამიანებს ის თვისებები, როგორც მათ ასტროლოგები ახასიათებენ? "გზაში" რუბრიკა "ასტროპორტრეტის" სტუმარი თავის დროზე არაერთი ცნობილი მაიმუნი ყოფილა. გთავაზობთ ეპიზოდებს მათი ინტერვიუებიდან.

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე მაიმუნის წელში დაბადებული ვერძია:GzaPress

- ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. ზოგჯერ ჩემი ხასიათის თავად მეშინია. ცვალებადობა არასტაბილურობას ნიშნავს, არასტაბილური ადამიანი კი სანდო არ არის. ამ ბოლო დროს ბევრი რამ ვისწავლე. მგონი, სტაბილური ადამიანი ვხდები. ხასიათის ცვალებადობა თინეიჯერობის წლებში უფრო მახასიათებდა. ძალიან იმპულსური ვარ. შეიძლება, რაღაც დაუფიქრებლად ვთქვა და ადამიანს გული ვატკინო.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".

- თავნებობა ცოტა თავხედობასაც ნიშნავს. თავხედი - არა, თავშეკავებული ვარ. ცოტა სიჯიუტეც მახასიათებს. "ფეთქებადი" ვარ, რასაც მერე ვნანობ. ვცდილობ, დასკვნები "ცხელ გულზე" არ გავაკეთო, არ ვიმოქმედო. ყველაფერი, რაზეც აქამდე ვილაპარაკეთ, ბავშვობაში უფრო მქონდა. მგონი, დავბრძენდი. რაც ჩემში არ მომწონს, იმის გამოსწორებას ვცდილობ.

- "არ იცის წყენის გულში ჩადება".

- თუ ისე არ მაწყენინებ, რომ ჩემს ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინო, მაშინ ყველაფერს დავივიწყებ. პატარ-პატარა წყენებს გულში ნამდვილად არ ვიდებ.

- "ძალიან ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს".

- ცნობისმოყვარე ჩემს პროფესიაში ვარ. ხელოვნებაში სიახლეები სულ მაინტერესებს. ჭორაობაც ხომ ცნობისმოყვარე ადამიანების თვისებაა. სხვის ცხოვრებაში ცხვირს არასდროს ვყოფ, არ ვჭორაობ.

- მშიშარა ხარ?

- გაუბედავი უფრო ვარ, ვიდრე - მშიშარა. რისკზე წასვლა მიჭირს.

- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".

- წარმატებული მხოლოდ ამბიციური ბუნების გამო არ ვარ. წარმატება დიდი შრომის გარეშე არ მოდის. როცა რამის კეთების უნარი გაგაჩნია, ცოტა ამბიციაც გიჩნდება. ჯანსაღი ამბიცია ცუდი არ არის.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება".

- ნამდვილად ასეა! ვიცი, ყველა დეტალს ყურადღება არ უნდა მიაქციო. ეს შეიძლება, უარყოფითი თვისებაც არის, მაგრამ ჩემი მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარეობს, ემოციური ვარ.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- ადამიანებთან კომუნიკაცია არასდროს მიჭირდა. ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე, რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს ჩემთან ურთიერთობა. ეს ჩემი უპირატესობაა.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვების ყურადღებას. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- (იცინის) კი, ასეა.

- შენს ქალურ ხრიკებზე რას იტყვი?

- რატომღაც, ქალი ეშმაკობასთან ასოცირდება. შეიძლება, ამაში ჭეშმარიტების მარცვალიც არის. ყველა ქალმა უნდა იცოდეს, მამაკაცს თავი როგორ მოაწონოს. მას უნდა ჰქონდეს თავისი ხრიკები, მაგრამ ამ ხრიკებში უნდა იდოს დიპლომატია. სიტყვა "ხრიკი" არ მომწონს, მაგრამ ეს ყველა ქალს აქვს.

- "ის კარგად ახერხებს გრძნობებით მანიპულირებას".

- სხვისი გრძნობებით არასდროს მითამაშია.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- ეგრეა, გონების დაჯერება იმას არ ნიშნავს, რომ გულის უგულებელყოფა ხდება. მამაკაცის ჯიბე ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ქონება ისეთი რამაა, შეიძლება, დღეს ბევრი გქონდეს, ხვალ - აღარაფერი. მთავარია, იყო შრომისუნარიანი, ინტერესი გქონდეს და წარმატებას ყოველთვის მიაღწევ. მთავარია, ადამიანთან თავს კომფორტულად ვგრძნობდე, ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, ინტერესებს ვითვალისწინებდეთ. ურთიერთობაში სიუხეშე არ მიყვარს.

- გქონია შემთხვევა, როცა მხოლოდ გულით იმოქმედე და არა გონებით?

- მქონია და მინანია.

- შეცდომების გეშინია?

- ძალიან. წაგებას ვერ ვიტან.

- მიზანდასახული ხარ?

- ვარ. ჩემი მიზანია ვაკეთო საყვარელი საქმე. კატეგორიულად არ მომწონს გამონათქვამი: მიზანი ამართლებს საშუალებას. ეს "საშუალება" ბინძური არ უნდა იყოს. ბინძური საშუალებით მიღწეულ მიზანს ფასი ეკარგება.

- "მას სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების შესანიშნავი უნარი აქვს".

- ვაიმე!!! ეს სიტყვები ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ყველაფერში გეთანხმები. როცა შენ გარშემო ბევრი ოჯახი ინგრევა და იხსენებ ეს ოჯახები როგორ შეიქმნა, ცდილობ, სხვების მიერ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინო. მინდა თუ არ მინდა, ეს ჩემს ქვეცნობიერში ილექება და შეიძლება, ცუდ გავლენასაც ახდენს.

მსახიობი თინა გალდავა მაიმუნის წელში დაბადებულ თხის რქაა:GzaPress

- ოპტიმისტი ვარ. ნებისმიერ სიტუაციაში მჯერა, რომ მომავალი უკეთესი იქნება. იმედს არასდროს ვკარგავ. მცირედითაც კი კმაყოფილი და ბედნიერი ვარ.

- "ბევრი მათგანი გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- მართალია, გამბედაობა ნამდვილად მაკლია. საკუთარ თავში ამ თვისებას ვებრძვი.

- "თავნება და "ფეთქებადია".

- ძალიან "ფეთქებადი" ვარ. იმ წამში ყველაფერი უნდა ვთქვა და მერე გაბრაზება გამივლის. ვინც მიცნობს, ჩემი ხასიათი იცის. უცხოებთან კონფლიქტური არ ვარ.

- "მხიარული და ცოტათი მშიშარაა".

- მხიარულიც ვარ და მშიშარაც.

- შენი შიშები გაუბედაობიდან ხომ არ გამომდინარეობს?

- არა, ფობია მაქვს. მაგალითად, თაგვების საშინლად მეშინია. ღამე მარტო სიარულიც არ შემიძლია.

- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი".

- მიუხედავად იმისა, რომ მშიშარა ვარ, პრობლემები არ მაფრთხობს. ასეთ დროს უფრო მეტად მობილიზებული, შემართებული და ენერგიული ვხდები.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა. "ავფეთქდები", დავიცლები და ყველაფერი მომენტალურად მავიწყდება. ძალიან ადვილად შემიძლია, ადამიანებს შეცდომები ვაპატიო.

- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია, ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს. მას შეუძლია გაგაცინოს, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".

- კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ ამავე დროს მაქვს საზღვრები, რომლის გადმოკვეთის უფლებას მხოლოდ ერთეულებს ვაძლევ. ურთიერთობაში ადამიანი ძალიან ადვილად მიყვარდება. საკუთარ თავში მომწონს ის, რომ მაქვს უნარი, სხვების კარგ განწყობაზე ვიზრუნო.

- "პრინციპულობით, უზომო შრომისმოყვარეობით გამოირჩევა".

- მართალია, შრომას ადრეული ასაკიდანვე შევეჩვიე. ბალეტს ვცეკვავდი, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. მიზანდასახული ვარ.

- "ამ ადამიანის ბოლომდე შესწავლა რთული კი არა, შეუძლებელია. ის არა თუ სხვებს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ენდობა".

- ეს მართლა არაა ჩემზე ნათქვამი. ძალიან მიმნდობი ვარ. შემიძლია, ახალგაცნობილსაც დაუფიქრებლად ვენდო.

- ამ თვისების გამო იმედგაცრუებები არ გქონია?

- მტკივნეული შემთხვევა არ მახსენდება. მხოლოდ მცირე იმედგაცრუებები იყო, რაც ყველა ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

მომღერალი ანრი ჯოხაძე მაიმუნის წელში დაბადებული მორიელია:GzaPressGzaPress

- ასტროლოგიაში ვერკვევი და მინდა, წინასწარ გითხრა, თითქმის ისეთი ვარ, რასაც ჩემზე ასტროლოგები ამბობენ, განსაკუთრებით - მორიელის ნაწილში.

- საშიში, სასტიკი და დაუნდობელი ხარ?

- ვაღიარებ, ასეთი ვარ, მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეს, მორიელს თუ არ შეეხები, თავად არ მოვა და არ დაგგესლავს. ჯერ არ მახსოვს, ვინმესთან კონფლიქტში შევსულიყავი ან რამე დამეშავებინოს, თუ მისგან გამოწვევა არ მიგრძნია.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- მე ხელოვანი ვარ, შოუმენი და რატომ უნდა მოვთოკო ემოციები? ჩემი წარმატება ჩემს ემოციურ გულწრფელობაზეა დამოკიდებული. მე ის მორიელი ვარ, რომელსაც თუ დაუკვირდები, შეამჩნევ, რა სწყინს და რა უხარია.

- "მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- ყოველთვის ღირსეულ მეტოქეს ვეძებ. იმ ადამიანების მიმართ დაუნდობელი ვხდები, რომლებიც ჩემთან სისუსტეს გამოავლენენ. ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა მსიამოვნებს.

- "არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- ეს ყველაზე დიდი სიმართლეა. არც სიკეთე მავიწყდება და არც წყენა. ზოგჯერ ვცდილობ, ისე მოვიქცე, ადამიანებმა არ მაწყენინონ, რომ მერე ეს საშინლად არ გამახსენდეს. ადამიანებს ჩემთვის ისეთი რამეები გაუკეთებიათ, რაც თავში აზრად ყველაზე თამამ ფიქრებშიც კი არ მომივა. სიკეთეც ბევრს გაუკეთებია. მათგან მაგალითს ვიღებ. სიკეთის კეთება ჩემი სამოძრაო ღერძია.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- (ფიქრობს) ავკარგიანი. შემიძლია, ადამიანისთვის ძალიან კარგიც ვიყო და ძალიან ცუდიც. გააჩნია, ის ადამიანი ჩემგან რას იმსახურებს.

- "მისი დათრგუნვა შეუძლებელია".

- უნიჭო და ბოროტი ადამიანები მთრგუნავენ.

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ის ადამიანებს გამჭოლ ხედავს. ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ზოგადად, ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ. როცა ვინმე მაღიზიანებს, ვცდილობ, ჩემი გავლენის ქვეშ მოვაქციო. მასთან არ ვთავხედობ.

- "სასიყვარულო ურთიერთობაში ერთგულია და ყველა დეტალს პასუხისმგებლობით ეკიდება"

- ვერ ვიტყვი, რომ ერთგული ვარ. პრაქტიკამ ეს არ აჩვენა. ერთგული მაშინ ვარ, როცა ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანია. თუ თავიდანვე ვხვდები, რომ ურთიერთობა განწირულია, ეგრევე გვერდზე ვიხედები.

- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას".

- ფლირტს იმ ადამიანთან ვიწყებ, რომელიც ჩემთვის სასურველი სექსუალური პარტნიორია. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ვინმეს ფლეგმატურიც კი მოვეჩვენო.

- "სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".

- შემიძლია და არა მხოლოდ ჩემი სიმღერითა და ხმით. ყვავილებისა და მსგავსი ბანალური ქმედებების გარეშე.

- წარუმატებელი შემთხვევა არ გქონია?

- როგორ არ მქონია.

- "მაიმუნისთვის უდიდესი სიყვარული მოდის გონებით და არა - გულით".

- რა თქმა უნდა, ასეა. გულს მხოლოდ სისხლის გამტარიანობის ფუნქცია აქვს, დამიჯერე.

თამუნა კვინიკაძე