სალომე ღვინიაშვილის ახალი ამპლუა და ქალის იმიჯის მისეული ვერსია - გზაპრესი

სალომე ღვინიაშვილის ახალი ამპლუა და ქალის იმიჯის მისეული ვერსია

პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია. დამამთავრებელ კლასში სწავლისას იცოდა, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩაებარებინა. ბაბუა მოქანდაკე ჰყავდა, მამა - მხატვარი. თავად, პატარაობიდანვე გაპრანჭვა და ლამაზი ტანსაცმელი მოსწონდა. წარმატებული სამოდელო კარიერა დაასრულა და დღეს ბრენდ "სალომე ღვინიაშვილის" დამფუძნებელია. საერთოდ, თვითკრიტიკული ადამიანია და ფიქრობს, რომ ეს კარგი თვისებაა.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?

- ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, უკვე საახალწლო განწყობა გვაქვს - მზადება და ფუსფუსია სამზარეულოში. 31 დეკემბრის საღამოს, 12 საათზე გაწყობილ სუფრას მთელი ოჯახი მივუსხდებით. ასეა ტრადიციულად. ბავშვობაშიც ახალ წელს ყველანი ერთად ვხვდებოდით.

- დიზაინერისთვის მოდელობა კარგი გამოცდილებაა?

- დიდი პრაქტიკა გავიარე მოდელად მუშაობის დროს. ჯერ მარტო რამდენ ჩვენებაში გამოვსულვარ!.. ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა "დიორი" და "ბალმენი", ჩემს ტანზე ბევრი ტანსაცმელი შეკერილა. პარიზში მოდელად შოურუმებში და ე.წ. მოზომვებში (გიხდიან, რადგან შენს ტანზე კერავენ) ვმონაწილეობდი. უამრავ ცნობილ დიზაინერთან მიმუშავია, მათ შორის, ერთ-ერთი - ჟივანში იყო. როცა კოლექცია ჩემს ტანზე იკერებოდა, იმდენ ნიუანსს ვხედავდი და ვიმახსოვრებდი, სხვა ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევდა. მახსოვს პირველი გრანდიოზული ემოციები, როცა უზარმაზარ სამკერვალოში მოვხვდი! მერე დიზაინერისთვის შთამბეჭდავი პრაქტიკაც მივიღე.

- სამოდელო ასპარეზზე პირველი გამოსვლის დროს რამდენი წლის იყავით?

- 15-ის. მაკა ასათიანის გრანდიოზულ ჩვენებაზე ფრანგ მოდელებთან ერთად გამოვედი. ის პერიოდი განსაკუთრებული იყო იმ მხრივ, რომ მაკა დიდ და ლამაზ ჩვენებებს აწყობდა. ჩემი გამოჩენა ხალხმა შეამჩნია და პატარა გოგოსთვის ეს ძალიან სასიამოვნო ეტაპი იყო. მახსოვს ჩემი პირველი ინტერვიუც. ყველაფერი მახარებდა.

- თქვით, პოდიუმზე აღარ გამოვალო, მაგრამ რომ გთხოვონ, არ დათანხმდებით?

- ჟურნალებისთვის, სარეკლამო რგოლებში ახლაც ვმონაწილეობ. მომწონს და მიყვარს კამერასთან ან ვიდეოკამერასთან მუშაობა, მაგრამ ჩვენებისთვის, ვფიქრობ, რომ დრო და ასაკიც არ მაქვს შესაფერისი.

- მოდელს შეუძლია ტანსაცმლის დიზაინში ცვლილების შეტანა?

- გამორიცხულია. ის არის მანეკენი, რომელსაც ევალება, ჩაიცვას ის, რასაც სთავაზობენ. მას არა აქვს უფლება, თქვას, - ეს არ მიხდება და სხვა რამეს ჩავიცვამო. ეს უბრალოდ, დაუწერელი კანონია. ადრე ჩვენებებზე რატომღაც, მოდელების მშობლები, ბებიები, ნათესავები დადიოდნენ. არადა, ეს სამსახურია, ბიზნესია. იქ უნდა მივიდეს მყიდველი, მაღაზიის წარმომადგენელი, ჟურნალისტი - სამუშაო პროცესი უნდა სუფევდეს.

- ვისი აზრია მნიშვნელოვანი თქვენთვის, საქმის შეფასებისას?

- კარგი სიტყვების მოსმენა ყველასგან სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია ჩემი ოჯახის აზრი, ჩემი მეუღლის კომპლიმენტი. ისე, ყველას ვერ მოეწონება ჩემი ნამუშევარი და, სიმართლე გითხრათ, არც მინდა, ყველას მოვწონდე. ეს ნორმალურია.

- გამორჩეულ და განსაკუთრებულ დღეებში ვისი შეკერილი ტანსაცმლით იმოსებით?

- სანამ საკუთარი ატელიე მექნებოდა, ჩემს კოლეგებთან მივდიოდი. თითქმის ყველასთან - ავთანდილი იქნებოდა, თამუნა ინგოროყვა, ანუკი არეშიძე, დათუნა სულიკაშვილი თუ სხვა, - შემიკერია ან მიყიდია ტანსაცმელი.

- ქსოვილების შერჩევა ალბათ რთულია...

- რთულია, მაგრამ სასიამოვნო. სტამბოლში "პრემიერ-ვიზიონის" გამოფენაზე ვიყავი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქარხნებიდან ჩამოტანილი ქსოვილების ნიმუშების შერჩევა ხდება.

- უდროო დროს არ მოგნდომებიათ რამე ჩანახატის გაკეთება?

- ხშირად, როცა ღამით ვწევარ, რაღაც იდეა მომდის; ტელეფონში ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს.

- რა გეგმები გაქვთ ახლო მომავლისთვის?

- კოლექციაზე ვმუშაობ, რომელსაც გაზაფხულის ფეშენ-ვიკზე გამოვიტან და შემდეგ, პარიზის შოურუმზე მინდა წავიღო.

- განტვირთვის დროს რას აკეთებთ?

- თხილამურებზე სრიალი, მოგზაურობა მიყვარს. საყვარელი ქალაქებიდან გამოვარჩევ: ლონდონს, პარიზს, ბერლინს. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვა - ცეკვაა. ბერლინში მეგობრებთან ერთად დავდივარ და იქ ბევრს ვცეკვავ ხოლმე.

- საფეხბურთო ატრიბუტიკის ამსახველი ბევრი ნივთი გაქვთ?

- ბურთის ფორმის პატარა მაცივარი და სკამი გვქონდა. რაღაცებს მეგობრებიც გვჩუქნიდნენ ხოლმე. ამ ტიპის საყურეც მიყიდია.

- ბოლოს, 2016 წლის ფერებისა და მოდის ტენდენციების შესახებ გვითხარით.

- 2016 არის ძალიან ბრჭყვიალა და შესაბამისად, ნაირგვარი ფერების წელი. საერთოდ, ლამაზია, როცა რაღაც ბრწყინავს. ვფიქრობ, რომ ქალი მუდამ უნდა ბრწყინავდეს! არ ვგულისხმობ იმას, რომ მაინცდამაინც ოქროსფერ და ბრჭყვიალა კაბაში უნდა გამოეწყოს; ამის მიღწევა პატარა დეტალითაც შეიძლება. ამასთან ერთად, გაზაფხულზე მოდაში იქნება პასტელური ფერები; შავი - ელეგანტურ და კლასიკურ ფრად რჩება. დღეს მოდის სფეროში ჩარჩოები აღარ არსებობს, ამიტომ ვისაც რა უხდება, ის უნდა ჩაიცვას.

ნანული ზოტიკიშვილი