ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე - გზაპრესი

ჯანეტ ქერდიყოშვილის სათქმელი ფილტრის გარეშე

"ამბობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება. დაუფიქრებელი საუბარი ხშირად, ძვირი უჯდება. მისი უარყოფითი თვისებებია: გესლიანი სარკაზმი, "ფეთქებადი" ხასიათი და ექსცენტრიკულობა. თვისება, რომელიც არ გააჩნია, ეს ტაქტია, თუმცა თავად დარწმუნებულია, რომ დიპლომატია. თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები თხის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი ჯანეტ ქერდიყოშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ეს არის მეცნიერება, რომელიც ძალიან მიზიდავს და მაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემატიკაზე ბევრს ვკითხულობ, პირადი ჰოროსკოპი ჯერ არ შემიდგენია. სურვილი მაქვს და შესაძლოა, მომავალში რომელიმე ასტროლოგს მივმართო. თავს მხოლოდ იმიტომ ვიკავებ, რომ მეშინია, მერე ამაზე დამოკიდებული არ გავხდე.

- "უზომოდ ცნობისმოყვარე და კომუნიკაბელურია. შეუძლია უკან დახევა საჭირო დროს და არც საკუთარი შეცდომების აღიარება უჭირს".

- კი, ასეა. ადამიანებს ადვილად ვეკონტაქტები, მაგრამ ასევე ადვილად შემიძლია, ჩემი ცხოვრებიდან იმ ადამიანების ამოშლა, რომლებსაც ურთიერთობაში რაღაც ეშლებათ. არ მგონია, ეს კარგი თვისება იყოს.

- ბევრი ადამიანი დაგიკარგავს?

- კი, ბევრი დამიკარგავს.

- შეცდომების აღიარება გიჭირს?

- თითქოს არ მიჭირს, მაგრამ ბავშვობიდან დღემდე ძალიან მიჭირს სიტყვის - "ბოდიში" წარმოთქმა. პატარა რომ ვიყავი და რამეს დავაშავებდი, დედასთვის ბოდიშის მოსახდელად 3 დღე ვემზადებოდი. შეცდომების აღიარება საკუთარ თავთან უფრო არ მიჭირს.

- "გონებამახვილი, საზრიანი, მხიარული და სამართლიანია".

- ყველაზე მეტად, სამართლიანი ვარ. არ ვარ უხეში და ბილწი ენის მქონე გოგო. მაქსიმალურად ვცდილობ, კონფლიქტურ სიტუაციას გავერიდო, მაგრამ უსამართლობას რომ ვეჯახები, ამ დროს ჩემში მეორე ჯანეტი იღვიძებს. სათქმელს პირდაპირ ვამბობ და ესეც ჩემი პრობლემაა. ზოგჯერ შემოვლითი გზით სიარულია საჭირო, ლავირების უნარი, რომელიც ნაკლებად მაქვს. ვინც არ მიცნობს, გაბრაზებულს თუ მნახულობს, გაკვირვებული რჩება.

- "თვისება, რომელიც არ გააჩნია, ეს ტაქტია. თუმცა, თავად დარწმუნებულია, რომ დიპლომატია".

- კი, დიპლომატი ვარ. უტაქტოდ მაშინ ვიქცევი, როცა უსამართლობას ვაწყდები.

- "მოძრავი და მოუსვენარია. ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეუძლია".

- ზუსტად ასეა. დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც 20 წელი ერთი და იმავე ადგილას მუშაობენ, მე კი ეს არ შემიძლია.

- ადამიანებიც ასე მალე გბეზრდება?

- არა.

- ახლა შენს ცხოვრებაში რა ხდება, რას საქმიანობ?

- დათო იმედაშვილი იღებს ფილმს "ვისი სული გსურს", რომელშიც მიმიწვია. პრემიერა 5 მაისს გაიმართება. ეს არის რომანტიკული კომედია. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა. ახლა მომეცა შანსი და უარი არ ვთქვი. ამ ფილმში ჩემი დებიუტი შედგება.

- შენს როლზე რას გვეტყვი?

- მთავარი გმირი გახლავთ ჩემი მეუღლე, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი თამაშობს. ის ამბიციური, ფულიანი, წარმატებული ახალგაზრდაა. ბევრ გავლენიან ადამიანთან აქვს კავშირი და ჰყავს პატარა, ლამაზი ცოლი, რომელიც თვალებში შესციცინებს. ამ ბიჭს თავისი მდგომარეობა "თავში აუვარდა", ფასეულობები დაკარგული აქვს, მე კი ვარ მომთმენი ცოლი, ვიტან მის უყურადღებობას და დაქალთან გამუდმებით ვამართლებ. ჩემი დაქალის როლს ირინა ონაშვილი ასრულებს.

- "გაბედულია, რისკიანი პროფესიები იზიდავს".

- ასეა. ზოგჯერ გაბედულ გადაწყვეტილებას ისე მივიღებ, მერე ვფიქრობ, ეს რა გავაკეთე-მეთქი? სულ სიახლეს ვეძებ.

- "ამბობს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება და დაუფიქრებელი ლაპარაკი ხშირად, ძვირი უჯდება".

- (იცინის) თავში რა აზრიც მომივა, ფილტრში არ ვატარებ, ეგრევე ვამბობ. ძალიან გულწრფელი ვარ.

- მაშინ, როცა კონკურსზე "მის მსოფლიო 2015" იმყოფებოდი, ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრების გამო, რომელიც ქალისა და კაცის ღალატის თემას ეხებოდა, საქართველოში ბევრი გაკრიტიკებდა, ბევრიც - გაქებდა, მათ შორის მრავლად იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. ამ ყველაფერზე რა რეაქცია გქონდა?

- მაშინ იმდენად დაკავებული რეჟიმი მქონდა, ამ ამბებს ნორმალურად ვერც გავეცანი. ვთვლი, რომ აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი მითქვამს, მაგრამ ყველამ თავისებური ინტერპრეტაცია მისცა.

- იმ პერიოდში ოჯახის თემატიკაზე გამოთქმული მოსაზრების გამო, ნოდიკო ტატიშვილიც გააკრიტიკეს. ინგა გრიგოლიამ შენ და ნოდიკო "დაგაწყვილათ" და დაწერა: მათგან კარგი ქართული ოჯახი შედგებაო.

- (იცინის) ამის შემდეგ მე და ნოდიკო ერთმანეთს ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე შევხვდით. მე ეს ამბავი არ ვიცოდი. რომ მივედი, ნოდიკომ მითხრა, - ჩვენ უკვე ცოლ-ქმარი ვართო. ბევრი ვიხალისეთ.

- "მას ხშირად აქვს სურვილი, გაილაშქროს არსებული წესების წინააღმდეგ".

- ამ შემთხვევაში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. იდეალისტი ვარ და მინდა, გარშემო ყველაფერი დალაგებული იყოს. იგივე დამოკიდებულება მაქვს ოჯახის მიმართ. წესრიგი მიყვარს, ქაოსი მაგიჟებს. ჩემს ოთახში, მანქანაში, ჩანთაში ყოველთვის იდეალური წესრიგია. ოთახში ტანსაცმელი, ნივთები ფერების მიხედვით მაქვს დალაგებული. ჩანთაში მხოლოდ საფულე და 2 ტელეფონი მიდევს. მანქანაში ზედმეტ ნივთს არ ვინახავ. ეს ყველაფერი დედის გავლენაა, ორივენი პედანტები ვართ.

- "ის არ გამოიჩენს გულგრილობას, თუ იგრძნობს, რომ მისი დახმარება გჭირდებათ".

- ყოველთვის მაქვს სურვილი, საყვარელი ადამიანების გახარება ხშირად შევძლო. პირველი ჰონორარი რომ ავიღე, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები შევიძინე. ამ ახალ წელსაც მქონდა ჰონორარი. ისე, რომ არავისთვის არაფერი მითქვამს, საჩუქრები შევარჩიე, სახლში ჩუმად მივიტანე და ნაძვის ხის ქვეშ დავალაგე. ეს იყო ჩემი საახალწლო სიურპრიზი, რომლითაც ყველაზე საყვარელი ადამიანები ძალიან გავახარე.

- რომანტიკოსი ხარ?

- ვარ, მაგრამ ეს თემა იმდენად "ჩაკეტილი" მაქვს, ადამიანებს ჰგონიათ, ვერასდროს ვერავის შევიყვარებ, რომ გულგრილი ვარ. სინამდვილეში ასე არ არის.

- ასეთი იმიჯი რატომ შეგექმნა?

- ალბათ იმიტომ, რომ საქმეებს, ურთიერთობებს ძალიან სერიოზულად ვუდგები. როდესაც რომელიმე ბიჭი ჩემთან ურთიერთობის დაწყებას ცდილობს და ზუსტად ვიცი, ამ ურთიერთობას მომავალი არ ექნება, ამას ეგრევე ვაგრძნობინებ. ფლირტი, კეკლუცობა, თაყვანისმცემლების დანომვრა ჩემი სტილი არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ზოგიერთს ქედმაღალი ვგონივარ და იმაშიც დარწმუნებული არიან, რომ პრინცს ველოდები.

- როგორი ბიჭი შეგიყვარდება? შენთვის მთავარი რა არის?

- შემიყვარდება ის, ვინც ჩემნაირი იქნება. პირველ რიგში, უნდა იყოს ენერგიული, შრომისმოყვარე, სიცოცხლით სავსე. არ უნდა იყოს "ხელით სატარებელი". მე მისი იმედი უნდა მქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში, ჩემთვის მყარი საყრდენი უნდა იყოს. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც "თავს დაგეცემა" და მერე სულ შენთან იქნება. მას გაფრთხილება სჭირდება.

- როგორ ფიქრობ, სიყვარული გონებიდან მოდის თუ გულიდან?

- რაც გავიზარდე, მივხვდი, რომ გონებიდან მოდის. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა. ქმრისგან რაღაც უნდა ვისწავლო. ოჯახში როგორ კომფორტსაც მამა და ძმა მიქმნიან, მათნაირი მეორე ნახევარი მჭირდება. მე არ უნდა ვინერვიულო იმაზე, ხვალ სად ვიმუშაო, რომ შვილებს საკვები არ მოაკლდეთ. შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, - ბიჭი ფულიანი თუ არ იქნება, არ გაჰყვებაო, მაგრამ დასაწყისში ყურადღება შრომისმოყვარეობაზე, ენერგიულობაზე სწორედ იმიტომ გავამახვილე, რომ მდიდარ საქმროს არ ვეძებ.

- ბიჭებთან მეგობრობ?

- ბიჭი მეგობარი არ მყავს.

- რატომ, ეს არ გამოგდის?

- მე შემიძლია ვიმეგობრო, მაგრამ... თავიდან ყველა მეგობარია, დროთა განმავლობაში კი, რაც უფრო დამიახლოვდებიან, და-ძმობის ზღვარი ინგრევა, გრძნობა უჩნდებათ და მეგობრობა აღარ გამოდის.

- შენ ამბობ, ბიჭებს ხასიათით უფრო ხიბლავ, ვიდრე გარეგნობით?

- კი, ასეა. სილამაზე დღეს არის, ხვალ შესაძლოა, აღარ იყოს. არ შემიძლია ვინმეს გრძნობებით ვითამაშო და თუნდაც, კაფეში ბიჭი რომ მიყურებს, მას გავეპრანჭო, ვეკეკლუცო და ამით გავერთო.

- "მისი უარყოფითი თვისებებია გესლიანი სარკაზმი, "ფეთქებადი" ხასიათი და ექსცენტრიკულობა".

- კი. გესლიანი სარკაზმი მაშინ მახსენდება, როცა უსამართლობას ვაწყდები და მერე თავადაც მიკვირს, ეს მე ვთქვი-მეთქი?

- "ვერ იტანს ტყუილს და თუ ამის გაკეთება უწევს, სახეზე ეტყობა".

- ამ დროს ვწითლდები, მოსაუბრეს თვალებში ვერ ვუყურებ.

- "ერთი შეხედვით თითქოს, ქუდბედიანია, ყველაფერი ძალუძს, მაგრამ ხშირად, საკუთარი სიმორცხვისა და მორიდებულობის გამო უსუსურ სიტუაციაში ვარდება".

- ბევრს ერთი შეხედვით მართლა ქუდბედიანი ვგონივარ. შეიძლება, იმასაც ფიქრობენ, - ამას რა უნდა უჭირდესო? მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. იოლად არაფრისთვის მიმიღწევია, მინიმუმ 2 ცდა მაინც მჭირდება. წარმატება ადვილად არ მოდის. მე კონკია არ ვარ.

- "გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება უჭირს".

- კი. ამ შემთხვევაში დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მივმართავ. თუ ისეთი საკითხია, რომელზეც ლაპარაკი მამასა და ძმასთან მომერიდება, დედას ვეუბნები და ის საკუთარ გამოცდილებას მიზიარებს, რჩევებს მაძლევს. გლობალურ საკითხებს ოჯახის წევრებთან ერთად განვიხილავ.

- "პესიმიზმისკენ მიდრეკილია".

- მე ოპტიმისტი ვარ.

- "ჰყავს ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა მეგობარი".

- ნამდვილად ასეა.

- "ის რომანტიკული პარტნიორია. სჭირდება ადამიანი, რომელიც ყველა წამოწყებაში მხარს დაუჭერს და თავდაჯერებულობას აუმაღლებს".

- ზუსტად ასეა. რამდენადაც უნდა ვიყო ჩემს თავში დარწმუნებული, მაინც მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც სტიმულს მომცემს.

- "თუ სითბო მოაკლდება, ბუზღუნა და პრეტენზიული ხდება".

- აუ!!! მთლიანობაში ცივი ადამიანი უფრო მეტად ვარ, ვიდრე თბილი. თუ კონკრეტულ პიროვნებას შევარჩევ, რომელსაც ჩემს სითბოს გავუზიარებ, მისგანაც იგივე უნდა ვიგრძნო. დარწმუნებული ვარ, პირველს მე არ შემიყვარდება. გრძნობა რომ გამიჩნდეს, აუცილებლად უნდა ვიცოდე, რომ მას ვუყვარვარ. ბავშვობაშიც ასეთი ვიყავი: არასდროს მომწონებია ის ბიჭი, ვისაც ჩემდამი სიმპათია არ ჰქონდა. როცა გავიგებდი, - ამას მოსწონხარო, შეიძლება ყურადღება მერე მიმექცია.

- "ის საოცარი მანიპულატორია".

- ტყუილია.

- "მიუხედავად იმისა, რომ აქვს გემოვნება, ნიჭი, არტისტიზმი და არაერთი კარგი თვისება, მას მაინც ესაჭიროება ადამიანი, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს".

- ყოველთვის მეკითხებიან: უკვე დიდი ხარ და რატომ არ ცხოვრობ დამოუკიდებლად? რატომ არ გაქვს მუდმივი სამსახური? რატომ არ იღებ გადაწყვეტილებებს თავად? ჩემი ოჯახის მხარში დგომით თავს კომფორტულად ვგრძნობ და ამ სითბოს რატომ გავეცალო? როცა გავთხოვდები, მერე ხომ ისედაც წავალ მეორე ოჯახში.

თამუნა კვინიკაძე