ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი" - გზაპრესი

ზუ­რა ვა­დაჭ­კო­რი­ას კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი "ფო­კუ­სე­ბი"

ზურა ვადაჭკორიას 24 თებერვალს 55 წელი შეუსრულდა და ვინაიდან დაბადების დღე სუფრასთან, ქეიფთან, გემრიელ საკვებსა და ტრადიციებთან ასოცირდება, გადავწყვიტე, ცნობილი ილუზიონისტი "გურმანის" რუბრიკისთვის ჩამეწერა, თანაც მისი კულინარიული მონაცემები გადაცემებშიც მინახავს და ვიცი, რომ ზოგიერთი კერძის მომზადება თავადაც კარგად გამოსდის, პროდუქტის ურთიერთშეხამების სარგებლიანობაშიც ერკვევა და რჩევებს ჩვენც გვაძლევს. საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ მას იუბილეს.

საკვები პროდუქტის სარგებლიანობა

- კარგი და გემრიელი საჭმელი ძალიან მიყვარს და თუ სადმე არ მომეწონა, იქ მეორედ აღარც შევალ. ძირითადად ან ყველაფერი კარგი აქვთ, ან ყველაფერი - ცუდი, მზარეულზეა დამოკიდებული. ლამაზად გაფორმებული უგემური საჭმლის არ "მწამს". უპირატესობას სალათებს ვანიჭებ და თვითონაც ვამზადებ. მაგალითად, ქათმის ფილეს მოხარშავ, დაძიძგნი, დიდ მწვანე ვაშლს წვრილად დაჭრი, ჩაყრი, ცოტა ბეკონი, მაიონეზი, მარილი გემოვნებით, პილპილი არ უნდა და მაგარი რამე გამოდის. ჩემებმა ამ სალათას "მეჯიკ ზურა" დაარქვეს (იცინის). კიდევ გეტყვით: კიტრი, სალათის ფურცელი, ოხრახუში, 1 ს/კ თაფლი და ერთი ცალი ლიმონი ჩაწურული. სალათაში ძმარს არასდროს ვუშვრები, რადგან პროდუქტს ვიტამინებს აკარგვინებს. ლიმონმა რომ თავისი სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, ცხელ წყალში ჩაგდება არ შეიძლება, ვიტამინებს კარგავს. თუ გინდა, რკინა მიიღო, ვაშლი აუცილებლად ლიმონთან ერთად უნდა მიირთვა. ჩ ვიტამინიც გერგება და რკინასაც იღებ. უნდა ეცადო, საკვებმა გარგოს, აბა, რაც არ გარგებს, იმით უბრალოდ ნაყრდები. მაგალითად, სოკო არანაირად არ მიყვარს, მძიმეა კუჭისთვისაც, ნაღვლის ბუშტისთვისაც და არაფერი სასარგებლო მასში არ არის.

ვიტამინებით სავსე წვენი

- თუ ხვდები, რომ ცივდები, იღებ თითო ცალ გრეიპფრუტს, ფორთოხალსა და ლიმონს. ჭრი და მათგან წვენს აკეთებ, ერთმანეთში ურევ და ასხამ ერთ სუფრის კოვზ ნორმალურ თაფლს, ჩაყრი ოთხი კაკლის ლებნებს, ერთ ცალ დაჭრილ კივის. ამ სითხეს სამ ნაწილად გაყოფ და აუცილებლად ჭამის მერე სვამ, კუჭი და ნაღვლის ბუშტი რომ არ გააღიზიანოს. ყოველდღიურად ამის დალევა არ შეიძლება. ეს არის ვიტამინების ნაკრები, რომელიც ენერგიას გაძლევს. ვისაც ციტრუსზე ალერგია აქვს, ჯობია, მისგან თავი შეიკავოს და ვაშლი ან მისი წვენი მიირთვას. ბავშვობიდან მოყოლებული, ვაშლს კურკებიანად ვჭამ, მხოლოდ ყუნწს ვტოვებ. როგორც ვიცი, ვაშლის კურკას რაღაც სასარგებლო თვისებები აქვს. ინგლისელები ამბობენ, დღეში ორ ვაშლს თუ მიიღებ, ექიმის გზა დაგავიწყდებაო.

კვების რეჟიმი

- მსახიობს ვერ ექნება აწყობილი კვების რეჟიმი. მით უმეტეს, თუ გასტროლზე ხშირად უწევს სიარული. 7-8 საათზე რომ კონცერტი გაქვს და ათ საათზე ბანკეტი, მერე გვიან დგები ან ხუთი საათი გზაში ხარ, რეჟიმის დაცვას ვერ მოახერხებ. დილით, უზმოზე ხაჭოს ვჭამ, ესაა ჩემი საჭმელი. მერე, შვრიის ფაფას ან წიწიბურას. ისეთ საჭმელს ვერიდები, რაც დამამძიმებს.

საყვარელი კერძები, ინდური საცივი და ჩაი

- ხორცეულის მომზადება მაინცდამაინც არ მომწონს, კარგ ხორცს ვერ ავარჩევ. ყველს კი კარგს ავარჩევ, ვხვდები, "პარაშოკია" თუ არა. ზედმეტად მარილიან ყველს ვერიდები. კვერცხს მოხარშულს უფრო ვჭამ, ვიდრე შემწვარს, უფრო სასარგებლოა. საზღვარგარეთ ყოფნისას თევზის ჭამა უფრო მიყვარს. იქ საჭმელს ვარჩევ ხოლმე, ყველა ქვეყანას ხომ თავისი დამახასიათებელი კულინარია აქვს. ჩემი პირველი გასტროლი ინდოეთში იყო - დელი, ბომბეი, კალკუტა, 1984 წელს და იქ საცივი ვჭამე. უგემრიელესი იყო და გამიკვირდა. მაშინ მეგონა, რომ საცივი მხოლოდ ქართველებმა ვიცოდით. ლობიოც ვჭამე, კარგად შენელებული. იქ ჩაის რძით სვამენ და ცოტა დარიჩინს ამატებენ, თავისებურ არომატს აძლევს. ჩაიში რძე იმ მხრივაა კარგი, რომ თუ რაიმე ცუდი კონცენტრატია, რძე თვითონ იღებს, ლიმონიც - ანალოგიურად. მაგალითად, ზოგიერთი გაზიანი სასმლის დალევისას, შიგნით აუცილებლად ლიმონს ვაწურავ. ყველაზე კარგი, დასაყენებელი ჩაია.

პიცის წარმოშობის ამბავი

- პიცა, იცი, როგორ კეთდებოდა თავიდან? როცა იყო კაპიტალიზმი და გაჭირვებული ქვეყანა, დედა საჭმელს რომ გააკეთებდა, კიტრს ხომ გაფცქვნიდა, პომიდორს ყუნწის ნაწილს ხომ აჭრიდა, ამას არ ყრიდა, ამ ნარჩენებს აგროვებდა, პურიდან რა ფქვილი და ცომიც დარჩებოდა, იმას კიდევ დაათხელებდა და ამ კიტრის, პომიდვრის, ხახვის, ძეხვის ნარჩენებს ზედ დააყრიდა. ენრიკემ მომიყვა, მექსიკელმა მზარეულმა, აქ ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. საჭმლის კეთებისას ისიც არაფერს ყრიდა და იმ ნარჩენებისგან კიდევ რაღაცას აკეთებდა.

ქართული სუფრის ავ-კარგი და "ტრიპაჩი" თამადები

- საერთოდ, სუფრაზე რომ მივდივარ, არ მიყვარს რია-რია, თამადა რომ ყოველ წუთს ფეხზე მაყენებს სადღეგრძელოს დროს. ასეთი ადგილებიდან ბევრჯერ "გამოვპარულვარ". ადამიანი სუფრასთან უნდა ისვენებდეს და თუ თამადამ თავისი უაზრო ლაპარაკით დამღალა, დალევაც აღარ მინდება, ცოტა ხანში ბოდიშს მოვუხდი და გავდივარ. ზოგი ლამაზ ქალთან "ტრიპაჩობს", - აი, როგორი მჭევრმეტყველი და დიქტატორი ვარო. სუფრა, ქეიფი განტვირთვისთვისაა მოგონილი. იმიტომ მიყვარს, ერთი ჭკუის 3-4 ადამიანის დასხდომა. დღეს ადამიანებს ვერაფრით გააკვირვებ, ერთის გარდა - მე შენ მოგეცი თავისუფლება. თავისუფლებით გააკვირვებ. ბავშვობიდან რასაც ვისმენ, იგივე რომ მითხრა, თან უაზროდ, ამით ვერ გამაკვირვებ.

საქეიფო სიმღერები უცნაური ტექსტებით

- ჩვენი სუფრის ყველაზე მეტად იცი, რა მიკვირს? შეიძლება, ორი საათი ვიქეიფოთ და სამი საათი ერთმანეთს ვაცილებდეთ, ვერ მოაბა თავი, რომ მანქანაში ჩასვა და გააცილო. სიმღერა რომ გვაქვს - ქეიფს ვიწყებ დილიდან. დილიდან რომ ქეიფს დაიწყებს კაცი, იმან რა საქმე უნდა გაგიკეთოს? კიდევ, უყურე - მტრის ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე. მტრის ჯინაზე რატომ უნდა ილოთაო? ან ეს - დოქის ტუჩი მირჩევნია ქალისას. აი, რატომ უნდა გერჩივნოს? ყველაფერი ღვინოზეა აწყობილი, რაც ხასიათში გვაქვს ქართველებს. ბუნებაში გავალთ, დავსხდებით, დავლევთ, სამშობლოს, უფლის, წინაპრების, მიწა-წყლის სადღეგრძელოებს შევსვამთ, უფლისგან დალოცვილი მიწა რომ ვართ, აღვნიშნავთ და ბოლოს, ასეთი იცი, რას გააკეთებს? იმ ნაგავს იქ დატოვებს და პირველივე ხესთან მოშარდავს. ამას ყველა არ აკეთებს, მაგრამ 80% მაინც... ბუნებას დაგილოცავს და ბოლოს... ადრე მართლა ქეიფობდნენ, ძველი თბილისელები. მამაჩემის დრო მახსოვს, ქეიფი ის დასასვენებელი სიტუაცია იყო, სადაც კაცები ისვენებდნენ. ახლა სვამენ, ლოთობენ. ერთეულებს შემორჩა ქეიფის კულტურა.

ილუზიონისტის 55 წლის იუბილე

- დიდი დაბადების დღეების გადახდა არ მიყვარს, სულ ყურადღების ცენტრში რომ ხარ და ყველაფერი შენ გარშემო ტრიალებს, ეს თავისუფლებას მიკარგავს, დაძაბული ვარ... სამი შვილიშვილი მყავს, ბიჭისგან ორი - სესილი და ზურა ვადაჭკორიები, ქალიშვილისგან - ნიკა კუპრავიშვილი. კარგი ბავშვები არიან, საყვარლები, მოსწონთ, როცა ფოკუსებს ვუტარებ. ერთხელ ჩემმა ამხანაგმა იხუმრა, იმდენად კარგები არიან, თავიდანვე რომ შვილიშვილი ჩნდებოდეს, მაგარი იქნებოდაო (იცინის).

თამთა დადეშელი