სალომე ბაკურაძე გათხოვდა - გზაპრესი

სალომე ბაკურაძე გათხოვდა

ლაშა პროფესიით იურისტია, მაგრამ ამჟამად GDS-ში მუშაობს და გადაცემის - "ბინა 18" პროდიუსერია. ლაშას და სალომეს სიყვარულის ამბავი ქობულეთში დაიწყო და ქორწინებით დაგვირგვინდა. საქორწილო ამბების გასაგებად მომღერალთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვინაიდან საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ემზადებოდა, ვერ დამელაპარაკა. სამაგიეროდ, მისი მეუღლე არ დაგვზარდა და ყველაფერი დაწვრილებით გვიამბო. წყვილი თაფლობის თვის გასატარებლად უკვე მალორკაზე გაემგზავრა.

- პირველ რიგში, გილოცავთ გაბედნიერებას. შენ და სალომემ ერთმანეთი როგორ გაიცანით?

GzaPress- სალომე 2011 წლის 25 დეკემბერს გავიცანი. ის ჩემმა მეგობარმა - თემო მჟავიამ გამაცნო. ჩვენ შორის გრძნობა თანდათან გაჩნდა... არა, არა, ვიტყუები! სალომე გაცნობისთანავე შემიყვარდა.

- როგორ ფიქრობ, ასე რით მოგხიბლა?

- თქვენ არც კი იცით, რამხელა სიწმინდე და პოზიტივია ამ ადამიანში. ვფიქრობ, ღმერთის რჩეული ვარ, რადგან სალომე მყავს გვერდით. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს და უფალსაც: ასეთი კარგი რა გავაკეთე, რომ სალოს თავი მაჩუქა?

- სიყვარულში როგორ გამოუტყდი?

- აბა, რა გითხრათ, "ტანსაცმელზეც" მეტყობოდა, რომ მიყვარდა (იცინის). ეს ყველაფერი იმდენად პირადული და იმდენად ჩემია, რომ ვერაფერს გეტყვით.

- ვიდრე პირადად გაიცნობდი, მის სიმღერებს თუ უსმენდი?

- რომ გითხრათ, სალოს ყველა სიმღერას ვუსმენდი და ვიცოდი-მეთქი, მოგატყუებთ. მაგრამ მის სიმღერას - "კესარიას" ხომ მთელი საქართველო უსმენს და გამონაკლისი არც მე ვიყავი.

- ცოლობა როგორ სთხოვე?

- ცოლობა მართლაც, ორიგინალურად ვთხოვე: დაბადების დღეზე ეზო გულებით მოვუხატე და იქვე დავუწერე, რომ ცოლად გამომყოლოდა.

- თანხმობა მაშინვე გითხრა?

- სიტყვები საჭირო არ იყო, რადგან ყველაფერი სახეზე ეტყობოდა.

- ნიშნობა გქონდათ?

- კი. სალომეს ოჯახში მივედი და ტრადიციისამებრ, მისი ოჯახის წევრებს საყვარელი ადამიანის ხელი ვთხოვე.

- ჯვარი სად დაიწერეთ?

- ჯვარი მამა ვახტანგმა, პატარა სამებაში დაგვწერა. მამა ვახტანგი ჩემი უფროსი მეგობარია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა სწორედ მან დალოცა.

- თქვენი მეჯვარეები ვინ იყვნენ?

- ჩემი მეჯვარეები იყვნენ გიორგი კორკოტაძე და ვახო ნიკოლავა, სალოსი კი თიკა მახალდიანი და ტატა ხვედელიანი. ჯვრისწერის შემდეგ, შეუღლება რესტორანში აღვნიშნეთ.

- თქვენს ქორწილში ბევრი ცნობილი ადამიანი იყო?

- ქორწილში მხოლოდ ჩვენი მეგობრები იყვნენ, სულ - 140 კაცი. ისე, ქორწილზე დასასწრები ბილეთები რომ გამეყიდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს იდეა ძალიან გვიან გამიჩნდა (იცინის).

- თაფლობის თვიდან რომ დაბრუნდებით, მარტო ცხოვრებას აპირებთ თუ ოჯახთან ერთად?

GzaPress- გადავწყვიტეთ, რომ ცალკე უნდა ვიცხოვროთ. მშობლებს კი აქვთ სურვილი, მათთან ვიყოთ, მაგრამ მე და სალო ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანები ვართ; ზუსტად ვიცით, მეგობარები, ახლობლები ხშირ-ხშირად გვესტუმრებიან და არ გვსურს, მშობლები ამ ხალხმრავლობით შევაწუხოთ. სტუმრებს თავად ვუმასპინძლებთ.

- შენი აზრით, სალომე შეძლებს, სტუმრებს კარგად გაუმასპინძლდეს?

- სალომეს ყველაფერი კარგად გამოსდის. ის სუპერდიასახლისია. "სასწაული" ხელი აქვს, გემრიელ კერძებს ამზადებს. თუ არ გჯერათ, გვესტუმრეთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

- სალომეს საქორწილო კაბა ვინ შეუკერა?

- კაბა აკა ნანითაშვილმა შეუკერა. ვფიქრობ, ჩემს ცოლს ეს კაბა ძალიან უხდებოდა, მაგრად მომეწონა. მადლობა აკას სუპერკაბისთვის!

თიკა მახალდიანი, მომღერალი:

- როდესაც სალომემ ლაშა გაიცნო, მის გვერდით ვიყავი. ასე რომ, თავიდანვე თვალს ვადევნებდი მათი სიყვარულის განვითარებას და ვგულშემატკივრობდი... "კომედი შოუს" ბიჭები ქობულეთში იყვნენ. ჩვენც ამ ქალაქში ვიყავით, ერთ-ერთ კონცერტში მონაწილეობა უნდა მიგვეღო. ჰოდა, სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი.

- გამოდის, რომ მათი ქორწილი შენთვის მოულოდნელი არ იყო.

- ასეა. ისინი დიდი ხანი გეგმავდნენ დაქოწინებას და მათ რაღაცებში მეც ვეხმარებოდი.

- როგორი შეყვარებულები იყვნენ?

- სალომე და ლაშას მსგავსი შეყვარებულები იშვიათად მინახავს. ბევრი შეყვარებული წყვილი ჩხუბობს, კამათობს, მათ კი ასეთი რამ არასოდეს მოსვლიათ. თითქმის ერთნაირები არიან: შეხმატკბილებულები, მოსიყვარულეები, მხიარულები. მოკლედ, იდეალური წყვილია.

GzaPress- საქორწილო სამზადისის პერიოდში სალომე არ ნერვიულობდა?

- რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე ფიქრობდა, განიცდიდა, ნერვიულობდა და ეს ბუნებრივია. საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა.

- როგორი ქორწილი იყო?

- ძალიან მხიარული ქორწილი იყო, მინიკონცერტი გავმართეთ. ბოლოს, არაჩვეულებრივი ტორტიც დავაგემოვნეთ. წყვილმა შუა ქორწილის დროს სიურპრიზიც მოგვიწყო: ერთად იმღერეს. მინდა, მათ ბედნიერება ვუსურვო!

მარეხ ჭონიშვილი