როგორ მოირგო ანი გიუნტერმა მამაკაცის როლი - გზაპრესი

როგორ მოირგო ანი გიუნტერმა მამაკაცის როლი

- ორი კვირაა, სახლიდან არ გავდივარ, რადგან ბატონები მაქვს. ამის გამო, რამდენი დღის წინ ბავშვებიც წაიყვანეს და სახლში მარტო ვარ. ბატონ ანას საკუთარი თავის განებივრება უწევს (იღიმის).

- გაიხსენე, როგორი ბავშვი იყავი?

GzaPress- ძალიან მორიდებული, მგრძნობიარე და ცოტა მტირალაც. სულ ყურადღების ცენტრში ვიყავი, რადგან ოჯახში ყველაზე პატარა გახლდით. აი, ბავშვობის დროინდელ ამ სურათზე პუტკუნა ვარ. როგორც ხედავთ, საჭმელიც მიჭირავს ხელში (იცინის). გურმანი ვარ და თუ რომელიმე კერძი მომინდება, შემიძლია, მის დასაგემოვნებლად სხვა ქალაქშიც გავემგზავრო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობის შემდეგ წონის პრობლემა არასდროს მქონია. ეს მამას გადაღებული ფოტოსურათია. სხვათა შორის, ატელიეში გადაღებული არც ერთი ფოტო არ მაქვს. მამა ფოტოებს თავად გვიღებდა, ამჟღავნებდა და ბეჭდავდა კიდეც. მოგვიანებით, ფოტოსურათების გამჟღავნება მეც შემიყვარდა. სარდაფში, სიბნელეში ნეგატივის გამჟღავნება დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- მამაზე დიდი სიყვარულით ლაპარაკობ...

- მამა მართლაც, ძალიან მიყვარდა. ის გამორჩეული ადამიანი, მრავალმხრივ განათლებული და ბევრ სფეროში გათვითცნობიერებული პიროვნება იყო. აგროვებდა წიგნებს, მარკებს, მონეტებს. მახსოვს, თუ რაიმე საინტერესო წიგნს ან მონეტას მოიძიებდა, საკუთარ სიხარულს პირველ რიგში, დედას უზიარებდა. მამა ცოლზე 7 წლით უმცროსი იყო. დედა მისთვის ყოველთვის აღფრთოვანების ობიექტი და სამაგალითო ქალის ეტალონი გახლდათ. ჰოდა, ხშირად ანებივრებდა კომპლიმენტებით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მშობლების ასეთი ურთიერთობის მომსწრე ვიყავი... რაც შეეხება დედას: ის პროფესიით ფიზიკოსია. არ მოვყვები იმ ამბებს, რისი გადატანაც ჩვენ ოჯახს მოუხდა, მაგრამ გეტყვით, - დედა ბევრისთვის მაგალითია იმის, თუ რა შეუძლია რკინის ქალს... მამის დამსახურებაა, რომ ვიოლინოზე ვუკრავ. მან პატარაობიდანვე შემიყვანა მუსიკაზე და მასმენინებდა მსოფლიოს დიდი მუსიკოსების ჩანაწერებს. სხვა ოჯახებიდან თუ ყვირილის, ჩხუბის ხმა ისმოდა, ჩვენგან მხოლოდ მუსიკა გადიოდა. მახსოვს, 10 წლის ვიყავი, როცა ერთმა ჩემმა მეგობარმა შეიგინა და მამამ ის სახლიდან გააგდო.

- ოჯახში ყველაზე პატარა ვიყავიო, - ამბობ. ალბათ ძალიან განებივრებდნენ...

GzaPress- და და ძმა მყავს. ისინი ჩემზე 6-7 წლით უფროსები არიან. რა თქმა უნდა, მანებივრებდნენ, მაგრამ შენიშვნასაც მაძლევდნენ და ამ მხრივ განსაკუთრებით, ჩემი და გამოირჩეოდა. ჩვენს მეზობლად დედაჩემის ძმის ოჯახი ცხოვრობდა. ბიძაშვილებთანაც ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორიც საკუთარ და-ძმასთან. სახლში სულ 5 ბავშვი ვიყავით და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი აურზაური იქნებოდა?!

- ამ სურათში რამდენი წლის ხარ?

- 5-ის, მაგრამ გეგონებათ, რომ მეტის ვარ. ეს სურათი ჩემმა დამ გადაიღო. სხვათა შორის, 12 წლის ასაკამდე დედის გარეშე არ ვიძინებდი. არადა, ამ ასაკში ბევრი გოგო თხოვდება კიდეც (იცინის).

- პრანჭია იყავი?

- რადგან მევიოლინე გახლდით და კონცერტებზე გამოსვლა მიწევდა, ჩემს გარდერობში ქუსლიანი ფეხსაცმელი და კლასიკური კაბები ყოველთვის იყო. მიყვარდა, როცა ლამაზად გამოვიყურებოდი. ალბათ საქართველოში ყველაზე პრანჭია პატარა გოგო ვიყავი. მეუბნებიან, - ღამის ქოთანზე რომ იჯექი, მაშინაც სარკე გეკავა ხელში და იპრანჭებოდიო. სარკე ძალიან მყვარებია. დედის კოსმეტიკასაც ვეპარებოდი. ასევე, მომწონდა, როცა დედა გაპრანჭული იყო. ჩემი შვილიც მე მგავს, - უყვარს, რომ ვიპრანჭები და კარგ ფორმაში ვარ. სახლში რომ მივალ, დიდ საყურეებს დამკიდებს ხოლმე, რომელსაც არ ვხმარობ და კედელზე მაქვს ჩამოკიდებული. იმ დღეს საქორწილო კაბა ჩავიცვი და გაგიჟდა, ისე მოეწონა. მეხვეწებოდა, - არ გაიხადოო. მთელი დღე ამ დიდი თეთრი კაბით ვაკეთე ფაფა, ვათამაშე და ვაბანავე. ამ დღის აღსანიშნავად სურათიც კი გადავიღე.

- ჩემი შვილი მე მგავსო, - ამბობ და ალბათ, ეს სურათი ამის დასტურად დაამონტაჟე, არა?

- მეც მგავს, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ კახას დაპატარავებული ვარიანტია.

- თმა რა ასაკში შეიღებე?

- საერთოდ, წლებს ცუდად ვიმახსოვრებ. აი, ეს სურათი მეგობრის დაბადების დღეზეა გადაღებული. აქ ქერა თმა მაქვს. იყო პერიოდი, როცა თმა ცალ მხარეს აპარსული მქონდა და ვარდისფრად შეღებილი. მიხარია, რომ ამ პერიოდში გადაღებული სურათები არ მაქვს. გადაღებებზე ხშირად პარიკს ვიკეთებ და იმიჯს ასე ვიცვლი. მაგალითად, ერთ-ერთ სერიალში მოკლე ვარცხნილობა და შავი თმა მქონდა.

- შოპინგი თუ გიყვარს?

- შოპინგი ალბათ, ყველა ქალს უყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს თავისუფალი დროის შოპინგისთვის დახარჯვა მენანება. ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერს სწრაფად და ერთ სივრცეში შევიძენ. აი, ეს სურათი დილის 8 საათზეა გადაღებული, არადა, საღამოს კაბა მაცვია (იცინის). საერთოდ, ჩემი სურათების უმრავლესობა სწორედ ამ დროს არის გადაღებული, სამუშაო საათებიდან გამომდინარე.

- ამ ფოტოზე კაცის იმიჯი გაქვს მორგებული...

- ასე კარნავალისთვის გამოვეწყვე. ეს გერმანელი ქალი ვიზაჟისტმა, ოლია ვოინვარცმა კიდევ უფრო მეტად დამამგვანა გერმანელს. თან, გერმანელი ოფიცრის ამპულაში ვარ. ხომ შეიძლებოდა, პრინცესა ან ფიფქია ვყოფილიყავი? მაგრამ არა, კაცის როლი მოვირგე და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ძნელი ყოფილა. სხვა თუ არაფერი, ყველა სადღეგრძელოს თქმის შემდეგ ფეხზე მაყენებდნენ და არავინ მეუბნებოდა, რა ლამაზი ხარო (იცინის). ამიტომაც, ცოტა ხნის მერე სამოსი გამოვიცვალე, თმა გავიშალე და ისევ ქალად ვიქეცი.

- ქორწილში ძალიან ორიგინალური ტორტი გქონიათ...

- მართლაც, ორიგინალური ტორტი იყო. ვიკა ბუხნიკაშვილმა დაგვიმზადა საჩუქრად, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ. ტორტზე უზარმაზარი "ბლოკები", გვერდზე კი ზესტაფონის "ფერო" იყო. იმისათვის, რომ ამ "ფეროდან" ბოლი ამოსულიყო, მთელ თბილისში 60 კილოგრამ ყინულს პირადად ვეძებდი. ვერავინ ხვდებოდა, რომ ტორტი იყო. სხვათა შორის, "გადარეული" ქორწილი გვქონდა.

- დრო უკან რომ დაბრუნდეს, შენს ქორწილში რაიმეს შეცვლიდი?

GzaPress- ჯერ ოფიციალურად გათხოვილი არ ვარ ანუ ქორწილი კიდევ მელოდება (იცინის). მე და ჩემს მეუღლეს - კახა არაბიძეს გვინდოდა, ქორწილის დღეს მთაწმინდის პარკიდან საჰაერო ბუშტით გავფრენილიყავით, მაგრამ იმ დღეს გაგვიწვიმდა და ვერ მოვახერხეთ. იმის მერეც აღარ მოხერხდა, რომ რომელიმე შაბათ-კვირას ამინდიც და განწყობაც კარგი გვქონოდა ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. ასე რომ, ყველაფერი წინ მაქვს (იცინის).

- საოჯახო ალბომი გაქვს?

- ძალიან მომწონს, როცა სხვის საოჯახო ფოტოებს ვათვალიერებ, მე კი ერთი კლასიკური სურათიც არ მაქვს, ქორწილის დღეს გადაღებული. როგორი გიჟური ქორწილიც გვქონდა, ისეთივე ფოტოები შემომრჩა. რაც შეეხება ამ ფოტოს: შარშან მაშოს დაბადების დღეზე გადავიღეთ და ძალიან მიყვარს, რადგან ძლივს დაგვიჭირეს ყველანი ერთად. წელს კი სამწუხაროდ, ჩვენი ერთ კადრში მოხვედრა ვერ მოხერხდა.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყო?

- პირველ რიგში, კარგად უნდა გამოვიძინო, რაც ჩემი სამუშაო დღის რეჟიმიდან გამომდინარე, ყველაზე რთულია, მაგრამ მაინც ვახერხებ. კვებასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ასევე, დღის განმავლობაში ვცდილობ, დიდი ოდენობით (დაახლოებით 2 ლიტრამდე) წყალი დავლიო.

- გარეგნობაში რაიმე შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- თინეიჯერობის შემდეგ საკუთარ გარეგნობასთან კონფლიქტი არ მქონია (იცინის). ამ პერიოდში სხვის აზრს ყურადღებას უფრო მეტად აქცევ. მაგალითად, მაშინ ვფიქრობდი, რომ მოტკეცილი სამოსი არ მიხდებოდა და ამაში მეგობრებიც მეთანხმებოდნენ. თუმცა, გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები არასდროს მქონია. ისე კი, საკუთარ თავში რაიმე თუ არ მოგწონს, ამის შეცვლა ყოველთვის შეიძლება.

მარეხ ჭონიშვილი