"ხულიგნური" ბავშვობა და "კაცობის" მცდელობები - გზაპრესი

"ხულიგნური" ბავშვობა და "კაცობის" მცდელობები

მოგეხსენებათ, კონკურსანტები შოუსთვის უკვე კვირაში 2 ცეკვას ამზადებენ. დატვირთული დღის რეჟიმის გამო, ლევანი მუსიკისთვის ვეღარ იცლის. ბევრის მსგავსად, რეპეტიციაზე უმნიშვნელო უთანხმოება პარტნიორებს - ლევან ჩიჩუასა და მზია ორველაშვილსაც მოსდით.

- პირველი უთანხმოება პარტნიორთან ცეკვისას...

- ეს მზია ორველაშვილთან, პირველსავე რეპეტიციაზე მოხდა: ის ჩემგან ცეკვის სხვადასხვა მოძრაობის გაკეთებას პროფესიონალურ დონეზე ითხოვდა. არადა, პროფესიონალი არ ვარ - ჩემთვის ცეკვა ახალი და რთული საქმე იყო. უბრალოდ, ვსწავლობდი.

- პირველი სოციალური ქსელი, რომელშიც დარეგისტრირდით...

- ჯერ "მაისპეისზე", შემდეგ - "ფეისბუკზე" დავრეგისტრირდი... სხვათა შორის, სოციალურ ქსელს ბევრ დროს ვუთმობდი. "მაისპეისი" ხომ ისეთი გვერდია, სადაც თუ მუსიკოსი ხარ, შენი შექმნილი მუსიკა უნდა დადო. აღნიშნულ ქსელში ყოფნისას ხალხთან დაკონტაქტებაც ხშირად მიწევდა.

- დღეს სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივარი გწერთ?

- კი და ვცდილობ, ყველას ვუპასუხო.

- პირველი იმედგაცრუება...

- 19-20 წლის ვიყავი, როცა მუსიკის "კეთება" დავიწყე და არაფერი გამოვიდა, - ისეთი პროდიუსერი ვერ ვიპოვე, ვინც "ხელს მომკიდებდა". თან, არავის სჯეროდა, ჩემი დაწერილი რომ იყო. რამდენიმე წელი დამჭირდა, ჩემი მუსიკით ვიღაც რომ დაინტერესებულიყო. იმედი არასოდეს დამიკარგავს.

- პირველი სიგარეტი...

- (იცინის) "ასტრა". მაშინ 5-6 წლის ვიყავი. რა თქმა უნდა, ნაფაზს არ "ვურტყამდი". ბაბუაჩემი რომ ეწეოდა, მეც "ვკაცობდი": გაზეთს ვკითხულობდი და სიგარეტს "ვეწეოდი", ვითომ "დიდი" კაცი ვიყავი. 11-12 წლის გახლდით, როცა მოწევა მართლა დავიწყე.

- დღეს ეწევით?

- 8-9 წელი სიგარეტისთვის თავი დანებებული მქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მოწევა ისევ დავიწყე. ვფიქრობ, მალე ისევ დავანებებ თავს, რადგან სიგარეტი ცუდია. ალკოჰოლურ სასმელსაც თვეში ერთხელ თუ დავლევ...

- პირველი სიმთვრალე...

- 14-15 წლის გახლდით. მახსოვს, დაბადების დღეზე ვიყავი და ძალიან დავთვერი. სასმლის დიდი მოყვარული არ ვარ.

- სიმთვრალის დროს ჩხუბი, აყალმაყალი თქვენთვის ნაცნობი სიტუაციაა?

GzaPress- კი, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა. ალბათ, ეს ყველას დამართვია, ვისაც დაულევია ანუ სიმთვრალეში სისხლი "ასდუღებია"... თავდაპირველად, მგონი, ამიტომ არ ვსვამდი: სამჯერ რომ დავლიე, სამჯერვე ვიჩხუბე და მერე სმას თავი დავანებე. წლები გავიდა, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი და ვისწავლე, რამდენი უნდა დავლიო.Aახლა იმდენს ვსვამ, რომ არ დავთვრე.

- პირველი შეხვედრა გოჩა ჩერტკოევთან...

- შოუს დაწყებამდე 2-3 დღით ადრე, პრომოს ვიღებდით და მაშინ გავიცანი.

- როგორი შთაბეჭდილება მოახდინა?

- ნიჭიერი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და კარგი ადამიანია.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გოჩა ჩერტკოევის შეფასების მოსმენისას განსაკუთრებულად ნერვიულობ?

- ჟიურის ყველა წევრის შეფასებისას ვნერვიულობ, მაგრამ გოჩას შეფასებისას - უფრო მეტად, რადგან პროფესიონალია. მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- პირველი სირცხვილი...

- სკოლის ეზოში ვიჩხუბე და სასწავლო ნაწილის გამგემ დამინახა. შემრცხვა და კლასში დავიმალე. ცოტა არ იყოს, "ხულიგანი" ბავშვი ვიყავი (იცინის)... ახლაც მრცხვენია, როცა ვჩხუბობ. საერთოდ, ჩხუბი საშინელებაა, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ, სხვა გზა არ გაქვს...

- რის გამო შეიძლება, იჩხუბოთ?

- მაგალითად, თუ შეურაცხყოფა მომაყენეს. თუ დამარტყამენ, უკან არ დავიხევ. ისე, სპორტული ორთაბრძოლები მიყვარს: 1 წელი კრივზეც დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო: ცხვირს ან ვიღაც გამიტეხდა, ან მე გავუტეხდი. მოკლედ, შარი იყო (იცინის). კრივიდან დაწყებული, კარატეთი დამთავრებული, ყველანაირი "ჩხუბი" მიყვარს.

- პირველი საჩუქარი, რომელიც გოგონას მიუძღვენით...

- ალბათ - ყვავილი.

- ვის და რომელი ყვავილი, არ გახსოვთ?

- არა, ძალიან პატარა ვიყავი. მას შემდეგ ყვავილი იმდენ გოგონას ვაჩუქე, რომ პირველი ვინ იყო, ნამდვილად არ მახსოვს (იცინის).

- პირველი კოცნა...

- პირველი კოცნაც არ მახსოვს.

- რამდენი წლის იყავით?

- ალბათ 13-ის.

- ვინ გიყვარდათ?

- არ ვიცი, მიყვარდა თუ - არა. ბავშვური კოცნა იყო, "ვნებიანს" არ დავარქმევდი. გოგონას ვინაობაც არ მახსოვს.

- პირველი კოცნა სცენაზე...

- (იცინის) იცით, ვისთანაც მქონდა, ახალი წლის ღამეს... ალბათ ეგ არავის დაგვავიწყდება.

- ეს კოცნა ვნებიანი იყო, თუ უბრალოდ, ასე ჩანდა?

- იყო, იყო...

- სცენაზე კოცნის შემდეგ, გრძნობა ხომ არ განვითარებულა?

- მხოლოდ მეგობრული. ჩვენ არტისტები ვართ და შეიძლება, კოცნა ან კიდევ ბევრი სხვა რაღაცის გაკეთება მოგვიხდეს. ასეთ დროს შესაძლოა, გრძნობა განვითარდეს კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ მომხდარა.

- პირველი წარმატება...

- როცა ერთ-ერთი მობილური ქსელის რეკლამაში გადამიღეს და ასე თუ ისე, ხალხმა გამიცნო.

- პირველი წვეულება, რომელსაც მშობლების გარეშე დაესწარით...

- მშობლებთან ერთად, წვეულებებს მხოლოდ ბავშვობაში ვესწრებოდი. პირველად დამოუკიდებლად კლუბ "ევრომიქსში" წავედი, რომელიც კინოთეატრ რუსთაველში იყო. იქ ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდი და კარგ დროს ვატარებდი.

- პირველი სინანული...

- პირველი არ ვიცი, მაგრამ ვნანობ, რომ სკოლაში იმდენს არ ვსწავლობდი, რამდენიც საჭირო იყო. "ხულიგანი" ვიყავი, მაგრამ მასწავლებლები სკოლიდან ჩემი მშობლების ხათრით არ მაგდებდნენ.

- პირველი საკურორტო რომანი...

- მართლა ბევრი იყო (იცინის).

- ყველაზე შთამბეჭდავი გაიხსენეთ...

- ბათუმში მშვენიერი გოგონა გავიცანი. ერთმანეთს ერთი კვირა ვხვდებოდით, შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა.

- ქალებს როგორ ხიბლავთ?

- ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა გოგონასთან დაზეპირებულ ფრაზებს ამბობენ, ერთსა და იმავე ხრიკს იყენებენ? მე უბრალო ადამიანი ვარ: რაც გულიდან და სულიდან "მოდის", იმას ვაკეთებ...

- პირველი უთანხმოება სამართალდამცავებთან...

- ერთხელ ნასვამი ვიყავი, საპირფარეშოსკენ მივდიოდი. გზად ისეთ ადგილას გავიარე, სადაც ჩხუბი მომხდარა. ისე ცუდად ვიყავი, რომ ვქანაობდი და შემთხვევით, ვიღაცას მხარი გავკარი. ეტყობა, პოლიციის თანამშრომელს ჩხუბის თანამონაწილე ვეგონე და უთანხმოება ამ დროს მოგვივიდა. შემდეგ დავმეგობრდით და დღესაც ახლო მეგობრები ვართ.

ეთო ყორღანაშვილი