მაია ყარყარაშვილის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

მაია ყარყარაშვილის გულახდილი ინტერვიუ

მოგეხსენებათ, სოფი მუსიკალურ პროექტ "იქს-ფაქტორის" მონაწილე გახლავთ. ქალბატონი მაია ყოველი "ლაივ"-კონცერტის დროს ძალიან ნერვიულობს. ის საკუთარ განცდებზე, ოჯახსა და წარსულზე გულახდილად გვესაუბრა.

- განსაკუთრებით მაშინ ვინერვიულე, როცა სოფი აუტსაიდერებს შორის იდგა. ლამის სისხლი გამეყინა, ვერაფერს ვგრძნობდი. არ მომწონს, რომ პროექტში კონკურსანტის ბედი ზარების რაოდენობაზეა დამოკიდებული. ძალიან მინდა, ხალხს მოეწონოს, მაქსიმალურად უგულშემატკივრონ. თავად 8 საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ვარ და ვიცი, კონკურსის ციებ-ცხელება რა არის. ისე კი, სოფი 11-12 წლის იყო, როცა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მუსიკალურ პროექტში - "წარმატების ფორმულა" გრან-პრი აიღო; შემდეგ საბავშვო "ევროვიზიის" შესარჩევ ტურშიც მონაწილეობდა, მაგრამ საერთაშორისო კონკურსზე "ბზიკები" გაემგზავრნენ. მერე უკვე გარდატეხის ასაკი და ხმის მუტაციის პერიოდი დაეწყო. მოგეხსენებათ, მომღერლისთვის ხმის მუტაცია ძალზე რთულია. შეიძლება, დილით ადგეს, კონცერტზე წავიდეს და სცენაზე ასულმა ვერ იმღეროს. ასეთ დროს ხმა ბევრ მომღერალს დაუკარგავს. მაგალითად, რობერტინო ლორეტი ბავშვობაში რთულ საოპერო სიმღერებს ასრულებდა, შემდეგ კი ისე კარგად ვეღარ მღეროდა. სხვათა შორის, მასთან შეხვედრის ბედნიერება მხვდა წილად: 1997 წელს ბელორუსიაში, "ოქროს შლაგერში" ვმონაწილეობდი, სადაც პირველი ადგილი დავიკავე. რობერტინო ლორეტი კონკურსზე მოწვეული სტუმარი გახლდათ. მაშინ უკვე ასაკოვანი იყო.

- სიმღერა როდის დაიწყეთ?

GzaPress- სცენაზე 4 წლიდან ვდგავარ. მაშინ თბილისის ყველა რაიონს (უბანს) თავისი "კულტურის სასახლე" ჰქონდა. იცოდნენ, რომ კარგად ვმღეროდი და ყველა კონცერტზე დამატარებდნენ. ცოტა ხანს ანსამბლ "ნერგებშიც" ვმღეროდი, შემდეგ - "ისანში", "ცისფერ ექსპრესში"... სკოლა რომ დავამთავრე, ჩემმა ოჯახმა გადაწყვიტა, ეკონომისტი გამოვსულიყავი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. თან, წარმატებული მოსწავლე გახლდით. განსაკუთრებულად კარგად მათემატიკას ვსწავლობდი. სიმღერას თავი დავანებე. უნივერსიტეტში ვაბარებდი, მაგრამ 2 ქულა დამაკლდა. აღარ გავაპროტესტე, არ ვიაქტიურე... მომდევნო წელს თეატრალურ ინსტიტუტში, მუსიკალური თეატრის მსახიობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. 1994 წელს პროფესიით უკვე მსახიობი ვიყავი, მაგრამ თეატრში არც ერთი დღე არ მიმუშავია.

- რატომ?

- ინსტიტუტის დამთავრებიდან 1 თვეში დავოჯახდი, მალე სოფიც შემეძინა. მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებაც ვერ მოვახერხე. სოფო 2-3 თვის იყო, როცა მუსიკალურ კონკურსზე - "აზიის ხმები" ალმა-ათაში გავემგზავრე და ლაურეატი გავხდი. მანამდე, 1993 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტობისას "მოსკოვი იალტა ტრანზიტის" ლაურეატი გავხდი (ეს პირველი საერთაშორისო კონკურსი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი). უფრო ადრე კი, მე, ჩემს დას - შორენა ყარყარაშვილს, დეიდაშვილს - ლეილა თოდაძეს და რუსა მორჩილაძეს კვარტეტი "თოლია" გვქონდა. ვიდრე რუსა შემოგვიერთდებოდა, ჩვენს ტრიოს "სამაია" ერქვა (იღიმის).

- სოლო კარიერა როგორ დაიწყეთ?

- ყოველ წელს ან წელიწადში ორჯერ საერთაშორისო კონკურსებზე მივემგზავრებოდი და წარმატებული ვბრუნდებოდი. რუსას ბევრი კარგი, ლამაზი სიმღერა ჰქონდა. სურვილი გაგვიჩნდა, სოლო ალბომი გამოგვეშვა. პირველივე ალბომი წარმატებული აღმოჩნდა.

- გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ჩანდით. რატომ?

- კარგია, როცა რაღაცას მიაღწევ, მაგრამ მიღწეულის შენარჩუნება რთულია. პირად ცხოვრებაში პრობლემები მქონდა: სტრესი გადავიტანე, ოჯახი დამენგრა. პატარა ბავშვთან ერთად, მარტო დავრჩი. ამის შემდეგ ცხადია, სტაბილური შემოსავალი მჭირდებოდა, მხოლოდ კონცერტებისა და აღებული ჰონორარის იმედად ვერ ვიქნებოდი. იმ პერიოდში სოფი სკოლაში დადიოდა, მოგვიანებით - "ერისიონშიც" დაიწყო სიარული; კვირაში 3-4 დღე მამის მშობლებთან იყო და ისინი ბავშვისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ. თქვენი ჟურნალის საშუალებით, ამისთვის მათ მადლობას გადავუხდი... საზღვარგარეთ "პრივატ" მიწვევებში აქტიურად "ჩავები". მაგალითად, რამდენიმე თვე მოსკოვში ვიყავი, ისრაელში, იტალიაში... დრო ისე სწრაფად გავიდა, ახალი ალბომისთვის ვეღარ მოვიცალე. საქართველოში, ფართო საზოგადოების წინაშე ადრინდელივით აქტიურად არ ვჩანდი, თორემ რაღაცებს ვაკეთებდი. უბრალოდ, ჟურნალისტებთან არ ვურთიერთობდი. ხანდახან ადამიანს უნდება, დაისვენოს. ჰოდა, მეც დავისვენე (იღიმის).

- დღეს ფართო საზოგადოების წინაშე დაბრუნებისთვის მზად ხართ?

- სერიოზულ რაღაცებს ვაპირებ. ქალბატონმა ცირა ბზიშვილმა სიმღერა დამიწერა. ძველი სიმღერებიც მაქვს, რომელიც არ გამიპიარებია. საკმაოდ ბევრი შრომა დამჭირდება, მაგრამ ვეცდები, მსმენელებს სიახლეები მალე მივაწოდო.

- თქვენი ასეთი სურვილი ფართო საზოგადოების წინაშე სოფის გამოჩენამ ხომ არ დააჩქარა?

- არა, ამის სურვილი ისედაც ყოველთვის მქონდა. საერთოდ, როცა სცენაზე დგები, ჩამოსვლის სურვილი აღარ გიჩნდება. სოლო კონცერტის გამართვას ვაპირებ, მაგრამ მანამდე ალბომი უნდა გამოვუშვა...

- როგორც ვიცი, თქვენი ყოფილი მეუღლე მუსიკალური პროდიუსერი გახლდათ. დღეს სოფისთან პროფესიული ურთიერთობაც ხომ არ აქვს?

- ჩემი და რამდენიმე სხვა მომღერლის პროდიუსერი გახლდათ. მანამდე ტელევიზიაში პროდიუსინგით იყო დაკავებული. ამჟამად, აბსოლუტურად სხვა საქმე აქვს. ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვკონტაქტობთ. ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. მას სხვა ოჯახი ჰყავს. სოფის მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

- შეგიძლიათ, გაგვიმხილოთ - თქვენი ოჯახი რატომ დაინგრა?

- კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემ. მიზეზი არავინ და არაფერი ყოფილა. ერთ დილას გავიღვიძე და მივხვდი, რომ ასე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი. ალბათ 2 აქტიური ადამიანი ერთად ვერ თავსდება.

- იმ პერიოდში არა მარტო მეუღლის, არამედ პროდიუსერის გარეშეც დარჩით?

GzaPress- კი, მაგრამ მაშინ პროდიუსერი მეყოლებოდა თუ არა, მნიშვნელობა არ ჰქონდა; ამ ყველაფერზე ფიქრისთვის არ მეცალა, რადგან ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრებაზე უნდა მეზრუნა. სხვადასხვა მუსიკალური სტუდიისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ შექმნილი სიტუაცია ვეღარ დავაბალანსე. სიმართლე გითხრათ, ყოფილ მეუღლესთან თანამშრომლობის სურვილი არც მქონია. ახლა პირველად თქვენთან ვამბობ: ოჯახის დანგრევის შესახებ გადაწყვეტილება მე მივიღე.

- ეს არასოდეს გინანიათ?

- ვაღიარებ, რომ - არა. უფლის მადლობელი ვარ, სოფისნაირი შვილი რომ მყავს...

- როგორც ვიცი, 2 წელზე მეტია, რაც მეორედ დაოჯახდით. ვინ არის თქვენი რჩეული, ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- დავითი ბიზნესმენი გახლავთ. ეკონომიკური განათლება აქვს. ის ერთ-ერთ საღამოზე გავიცანი. მერე ისე მოხდა, რომ სრულიად შემთხვევით, მეგობარმა ჩემთან სახლში, სტუმრად მოიყვანა. დავითთან საკმაოდ დიდხანს ვმეგობრობდი, მერე ეს მეგობრობა სხვა გრძნობაში გადაიზარდა. ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, მე - ემოციური. ალბათ ერთმანეთს ვაბალანსებთ. ყველაფერს ისე მშვიდად, სწორად იღებს, რომ მასთან ცხოვრება მიადვილდება და მსიამოვნებს.

- თქვენი დაოჯახება სოფიმ როგორ მიიღო?

- თაყვანისმცემლები ყოველთვის მყავდა, მაგრამ ყველაფერ ამას სერიოზულ ყურადღებას არ ვაქცევდი. კლუბებში სიარულისთის არასოდეს მეცალა და ეს არც მომწონდა. ალბათ ცხოვრებამ თვითონ მოიტანა ჩემი ბედნიერება. დავითს სულ ვეუბნებოდი, - შენზეა ნათქვამი, სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი-მეთქი (იცინის)... სოფისთვის ჩვენი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ჩვენს ცხოვრებაში მესამე ადამიანის გამოჩენის, სიმართლე გითხრათ, მეშინოდა. ალბათ ამიტომაც, ეს ნაბიჯი მაშინ არ გადამიდგამს, როცა ჩემს შვილს გარდატეხის ასაკი ჰქონდა. ხომ იცით, ასეთ დროს ბავშვები ყველაფერს მძაფრად აღიქვამენ. ოჯახი მას მერე შევქმენი, როცა სოფი ჩემი გათხოვებისთვის უკვე "მომწიფებული" იყო.

- სოფი და დავითი კამათობენ ხოლმე?

- ჩვენს ოჯახში კამათი არ არსებობს. თუ ვინმე რაღაცას ოდნავ ხმამაღლა ამბობს, ეს მე ვარ, რადგან ქოთქოთა გახლავართ და "სიტყვით გამოვდივარ" ხოლმე (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ მშვიდი ოჯახი მაქვს. - როგორ მოხდა, რომ დედა-შვილი სხვადასხვა ჟანრის სიმღერებს ასრულებთ? სოფის მუსიკალურ გემოვნებაზე გავლენა რამ იქონია?

- სხვა სტილი აქვს, მაგრამ ქართულ სიმღერებსაც ასრულებს.

- დუეტი წლების წინაც შეგისრულებიათ...

- ის სიმღერა - "მხოლოდ შენ" ჩემს მეორე ალბომშია შესული. მაშინ სოფი ძალიან პატარა იყო... კულისებში გაზრდილი ბავშვია, ყველგან თან დამყავდა, მის გარეშე ყოფნა არ შემეძლო.

- სოფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამერიკაში ცხოვრობდა. იქ რა მიზნით იყო? მას თქვენც თან ახლდით?

- მე - არა. დედაჩემი ამერიკის მოქალაქეა - 1998 წლიდან იქ ცხოვრობს და სოფი ბებოსთან ჩავიდა. იქაურობა ისე მოეწონა, რომ უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა (იცინის). გამგზავრებამდე უნივერსიტეტში გამოცდები ჩააბარა. ამერიკაში მყოფი ამბობდა, - ჩარიცხულთა სიაში თუ ვერ მოვხვდი, არ ჩამოვალო. საბედნიეროდ, გამოცდები წარმატებით ჩააბარა. მის ქება-დიდებას არ დავიწყებ, მაგრამ რომელი სასწავლებელი და ფაკულტეტიც პირველად მიუთითა, ზუსტად იქ მოხვდა - შავი ზღვის უნივერსიტეტში, დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობს.

ეთო ყორღანაშვილი