ჭორები, შუღლი და ანონიმური გზავნილები თაკო ცქვიტინიძის ცხოვრებაში - გზაპრესი

ჭორები, შუღლი და ანონიმური გზავნილები თაკო ცქვიტინიძის ცხოვრებაში

"მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა. აქვს ნიჭი, ადამიანებში ნდობა გააღვიძოს. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ქოლერიკია. მასში არაა სისასტიკე, ხშირად გულუბრყვილო და ბავშვურად გულწრფელია. წყენას ადვილად ივიწყებს, საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიუალერსოს. მასავით არავის სჯერა სასწაულების", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მსახიობ თაკო ცქვიტინიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად დაინტერესებული არ ვარ და დღის ან კვირის პროგნოზს გართობის მიზნით თუ გავეცნობი. ჩემი ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს. სხვათა შორის, ბევრი თანხვედრაც აღმომიჩენია.

- "მისი მთავარი დამახასიათებელი თვისება თავდაჯერებულობაა".

- ამას ჩემზე ვერ ვიტყვი. თავდაჯერებულობა მაკლია. სულ მგონია, რაღაცას ვერ ვაკეთებ ან კარგად ვერ გამომდის.

- "ის გარშემო მყოფებს რჩევას არასდროს ეკითხება, ყველაფერს საკუთარი ჭკუითა და ძალისხმევით აგვარებს".

- შეიძლება, სხვისი აზრი მოვისმინო, მაგრამ არ გავითვალისწინო.

- "აქვს ნიჭი, ადამიანებში მის მიმართ ნდობა გააღვიძოს".

- ეს თვისება მაქვს. ადამიანის მოსმენას ნიჭი უნდა, მე კი კარგი მსმენელი ვარ. ჩემში ერთგულებას ხედავენ. იციან, რაც სათქმელი არ არის, არ ვიტყვი. მიხარია, როცა ნდობას ვიმსახურებ.

- "უყვარს ადამიანებზე დაკვირვება".

- პროფესიიდან გამომდინარე, ვალდებულიც კი ვარ, ადამიანებს დავაკვირდე და მერე ეს დაკვირვების შედეგი სცენაზე, რომელიმე პერსონაჟზე აისახება.

- "მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, ქოლერიკია".

- სანგვინიკი (მეტისმეტად ხალისიანი, სიცოცხლით სავსე. - ავტ.) უფრო ვარ. მელანქოლია, შესაძლოა, რამდენიმე საათით დამეუფლოს. რაც შეეხება ჩემს ქოლერიკობას: მართალია, არის ხოლმე სიტუაციები, როცა ჩემში "ფეთქებადი" ხასიათი წინ იწევს.

- "უმჯობესია, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, ამ დროს უფრო საშიში ხდება".

- მართალია, წინააღმდეგობას თუ წავაწყდები, ჩემში მეტი პროტესტი წარმოიშობა. ასეთ დროს ცოტა ხნით უნდა შემეშვა.

- "ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია".

- ჩემს პრობლემებზე საუბარი და ადამიანებთან ურთიერთობისას იმის ხაზგასმა, რომ რაღაცას განვიცდი, ვნერვიულობ, არ მჩვევია. როდესაც მეკითხებიან, - როგორ ხარ? წუწუნს არ ვიწყებ. ვპასუხობ, - "ძალიან კარგად" და ამ დროს შესაძლოა, კარგად სულაც არ ვიყო. გარეგნულად მხიარული, ლაღი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ. პრობლემები ვის არ აქვს და გამონაკლისი მეც არ ვარ. მეფიქრება, ვნერვიულობ, რაღაც მაწუხებს, მაგრამ ეს გარეგნულად არასდროს მეტყობა. შეიძლება, მხოლოდ უახლოესმა მეგობრებმა შენიშნონ, რომ ჩემკენ რაღაც კარგად ვერ არის.

- "ვერ იტანს სიახლეებს, რომელსაც შეუძლია, მისი სიმშვიდე დაარღვიოს".

- რისკიანი ვარ. ხშირად ვრისკავ და სიახლეებიც მაინტერესებს. არ გავურბივარ, არ ვემალები იმას, რაც დისკომფორტს მიქმნის.

- "ძალაუფლებისა და ტრადიციების მოყვარეა".

- ბავშვობიდან მოყოლებული, ისე ხდებოდა, რომ პირველობა მიყვარდა. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც წინ განზრახ დგება და ცხოვრება რქებით გააქვს. ჩემი პირველობა თითქოს, თავისთავად ხდებოდა და ამას იმდენად შევეჩვიე, რომ დღეს ხშირად მაქვს მოთხოვნილება, ყურადღების ცენტრში ვიყო... რაც შეეხება ტრადიციების სიყვარულს: ტრადიციული ადამიანი ვარ, ტრადიციული ოჯახიდან. ოღონდ, ეს ყველაფერი მარაზმში, ფანატიზმში, უცოდინარობასა და სიბნელეში არ უნდა იყოს გადასული, რაც ჩვენთან ხშირად ხდება. მე ყველა ტრადიცია გააზრებული მაქვს, ბრმად არაფერს მივყვები.

- "ხარის წელში დაბადებულ ქალებზე დაყრდნობა შეიძლება! მას ოჯახში კეთილდღეობა შეაქვს".

- ოჯახში ალბათ, მამაკაცი უფრო მყარი საყრდენია. მე და ნიკუშა (მსახიობი ნიკა კუჭავა) მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთად ვიღებთ. ჩვენ შორის გენდერულ საკითხებზე გაუგებრობას ადგილი არასდროს ჰქონია. ვთვლი, რომ ქალი მაინც, ნაზი არსებაა, საყრდენი კედელი კი მამაკაცია. თავი ქალად რომ იგრძნო, გვერდით სწორედ ასეთი მამაკაცი უნდა გყავდეს. ვფიქრობ, ქალბატონები გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე - მამაკაცები. ხშირ შემთხვევაში ისინი კაცებზე მეტს მუშაობენ და მე ვამაყობ ჩვენი ემიგრანტი ქალებით, რომლებიც სამშობლოდან შორს, ბევრ რამეს უძლებენ და აქ ოჯახებს არჩენენ.

- განცდა თუ გაქვს, რომ გარშემო მყოფებს ცუდად ესმით შენი?

- ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ კომფორტული პიროვნება ვარ. ჩემთან ურთიერთობა ადვილია. არ ვქმნი ბარიერებს, არ დავდივარ "აწეული" ცხვირით... შემიძლია, ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, რაღაცაზე თვალის დახუჭვა. შემიძლია, მე მოვიკლო, სხვას გავუკეთო. გარშემო მყოფები ამ ყველაფერს ხვდებიან.

- ჯიუტი ხარ?

- ზომიერად.

- "სიყვარული მისთვის ხუმრობაა. შეიძლება, იყოს მგრძნობიარე, ერთგული, მაგრამ არა - რომანტიკული. ის არ ცნობს ფლირტს".

- ასე არ არის. ძალიან მოსიყვარულე და ემოციური ადამიანი ვარ. ჩემთვის სიყვარული გართობა და თამაში არ არის.

- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".

- სიმართლის მოყვარული ვარ. ადამიანების ჩაგვრას ვერ ვეგუები. მოძალადეს სუსტს არ დავაჩაგვრინებ. ხშირად, ამის გამო უსიამოვნო სიტუაციაშიც აღმოვჩენილვარ. შეიძლება, ჩემი საქმე საერთოდ არ იყოს, მაგრამ მე მაინც გავაპროტესტო. ერთი პერიოდი ჟანა დ"არკს მეძახდნენ.

- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".

- ასეა და მინდა გითხრა, რომ ეს ძალიან ცუდია. კარგი იქნებოდა, ცოტათი ეშმაკი ვყოფილიყავი. მე მჯერა ადამიანების და მგონია, ისე ფიქრობენ, როგორც ლაპარაკობენ. მერე, როცა რეალობას ვეჯახები, ძალიან ცუდი განცდა მეუფლება. ბოლო რამდენიმე წელია, რაღაცების გადახარისხება დავიწყე. ვიღაცის ძველებურად აღარ მჯერა, აღარ მწამს, აღარ ვენდობი. ვიღაცასთან დისტანცია დავიკავე. ასაკს გამოცდილებაც მოაქვს.

- ხშირად, გულუბრყვილო და ბავშვურად გულწრფელია. მასში არაა სისასტიკე".

- მართალია. არ არსებობს ადამიანი, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ მეზიზღება, ვერ ვიტან... ზოგიერთი ძალიან მიყვარს, ზოგიერთი - ნაკლებად.

- "ის ადამიანებს ორ კატეგორიად ჰყოფს: მეგობრებად და მტრებად".

- "მტერი" ცოტათი უხეშად ნათქვამი მგონია. რომ მკითხო, - ყველაზე მეტად რა მეამაყება? გიპასუხებ, რომ ეს ჩემი სამეგობროა! მათთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. ყოველთვის მხარში მიდგანან. მიჭირს თუ მილხინს, ჩემთან არიან. მტრებიც მყავს. ისეთი პროფესია მაქვს, ვიღაცას შეიძლება, ნერვებს ვუშლიდე. არის ჭორები, შუღლი, ანონიმური გზავნილები.

- პროფესიასთან დაკავშირებული?

- პროფესიასა და ოჯახთან დაკავშირებულიც.

- ამაზე როგორ რეაგირებ?

- ეს ეტაპი უკვე გავლილი მაქვს. როდესაც ტელევიზიაში ვმუშაობდი, ჩემზე გამუდმებით ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ ტუჩი და ცხვირი მქონდა "გაკეთებული". ამაზე მეცინებოდა და თავიც არასდროს მიმართლებია. ჩემებმა ყველაფერი იციან. ვიღაცას თუ არ ვესიმპათიურები და ბოღმა ახრჩობს, მე რისი გაკეთება შემიძლია მის დასახმარებლად?

- მაგალითად, როგორი გზავნილი მოგდიოდა?

- ნიკას მოუვიდა გზავნილი, რომ მე სადღაც ვიყავი, არადა, სწორედ მაშინ, მის გვერდით გახლდით. მსგავსი შინაარსის მესიჯებს ხან ერთს გვიგზავნიან, ხან - მეორეს.

- "წყენას ადვილად ივიწყებს. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიუალერსოს".

- 100%-იანი სიმართლეა! გეტყვი, ამ მხრივ თუნდაც, ნიკასთან მიმართებაში რა ხდება. ჩვენ ხშირად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ 10-15 წუთში რომ მკითხო, რაზე ვიჩხუბეთ, არ მახსოვს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სახლში ცხვირჩამოშვებული ივლის. სამეგობროშიც, ოჯახშიც როცა რამე მწყინს, პირდაპირ ვამბობ, რა არ მესიამოვნა, რა არ მომეწონა... ვისაუბრებთ და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება.

- "სხვას ცრემლს არასდროს უჩვენებს".

- იმიტომ, რომ არ მიყვარს წუწუნი. არ მიყვარს, როცა ვინმეს ვეცოდები. ძალიან ემოციური ვარ. მეტირება წიგნების კითხვისას, ფილმების ან სპექტაკლის ყურებისას, სიმღერის მოსმენისას...

- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავზე ბედნიერება. ურჩევნია, ბედნიერებისთვის იბრძოლოს".

- ჩემთან მარტივად არ მოდის არც წარმატება, არც ბედნიერება. ბევრი უნდა ვიშრომო, ბევრჯერ უნდა ვცადო, რომ რაღაც გამომივიდეს - ამას უკვე მივეჩვიე.

- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია. მასში დონ-კიხოტის სული ცოცხლობს".

- კი, არის თემები, როცა შეიძლება, ჯორზე შევჯდე და პოზიცია არ დავთმო.

- "ის არ ეჭვიანობს მეუღლეზე".

- მიზეზი თუ არ მაქვს, არ ვეჭვიანობ. არ ვარ ის ცოლი, რომელიც დღეში რამდენჯერმე ურეკავს ქმარს და ეკითხება, - სად ხარ? ვისთან ერთად ხარ? ნიკას შეუძლია, სახლში დილის 9 საათზე მოვიდეს, მე ეს არ მაბრაზებს. ისედაც, ჩვევად აქვს, ყოველთვის მწერს სად არის, ვისთან ერთად არის და ა.შ. მთხოვს ხოლმე, მასთან მივიდე, მაგრამ ამას ხშირად ვერ ვახერხებ. ურთიერთობაში მთავარი ნდობაა.

თამუნა კვინიკაძე