ვინ მიაჩვია იუნა შაფათავა ალკოჰოლურ სასმელს? - გზაპრესი

ვინ მიაჩვია იუნა შაფათავა ალკოჰოლურ სასმელს?

ქართველი ბებია ქართულ კერძებს აკეთებდა - ხაჭაპურს, გურულ ღვეზელს და ა.შ. სომეხი კი - სომხურს, ინდაურს წვავდა ძალიან გემრიელად. ორივეს გემრიელი ხელი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ისე მაინც ვერ ვამზადებთ.

"ტრადიციას აუცილებლად აღვადგენ"

- ოჯახური ტრადიციები და გრძელ-გრძელი სუფრები - შეიძლება, სასაცილოა ჩემგან ტრადიციულობაზე საუბარი, მაგრამ ჩემში ეს დევს. ჩემს ასაკში ორივე ბებიას სამ-სამი შვილი ჰყავდა. ტრადიციული ოჯახები იყო. შეჩვეული ვარ სტუმრიანობას, დიდ სუფრებს, ოთახის ერთი ბოლოდან მეორემდე რომ იყო გაშლილი. ახლანდელივით, რესტორნებში არ აღვნიშნავდით და მთელი სანათესაო მოდიოდა - ბიძები, ბიცოლები, მათი შვილები და ა.შ. ნათესავებთან კავშირს ახლაც ვინარჩუნებთ, მაგრამ გაფანტულები არიან სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოში კი ყველა ოჯახითა და სამსახურით არის დაკავებული. დრო ცოტაა და ძველებურად ვეღარ ვახერხებთ ურთიერთობას. როცა გავთხოვდები, ამ ტრადიციას აუცილებლად აღვადგენ და დღესასწაულებს სახლში აღვნიშნავ, ჩემი გაკეთებული კერძებით! დიდი ოჯახი მინდა მქონდეს და სამი შვილი მყავდეს.

ხორბლიანი სომხური ტოლმა - სამარხვო

GzaPress- ხორბლის ტოლმის კეთება არ ვიცი. სომხეთში რომ ბიცოლა მყავს, ის გვიმზადებს ხოლმე გემრიელად, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ხორბალს ალბობენ, რაღაც ინგრედიენტებსა და სუნელებსაც უმატებენ - ძირას, დარიჩინს და ა.შ. - და მერე კომბოსტოს მწნილის ფურცლებში ახვევენ. სამარხვო, დიეტური, გემრიელი და მსუბუქი საჭმელია. სხვათა შორის, დარიჩინს ყველაფერში ვყრი, საცივსაც კი მიხაკითა და დარიჩინით ვამზადებ. სომხურ ტოლმაში შავი ქლიავის ჩირს დებენ ხოლმე და ამბობენ, ვისაც შეხვდება, იმ წელს გათხოვდებაო. 17 წლის რომ ვიყავი, "პოდმოსკოვიეში" ვცხოვრობდით და დედაჩემის ბიცოლამ რომ მოამზადა, ორივე ქლიავი მე შემხვდა. ერთი კურკიანი იყო და ლამის კბილი მოვიტეხე.

- ჰოდა, ახლა ალბათ მეორედ გათხოვდები.

- უი, ჰო, ალბათ (იცინის). შვილი ხომ უნდა გავაჩინო!

"ზღაპრულ საჭმელში" გადახდილი "კოლოსალური" თანხა

- 1-2 წლის წინ, ჩემმა ჩოგბურთელმა დამ - სოფიკომ ევროპაში კლუბურ თამაშებში გარკვეული თანხა მოიგო და მთხოვა, მარტო ყოფნა არ მინდა და ჩამოდიო. იტალიაში იყო, ვენეციასთან ახლოს. მე კი იტალია და საფრანგეთი ძალიან მიყვარს და როცა ფული მაქვს, ამ ორ ქვეყანაში მივდივარ. რა თქმა უნდა, გავემგზავრე. სოფიკოს ორი დღე თამაში გაუცდა და ვენეციის დათვალიერება გადავწყვიტეთ. ჯერ ჭამა მოგვინდა, მერე კი გონდოლაზე გასეირნება დავგეგმეთ. ვერ აღგიწერ, რა ზღაპარია გრანდ კანალი. ალბათ შოკი მქონდა ამ სილამაზისგან, საოცარი არქიტექტურაა. ერთ-ერთ კაფეში დავსხედით, სადაც ჩვეულებრივი პლასტმასის სკამები და მაგიდები იყო "კლეჩატი" სუფრებით და წავიბუზღუნე, - რაღა ამ ბანძ კაფეში მსვამ, შუაგულ ვენეციაში, წესიერ ადგილას წავიდეთ-მეთქი. გაბრაზდა და თქვა, ჯანდაბას, სადაც წი-ფი იქნება, იქ შევდივართო. ვენეცია საოცრებაა, ძველებური ქუჩებითა და ძალიან მაგარი კაფეებით... უზომოდ მინდა იქ დაბრუნება! მოკლედ, პირველივე კაფეში შევედით, რომელსაც წი-ფი ეწერა და ყურადღება არ მივაქციეთ იმას, რომ კარზე 5 ვარსკვლავი ეხატა. აშკარად ძალიან მაგარი ინტერიერი იყო, დახვეწილი და ა.შ. გვერდით მაგიდასთან დიდი მაგიდა მიაგორეს და თუკი რამ ზღვის პროდუქტია, ყველაფერი დაალაგეს. სოფიკომ ლაზანია აიღო, მე კი 7-ევროიანი რაღაც შევუკვეთე. ამ ამბავს სოფიკო "ასპონსორებდა" და ვიფიქრე, ბავშვს ხომ არ გავწეწავ-მეთქი. აფერისტმა მიმტანმა კი არაფერი მითხრა. ველოდები ამ 7-ევროიან თევზს და უეცრად ჩვენთანაც მოაგორეს ის უზარმაზარი მაგიდა, თევზებით, ლოკოკინებით, ხამანწკებითა და ყველაფრით გაძეძგილი, - თუკი რამე დადის, დახოხავს, დაფრინავს, ზღვის ფსკერზეა და ა.შ. ლამის გული წამივიდა, ვიფიქრე, 100 ევროში მაინც გადავვარდით-მეთქი. ნორმალური ევროპელისთვის ეს შეიძლება, დიდი ფული არ არის, ჩოგბურთელებისთვისაც კი, მაგრამ - ჩვენთვის?!. რაც შემეძლო, ყველაფერი ვჭამე და ბოლოს, ანგარიში რომ მოგვიტანეს, გახსნა სოფიკომ და წერია - 325 ევრო! ფერი გადამივიდა და ლამის გული წამივიდა. ეს თანხა მგონი, მთელი კვირა ეყოფოდა... 7 ევრო თურმე 100 გრამზე ეწერა და ეს დელიკატესები იქ ალბათ ორი კილოგრამი იქნებოდა. როცა მე და სოფო სადმე მივდივართ, ფულს ხარჯვისას ყოველთვის სწორად ვანაწილებთ და ასეთი "იაღლიშები" არ მოგვდის. საჩუქრად ლიმონჩელო მოგვიტანეს. ჩემი საყვარელი სასმელია, მაგრამ... ჩოგბურთი საზღვარგარეთ ფუფუნებაა და მდიდრები არიან, მაგრამ ლა გრადაში რომ ჩავედით და ეს ამბავი მოვყევით, დამცინოდნენ, - იუნა, ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, ამდენი რა ჭამეო (იცინის)?! ვიზიარებთო (იცინის)! მანამდე ჯენის ჯოპლინის საყურე ვნახე, 200 ევრომდე ღირდა. სოფიკო შემპირდა, გიყიდიო, და თავი გავიგიჟე, ძვირია-მეთქი. ის მაინც მეყიდა!.. მოკლედ, ეს იყო ჩემი "კულინარიული კურიოზი".

- გემრიელი მაინც თუ იყო ის საჭმელი?

GzaPress- მართლა ძალიან გემრიელი იყო, ზღაპრული. ისეთი დახვეწილი რესტორანი იყო, სასურველი იქნება, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იქ ერთხელ მაინც შევიდეს. პარიზში როცა ჩავდივარ, ჩემი მეგობრები მპატიჟებენ ხოლმე და შესანიშნავად მიმასპინძლდებიან. ვენეციაში ლოკოკინა არ შევჭამე, - ფუ, ამას რა გამასინჯებს-მეთქი, მაგრამ პარიზში ისე დამაძალეს, უარი ვერ ვთქვი და, სხვათა შორის, გემრიელი ყოფილა. ძალიან მომწონს რუსული, უკრაინული, ჩინური და იაპონური სამზარეულო. იაპონიაში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ სოფიკო მეუბნება, - სამოთხეაო. ამას წინათ ჩინურ რესტორანში ვიყავი, ერთ-ერთი დიდი ბებია ჩინელი გვყავდა და სისხლის ყივილი იყო (იცინის). საჭმელს ფილოსოფიურად ვუყურებ, არის - ვჭამ, არ არის - არ ვჭამ, მაგრამ თუ მშია, მტრისას (იცინის)! ჩემი საყვარელი საჭმელი - შავი პური და ყველია.

შიმშილი საუკეთესო დიეტაა

- ზოგჯერ დიეტის დაცვა მიწევს და ძირითადად, ვშიმშილობ, არაფერს ვჭამ. ვიცი, რომ ეს ცუდია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ეფექტიანი დიეტაა და იმდენი დღის განმავლობაში ვშიმშილობ, რამდენიც საჭიროა, მიზანს გააჩნია. მით უმეტეს, თუ კამერის წინ გადაღება მიწევს, ლოყები და ქონები ცუდად ჩანს. სტუდენტობის დროს, მე და დეა მანამდე ვშიმშილობდით, სანამ გული წაგვივიდოდა (იცინის). მოსკოვში რომ ჩავედით, დედა გადაირია - რა დაემართათ ჩემს შვილებსო?! ათი კილოგრამით ნაკლებს ვიწონიდით. იქ გვასუქებდა და აქ რომ ჩამოვდიოდით, ისევ ვხდებოდით. ზოგჯერ ერთ ქილა მაწონს ვჭამდით მთელი დღის განმავლობაში, ნახევარ-ნახევარს - დილა-საღამოს, ვიზოგავდით ხოლმე; სულ ყავას ვსვამდით. მაშინ ვარკეთილში ვცხოვრობდით და მთელი დღე გამოსულები ვიყავით ლექციებზე, კონფერენციებზე და ა.შ. მინდა ვთქვა, რომ მშიერი ტვინი უკეთ მუშაობს და იმასაც გააჩნია, რისთვის შიმშილობ. იმისათვის, რომ არ მოვიმატო, აუცილებლად უნდა ვივარჯიშო ან ძალიან დაკავებული უნდა ვიყო.

ქართულ-უცხოური ქეიფები

- უცხოელებთან ერთად როცა ხარ, სხვანაირი სიტუაციაა, ქართველებთან - სხვანაირი. ფირმაში რომ ვმუშაობდი, ჩინელები გვყავდა სტუმრად, ქუთაისში წავიყვანეთ და ეს იყო დაუვიწყარი ვოიაჟი! ჩინელი პატივისცემას იმაში გამოხატავს, საჭმელს რომ თავისი ჩხირებით აიღებს და თეფშზე დაგიდებს. ერთ-ერთ უფროსს, რომელიც პარიზში ოთხი წელი ცხოვრობდა, რატომღაც მე მოვეწონე - ფრანგულად ველაპარაკებოდი, თარჯიმნობას ვითავსებდი, "პროტოკოლი" ვიყავი და ის ორი დღე, ფაქტობრივად, მშიერი დავდიოდი, ჭამისთვის სად მეცალა?! ჰოდა, ამ ჩინელს შევეცოდე და სულ თავისი ხელით მილაგებდა თეფშზე საჭმელს. სხვათა შორის, ქუთაისური ქეიფი ძალიან მოეწონათ. საერთოდ, ღრეობები და სუფრასთან დიდხანს ჯდომა არ მიყვარს, ხალხთან ურთიერთობა, საუბარი მირჩევნია და როგორი თამადაც უნდა იყოს, მაინც ბევრს ვლაპარაკობ; მერე უნდა ავდგე, ვიცეკვო, ვიმღერო და მაქსიმალურად გავერთო და ვისიამოვნო.

ტკბილეული

GzaPress- ტკბილეულს რაც შეეხება, უფრო მეტად აზიური მომწონს - ფახლავები, ლოკუმები და ა.შ. კრემით ნაკლებად გადატვირთული. ადრე გემრიელ მურაბებს ვაკეთებდი, მაგალითად - კონიაკში ამოვლებულ მარწყვს. უგემრიელესია, მაგრამ პატარა მარუსიას მურაბები არ უყვარს და აღარ გავაკეთე. ბებიაჩემი სამოთხის ვაშლების მურაბას ამზადებდა, ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა და უნდა გავაკეთო. შარდენზე აქვთ ერთ რესტორანში და იქ მივირთმევ ხოლმე. ახლა ალუბლის ლიქიორიც უნდა მოვამზადო. დაახლოებით ვიცი, როგორც უნდა. ისე, მურაბითა და ჩაით შემიძლია, უსასრულოდ ვიშიმშილო, თუ ამას შიმშილობა ჰქვია (იცინის).

სასმელი

- ბოლო დროს, ერთ ჭიქა მშრალ საფერავსა და ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს უფრო ვსვამ, შამპანურს - დღესასწაულებზე. ერთხელ, დეა აქ არ იყო და მარუსიას ცოტა წითელი ღვინოც მოვაწრუპვინე. პირველად მე ვაჭამე შემწვარი ქათამიც, მწვადიც და ხაჭაპურიც და დეამ ფოტოები რომ ნახა, ლამის დამახრჩო, 9 თვის ბავშვს ესენი როგორ აჭამეო (იცინის)?!. პატარები რომ ვიყავით, ბაბუაჩემი ღვინოსაც გვასმევდა და კონიაკსაც, გვაჩვევდა - საჭიროა, რომ გოგო მერე სადმე არ დათვრესო. გიჟივით კი ვთვრები, მაგრამ ვცდილობ, ზედმეტი არ მომივიდეს, რადგან მთვრალ ქალებს ვერ ვიტან.

თამთა დადეშელი