არ მიყვარს იმის მტკიცება, რომ ყველაზე ძლიერი ვარ, მაგრამ კარგ ტრიუკებსაც ვაკეთებ - გზაპრესი

არ მიყვარს იმის მტკიცება, რომ ყველაზე ძლიერი ვარ, მაგრამ კარგ ტრიუკებსაც ვაკეთებ

ალბათ ფიქრობთ, რომ ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ახალგაზრდა ქალი 23-24 წლისაა და ცხოვრებას ახლა იწყებს, მაგრამ ცდებით: მას ამ ასაკის ქალიშვილი ჰყავს, თვითონ კი - სულ მალე 43 წელი შეუსრულდება. ქალბატონი ნანა დიდი სიყვარულით გვესაუბრება თავის პატარა, ლამაზ ოჯახზე, ემიგრანტ მეუღლეზე, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს და იმედს არ კარგავს, რომ ქართველებს აღარ მოუწევთ უცხო ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა, რომ ადრე თუ გვიან მისი ოჯახიც გამთლიანდება. ეს მომხიბვლელი, საინტერესო ადამიანი ნანა მამუკაშვილია - საქართველოში და მთელ კავკასიაში ერადერთი მძღოლი ქალი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას მართავს და მოტოციკლსაც ატარებს.

- ნანა, რატომ გახდით სასწრაფო დახმარების მძღოლი, რამ განაპირობა ეს უცნაური არჩევანი?

GzaPress- მთელი ჩემი ცხოვრება მანქანებთან, მოტოციკლებთან და რბოლასთან არის დაკავშირებული. მთელი ბავშვობა ასე გავატარე და ეს გენშიც მაქვს. ადიგენის რაიონში, დაბა აბასთუმანში დავიბადე. მამაჩემი, ჯემალ ბაღდოშვილი, მოტომოყვარული იყო და ეს სიყვარული დღემდე გამოჰყვა. ის ყოველთვის მონაწილეობდა რბოლებში და მეც ამ სპორტით ვიყავით დაკავებული. ოჯახში მეორე გოგო ვიყავი, მამას ძალიან უნდოდა მეორე ბიჭი ჰყოლოდა და რადგან ნატვრა ვერ აისრულა, თავიდანვე ბიჭივით მზრდიდა. მეც გავუმართლე და უბანში არც ერთ ბიჭს ტოლს არ ვუდებდი, ისეთი მიდრეკილება მქონდა მანქანებისა და ტექნიკის მიმართ. მახსოვს, მამა ხშირად მაძლევდა ფულს (ჯილდოდ), რომ მისი ძმაკაცების შვილები გამელახა, რაც ასევე მშვენივრად გამომდიოდა და ამით ძალიან ამაყობდა ხოლმე... (იცინის). რატომ გავხდი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი? - ალბათ ამ სიყვარულის გამოც. სამსახურს ვეძებდი, მაგრამ მინდოდა ისეთი სამუშაო მეპოვნა, რომელიც ჩემს ხასიათთან ახლოს იქნებოდა. ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან ეს ძალიან საინტერესო და ექსტრემალური სამსახურია, თანაც საკმაოდ რთული. ექსტრიმი და სირთულეების გადალახვა კი ჩემი სტიქიაა.

მართალია, სხვა შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ ექსტრიმის სიყვარულმა სწორედ ეს არჩევანი გამაკეთებინა. მართალია, ირგვლივ ყველა მეუბნება, ნაზი ქალი ხარ და ვაჟკაცობას ნუ დაიბრალებო, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ ძლიერი და ამტანი ბუნებისა ვარ. შვილიც მე გავზარდე, ამჟამად მამამთილს ვუვლი, დედამთილი და დედა დამეღუპა და ამ ყველაფერს მარტო გავუძეხი მეუღლის გარეშე, რომელიც საზღვარგარეთ, კვიპროსზე ცხოვრობს. ოჯახსაც მარტო მე ვმართავ. ვფიქრობ, რომ ეს მამაჩემის დამსახურებაა: 40 წლის ასაკში ის დედასთან ერთად სერიოზულ ავარიაში მოჰყვა, რის გამოც დედამ ტრავმა მიიღო და ამას გადაჰყვა კიდეც, მაგრამ მოტოციკლის სიყვარული ოდნავაც არ შენელებია. მიუხედავად იმისა, რომ ავარიის დროს ხელი დაუზიანდა, მოტოციკლს მაინც ვერ ეშვება. სხვათა შორის, მშობლები კათოლიკები იყვნენ, მაგრამ მესხეთში მცხოვრებ კათოლიკეთა რწმენა იმდენად ახლოსაა მართლმადიდებლობასთან, რომ რწმენის შეცვლა ოდნავაც არ გამჭირვებია, ჩვენი მშობლებისაგან განსხვავებით, შვილები მართლმადიდებლები ვართ.

- მოტოციკლი თქვენც ძალიან გიყვართ. რა განცდაა ეს? რა აიძულებს ადამიანს, რომ ბაიკერი გახდეს?

- ეს მართლაც საოცარი განცდაა. ბაიკი თითქოს ჩემი ნაწილია. მანქანაც მიყვარს, ვრეცხავ, ვუვლი, მაგრამ როგორც კი მოტოციკლს გარეთ, წვიმაში, ან ქარში დავტოვებ, მგონია, რომ იქ სულიერი დარჩა და აუცილებლად სახლში უნდა შემოვიყვანო. ამ წუთებშიც, ჩემი მოტოციკლი ხელოსანთანაა და ისე მენატრება, როგორც ოჯახის წევრი. მოტოციკლით ყოველდღე დავდივარ და საკმაოდ ნორმალურად ვმართავ. არ მიყვარს იმის მტკიცება, რომ ყველაზე ძლიერი ვარ, მაგრამ კარგ ტრიუკებსაც ვაკეთებ და ამ დროს იმდენ ადრენალინს ვხარჯავ, ისეთი უცნაური განცდა მეუფლება, რომელსაც სიტყვით ვერ გადმოვცემ. ეს უნდა გამოსცადო! მართალია, ბაიკერობა ძალიან საშიშია, ბევრჯერ დავმტვრეულვარ, რამდენჯერმე ავარიაშიც მოვყევი, მაგრამ დიდი ხიბლიც აქვს. შინ დაბრუნებული ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი ვარ.

- საკმაოდ რთული სამსახური გაქვს, პარალელურად სპორტითაც ხარ დაკავებული, დიასახლისობისთვის დრო თუ გრჩება?

- ზოგჯერ ჰგონიათ, რომ მთელი დღე მოტოციკლზე ვზივარ და მარტო იმაზე ვფიქრობ, როგორი მაკიაჟი გავიკეთო. არადა, მაკიაჟი საერთოდ არ მიყვარს, ჩემი მაკიაჟი არის მხოლოდ ტუში. სახლშიც ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, ბაგებში, უჩანეიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ, ჩემი ეზო მაქვს და იმ ეზოში საკუთარი ხელით გამოყვანილი ვარდები და ყვავილები ხარობს. ძალიან მიყვარს მიწასთან სიახლოვე და ჩემს ეზოში მოყვანილი მწვანილი, კიტრი და პომიდორი. როგორღაც ისე ხდება, რომ ყოველთვის ყველაფერი წესრიგში მაქვს, მაგრამ იმის დროც მრჩება, რომ სპორტდარბაზში ვიარო და ბაიკითაც ვისეირნო. ზოგჯერ მეზობელი შემოსულა და უთქვამს, სხვას რომ ეთქვა არ დავიჯერებდით, რომ ყველაფერს შენი ხელით აკეთებო.

- საერთოდ არ გეტყობა ასაკი, ამას როგორღა ახერხებ?

GzaPress- მიუხედავად იმისა, რომ არაფერი შემიცვლია ჩემს გარეგნობაში, ასეთი ვარ. მართალია, ღამისთევამ და სასწრაფოში მუშაობამ ცოტა მომტეხა, მაგრამ ხშირად არ მიჯერებენ, რომ დეკემბერში 43 წლის ვხდები. დიეტა არ მიყვარს და ყველაფერს გემრიელად მივირთმევ, მაგრამ ძალიან მოუსვენარი ვარ, სპორტითაც ვარ დაკავებული, ალბათ ამიტომაც, ზედმეტ წონას არ ვუჩივი. მემგონი წონის შენარჩუნების მთავარი წყარო სწორი კვება და სწორი ცხოვრების წესია. ქალი არ უნდა მოდუნდეს, არ უნდა მოეშვას, არ უნდა იფიქროს, რომ რადგან 40, ან 43 წლისაა, არ შეიძლება საქანელაზე, ან მოტოციკლზე დაჯდეს, იხტუნოს და ივარჯიშოს. როცა შეგიძლია, რომ იყო ახალგაზრდა, წლებს რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ქალმა უნდა იპოვოს ცხოვრებაში რაღაც სტიმული, რომ არ მოდუნდეს. ჩემთვის ეს სტიმული ჩემი ოჯახია: შვილმა უცხო ენების ფაკულეტეტი დაამთავრა და საკმაოდ განათლებული, კარგი გოგონაა.

მანქანას კარგად მართავს, მოტოს კი - ვერა, რადგან შიში აქვს. სამაგიეროდ, კარგი მხედარია და ჩემსავით უყვარს ცხენზე ჯდომა. მეც ბევრჯერ დავმტვრეულვარ ცხენის გამო. ერთხელ ცხენმა გახედვნის დროს გამიტაცა და ძირს ჩამომაგდო, მაგრამ ცხენოსნობა მაინც ჩემი დიდი გატაცებაა. სხვათა შორის, ადრე გავთხოვდი და ჩემი გათხოვებაც ექსტრემალური იყო: ორივე და ერთად მოგვიტაცეს სხვისი ქორწილიდან. მართალია, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანის გვერდით აღმოვჩნდი, მაგრამ ძალიან შემიყვარდა და საკმაოდ კარგი ოჯახიც შევქმენით. სამწუხაროდ, ერთი სურვილი ჯერჯერობით ვერ ავისრულე: პროფესიით იურისტი ვარ, ყოველთვის მინდოდა მოსამართლე გამოვსულიყავი, მაგრამ ამაში ცხოვრებამ შემიშალა ხელი, თუმცა ჯერ კიდევ არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლება ეს ოცნებაც ავისრულო.

- წეღან გამოტყდი, რომ სასწრაფოში მუშაობამ ცოტა მოგტეხა. მოდი, შენს სამსახურზეც ვისაუბროთ...

- საერთოდ, ძალიან ემოციური ვარ და ზედმეტად განვიცდი, როცა ვიღაცის გაჭირვებას ვხედავ. ზოგჯერ ვერ ვიძინებ იმიტომ, რომ იმ ადამიანების ტკივილი მახსენდება, რომლებიც სასწრაფოს მანქანით გადაგვყავს. დაახლოებით ორი კვირის დაწყებული მქონდა სამსახური, როდესაც გოგოლის ქუჩაზე გამოგვიძახეს - ორი ახალგაზრდა იყო დაჭრილი. ექიმებს ხშირად სჭირდებათ მძღოლის დახმარება და რომ გადმოვედი, დავინახე, ორივე როგორ ცურავდა სისხლში. წარმოვიდგინე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჩემი ახლობელი ან ოჯახის წევრი და ის ემოციები დღემდე არ მავიწყდება. არც კი მახსოვს, როგორ ჩამოვიყვანე ორივე ინგოროყვას კლინიკაში საოპერაციოდ. ეს ამბავი ძალიან ცუდად მახსენდება, რადგან ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა. ამხელა მანქანის მართვაც არ არის ადვილი: საცობებს თავი დავანებოთ და, მძღოლები ხშირად არღვევენ წესებს, გზასაც არ გვითმობენ. როდესაც გვსაყვედურობენ, რომ სასწრაფო კარგად არ მუშაობს, ძალიან განვიცდი, რადგან მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული სასწრაფოს კარგი მუშაობა.

- მიუხედავად ყველაფრისა, ეს სამსახური მაინც მოგწონს...

- დიახ. ეს იმდენად საინტერესო პროფესიაა, რომ ძალიან ბევრი სასიამოვნო ფაქტის გახსენებაც შემიძლია: არის შემთხვევები, როცა გაოცებული სახით მიყურებენ, მერე კი თავდაკვრით მესალმებიან. უკვირთ, როგორ შეიძლება სასწრაფო დახმარების მანქანას ქალი მართავდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა საცობების გამო დაგვგვიანებია და ავადმყოფის პატრონი გაღიზიანებული დაგვხვედრია, მაგრამ როცა ხედავდნენ, როგორ ვეხმარებოდი ექიმებს, უთქვამთ - ისე გავოცდით, რომ საყვედურის თქმის უნარიც არ გვაქვსო. ზოგჯერ მეხუმრებიან, - ასეთ მძღოლზე ჩვენც არ ვიტყოდით უარსო, თუმცა ეს არ არის ვულგარული ხუმრობა. პირიქით, ისეთ სიყვარულს და თანაგრძნობას ვგრძნობ თანამშრომლებისგან და ხალხისგანაც, რომ ეს დიდ სტიმულს მაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი სიტუაციებიც ყოფილა, ეს საქმე მაინც მომწონს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანოს სასწრაფოს მუშაობის სპეციფიკა.

- რას გულისხმობთ?

GzaPress- ახლავე აგიხსნით: ხშირად ძალიან უმნიშვნელო რამის გამო გვიძახებენ: მაგალითად, ტემპერატურის, ან წნევის გასაზომად და მარტო დახმარებას კი არ ითხოვენ, არამედ მკურნალობას და რეცეპტის გამოწერასაც. ეს ძალიან ცუდია: არ შეიძლება სასწრაფო ასეთ უმნიშვნელო რამეზე მოაცდინო, რადგან ამ დროს ვიღაცას შეიძლება მართლა სჭირდებოდეს დახმარება. გუშინ გვქონდა სწორედ ასეთი შემთხვევა: მე მანქანაში ვიჯექი და ამ დროს რაციაში მესმოდა, რომ ავტოავარია მოხდა და იქ სასწრაფოდ სჭირდებოდათ დახმარება. ამ დროს ჩვენი ექიმები პაციენტს სიცხეს უზომავდნენ. ხშირად გვიძახებენ ლოთების გამო, რომლებსაც ქუჩაში სძინავთ. გამვლელს დაურეკავს, მივსულვართ და ე.წ. პაციენტს ყვირილი დაუწყია - რატომ გამაღვიძეთო.

ძალიან ცუდია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ასეთ ფაქტებზე ცდება. მე რასაც ვუყურებ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ სასწრაფოს თანამშრომლები გმირები არიან. სხვათა შორის, რამდენიმე ბრიგადას შეურაცხყოფაც მიაყენეს, ცემის ფაქტებიც ყოფილა, თანამშრომლები მეხუმრებიან - შენ ეს არ გემუქრება, რადგან ქალი ხარ და ყოველთვის ახერხებ სიტუაციიდან გამოსვლასო. ჩემი აზრით, კარგ საქმეს ვემსახურები. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ვცდილობ, კარგი მეგობარი, კარგი დედა და მეუღლე ვიყო. ბოლოს, კიდევ ერთ ოცნებას გაგიმხელთ: ძალიან მინდა, ლათინოამერიკული ცეკვები ვისწავლო და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მივიღო მონაწილეობა. ჩემი აზრით, როცა პროფესიულად ვერ ვითარდები, ისეთ საქმეს უნდა შეეჭიდო, რაშიც შენს ნიჭსა და შესაძლებლობებს ბოლომდე დახარჯავ, ბოლომდე გამოავლენ.

ხათუნა ჩიგოგიძე