როგორ იპოვეს "ხელოვნური სუნთქვის" მთავარი გმირი - გზაპრესი

როგორ იპოვეს "ხელოვნური სუნთქვის" მთავარი გმირი

13 წლის რუსკა ქარქაშაძე 500 ბავშვს შორის, "ფორმულა კრეატივის" რჩეული გახდა. კასტინგზე მისულმა სულაც არ იცოდა, რომ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ახალი სერიალისთვის მთავარ გმირს ეძებდნენ. "ხელოვნური სუნთქვა" მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. რუსკას გმირი - მელანო მამასთან ერთად ცხოვრობს.

- თეატრი ძალიან მიყვარს და სპექტაკლებზე ხშირად დავდივარ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მორიგი სტუმრობისას, მსახიობ ანა სანაიასგან გავიგე, რომ "ფორმულა კრეატივი" ჩემი ასაკის გოგონას ეძებდა. მან მირჩია, მივსულიყავი. კასტინგი ორ ტურად ტარდებოდა. პირველი ტური ისე გავიარე, მეგონა, გოგონას "ჩემი ცოლის დაქალების" ეპიზოდური როლისთვის არჩევდნენ. პირველ დღეს 500-მდე ბავშვი იყო, მეორე ტურზე კი მხოლოდ სამი დაგვიბარეს. მაშინ გავიგე, რომ გოგონას ახალი სერიალის მთავარი როლისთვის ეძებდნენ. ამ ამბავმა უფრო მეტად მოტივირებული გამხადა. ვიფიქრე, - ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა, შეიძლებოდა, საკუთარი თავი უკეთ წარმომეჩინა-მეთქი. მეორე ტურში მაქსიმალურად დავიხარჯე.

- გქონდა მოლოდინი, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?

- ჩემი თავის ყოველთვის მჯერა და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში მომხდარა. შრომას თუ არ დავიზარებ, ყველაფერი გამომივა. კასტინგის მეორე ტურის გავლის შემდეგ მითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ დამირეკეს და მეც, იმედი გადამეწურა. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მამას დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ნომრები არევიათ და მეძებდნენ. მამას უთხრეს: ერთ გოგონას ვეძებთ. თქვენი შვილი კასტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მამას სოციალურ ქსელში გამოუგზავნეს. აი, ასე მიპოვეს და როლზე დამამტკიცეს.GzaPress

- კასტინგზე რა გაგაკეთებინეს?

- სერიალიდან ერთი ეპიზოდი გავითამაშეთ. საოცარი დამთხვევა მოხდა, მე და თორნიკე გოგრიჭიანი ერთდროულად მივედით, ტელევიზიის შესასვლელში საშვთა ბიუროსთან ერთად ვიდექით. ბუნებრივია, მაშინ ის მე არ მიცნობდა. მერე ისე მოხდა, რომ როლზე ერთდროულად დაგვამტკიცეს.

- ძალიან დამაჯერებლად თამაშობ. თეატრალურ სტუდიაში დადიოდი?

- ერთ-ერთ თეატრალურ სტუდიაში დავდიოდი. შემდეგ ნიკა საბაშვილის სპექტაკლში - "1945" ვითამაშე. მე ჰიტლერის შეყვარებულის (ახალგაზრდობაში) როლს ვთამაშობდი. ეს იყო ჩემი დებიუტი სცენაზე. მანამდე მქონდა კამერასთან მუშაობის გამოცდილება - "კომედი კიდსში" გამოვდიოდი, შემდეგ მოკლემეტრაჟიან ფილმშიც ვითამაშე. ვთვლი, რომ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი ნიკა საბაშვილს მიუძღვის. თუ რამ ვიცი, მისგან ვისწავლე.

- გადასაღებ მოედანზე პირველი დღე როგორი იყო?

- მთელი დღე გადასაღებ მოედანზე ყოფნა ძალიან დამღლელია, მაგრამ ეს საქმე იმდენად მიყვარს, დაღლილობას მაშინაც კი ვერ ვგრძნობ, როცა ღამის საათებში ვმუშაობ.

- ფილმში შენი მამა თორნიკე გოგრიჭიანის გმირია. პარტნიორობას გიწევს გამოცდილი მსახიობი ეკა დემეტრაძეც. ეს ადამიანები გეხმარებიან, გადაღების პროცესს გიადვილებენ?

- ხშირად მაძლევენ რჩევას. მეუბნებიან, როგორ შეიძლება განვავითარო ჩემი როლი. რა თქმა უნდა, მათ ვუსმენ და რჩევებს ვითვალისწინებ. ეკასა და თორნიკეზე ვგიჟდები, კარგი ადამიანები არიან. მიუხედავად ასაკისა, ჩვენ უკვე მეგობრები ვართ.

- ყველაზე მეტად, რომელი სცენის თამაში გაგიჭირდა?

- ჯერ ასეთი რთული ეპიზოდი არ მქონია. ჩემში თითქოს ყველაფერი ბუნებრივად ხდება, ტირილიც კი. თავდაპირველად მეუბნებოდნენ, - ამ სცენის გადაღების დროს თვალთან სპეციალურ საშუალებას წაგისვამთ, რომელიც ცრემლს გადენსო. მე არ დამჭირვებია: გავიაზრე, რა დაემართა ამ გოგოს, რამდენი რამ ნახა ცხოვრებაში და ბუნებრივად ავტირდი. დრამატული სცენების გადაღება არ მიჭირს. მთავარია, ყურადღება მოვიკრიბო, მელანოს მდგომარეობა გავითავისო.

- გადასაღებ მოედანზე დიდი ხნით ყოფნა, სწავლაში არ შეგიშლის ხელს?

- 145-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, მერვე კლასში გადავედი. საბედნიეროდ, არდადეგები დამემთხვა, სექტემბრიდან კი დრო სწორად უნდა გადავანაწილო, რომ ყველაფერი მოვასწრო. გადაღებები ივლისის ბოლომდე მექნება.

- მელანომ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა?

- პირადად მე არ შევუცვლივარ, როგორიც ვიყავი, ისევ ისეთი ვარ, მაგრამ ცხოვრება კი ნამდვილად შემიცვალა. ქუჩაში ხალხი მცნობს, უცნობი ადამიანები მაჩერებენ. დადებით შეფასებებს ვიღებ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი ეკრანზე გამოჩენა, სკოლაშიც ყველას გაუხარდა: მასწავლებლებს, კლასელებს...GzaPress

- მელანოს რით ჰგავხარ?

- ჯერ იმას ვიტყვი, რით არ ვგავარ. მელანო ძალიან ჯიუტია. მე ასეთი სიჯიუტე არ მჩვევია. ჩემს გმირს მებრძოლი ხასიათით ვგავარ. რაც მომინდება, ყველაფერს ვისრულებ. მიზანს ვისახავ, დაუზარლად ვშრომობ და შედეგსაც ვიღებ.

- მელანოს სიჯიუტე მისმა რთულმა ცხოვრებამ არ განაპირობა?

- ალბათ, წარსულმა მის ხასიათზე გავლენა იქონია. დედის გარეშე ცხოვრება რთულია. 13 წლის გოგონას და მამამისს ყველაფერში ერთმანეთის იმედი აქვთ, ერთმანეთს მხარში უდგანან, ეხმარებიან. მელანო მამას უვლის, უუთოებს, კერძებს უმზადებს და ა.შ.

- მელანოსნაირ გოგონებს იცნობ?

- საბედნიეროდ, არ ვიცნობ. მელანოს არ ჰქონია ლაღი ბავშვობა. მისი წარსული რთული და ტრაგიკულია. არც მინდა, მისნაირ ვინმეს ვიცნობდე. მინდა, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. მელანო როგორ შევქმენი? არავისგან არაფერი ამიღია. დავჯექი, მელანოს ცხოვრებაზე დავფიქრდი, ჩემი თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და თამაში ბუნებრივად დავიწყე. ეს პერსონაჟი მხოლოდ ჩემი წარმოსახვით და გმირის ხასიათის გათვალისწინებით შევქმენი. გადასაღებ მოედანზე ტაშს ხშირად მიკრავენ.

- მომავალში მსახიობობას აპირებ?

- აუცილებლად, მსახიობი ვიქნები! ეს ადრეულ ასაკში გადავწყვიტე. ძალიან პატარაც კი ვუყურებდი ფილმებს და სურვილი მქონდა, იმ მსახიობების ადგილას მე ვყოფილიყავი,

- შენი რეალური ოჯახი გაგვაცანი.

- ვცხოვრობ მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. დაც და ძმაც ჩემზე პატარები არიან. ჩემი და ჩემი დიდი მესაიდუმლეა, მას ყველაფერს ვუყვები. ძმა ჯერ პატარაა.

- საქართველოში მშობლებს რატომღაც, არ აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილმა მომავალ პროფესიად მსახიობობა აირჩიოს. ოჯახში შენს ინტერესებს როგორ ხვდებიან?

- თავდაპირველად არ მოსწონდათ, მაგრამ დღეს ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. განსაკუთრებით მამა აქტიურობს. პირველად სპექტაკლზე რომ მნახა, ამბობდა, თვალზე ცრემლი მომადგაო. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

- სად უფრო კარგად გრძნობ თავს, სცენაზე თუ გადასაღებ მოედანზე?

- გადასაღებ მოედანზე.

- რატომ?

- შესაძლოა, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სურვილია, მე ხომ ყოველთვის მინდოდა, ტელევიზორში გამოჩენა...

- შენი საყვარელი რეჟისორი ვინ არის? ვის ფილმში ან სპექტაკლში ითამაშებდი?

- ერთი რეჟისორის დასახელება მიჭირს. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ლევან წულაძის სპექტაკლში. ყველაზე ხშირად მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავდივარ. "მაუგლი" და "ჩვენ გველის დიდება" გამორჩეულად მიყვარს.

- ვიდრე სერიალის გადაღებებში ჩაერთვებოდი, რით იყავი დაკავებული?

- მე და ჩემი და ჩოგბურთელები ვართ. საკმაოდ კარგად ვთამაშობთ. ვიდრე გადაღებებზე დამიბარებდნენ, ყოველდღე ვვარჯიშობდი. ახლა კვირაში 2-3 დღეს ვახერხებ.

- შენში მსახიობობის სურვილმა და ინტერესმა სხვა ყველაფერი გადაწონა, არა?

- კი, დიდი ხანია, ასეა. ბავშვობაში ერთი პერიოდი ექიმობაც მომწონდა, მაგრამ მსახიობობა იმით არის უნიკალური პროფესია, რომ გეძლევა შესაძლებლობა, ექიმიც იყო, იურისტიც და სხვა არაერთი სფეროს წარმომადგენელიც. კასტინგებზე აქტიურად არ დავდიოდი, მაგრამ სადაც მივედი, ყველგან ამიყვანეს, გამიმართლა. სკოლაში "ათოსანი" ვარ, ჩოგბურთში წარმატებები მაქვს. სულ საქმით ვარ დაკავებული და თავისუფალი დრო თითქმის არასდროს მრჩება.

თამუნა კვინიკაძე