"წრუწუნას" და "ენოტის" მეგობრობის ამბავი - გზაპრესი

"წრუწუნას" და "ენოტის" მეგობრობის ამბავი

მხიარულმა თანაწამყვანებმა - გიორგი გაგლოევმა და ნინო მუმლაძემ შეხმატკბილებული მეგობრობის მეცხრე წელიწადში შეაბიჯეს. მათი მეგობრობა მონავარდე "ფარშავანგებისა და იადონების" ფონზე დაიწყო. გიორგის და ნინოს ერთმანეთის გარეშე იშვიათად ნახავთ. ასეთ იშვიათ შემთხვევებში, მეგობრები "ფეისბუკით" მაინც ეკონტაქტებიან ერთურთს...

ნინო:

- მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ქუჩაზე ვცხოვრობთ, საერთო პროფესიის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 2 წელია, ჩვენი მეგობრობა მხოლოდ 2006 წელს, თანამშრომლობით დაიწყო: ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში, ერთად მოგვიხდა თამაში.

გიორგი:

- ნინოსთან პირველი შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს: სპექტაკლში - "ზღაპარი მუსიკის შესახებ" ვმონაწილეობდით. ნინო ენოტის როლს ასრულებდა. "ზესაოცარი" კოსტიუმი ეცვა: 75 სმ სიგრძისა და 10 სმ სიგანის კუდი ჰქონდა მიმაგრებული. ფაქტობრივად, სცენაზე ნამდვილი ენოტი იდგა (იცინის)!

ნინო:

GzaPress- სპექტაკლში გაგლო თაგუნიას თამაშობდა, რომელიც ერთ-ერთ სიმფონიაზე აღებდა პირს და იბრალებდა, რომ მღეროდა. სცენაზე გაგლოD"დაწრუწუნობდა", მე - "დავენოტობდი"... ჩვენი ასეთი "ზოოპარკულ-ზოოფილური" ურთიერთობა მეგობრობაში გადაიზარდა (იცინის).

- როგორც ვიცი, გიორგის ალკოჰოლთან "ახლო ურთიერთობა" აქვს...

გიორგი:

- მე ხომ ალკოჰოლის "ძმაკაცი" ვარ, ნინო კიდევ - "დაქალია"!

ნინო:

- საერთოდ, ადამიანებს შორის მეგობრობა რომ ჩამოყალიბდეს, საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ. გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს ერთნაირად ვაფასებთ, იუმორის გრძნობაც ორივეს გვაქვს, ლხინშიც ყოველთვის ერთად ვართ (რა თქმა უნდა - ჭირშიც, მაგრამ ეს - ღმერთმა გვაშოროს). ყოველდღე თუ არა, პარასკევს, შაბათს და კვირას აუცილებლად ვილხენთ. წლებია, ეს ტრადიციად მოგვდევს. მე და გაგლო აქტიური ღამის ცხოვრებით გამოვირჩევით. ვცდილობთ, არც ერთი "ივენთი" არ გამოვტოვოთ, სადაც გვეპატიჟებიან. თუ არსად მიგვიწვევენ, სადმე კლუბში მივდივართ და იქ ვერთობით. ორივეს დიდი სამეგობრო წრე გვყავს, მაგრამ სხვებთან ისე კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, როგორც გაგლოსთან.

გიორგი:

- გასართობ ღონისძიებებზე აბონემენტების სისტემა რომ არსებობდეს, 16 ათასი აბონემენტი არ გვეყოფოდა! ყველა ბარისა და კლუბის "ემბლემები" ვართ.

ნინო:

- წლების განმავლობაში, გაგლო ჩემი უახლოესი მეგობრების მეგობარიც გახდა. როცა ავად ვარ ან არ მცალია, ჩემი მეგობრები მასთან ერთად, უჩემოდ გასართობად მიდიან.

- ნინო სიმთვრალეში როგორია?

გიორგი:

- როცა კლუბში შევდივართ ან ფხიზლები ვართ, ან - შეზარხოშებულები, უფრო ხშირად კი - "გალეწილები" (იცინიან). მთვრალი ნინო ფანტასტიკური, ბრწყინვალე, ყველაზე ორიგინალურია! მე საერთოდ, "ქვეყნიდან გასული" ვარ ხოლმე. თქვენ არ იცით, ეს 2 ადამიანი სიმთვრალეში რას ვაკეთებთ ხოლმე!..

- ჰოდა, გვითხარით.

- (იცინიან) საჯაროდ ვერ ვიტყვი.

ნინო:

- რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას უბრალოდ, "კარგი გართობა" ჰქვია (იცინის). ისე ვერთობით, როგორც - ჩვენი თანატოლი ან ჩვენზე უმცროსი ადამიანები.

გიორგი:

- აა, ეგ არის "კარგი გართობა"? რა ვიცი, რა ვიცი...

ნინო:

- ყველა სიგიჟეში ერთმანეთს ვუწყობთ ხელს, ფეხს, ტანს, თავს (იცინიან)...

გიორგი:

- ჩვენი ინტენსიური, ახლო ურთიერთობის გამო, საზოგადოებაში ჭორი ხშირად ვრცელდებოდა, თითქოს შეყვარებულები ან საყვარლები ვიყავით...

ნინო:

- ისიც კი თქვეს, თითქოს გაგლოსგან ფეხმძიმედ ვიყავი, რაც ცხადია, სრული სიცრუეა. ჩვენ წმინდა მეგობრობა გვაკავშირებს.

- ერთმანეთის მიმართ ლტოლვა არასოდეს გქონიათ?

- აარა (ერთხმად მპასუხობენ. - ავტ.)!..

გიორგი:

- ერთმანეთისთვის ტუჩებშიც კი არ გვიკოცნია.

- სიმთვრალისას ჩადენილი საქციელიდან ყველაფერი გახსოვთ ხოლმე?

- კი, კი!..

ნინო:

- ბუნებრივია, სიმთვრალისას ადამიანს კომპლექსები გეხსნება და რასაც ფხიზლად ყოფნისას, "გულის კუნჭულში" ფიქრობ, მთვრალი ხმამაღლა ლაპარაკობ. ჩვენ შორის სიმთვრალეშიც არავითარი ლტოლვა არ გაჩენილა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ მხოლოდ წმინდა მეგობრობა გვაკავშირებს.

- ერთმანეთს არასოდეს გაბუტვიხართ?

გიორგი:

- არა, ყოველთვის და ყველგან შეხმატკბილებულები ვართ...

ნინო:

- ...რაც ჩემთვის დიდი იშვიათობა გახლავთ, რადგან უახლოესი მეგობრების დიდ ნაწილთან უბრალოდ, მიკამათია მაინც, გაგლოსთან კი არა. ასეთმა შეხმატკბილებულმა მეგობრობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ უკვე ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ. ეს რომ აღმოვაჩინეთ, ცოტათი შეგვეშინდა კიდეც (იცინის)... მოკლედ, ისე "დავძმაკაცდით", იდენტურები გავხდით.

- ერთმანეთის რა თვისება გაღიზიანებთ?

GzaPress- გიორგი სულ კარგ ხაიათზეა. ერთხელ მართლა მძიმე პერიოდი ჰქონდა - რამდენიმე სამსახური ერთდროულად დაკარგა. ასეთ დროს, ნებისმიერი ადამიანი ისეთ დეპრესიაში ჩავარდებოდა, რომ შეიძლება, ვერ "გამომძვრალიყო", გაგლომ კი დამირეკა და მითხრა, - ვაიმე, ნინო, სამსახური დავკარგე, წამო, აღვნიშნოთო. წავედით. ჯერ შოპინგი გვქონდა, სადაც მთელი "სპექტაკლი დადგა" - როგორ ემშვიდობებოდა ფულს და იმ დღიდან ყველაფერი როგორ ეძვირებოდა. შემდეგ კაფეში წავედით და იქაც "ვიგრიალეთ". უცებ, გაგლომ ჭიქა ასწია და თქვა, - ღმერთოOჩემო, ყველაფერი ასე უეცრად როგორ დაიქცა? არადა, იმედი მქონდა, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებდიო. 2 წამით თვალებში ნაღველი შეეპარა, მერე კი დაამატა: - ერთი ამისიც, ყველაფერი იქნებაო, - და მოლხენა განაგრძო (იცინის). მისი "დეპრესია" სულ ეს იყო. ცხადია, ძალიან კარგია, როცა გვერდით ასეთი ენერგიული და პოზიტიური ადამიანი გყავს, მაგრამ ხანდახან გადაცემის ჩაწერის მერე დაღლილი, უკვე "მკვდარი" სკამზე რომ ვზივარ, მას ენერგია მაინც არ ელევა - არ ჩერდება, ლაპარაკობს (იცინის)!.. მოკლედ, ერთადერთი, რაც ამ ადამიანში ხანდახან მაღიზიანებს, მისი "აურაცხელი" ენერგიაა.

გიორგი:

- ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ და მეუბნებიან, - კარგი, გაგლო, დაწყნარდი, სამსახური მორჩა, ლაპარაკი აღარ გინდაო. ასეთ დროს მიკვირს, - ნუთუ, ხალხი ასე მალე იღლება (იცინის)?!. ენერგია მხოლოდ მაშინ მეფიტება, როცა ნაბახუსევი ვარ. ასეთ დროს ოდნავ "მკვდარი" ხომ ვარ, ნინო?

ნინო:

- კი, მაგრამ საკმარისია, წვნიანი მიირთვას და ერთი კათხა ლუდი დალიოს, რომ ისევ ისეთი აქტიურია - თავს აგატკივებს.

გიორგი:

- ნინოს ყველაზე ენერგიული, პოზიტიური, შემართებული ხასიათი აქვს, რაც ყველა იმ საქმეს მკვეთრად ეტყობა, რასაც ხელს მოჰკიდებს, თან - ძალიან ერთგულია. ერთადერთი, რაც ნინოში მაღიზიანებს და რის გამოც შეიძლება, მოვკლა-დავჩეხო, არაპუნქტუალურობაა: შეიძლება, ადამიანს 3 საათზე მარხავდნენ, ის კი გასვენებაში 5-ის ნახევარზე მივიდეს; გადაღება 3 საათზე რომ გვაქვს, 4-ის 5 წუთზე ტელეფონით მეუბნება, - გაგლო, სააბაზანოდან ახლა გამოვედი, "გავმშრალდები", მაკიაჟს გავიკეთებ და მოვალ, კაბა მზად მაქვსო!.. 4 საათით ადრე უნდა დაიბარო, რომ მხოლოდ ნახევარი საათით დაიგვიანოს.

- თქვენი გადაცემის - "სპარინგ შოუსთვის" დამახასიათებელი გიჟური შეჯიბრებებით რეალურ ცხოვრებაშიც ერთობით ხოლმე?

- ვიდრე გადაცემისთვის გადაღებას დავიწყებდით, მთაწმინდის პარკში ვიყავით. ნინო ექსტრიმის გიჟია, მე - ნაკლებად ექსტრემალი გახლავართ. ატრაქციონი დაინახა: "წყლის მორზე" უნდა დამჯდარიყავი და სიმაღლიდან წყალში დაშვებულიყავი. იქ დაჯდომა ვერ გავბედე. მერე ე.წ. "ამერიკულ გორებზე" წამიყვანა და ელეთმელეთი დამემართა. ვუთხარი, - ვერ დავჯდები-მეთქი! მაგრამ მაინც დამიყოლია. ჰოდა, მოულოდნელად გამოაცხადეს: მთავარი მუხრუჭის დამცავი გაფუჭდაო... კიდევ კარგი, უკვე ატრაქციონზე არ ვიყავი, თორემ ნინოს ანათემას გადავცემდი!.. შემდეგ მაინც, "წყლის მორზე" დავსხედით და სულ გავილუმპეთ. იქ ბიჭებმა პატივი გვცეს და ატრაქციონზე რამდენიმე წრეზე დაგვატრიალეს... ბიჭებო, მადლობა - მას შემდეგ გრიპი ვერ მოვიშორე (იცინის)...

ნინო:

- საცვლებიც კი სველი გვქონდა, გალუმპულები ვიყავით. სექტემბერი იყო, მაგრამ საღამოს საკმაოდ გრილოდა და ლამის გავიყინეთ. თავს ვიმშვიდებდით, - გამოცდილება მივიღეთ, რადგან ჩვენს შოუში გაწუწვა არ აგვცდება-თქო. ტაქსი გავაჩერეთ. მძღოლი მთელი გზა გაოცებული გვიყურებდა, ბოლოს კი გვკითხა, - სად დასველდითო? გაგლომ სერიოზული სახით უპასუხა, - წვიმაში მოვყევითო. არადა, დღის განმავლობაში მშრალი, უღრუბლო ამინდი იდგა. მძღოლი ასფალტს დიდხანს აკვირდებოდა... ასეთი ამბები უამრავჯერ გადაგვხდენია. რადგან სულ ერთად ვართ, ჩემი რამდენიმე მეგობარი გაგლოს ჩემს "ბრელოკს" ეძახის: რადგან მე უფრო დიდი ზომის ვარ, "ბრელოკი" გაგლო გამოდის.

გიორგი:

- მე ნინოს "ბრელოკუნა" ვარ, ნინო კი - ჩემი "ბრელოკი".

ნინო:

- მეკითხებიან ხოლმე, - შეიძლება, ამ ადამიანის გარეშე გნახოთო? მგონი - არა...

გიორგი:

- იმედია, როცა დაოჯახდები, "ღამის სცენებში" ჩემ გარეშე იქნები.

ნინო:

- როცა დავოჯახდები, პირობას გაძლევ, ღამით არ დაგიძახებ (იცინიან).

ეთო ყორღანაშვილი