რისი აღიარება უჭირს ჯაბა კილაძეს? - გზაპრესი

რისი აღიარება უჭირს ჯაბა კილაძეს?

"როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ხალხი მშიერია და შენ, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი მაგრად "გულაობ", ეს "ტეხავს", - ამბობს მსახიობი ჯაბა კილაძე. როდის გამოდის წონასწორობიდან, რას გააკეთებდა საქართველოს პრეზიდენტი რომ იყოს და როგორ იქცევა, როცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბარიერს აწყდება? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1981 წლის 24 აგვისტო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი, მაგრამ როგორც ჩანს, კარგად არ მოვინდომე. ბავშვობაში მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, მიუხედავად იმისა, რომ თეატრალურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, დროის დიდ ნაწილს კულისებში ვატარებდი. მაშინ ქვეყანაში იმდენად ცუდი პერიოდი იყო, მსახიობობით თავის გატანა შეუძლებელი გახლდათ და მშობლებსაც არ უნდოდათ, რომ ეს პროფესია ამერჩია.

- ჩემზე ამბობენ...

- მშობლები მიიჩნევენ, რომ "ნორმალური" შვილი ვარ. მეგობრები ამბობენ, რომ კომუნიკაბელური გახლავართ. ჩემთან ურთიერთობა რთული არ არის, მიყვარს მათთან ერთად ყოფნა და გართობა.

- ყველაზე დიდი აბსურდი, რომელიც საკუთარ თავზე გამიგია...

- ...რომელიღაც სულელური ჭორი იქნებოდა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ამ ქალაქში ყველას ბევრი ლაპარაკი გვიყვარს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...პირველ რიგში, მშობლებს და პედაგოგს - გიორგი შალუტაშვილს დავასახელებ. ასევე, იმ ადამიანებს, ვინც ჩემი დაიჯერა, ირწმუნა. საკუთარ წარმატებაში წვლილი თავადაც მიმიძღვის. რამდენიც უნდა გასწავლონ და გელაპარაკონ, თავადაც თუ არ მოინდომებ და არ იშრომებ, შედეგს ვერასოდეს მიიღებ. ხომ გაგიგონია, მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამაც არ უშველაო?!

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...წვრილმან შეცდომებს გავითვალისწინებდი და ალბათ დროს უკეთესად გამოვიყენებდი.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ბოროტი, ბოღმიანი და შურიანი არ ვარ. ჯანსაღად ვუყურებ კონკურენციას.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი უყურადღებო ვარ, პირველ რიგში - საკუთარი თავის მიმართ. ზოგჯერ ჩემში რაღაცას ვებრძვი და ვერ ვერევი, მაგრამ ხელის ჩაქნევა არ მჩვევია. ვცდილობ, უკეთესობისკენ შევიცვალო.

- როცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წინააღმდეგობას ვაწყდები...

GzaPress- ...წინააღმდეგობას გააჩნია. არ მიმაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად (კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში) ყველანაირი საშუალების გამოყენებაა მიზანშეწონილი. არის ნაბიჯები, რომლებსაც არასოდეს გადავდგამ. უკადრისს არ ვიკადრებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ასეთი რაღაცის გაკეთების შემდეგ, ღამით აღარ დამეძინება.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...მგონია, როცა შეცდომას იმეორებ, იმას შეცდომად აღარ თვლი და გამართლებას უძებნი. საკუთარ შეცდომებზე ჭკუა უნდა ისწავლო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ცხოვრება და კიდევ ვსწავლობ.

- დათმობა შემიძლია თუ...

- ...არის საკითხები, დათმობაზე რომ უნდა წახვიდე. ბუნებით დიპლომატი ვარ. მიყვარს, როცა ირგვლივ სიწყნარე და სიმშვიდე სუფევს. მაქსიმალურად ვცდილობ, ამ შედეგს მივაღწიო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვცდილობ, ოპტიმიზმი მქონდეს. არ მგონია, მომავალში ჩემში რადიკალური ცვლილება მოხდეს. არის საკითხები, რომლებიც შეიძლება, წინასწარ გათვალო, დაგეგმო. ზოგჯერ დინებას უნდა მიჰყვე, ზოგჯერ - საპირისპიროდ იცურო. ყველაფერი მოცემულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

- ვიბნევი, როცა...

- ...იშვიათად ვიბნევი. დაბნეული - ნაკლებად, მობილიზებული ტიპი უფრო ვარ.

- სცენაზე გასვლის წინ...

- ...რამე ამოჩემებული რიტუალი არ მაქვს. პირჯვარს ვიწერ და გავდივარ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ეგზოტიკურ თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე გაშოტილი.

- მეზარება...

- ...სიცივე და ტყლაპოები, რომლის სეზონიც ახლა იწყება.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...სიცოცხლის სიყვარულით.

- სიყვარული ეს...

- ...ეგ ჯერ ვერავინ ახსნა და ჩემგან ითხოვ? ყველაზე ამაღლებული გრძნობაა. ალბათ, ეს რომ ამოიხსნას, ფასიც აღარ ექნება. სიყვარული ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მინდა.

- ვოცნებობ...

- ...ვიცხოვრო დალაგებულ, მოწესრიგებულ საქართველოში.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ძირითადად, კარგ ხასიათზე ვარ. მაგრამ მუსიკამ, ფილმმა, წიგნმა, ადამიანებთან ურთიერთობამ შესაძლოა, უკეთეს განწყობაზე დამაყენოს.

- როცა დარბაზში არავინ არის, სცენაზე გავდივარ, და...

- ...საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ეს იმდენად ინტიმურია, მგონია, რომ ლაპარაკიც არ შეიძლება.

- წონასწორობიდან გამოვყავარ...

- ...უსამართლობას.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...საჯაროდ ვაღიარო? ამის გამხელა დიდი სისულელე იქნება. ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება, სისუსტეებზე ილაპარაკო?

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს უხერხულად ვგრძნობ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო.

- ცრუმორწმუნე...

- ...საერთოდ არ ვარ. ციფრი 13 არ მაშინებს, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი 13 რიცხვშია დაბადებული. კატა თუ გადამირბენს, გზას ვაგრძელებ. კატა თავადაც მყავს სახლში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ცხოველია.

- რისკზე...

- ...არცთუ იშვიათად მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ფრთხილი ვარ და ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებ, რისკების ალბათბას ავწონ-დავწონი. რისკი კარგია ადრენალინისთვის, მაგრამ დაუფიქრებლად არ უნდა გარისკო.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...გააჩნია, "ბევრში" რამდენს გულისხმობ.

- რამდენიც გინდა...

- ანუ საქართველოს პრეზიდენტი რომ ვიყო (იცინის)?

- საქართველოს პრეზიდენტი რომ ვიყო...

- ...მთავრობაში ბევრი პატრიოტი ადამიანი რომ იყოს, უკეთესად ვიცხოვრებდით. ფსევდოსიყვარულს არ ვგულისხმობ, გულწრფელ გრძნობაზე მაქვს ლაპარაკი. ქვეყანა რომ უყვარდეთ დაახლოებით ისე, როგორც - კარგი მანქანები, ძვირად ღირებულ სახლებში, ფუფუნებაში ცხოვრება უყვართ და საკუთარი ენერგია ქვეყნის კეთილდღეობას რომ მოახმარონ, დარწმუნებული ვარ, მაგარი ქვეყანა გვექნებოდა. იმდენად პატარაა საქართველო, რომ მისი აშენება და მოწყობა არ უნდა გაგვიჭირდეს.

- ქართველი პოლიტიკოსებიდან ჩემს სიმპათიას იმსახურებს...

- ...პოლიტიკოსებს სულ ვაკვირდები და ზოგმა იმედი გამიცრუა, ზოგმა - გამაკვირვა. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებზეც შემიძლია, კარგი რაღაცები ვილაპარაკო. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ: ძლიერ ქვეყანაში თუ იცხოვრებ, უფრო კარგად იქნები! როცა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც ხალხი მშიერია და შენ, სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი, მაგრად "გულაობ", ეს "ტეხავს". თითზე ჩამოსათვლელები არიან ისეთები, ვისაც ის ადარდებს, რაზეც ახლა ვლაპარაკობ. უბრალოდ, მათი გვარების ჩამოთვლა არ მინდა.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ჩვენ გარშემო ნეგატიური გარემო, აგრესია, უპატივცემულობაა; წალეკა ყველაფერი სიძულვილმა! ადამიანები ერთმანეთს პატარა მიზეზის გამო ლანძღავენ, ცუდისთვის სწირავენ... ეს ყველაფერი დამთრგუნველია. ვისურვებ, ამ დაძაბულ ფონს გადაევლოს და ყველას სიკეთეზე, ერთმანეთის კარგად ყოფნაზე გვეფიქროს, "გზაშიც" სულ პოზიტივზე გეწეროთ.

თამუნა კვინიკაძე