"შვებულების საზღვარგარეთ გატარებას ორმაგი ეფექტი აქვს. იქ არავინ გცნობს, უფრო თავისუფლადაც ხარ"
font-large font-small
"შვებულების საზღვარგარეთ გატარებას ორმაგი ეფექტი აქვს. იქ  არავინ გცნობს, უფრო თავისუფლადაც ხარ"
"ცურვით არასდროს ვიღლები"

"მზე, ზღვა, გარუჯული სხეული - ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა", - მითხრა მსახიობმა
ნათია წიწილაშვილმა, რომელიც მთის კურორტებს არ სწყალობს... საკურორტო რომანი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ კურორტზე დაწყებული ურთიერთობა ხანმოკლეა და უმეტესწილად, იქვე მთავრდება.


- ნათია, სად აპირებ შვებულების გატარებას?
- პირველ რიგში, ბავშვი მიმყავს ორი კვირით ზღვაზე, გონიოში. მამამ ბორჯომში უკვე დაასვენა და ახლა მინდა, ცოტა იოდიც მიიღოს ბავშვმა. მერე სად წავალ, აღარ ვიცი.
- როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური თუ შედარებით პასიური?
- მას შემდეგ, რაც შვილთან ერთად მიწევს სადმე წასვლა, ე.წ. პენსიონერულ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ასეთი დასვენება არ გამომდის, რაზეც გული ნამდვილად არ მწყდება (იღიმის).
- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?
- თავისთავად, კომფორტია ისიც, რომ დატვირთული რეჟიმის შემდეგ საშუალება მაქვს, კარგად დავისვენო და მეტი დრო დავუთმო შვილს, საყვარელ ადამიანებს. მთელი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ადამიანს გჭირდება სიმშვიდეში ყოფნაც და თუ განტვირთვას წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ახერხებ, ეს ძალზე ცუდია.
- ვინ არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ისვენებ?
- კომფორტულად მეგობრებთან ერთად ვისვენებ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე: პატარას სულ ყურადღება სჭირდება, თვალს ვერ მოაცილებ, თავის დროზე უნდა გაუკეთო ყველაფერი. ამიტომ, მასთან ერთად სადმე წასვლას დასვენებად არ მივიჩნევ.GzaPress
- ზღვაზე ყოფნისას, ღამის კლუბებს თუ სტუმრობ?
- რა თქმა უნდა, ვსტუმრობ... თუ მაქვს ამის საშუალება და ჩემთან ერთად მყოფი ადამიანებიც მხარს ამიბამენ, კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ.
- ალკოჰოლსაც მიირთმევ კარგი განწყობის შესაქმნელად?
- დიახ, ალკოჰოლსაც მივირთმევ, ეს მეგობრებთან ერთად კარგად გართობის მშვენიერი ხერხია. ალკოჰოლი სითამამეს გმატებს, მეტად "იხსნები" და უკეთ ახერხებ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის საუკეთესოდ გატარებას.
- ცეკვა გიყვარს?
- კი, ცეკვაც მიყვარს. არ განვეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, რომლებიც კლუბში სხედან და წამოდგომასაც არ აპირებენ. მოკლედ, კლუბში იმის სანახავად არ დავდივარ, თუ ვინ როგორ გამოიყურება.
- ნამზეური გიყვარს? გასარუჯად სოლარიუმში თუ დადიხარ?
- ნამზეური ძალიან მიყვარს და სოლარიუმში ხშირად სიარული მავნებელი რომ არ იყოს, მთელი წე­ლი გარუჯული ვივლიდი. გაზაფხულზე ვიწყებ სოლარიუმში სიარულს (თუმცა - არა ინტენსიურად), რომ სეზონზე "ბელასნეჟკა" არ ვიყო. როცა თბილა, ბუნება ლამაზდება და მზე გათბობს, სურვილი გიჩნდება, საკუთარ გარეგნობაზე უფრო მეტად იზრუნო.
- მთა თუ ზღვა - სად უფრო კარგად ისვენებ?
- ცალსახად, მთას ზღვა მირჩევნია! ზღვა ძალიან მიყვარს. პლაჟზე ყოფნისას, სულიერად ვმშვიდდები, უჩვეულოდ კარგი განწყობა მეუფლება.
- შვებულებაში მყოფს, წიგნი თუ მიგაქვს წასაკითხად?
- სიმართლე გითხრა, კურორტზე წასვლისას წიგნი ყოველთვის მიმაქვს, მაგრამ წაკითხვას ვერასდროს ვახერხებ, გამუდმებით შვილს დავდევ უკან. როცა იძინებს, მხოლოდ მაშინ მაქვს წაკითხვის საშუალება. თუმცა, ამ დროს მეც ძალიან მეძინება (იღიმის)... საერთოდ, კითხვა ძალიან მიყვარს, ეს დიდი სიამოვნებაა.
- დილაადრიანად გადიხარ პლაჟზე თუ სანაპიროზე წამოწოლას დილის ძილს ამჯობინებ?
- არა, მაქსიმუმ 9 საათზე პლაჟზე ვარ, 12-ის ნახევრამდე; მერე ოთხიდან მზის ჩასვლამდე. თუ დილით ჩამეძინება, პლაჟზე 4 საათამდე ვერ გავდივარ, რადგან მზით მიღებული დამწვრობა გამომიცდია და ეს საშინელებაა. ვიყენებ მზის დამცავ კრემებს და სხვადასხვა საშუალებას.
- შუადღის ძილი გიყვარს?
- არ მიყვარს, მაგრამ თუ დამეძინება, მერე მთელი დღე უენერგიოდ ვარ.
- დასასვენებლად რომ წახვიდე, რამდენი ხნით ადრე იწყებ მზადებას?
- ბოლო დროს ჭკუა ვისწავლე და მირჩევნია, ბევრი ზედმეტი ნივთი და სამოსი წავიღო, ვიდრე რაიმე დამაკლდეს. რაც მჭირდება და არ მჭირდება, ყველაფერი მიმაქვს. ბარგს კი ყოველთვის გამგზავრების წინადღეს ვალაგებ.
- შვებულებაში მყოფი, საჭმელს თავად იმზადებ თუ ცდილობ, თავი არ დაიტვირთო?
- დასასვენებლად როცა მიდიხარ, ყველაფრისგან უნდა დაისვენო. ნუ, თუ სხვა გამოსავალი არ არის და სადილების კეთება მომიწევს, არც ეგ იქნება პრობლემა.
- დასასვენებლად საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ?
- კი, ვყოფილვარ და მინდა ვთქვა, რომ შვებულების საზღვარგარეთ გატარებას ორმაგი ეფექტი აქვს. იქ უცხო ქვეყანაში არავინ გცნობს, უფრო თავისუფლადაც ხარ.
- რომელ უცხოურ კურორტზე დასვენებას ისურვებდი?
- ყველგან წავიდოდი, სადაც ზღვა, გართობა და სილამაზეა...
- ალბათ, წელიწადის დროებიდან ყველაზე მეტად, ზაფხული გიყვარს...
- ყველა სეზონს თავისებური ხიბლი და სილამაზე აქვს, თუმცა ზაფხული, მზე და ზღვა ყველაფერს მირჩევნია.
- ოდესმე, საკურორტო რომანი თუ გქონია?
- არა, არასდროს მქონია. საკურორტო რომანს ასე ალბათ, იმიტომ ჰქვია, რომ ურთიერთობები ძირითადად, იქვე მთავრდება; ძალიან იშვიათად, რომ გაგრძელდეს და ქორწინებითაც დაგვირგვინდეს.
- რა არის შენთვის ზაფხულის მთავარი აქსესუარი? რის გარეშე არ გახვალ სახლიდან?
- მგონი, ასეთი აქსესუარი არ მაქვს. ისე, რაც ყოველდღიურად მჭირდება, ყველაფერი ჩანთით დამაქვს.
- ზღვაზე კოსმეტიკას თუ იყენებ?
- რასაკვირველია - არა, მაგრამ მაინც მიმაქვს ხოლმე, "რა იცი, რა ხდებას" პრინციპით (იცინის).
- დასასვენებლად ყოფნისას თუ ვარჯიშობ?
- სისტემატურად ვარჯიშს თბილისშიც კი ვერ ვახერხებ და დასვენებისას, მით უმეტეს (იცინის)...
- ზღვის სანაპიროზე ველოსიპედითაც არ სეირნობ?
- ველოსიპედის ტარება არ ვიცი. ყოველ ზაფხულს მაქვს მცდელობა, რომ ვისწავლო, მაგრამ რატომღაც ვერ ვახერხებ: ხან მავიწყდება, ხან ბავშვი არ მაცდის და ასე შემდეგ...
- ცურვა თუ იცი?
- კარგად ვცურავ. ნელი ცურვა ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, ამით არასდროს ვიღლები.

სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვა