ეგზოტიკური მარიამ სანგო - გზაპრესი

ეგზოტიკური მარიამ სანგო

ფიქრობს, რომ ამაში მას გარეგნობა დაეხმარა. მარიამი ხალისიანი და გულახდილი რესპონდენტი აღმოჩნდა მანამ, ვიდრე შეყვარებულზე არ დავუსვი შეკითხვა. ამბობს, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ლაპარაკი არ სურს.

- მარიამ როგორ მოხვდი "ცეკვავენ ვარსკვლავებში"?

- დამირეკეს და შემომთავზეს. სხვათა შორის, წინა სეზონზეც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი, ახლა კი სიამოვნებით დავთანხმდი. ეს ჩემთვის პირველ კონკურსია. მინდა, ღირსეულად წარვდგე მაყურებლის წინაშე. ყველაზე რთული და სანერვიულო გადაცემის ბოლო ნაწილი ყოფილა, როცა კონკურსანტების სახელებს აცხადებენ. ვიდრე ჩემს სახელსა და გვარს იტყვიან, ნერვიულობისგან ლამის გავგიჟდე.

- შენი მეწყვილე რეზიკო რობაქიძე ცეკვის დროს დაშავდა...

GzaPress- სამწუხარო ინციდენტი მოხდა. ცეკვის დაწყების წინ, ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს რეზიკომ თავი დაარტყა. მიუხედავად ამისა, ცეკვა ბოლომდე შეასრულა. ერთი დღე იწვა საავადმყოფოში, ახლა სახლშია, მაგრამ უნდა სრულად გამოჯანმრთელდეს, ცეკვა რომ შეძლოს. ამის გამო, ის ერთ საკონკურსო ცეკვას გამოტოვებს, მე კი პარტნიორობას ჩვენი ქორეოგრაფი, საშა გამიწევს, რომელიც ძალიან მეხმარება და ამისათვის მადლობას თქვენი მეშვეობითაც გადავუხდი.

- განსაკუთრებულად რომელი ცეკვა მოგწონს?

- ტანგო, სამბა და პასადობლე. სამივე საკმაოდ რთული ცეკვაა და მაინტერესებს, ეს როგორ გამომივა.

- მარიამ, შენი მშობლები გაგვაცანი.

- დედაჩემი - თინა დავითაშვილი ქართველია, მამა კი აფრიკელი გახლავთ. ერთმანეთი საფრანგეთში სწავლის დროს გაიცნეს, შეუყვარდათ და დაქორწინდნენ. შემდეგ გავჩნდი მე. ვიდრე 2 წლის გავხდებოდი, საფრანგეთში ვცხოვრობდით, შემდეგ თბილისში ჩამოვედით. მერე მამა უკან დაბრუნდა, მე და დედა თბილისში დავრჩით. აი, ამ ფოტოზე 6 თვის ვარ და როგორც სურათიდან ჩანს, საკმაოდ ბუთხუზა ვყოფილვარ. ეს დედასთან ერთად გადაღებულია ფოტოა და ძალიან მიყვარს.

- მას მერე, რაც მამა საქართველოდან წავიდა, აღარ გინახავს?

- არა, აღარ ვუნახავვარ. იშვიათად ვწერ ხოლმე, იცის, ჩემი საქმიანობის შესახებ. დედის მხრიდან 5 წლის ძმა მყავს, რომელიც ძალიან მიყვარს.

- როგორი ბავშვი იყავი?

- როგორც მეუბნებიან, ენერგიით აღსავსე, ცელქი და მოუსვენარი ვყოფილვარ. სხვათა შორის, დღემდე ასეთი ვარ. დედას თითქმის ყველანაირ წრეზე დავყავდი. 5 წლის გახლდით, ბალეტზე რომ შემიყვანეს. ძალიან მომწონდა და რამდენიმე წელი ვიარე კიდეც, მაგრამ მერე თავის დანებება მომიხდა. აზრიც არ ჰქონდა ბალეტზე სიარულს, რადგან ამ ცეკვისთვის ძალიან მაღალი ვიყავი. კარგი და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მხიარულ გარემოში ვიზრდებოდი. სკოლაში თუ ბაღში ყველა წარმოდგენასა და კონცერტში ვმონაწილეობდი.

- პატარაობისას კანის ფერის გამო თუ შეგქმნია პრობლემა?

- პატარაობიდანვე შეჩვეული ვიყავი ზედმეტ ყურადღებას და ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ბევრი მეგობარი მყავს. აი, ეს სურათი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავშია გადაღებული, იქაურ მეგობრებთან ერთად. აქ დაახლოებით, 4 წლის ვარ. სხვათა შორის, ჩემი კანის ფერის გამო გაკვირვებული ადამიანები თბილისში უფრო მეტად შემინიშნავს, ვიდრე სოფელში. იქ ყველამ იცოდა ჩემ შესახებ და ყველას ვუყვარდი.

- სკოლის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ეს ფოტოსურათი იმ წელს გადამიღეს, როცა სკოლაში შევდიოდი. ესენი ჩემი მეგობრები არიან. ჩემ გვერდით რომ დგას, ის ცნობილი წყალბურთელი, ანდრო ბითაძეა. ამ სურათში ჩემზე დაბალია, არადა, ახლა სიმაღლით 2 მეტრზე მეტია... ეს კი საფრანგეთში გადაღებული ფოტოა. სკოლიდან გაცვლითი პროგრამით ერთი თვე საფრანგეთში ვიყავი. აქ 11 წლის ვარ. საფრანგეთში ყოფნის დრო ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო პერიოდია. იქ ბევრი რამ ვისწავლე, მეგობრები შევიძინე და რაც მთავარია, დამოუკიდებლად ცხოვრებას მივეჩვიე.

- პატარაობისას სურათებში მოკლე თმა გაქვს...

- ყოველთვის მოკლე ან საშუალო სიგრძის ვარცხნილობა მაქვს, რადგან ჩემი თმა რთული მოსავლელია. მახსოვს, ბავშობაში დედა თმას საათობით მვარცხნიდა, ხშირად მიწნავდა, მე კი ვეხვეწებოდი: ნუ მიწნავ, მტკივა-მეთქი. ისეც ხდებოდა, რომ მე მეძინა, ის კი თმას მივარცხნიდა (იღიმის).

- თმა არასოდეს შეგიღებავს?

- სულ მინდა, თმა ცისფრად ან ჟოლოსფრად შევიღებო, მაგრამ მეშინია, არ დამეწვას. იმედია, ოდესმე გავრისკავ და შევიღებავ. თმა მხოლოდ ერთხელ გავისწორე. სტილისტი მთელი სამი საათი წვალობდა და ეს დავარცხნილი თმა 2 საათში დამეშალა (იცინის).

- საკმაოდ წარმატებული მოდელი ხარ. როგორ მოხვდი მოდის სფეროში?

GzaPress- ყველა გოგოს აქვს მოდელობის სურვილი და გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. მომწონდა ეს პროფესია და ამიტომაც მივედი თაკო ჩხეიძესთან, "ჯეო მოდელსში". მაშინ დაახლოებით 15 წლის ვიყავი (აი, ამ ფოტოზეც 15 წლის გახლავართ), დაახლოებით ორ თვეში "ფეშენ ვიკზე" გამოვედი, რაც ძალიან მომეწონა. დღეს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად ვითვლები, მაგრამ ეს არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ვცდილობ, სულ ვივარჯიშო, ფორმაში ვიყო.

- როგორ ფიქრობ, დიზაინერებს შენში რა მოსწონთ?

- სამოდელო სფეროში მთავარი გარეგნობაა. თუ გარეგნობა არ გაქვს, დიზაინერს პიროვნულად როგორც უნდა მოსწონდე, პოდიუმზე ვერ გაგიყვანს.

- წონის პრობლემა არასდროს გქონია?

- წონის პრობლემა გარდატეხის ასაკში მქონდა, ახლა კი არ მაწუხებს. ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე, დიეტას ვერ ვიცავ. ფორმის შენარჩუნებას ვარჯიშითა და სწორი კვებით ვცდილობ.

- გარდა მოდელობისა, რითი ხარ დაკავებული?

- ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ვსწავლობ. ასევე, ვმუშაობ. ძალიან მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. დავდივარ კინოსა და კლუბებში. მოკლედ, აქტიური და მხიარული ცხოვრებით ვცხოვრობ.

- მაკიაჟი პირველად რა ასაკში გაიკეთე?

- როდესაც პირველად გამოვედი პოდიუმზე, მაშინ გავიკეთე. ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს იშვიათად ვიკეთებ. ბუნებრიობა ყველაფერს მირჩევნია.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- სამკაულები ბავშვობიდან მომწონდა. მახსოვს, პატარაობისას დედისა და ბებიის სამკაულებს ვიკეთებდი ხოლმე. 13 წლის ვიყავი, მე და ჩემმა დაქალმა დიდი ფიქრის შემდეგ, ყურების გახვრეტა რომ გადავწყვიტეთ. არ მიყვარს ბრჭყვიალა აქსესუარები. ძირითადად, ვერცხლის სამაჯურს, საყურეებსა და ბეჭდებს ვატარებ.

- ჩაცმისას ვის აზრს ითვალისწინებ ხოლმე?

- ვიცვამ საკუთარი ხასიათის მიხედვით და ისე, როგორც მე მომწონს. ჩემს გარდერობში თავისუფალი სტილის სამოსი ჭარბობს. ძალიან მომწონს მამაკაცის ტანსაცმელი, პულოვერი და "კლეჩატი" პერანგები.

მარეხ ჭონიშვილი