რატომ ოცნებობს "პარლამენტარის" მეუღლე ბევრ ფულზე - გზაპრესი

რატომ ოცნებობს "პარლამენტარის" მეუღლე ბევრ ფულზე

მოდელმა თაკო შოშიაშვილმა და მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა ოჯახი სულ ახლახან შექმნეს და როგორც თაკო ამბობს, უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჰქონდათ. ახალდაქორწინებულები დანაზოგის გაკეთებას ჯერ ვერ ახერხებენ... მოდელს ბევრ ფულზე არასდროს უოცნებია, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, იმდენი შემოსავალი ჰქონდეს, რომ საკუთარი სახლის შეძენა მოახერხოს.

GzaPress- როდესაც დალაი ლამას ჰკითხეს, თუ რა აოცებს ყველაზე მატად? მან უპასუხა, - "ადამიანი! ის სწირავს თავის ჯანმრთელობას, რომ გამოიმუშაოს ფული; შემდეგ სწირავს ამ ფულს, რათა დაიბრუნოს ჯანმრთელობა... მას ისე ანაღვლებს თავისი მომავალი, რომ აწმყოსგან სიამოვნებას ვერ იღებს. საბოლოო ჯამში, ის არც აწმყოთი ცხოვრობს და არც - მომავლით. ისე ცხოვრობს, თითქოს არასდროს მოკვდება და ბოლოს ისე კვდება, თითქოს არასდროს უცხოვრია". დალაი ლამას ეს სიტყვები მთლიანად გადმოსცემს ჩემს დამოკიდებულებას ფულთან.

- ფულის შეგროვება გიყვარს?

- ფულის შეგროვება არ მიყვარს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არასდროს გამომდის.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- პატარაობიდანვე ყველა ნივთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მხოლოდ ერთხელ მქონდა ყულაბა - ვარდისფერი იყო და გოჭის ფორმა ჰქონდა. როცა ფულით შეივსო და გავტეხე, ცუდ ხასიათზე დავდექი. მეგონა, ჩემი გოჭი მოვკალი. ის საზეიმო განწყობა, რომელიც ფულის შეგროვების გამო მქონდა, გამიქრა.

- თანხას ეკონომიურად ხარჯავ?

- ადრე ძალიან მფლანგველი ვიყავი და ხელფასს რამდენიმე დღეში ვხარჯავდი, მერე კი დედას ვთხოვდი დახმარებას. დროთა განმავლობაში ვისწავლე, რომ შემოსავლის სწორად განაწილება აუცილებელია. რაც შეეხება გიორგის, ის ჩემზე უფრო მეტად მფლანგველია.

- ყველაზე ბევრი თანხა რაში გადაგიხდია?

- ფულს სიამოვნებით ვხარჯავ საჩუქრების შესაძენად. როცა საზღვარგარეთ ჩვენებებზე მივდიოდი, ჩემთვის თითქმის არაფერს ვყიდულობდი. ვცდილობდი, საქართველოში დაბრუნებულს, ახლობლები გამეხარებინა. ბევრი ფული კი ყოველდღიურად, ტაქსიში მეხარჯება. დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიწევს გადაადგილება.

- გარდერობს ხშირად ანახლებ?

- არც ისე ხშირად. ჩემს გარდერობს ძირითადად, სეზონის დასაწყისში ვახალისებ.

- კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ყიდულობ?

- კოსმეტიკის დიდი მოყვარული არ ვარ. ყოველდღიურად მაკიაჟით სიარული დისკომფორტს მიქმნის. შესაბმისად, კოსმეტიკის შეძენა იშვიათად მჭირდება და ამაში ბევრ ფულსაც არ ვხარჯავ. სამაგიეროდ, მიყვარს ახალი სამოსის შეძენა. მიმაჩნია, რომ ტანსაცმელი ადამიანის შინაგან სამყაროზე "ლაპარაკობს".

- პირველი ფონორარი რა ასაკში აიღე?

- პირველი ჰონორარი 17 წლისამ ავიღე. იმ წელს თეატრალურში ვაბარებდი, პარალელურად - სამოდელო საქმიანობას ვეწეოდი. ერთი-ერთი ჩვენების შემდეგ გარკვეული თანხა მომცეს. მახსოვს, იმ ფულით უამრავი ლამაზი ჩარჩო ვიყიდე, შემდეგ ჩემი გადაღებული ფოტოები დიდ ფორმატზე დავბეჭდე და ამ ჩარჩოებში ჩავსი. სხვათა შორის, ფოტოების ნაწილი გავაჩუქე, ნაწილი - ჩემს ოთახში დავკიდე.

- მატერიალურად დამოუკიდებელი როდიდან ხარ?

- დამოუკიდებელი მე-3 კურსიდან გავხდი ანუ იმ პერიოდში, როცა ტელევიზიაში ჩემი პროფესიით ანუ ოპერატორად დავიწყე მუშაობა.

- რომელ ტელევიზიაში მუშაობდი?

- "რუსთავი 2"-ში. ჩემი ასაკის გოგოსთვის ტელევიზიაში მუშაობის დაწყება საკმაოდ დიდი მიღწევა იყო. პირველი კურსიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული პროფესიულ საქმიანობაში. მეორე კურსზე ვიყავი, როცა "იმედში" მივედი, რათა პრაქტიკა მიმეღო. იქ ყოფნისას, სხვადასხვა პროექტს ვიღებდი. ამ ტელევიზიაში ერთი წელი ვიმუშავე.

- პრეტენზიული ბავშვი იყავი? დედას ხშირად სთხოვდი შენთვის სასურველი რაღაცების ყიდვას?

- დაახლოებით 5 წლის ვიქნებოდი, როცა რაღაც წითელი, საკმაოდ უგემოვნო, პატარაქუსლიანი ლაკის ფეხსაცმელი მომეწონა. დედამ, რა თქმა უნდა, არ მიყიდა და ვერც შემაგნებინა, რატომ არ ყიდულობდა. იატაკზე არ გავწოლილვარ, არც ისტერიკაში ჩავვარდნილვარ, მაგრამ მახსოვს, გული ძალიან დამწყდა. იმ დღეს ბებია-ბაბუასთან დამტოვეს და მეორე დღეს სახლში გაბრწყინებული თვალებით, იმ წითელი წკაპუნებით დავბრუნდი.

- ახლა თვიდან-თვემდე შემოსავლის განაწილებას თუ ახერხებ?

- ძირითადად, მე და გიორგი ხელფასის გადანაწილებას ვახერხებთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ფულის გადანახვას ვერასდროს ვახერხებთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, ვალის აღებაც გვიწევს ხოლმე. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ბანკებს ვაწუხებთ.

- მეგობრებს ან ახლობელ ადამიანებს არ სთხოვ ხოლმე დახმარებას?

- არ მიყვარს საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გაზიარება და მათი შეწუხება. მირჩევნია, თანხა ბანკიდან გამოვიტანო.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

GzaPress- დიახ, კარგი გადამხდელი ვარ. ფულთან დაკავშირებით დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. როცა კრედიტის გადახდის დრო მოდის, თუ ვალს მთლიანად ვერ ვფარავ, მინიმალური გადასახადი მაინც შემაქვს, რათა სამომავლოდ ბანკთან საქმე არ გავიფუჭო.

- გაიხსენე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც მეუღლემ გისახსოვრა.

- ბოლოს გიორგიმ მობილური ტელეფონი Iphone 5s მაჩუქა, რომელიც ძალიან ძვირად ღირებული არ არის, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია. ზოგადად, ყველა საჩუქარი მეძვირფასება. როცა ჩემ მიმართ ყურადღებას გამოხატავენ, ეს ძალიან მსიამოვნებს და ნაჩუქარ ნივთს ვუფრთხილდები კიდეც.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- უი, არა... ისედაც თითქმის ყოველთვის ვიცი, დაახლოებით რა თანხა მიდევს საფულეში.

- მშობლებს ბოლოს ფული როდის სთხოვე?

- (ფიქრობს) არ მახსოვს.

- ბევრი ფული რომ გქონდეს, რა ოცნებას აისრულებდი?

- ზოგადად, ოცნება არ მიყვარს. მიზანს დავისახავ ხოლმე და ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძვი. ამჯერად, ჩემი და გიორგის მიზანი ბინის ყიდვაა. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველ რიგში, სახლს შევიძენდი.

- ოჯახში კომუნალურ გადასახადებს შენ იხდი თუ გიორგი?

- იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე სამსახური არ მაქვს და მხოლოდ ფულის ხარჯვით ვარ დაკავებული, ყველანაირი საოჯახო ხარჯების დაფარვა ჩემს ძვირფას მეუღლეს უწევს (იცინის).

- შენი აზრით, ფული წარმატების გარანტიაა?

- გააჩნია სიტუაცის. სიტყვა "წარმატებას" ყველასთვის სხვადასხვანაირი მნიშვნელობა აქვს. ზოგისთვის წარმატება სწორედაც რომ ბევრი ფულის შოვნაა. მე კი მიმაჩნია: მყარი მატერიალური მდგომარეობა კარგია, მაგრამ ეს წარმატების გარანტია ვერ იქნება.

სოფო ჭონიშვილი