მოცეკვავე ცოლ-ქმრის ძლიერი სიყვარული - გზაპრესი

მოცეკვავე ცოლ-ქმრის ძლიერი სიყვარული

პროექტის ახალი სეზონის გახსნისას, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს წყვილმა ახლახან იქორწინა, მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად ყოფილა...

ლელა:

- ამ პროექტში თავს კარგად ვგრძნობ, მით უმეტეს, რომ ლევანი ჩემთან ერთად არის: რეპეტიციები სულ ერთად გვაქვს, ადრე კი დღის განმავლობაში იშვიათად ვხედავდი - პროექტის გამო, შინ გვიან ბრუნდებოდა.

- თქვენს მეწყვილეებზე რას მეტყვით?

ლევანი:

GzaPress- მარიამ როინიშვილი ნიჭიერი, შრომისმოყვარე გოგოა. უპირველეს ყოვლისა, კარგი ადამიანია. შესაბამისად, მასთან ურთიერთობა და მუშაობაც სასიამოვნოა. კონკურსის ფინალში მოსახვედრად, გიჟური შრომაა საჭირო. ამისათვის მეწყვილეებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ.

ლელა:

- ჩემს მეწყვილეს - თორნიკე ტყემალაძეს ადრე არ ვიცნობდი. ის დადებითი პიროვნებაა. ბევრს შრომობს, მონდომებულია...

- პროექტში ადრე რატომ არ მონაწილეობდი?

- მონაწილეობის სურვილი ყოველთვის მქონდა, მაგრამ ვერ შევძელი - სულ ორსულად ვიყავი (იცინის).

ლევანი:

- ჩვენ უკვე ორი შვილი გვყავს: უფროსი 2 წლის არის, უმცროსი - 6 თვის. როცა "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონი დაიწყო, კასტინგზე მე და ლელა ერთად მივედით. ლელა უბრალოდ, რაღაცებში მეხმარებოდა. პროექტში მისი აყვანაც უნდოდათ, მაგრამ უკვე 3 თვის ორსული იყო. "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეორე სეზონზე ჩემი მეუღლე ახალი ნამშობიარევი გახლდათ. მესამე სეზონში მონაწილეობას აპირებდა, მაგრამ მეორე ბავშვზე იყო ორსულად, მეოთხე სეზონზე კი - დღე დღეზე უნდა გაეჩინა (იცინიან)... ახლა ჩვენი დღის რეჟიმი ასე იწყება: დილით ადრე ვდგებით, ბავშვებს მოვაწესრიგებთ, ვაჭმევთ. შემდეგ ერთი ერთ ბებიასთან მიგვყავს, მეორე - მეორესთან. შინ ღამით ვბრუნდებით... მეორე დილას იგივე მეორდება.

- თქვენი რომანი როგორ დაიწყო? ოჯახი როდის შექმენით?

ლელა:

- ჩვენი სიყვარული დაახლოებით, 4 წლის წინ დაიწყო.

ლევანი:

- დიდი ხანია, ლელას ვიცნობ. ორივე ვცეკვავდით, ოღონდ - სხვადასხვა სტუდიაში. რაღაც პერიოდში, მეწყვილე აღარ მყავდა. გამახსენდა, რომ მეწყვილე ლელასაც არ ჰყავდა - იმ დროს სპორტისთვის დროებით დანებებული ჰქონდა თავი. დავუკავშირდი. ჩვენიPპირველი საქმიანი შეხვედრა 15 აპრილს შედგა - რატომღაც, "სიყვარულის დღეს" დაემთხვა. ავუხსენი, რომ საერთაშორისო დონეზე გასვლა, ინტენსიური ვარჯიში მინდოდა. დამთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აბიტურიენტი იყო. ლელას მიმართ სიმპათია მალევე გამიჩნდა...

ლელა:

- ჯერ მითხრა, - მომწონხარო, რამდენიმე დღეში კი სიყვარულშიც გამომიტყდა.

ლევანი:

GzaPress- ჰო, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ვიყავი და ძალიან კარგად ვხვდებოდი, რას ვგრძნობდი - ჩემთვის ეს ურთიერთობა გართობა აღარ იყო. დღის განმავლობაში, დაახლოებით 6 საათს ერთად ვატარებდით, შემდეგ ლელამ ჩემს სტუდიაში დაიწყო მუშაობა...

- დაოჯახების შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდათ?

ლელა:

- მე - არა, რადგან დავინახე, რომ ლევანი მეოჯახე, სერიოზული პიროვნება იყო და არც მიყოყმანია - ცოლობაზე დავთანხმდი (იცინის).

ლევანი:

- როცა ლელა გავიცანი, საკუთარი ბინა ჯერ კიდევ არ მქონდა - მშობლებთან ვცხოვრობდი. სხვა მხრივ, ოჯახის შესაქმნელად აბსოლუტურად მზად ვიყავი. 17 წლიდან მაქვს შემოსავალი. ბინის ყიდვაც მიზნად მქონდა დასახულად. ჰოდა, გაცნობიდან ერთ წელიწადში, მშობლების დახმარებით, ბინა შევიძინეთ. უბრალოდ, გარემონტებას ვეღარ დაველოდეთ და შევუღლდით. ახლა ცალკე ვცხოვრობთ.

ლელა:

- ლევანის მშობლების სახლთან ახლოს ვცხოვრობთ. როცა შინიდან გასვლა გვჭირდება, ლევანის დედა ბავშვებთან დარჩენაზე უარს არასოდეს გვეუბნება, ძალიან გვეხმარება.

- როცა მცირეწლოვანი ბავშვი გყავდა და თან, ორსულად იყავი, ლევანს კი დაძაბული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, იმ პერიოდს როგორ გაიხსენებ?

- მთელი ორსულობის განმავლობაში, სტუდიაში ვმუშაობდი (იღიმის).

- და შესაბამისად, ბავშვის გაჩენის მერე, ფორმაში ჩადგომა არ გაგიჭირდა?

- ფორმიდან არც ამოვვარდნილვარ (იცინის).

ლევანი:

- ბავშვი გააჩინა და უკევ ფორმაში იყო.

ლელა:

- მინდოდა, წონაში ცოტა მომემატებინა, მაგრამ ორსულობამაც არ გამასუქა.

- ლევანმა შენი აბიტურიენტობა ახსენა. ამჟამად, სადმე სწავლობ?

- სეუ-ში, ეკონომიკური ფაკულტეტი წელს დავამთავრე. უნივერსიტეტში მოსვლა მაინც ყოველდღე მიწევს - "ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის" რეპეტიციები სეუ-ს შენობაში გვაქვს (იცინის).

ლევანი:

- სახლში 2 ეკონომისტი ვართ - მეც "ჯავახიშვილი" დავამთავრე (2005 წელს), მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობთ. მეთოთხმეტე წელია, სტუდიას ვხელმძღვანელობ. ასევე, სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის სპორტ-დირექტორი ვარ.

- ისე, თავის დროზე პროფესიად ეკონომისტობა რატომ აირჩიეთ?

- ასე მოხდა... ახლა კი ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.

ლევანი:

- როცა აბიტურიენტი იყო, ვუთხარი: შენში საუკეთესო ეკონომისტს ვერ ვხედავ-მეთქი. უტვინო არ ვარ, მაგრამ როცა უნივერსიტეტში სწავლა დავასრულე, საკუთარ თავზეც იგივე ვიფიქრე, რადგან ვხედავდი, ამ სფეროში როგორი ხალხიც მუშაობდა. "რიგითად" ყოფნას მერჩივნა, რაღაცაში მაინც ვყოფილიყავი "ერთ-ერთი" გამორჩეული. ამიტომ ლელას ვუთხარი: ეკონომიურზე ნუ ჩააბარებ, ცოლად დიპლომის გარეშეც მოგიყვან-მეთქი... შევთავაზე, ერთად გვეცეკვა, სპორტისთვის მეტი დრო დაგვეთმო. ძირითადად, მაინც ასე გამოვიდა: უნივერსიტეტში კი დადიოდა, მაგრამ სწავლაში ხელი ეშლებოდა - ცეკვაზე იყო "გადმორთული".

- ლევანი რომანტიკული მეუღლეა?

ლელა:

- ძალიან. სიურპრიზებს ხშირად მიწყობს. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ფლეშმობი დამიდგა - ფეიერვერკებით, ბუშტებით...

ლევანი:

- მინდოდა, ქალიშვილის დაბადება დასამახსოვრებელი ყოფილიყო. რაღაც არეულ სიტუაციაში აღმოვჩნდი: მეგონა, ლელას სამშობიაროდან 2 დღის მერე გამოწერდნენ. მოულოდნელად მითხრა, - დღეს ვეწერებიო. სახლში დამატებით ავეჯი იყო შემოსატანი, იქაურობა მისალაგებელი. ჰოდა, ღამე გავათენე. თან, მინდოდა, ხიდზე ბანერი გადმომეფინა - შინისკენ მომავალ ლელას გზად რომ ენახა... სამშობიაროში ცეკვა იყო დასადგმელი, 2 ვიდეოკამერა კი მოსაძიებელი: მსურდა, ყველაფერი სინქრონულად გადამეღო. ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება დილის 4 საათზე დავიწყე. ვფიქრობდი, - არაფერი გამომივა-მეთქი. შემდეგ ჩემი სტუდიის წარჩინებული ბავშვებიც მხარში ამომიდგნენ, საქმეში მამაჩემიც ჩაება - პლაკატები ეჭირა ხელში (იცინის)... საბოლოოდ, მშვენიერი სიურპრიზი გამომივიდა. თუმცა, უკეთესიც შეიძლებოდა.

- საოჯახო საქმეებს თავს როგორ ართმევთ?

ლელა:

GzaPress- ბოლო დროს სახლიდან სულ გასულები ვართ და ძირითადად, გარეთ გვიწევს ჭამა. მანამდე კერძებსაც თავად ვამზადებდი, სახლსაც ვალაგებდი...

ლევანი:

- როცა ორი ბავშვი მისახედია, ვახშმის სახელდახელოდ მომზადება თავადაც შემიძლია. საერთოდ, კულინარია მიყვარს. მე და სალომე ჭაჭუა სულ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო მაგარ კერძს მოამზადებდა. "კაცური" (ხორციანი) კერძები ბავშვობიდან მიყვარს.

- თქვენი შვილებიც გაგვაცანით.

ლელა:

- ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან: უფროსი - ლუკა წყნარი, სერიოზული ბიჭია, 6 თვის ანასტასია კი "გახსნილია", ყოველთვის ყველას უღიმის.

- ცოლ-ქმარი თუ კინკლაობთ ხოლმე?

ლევანი:

- ამის გარეშე ვერ "გავიზრდებით". თუკი რაღაც არ მოგვწონს, ერთმანეთს უნდა მივუთითოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა "ჩიხში შევა".

ლელა:

- თუკი ვიკამათებთ, იმავე საღამოს ვრიგდებით. სერიოზულად არასოდეს გვიჩხუბია.

ლევანი:

- ლელას კარგი ხასიათი აქვს. მე ფიცხი ვარ, ჩემი ცოლი კი საბედნიეროდ, დამთმობია და რაღაცებს "გაატარებს" ხოლმე. როცა მგონია, შემოსარიგებელი მყავს, დილით ისე მხვდება, მიკვირს - გუშინდელი დღე სიზმარი ხომ არ იყო-მეთქი (იცინის)?

- თქვენგან ეჭვიანი რომელია?

ლელა:

- ჩვენი სიყვარული ისეთი ძლიერია, რომ ერთმანეთს ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ!

ლევანი:

- შეიძლება, ადამიანმა კონკრეტულ პიროვნებაზე იეჭვიანო ან პათოლოგი ეჭვიანი იყო... როცა ადამიანი გიყვარს, მასზე ეჭვიანობ (მაგრამ - ზომიერად), რადგან არ გინდა, დაკარგო. ლელას აბსოლუტურად ვეთანხმები: ჩვენი ოჯახი დიდი სიყვარულით, გააზრებულად შეიქნა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყოფითი პრობლემები შემოიჭრა, ვგრძნობთ, ერთმანეთის მიმართ სიყვარული კიდევ უფრო გვიძლიერდება.

ეთო ყორღანაშვილი