ემოციური სალომე ტეტიაშვილის "პირველი ამბები" - გზაპრესი

ემოციური სალომე ტეტიაშვილის "პირველი ამბები"

დაახლოებით თვე-ნახევარში ფინალი გაიმართება. ამჟამად სალომეს ყელთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მკურნალობს. შესაბამისად, ბენდთან - "ფანკ ჰაუსი" - ერთად ჯერჯერობით, აღარ მღერის. ამბობს: მირჩევნია, ყელის პრობლემა ახლავე მოვაგვარო და საქმე იქამდე არ მივიყვანო, რომ სიმღერა საერთოდ ვეღარ შევძლოო... "ბრავოში" ლევანთან შეჯიბრებამდე, სალომემ ისრაელში ვიზიტიც მოასწრო...

GzaPress- ისრაელში ყოველ წელიწადს იმართება ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი კონცერტი. საქართველოდან რამდენიმე მომღერალს იწვევენ. კონცერტში მონაწილეობა მეც შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, წუთითაც არ დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი - ადამიანს ასეთი შანსი ხშირად არ ეძლევა. ისრაელში გავემგზავრეთ. კონცერტში იქაური მომღერლებიც მონაწილეობდნენ. ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო, რომ იერუსალიმი, წმინდა მიწა ვნახე... კონცერტი კარგი გამოვიდა. 7 ათასი კაცი გვესწრებოდა. საკმაოდ დიდი სცენა იყო. ორგანიზატორიც და მაყურებლებიც კმაყოფილი დარჩნენ. საქართველოში დადებითი ენერგიით დამუხტული დავბრუნდი.

- გაიხსენე შენი პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ...

- გერმანიაში გაცვლითი პროგრამით ვიყავი: მეშვიდე კლასში სკოლაში გამოცდა ჩავაბარე და გერმანელ პედაგოგთან სასწავლებლად მოვხვდი. მეათე კლასამდე მასწავლიდა. შემდეგ გერმანიიდან სტუმრები ჩამოგვივიდნენ და დაახლოებით 1 კვირა საქართველოში გაატარეს, რამდენიმე თვეში კი 7 ბავშვი გერმანიაში, ფრანკფურტში გავემგზავრეთ. 16 წლის ვიყავი და საკმაოდ რთული კონკურსის გავლა მომიხდა, ამ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავი. გერმანიაში სკოლაში დავდიოდით, ექსკურსიებს ვაწყობდით, რამდენიმე ქალაქიც დავათვალიერეთ... ჩვენი მიზანი საკუთარი ქვეყნის, სკოლის წარმოჩენა გახლდათ. რამდენიმე ადგილას პატარა, "შინაურული" კონცერტიც გავმართეთ, სადაც ქართული სიმღერები, ცეკვები შევასრულეთ...

- პირველი სიმღერა...

- 5 წლის ვიყავი. საბავშვო ბაღში ზეიმი გვქონდა, რომელზეც "სანტა ლუჩია" შევასრულე (იცინის). ბავშვობის ეს მოგონება გონებაში ისე ღრმად ჩამრჩა, რომ ამ სიმღერას სკოლაშიც ხშირად ვღიღინებდი.

- უსამართლობის პირველი შეგრძნება...

- ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი ბავშვები არ მაძლევდნენ უფლებას, მათთან ერთად მეთამაშა. მეუბნებოდნენ, - შენს ტოლებთან ითამაშეო. მაშინ ჩემთვის ყველაზე დიდი უსამართლობა ეს იყო (იცინის)...

- პირველი კონფლიქტი პედაგოგთან...

- სკოლაში საკმაოდ ცელქი და "ხულიგანი" ვიყავი. პატარ-პატარა კონფლიქტები ხშირად მქონდა, მაგრამ ერთი შემთხვევა განსაკუთრებულად მახსოვს: კლასში მობილურით ვთამაშობდი. სამოქალაქო სამართლის მასწავლებელმა ტელეფონი წამართვა და ძალიან უხეშად მითხრა, - ასე მოქცევა არ შეიძლებაო, მე კი უზრდელურად შევეპასუხე.

- რა უთხარი?

- თქვენი გაკვეთილი არ მაინტერესებს. მირჩევნია, მობილურზე ვითამაშო-მეთქი (იცინის). მეორე დღეს მივედი და ბოდიში მოვუხადე - ჩემს დანაშაულს მივხვდი.

- პირველი კერძი, რომელიც მოამზადე...

- 12 წლის ვიყავი, როცა კარტოფილი შევწვი. საერთოდ, მომზადება მიყვარს, მაგრამ მრავალფეროვანი კერძების მომზადების ცოდნით ვერ დავიტრაბახებ. მსიამოვნებს, როცა ჩემ მიერ მომზადებულ საჭმელს მივირთმევ. შემწვარი კარტოფილი ჩემი საყვარელი კერძია.

- პირველი საჩუქარი, რომელიც დედას მიუძღვენი...

- 15 წლის ვიყავი, როცა "დედის დღეს" ვარდების დიდი თაიგული მივუტანე და სიმბოლურად პატარა წერილი დავუწერე - თუ როგორ მიყვარს და ჩემთვის როგორი მნიშვნელოვანია. დედა ჩამეხუტა და მითხრა, რომ ყველაზე კარგი შვილი ჰყავს (იღიმის).

- პირველი მეგობარი...

- 2 ბიჭი (ძმები). მათი დედა და დედაჩემი ახალგაზრდობიდან მეგობრობდნენ. ბიჭები ჩემზე რამდენიმე წლით უფროსები არიან. მათთან ერთად გავიზარდე. ყოველთვის ერთად ვიყავით, ვართ და ზუსტად ვიცი, მთელი ცხოვრება ასე იქნება. ფაქტობრივად, ჩემი ძმები არიან. იმედია, სხვა მეგობრები არ მიწყენენ, თუკი ვიტყვი, რომ ამ ბიჭების მსგავსი მეგობარი არასოდეს მეყოლება.

- პირველი სიმთვრალე...

- მერვე კლასში ექსკურსიაზე ვიყავი. მოგეხსენებათ, გარდატეხის ასაკში მოზარდს ყველაფერი აინტერესებს და უნდა, ყველაფერი გასინჯოს. მახსოვს, 5 ჭიქა ღვინო დავლიე და სიარულის თავიც აღარ მქონდა...

- ექსკურსია მშვიდობით დასრულდა?

- ცუდად არ გავმხდარვარ, მაგრამ საკმაოდ შეზარხოშებული ვიყავი... საერთოდ, დალევა არ მიყვარს. ზომიერად ვსვამ ხოლმე...

- პირველი თაყვანისმცემელი...

GzaPress- 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს მეზობლად მცხოვრები ბიჭი ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ერთად ვყოფილიყავი: წერილებს მიგზავნიდა, ყვავილებს მჩუქნიდა... ის ჩემზე 2 წლით უფროსი იყო. მის მიმართ არავითარი გრძნობა არ მქონდა. შესაბამისად, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. სიყვარულზე ახლაც არ ვფიქრობ, 13 წლის ასაკში - მით უმეტეს...

- პირველი სიყვარული...

- 18 წლის ვიყავი, როცა ერთმანეთი გავიცანით. 19-ის რომ გავხდი, ჩვენ შორის თითქოს რაღაც ხდებოდა, მაგრამ მალევე დამთავრდა. ალბათ სიყვარული კი არა, სერიოზული გატაცება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე მარტივად არ დასრულდებოდა.

- პირველი სერიოზული კამათი დედასთან...

- 15 წლის ვიყავი. მეგობრებთან ერთად, ღამის კლუბში მინდოდა წასვლა. მოგეხსენებათ, თუკი ბიჭები ან ვინმე უფროსი ადამიანი არ მოგყვება, კლუბში გოგონების წასვლა ცოტათი საშიშია. დედის მიმართ პროტესტის გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა კლუბში წასვლა ამიკრძალა და ამას ჩხუბიც მოჰყვა... საერთოდ, ისე გამზარდა, რომ მანამდე არაფერი აუკრძალავს...

- პირველი ჭორი...

- თითქოს ბიძინა ივანიშვილის შვილი ვიყავი. მამაჩემის სახელი და გვარი ბიძინა ივანიაშვილია და ჭორიც ამან გამოიწვია. ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო...

- პირველი ტყუილი...

- მეგობარ გოგონასთან სახლში დარჩენა მინდოდა. გვსურდა, გოგონები მარტო ვყოფილიყავით. ამიტომ დედას მოვატყუე, რომ ჩემი მეგობრის მშობლებიც სახლში იყვნენ და სანერვიულო არაფერი ჰქონდა... ბავშვებს არაფერი დაგვიშავებია. უბრალოდ, მუსიკას ვუსმენდით, ვერთობოდით...

- პირველი გასამრჯელო...

- 2 წლის წინ, 240 ლარი ავიღე. მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი. საკმაოდ რთული სამუშაო რეჟიმი მქონდა: დღეგამოშვებით ვმუშაობდი, 5 დღეში ერთხელ კი ღამით მუშაობაც მიხდებოდა, მაგრამ მინდოდა, ჩემს ოჯახს რაღაცით დავხმარებოდი, საკუთარი შემოსავალი მქონოდა.

- იმ თანხით რა შეიძინე, გახსოვს?

- გიტარა (იღიმის)...

- პირველი მავნე ჩვევა...

- ყველაფერს ზედმეტად განვიცდი. შეიძლება, ვინმეს ნათქვამი ერთი სიტყვის გამო ისე ვიდარდო, საკუთარ ჯანმრთელობას ვავნო. ვცდილობ, ნაკლებად ემოციური ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამომდის.

ეთო ყორღანაშვილი