ემოციური მსახიობი და მგზავრობა თოვლის ბაბუასთან ერთად - გზაპრესი

ემოციური მსახიობი და მგზავრობა თოვლის ბაბუასთან ერთად

გიორგი ბახუტაშვილი წარმატებული მსახიობია. ფართო საზოგადოებამ ის სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. გიორგის მიერ განსახიერებულმა პოლიტიკოსმა პოპულარობით ლამის ნამდვილი პოლიტიკოსებიც დაჩრდილოს. მიიჩნევს, რომ მისი, როგორც მსახიობის აღმასვლა, უპირველეს ყოვლისა, საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომამ განაპირობა.

გიორგი ახლახან დაოჯახდა. ვინ არის მისი რჩეული, რის გამო საყვედურობენ, როდის კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, რამ გაურთულა ცხოვრება, ჰყავს თუ არა ფავორიტი პოლიტიკოსი და რა დარიგება მიიღო უფროსი მეგობრისგან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1990 წლის 18 მარტი.

- რომ არა მსახიობობა...

- ...ჩოგბურთელი გამოვიდოდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში ჩოგბურთით გატაცებული ვიყავი, ინტერესი ბოლო დროს უფრო გამიჩნდა. ადრეული ასაკიდანვე, ჭოკით ხტომის გარდა, მგონი, ყველაფერზე დავდიოდი. მსახიობობა რატომ გადავწყვიტე? "ბერიკებში" დავდიოდი და ამ პროფესიით მაშინ "მოვიწამლე".

- ჩემზე ამბობენ...

- ...უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ეკრანზე ჩანსო. სერიალში გრიმით მაბერებენ, თმას მიჭაღარავებენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ბევრს არაფერს შევცვლიდი. ბედის უმადური არ ვარ. მგონია, ფუჭად არ მიცხოვრია, თან - მიმართლებდა. ვმუშაობ თეატრში, ვთამაშობ სერიალში, წინ კიდევ სხვა გეგმები მაქვს. მიმაჩნია, რომ წარმატება საქმისადმი სერიოზულმა მიდგომამ განაპირობა. სტუდენტობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი, კარგად მესწავლა, პირადი ცხოვრება და გართობა კი მეორეხარისხოვანი იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეუღლეს, თაკო შოშიაშვილს. ყოველთვის მეგონა, რომ საქმეში სტიმულის მომცემი ადამიანი არ დამჭირდებოდა; გავაკეთებდი იმას, რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო, იმასაც ვაღიარებდი. როცა ჩემს ცხოვრებაში თაკო შემოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. სერიალის გმირზე მუშაობისას, რეპეტიციებსაც ერთად გავდიოდით, ტექსტს ერთად ვსწავლობდით... ახლა მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა, თაკო კი ყველანაირად ხელს მიწყობს. საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ჩემი მოუცლელობის გამო, თაკოს საყვედური ერთხელაც არ დასცდენია. ის ახლა სადიპლომოზე მუშაობს. დაოჯახების გადაწყვეტილება გაცნობიდან 5 თვეში მივიღეთ.

- ჩემს ცხოვრებაში რომანტიზმი...

- ...ზომიერი დოზითაა. არ ვფიქრობ, რომ "ფლეშმობი" და ფანჯრების წინ გულების დანთებაა რომანტიკა.

- ჩემი რომანტიკა...

- ...ურთიერთობის იმ დეტალებში გამოიხატება, რომელიც მხოლოდ მე და თაკოს გვეხება და რომელზე ლაპარაკიც რთულია. ჩვენი ურთიერთობები დეტალებისგან შედგება და მე სწორედ ამ შეგრძნებებს ვაქცევ ყურადღებას. ერთ დღეს ცოტათი ნასვამი ვიყავი და ტაქსით ჩემი ხელით გაკეთებული თოვლის ბაბუა მივუტანე. ეს მანამდე იყო, ვიდრე დავოჯახდებოდით. ტაქსი რომ გავაჩერე, მძღოლს ვუთხარი: მარტო არ მოვდივარ, ეს თოვლის ბაბუაც უნდა "ჩავსვა" და გათბობა გათიშე-მეთქი. - დაჯექი, დაჯექი და რომ არ დადნეს, კონდიციონერსაც ჩაგირთავო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მეორე ნახევარი ვიპოვე. ალბათ გსმენია ასეთი ლეგენდა: ღმერთი ადამიანებზე გაბრაზდა და ორ ნაწილად გაყო. მას შემდეგ დადის ადამიანი და თავის მეორე ნახევარს დაეძებს. საბედნიეროდ, მე ის ვიპოვე და გავმთლიანდი. თაკოს გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია. ბედნიერი ვარ, რომ კარიერაშიც რეალიზებული გახლავართ.

- სერიალში ჩემი პოლიტიკოსი გმირი...

- ...ცოტნე მეცოდება. ადამიანი, რომელიც ტყუილში ცხოვრებას აირჩევს, ღირსია, ცხოვრება თავზე დაენგრეს. სადაც კი ტრიალებს, ვერც ერთ წრეში ნამდვილ სახეს ვერ აჩვენებს. პოლიტიკა ინტრიგების სფეროა და, რა თქმა უნდა, იქ დიდი დოზითაა თამაში; ოჯახშიც და საყვარელთანაც თამაშობს. ცოტნეს ნამდვილი სახე მაყურებელს მაშინ შეუძლია ნახოს, როცა მარტო რჩება. ჩემი გმირისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ვარ.

- გმირს ხშირად, პერსონაჟთან აიგივებენ. მახსოვს, ლევან ყოჩიაშვილს ეჩხუბებოდნენ, - ცოლს რატომ ღალატობო? მსგავსი ამბები შენც ხომ არ გადაგხდენია?

GzaPress- არა, ჩემი გმირის საქციელის გამო ჯერ არავის გავუკიცხივარ. უმეტესად, პროფესიული რჩევები მიმიღია... თეატრალურში პირველსავე ლექციაზე გასწავლიან, ადამიანების ქცევებს დააკვირდე. ჩემი გმირი რომელიმე პოლიტიკოსის პროტოტიპი არ არის, ეს ამ სფეროს წარმომადგენლების კრებითი სახეა. პოლიტიკაში ნაკლებად ვერკვევი.

- ფავორიტი პოლიტიკოსი...

- ...არ მყავს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია, ადამიანს ყველაფერი გავუგო, გარდა უპასუხისმგებლობისა. ამავე დროს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელობა.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი გამირთულა ცხოვრება იმან, რომ ყველაფერს ემოციურად აღვიქვამ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მომწონს. მხოლოდ გაბრაზებული ვამბობ ხოლმე: რაღაცების გატარება უნდა ვისწავლო-მეთქი, მაგრამ გულგრილობა არ შემიძლია.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ასეთ დროს უკონტროლო ვხდები.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...საქციელი ჩემს მორალს არ ეწინააღმდეგება. პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია. მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანს სხვა პიროვნებებისგან სწორედ მორალური პრინციპები და შეხედულებები განასხვავებს, ეს მისი ინდივიდუალიზმია. მიმაჩნია, რომ ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სახლში.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ცხოვრებას ისედაც ძალიან ლამაზ ფერებში ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებიც მქონია. ყოველთვის ვიცოდი, რა, სად "იდო", მივდიოდი და ვიღებდი. მერე რა, რომ მიზნის მისაღწევად ხშირად, რთული გზის გავლა მიწევდა?! ადრეც ვამბობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ: უკვალოდ არაფერი იკარგება. მთავარია, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება შეგეძლოს.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...მეუღლის ღიმილმა. მასზე ბევრს ვლაპარაკობ? - ურთიერთობაში დეტალებზე ვამახვილებ ყურადღებას, მიღებული შეგრძნებები კი ჩემს მეხსიერებაში ილექება. თაკო ის ადამიანია, ვისაც უსიტყვოდაც ესმის ჩემი. მასზე ზრუნვა კარგ ხასიათზე მაყენებს.

- სიყვარული ეს...

- ...ორი ადამიანის შეგრძნებების ძალიან ზუსტი გადაკვეთაა. იდეალურია, როცა შეგრძნებებში თანამოაზრეები არიან.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვწითლდები, მაგრამ სულ გრიმი "მადევს" და არ მემჩნევა. ასეთ დროს უხერხულობას ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოც არის და ხშირად, სტიმულის მომცემიც. სიამოვნების განცდა მას მერე მოდის, როცა უხერხულობა გაივლის.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური არ ვარ, მაგრამ ერთდროულად იმდენი საქმის კეთება მიწევს, რომ უნებურად მაგვიანდება.

- რეჟისორი, რომელთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებდი...

- ...პედაგოგშიც და რეჟისორშიც ძალიან გამიმართლა. ჩემი პედაგოგი იყო გოგი თოდაძე. დღეს, როგორც მსახიობი, რამეს თუ წარმოვადგენ, ეს მისი დამსახურებაა. თეატრში დათო დოიაშვილთან ვმუშაობ. დათოსთან მუშაობა შემოქმედებითი კათარზისია. საერთოდ, ძალიან ადვილია მუშაობა იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს და ეს ფაქტორი ნებისმიერ სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანია.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ.

- ჩემი ინტუიცია...

- ...კარგი ინტუიცია მაქვს და ამას ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც აღნიშნავენ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ჩემს შეგრძნებებზე ვლაპარაკობ, მით უმეტეს - საჯაროდ. ამის უფლებას საკუთარ თავს ხშირად (მეგობრების გარემოცვაშიც კი) არ ვაძლევ. ასევე ვიბნევი, როცა მაქებენ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...წლების წინ უფროსმა მეგობარმა მითხრა: შეიძლება, შენს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდეს, მთავარია, არ დაიბოღმო, ბოღმა ყველაზე დიდი ბოროტებააო. ის ადამიანი ახლა 50 წლის არის და 18 წლის ასაკიდან ეტლში ზის. სულ ვცდილობდი, სწორი გზით მევლო და სწორი ფასეულობები მქონოდა. მისი სიტყვები ჩემს გონებაში ჩაიბეჭდა და ხშირად მახსენებს თავს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავადაც ამ დევიზით ცხოვრობს.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ვიყოთ გულწრფელები და ფასეულობებს ნუ დავკარგავთ.

თამუნა კვინიკაძე