"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება" - გზაპრესი

"გაბუნია სტეფანეს ეპრანჭება"

მხიარულ, ენერგიულ მსახიობსა და რადიოწამყვანს - ნინო შავგულიძეს ტელემაყურებელი კომიკური როლებით იცნობს. ახლახან ნინომ ანრი ჯოხაძის კლიპში ძალადობის მსხვერპლი ქალი ეფექტურად განასახიერა.

- კლიპი ექსტრემალურ სიტუაციაში გადავიღეთ: თეატრში რეპეტიციიდან "მომხსნეს", გადასაღებ მოედანზე მიმიყვანეს, 1 საათში გადამიღეს და ისევ რეპეტიციაზე დამაბრუნეს. სხვა კლიპში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ანრისთან ვმეგობრობ. მან მთხოვა, - ასეთი პერსონაჟის "გაკეთება" მინდა და იქნებ დამეხმაროო.

- შემოთავაზებულმა როლმა არ გაგაკვირვა?

- არა. ანრი სპექტაკლებს ესწრება ხოლმე და ალბათ, ჩემი შესაძლებლობების შესახებ იცოდა.

- სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი ხარ?

- სმარტფონმა და "ფეისბუკის" მიერ შემოთავაზებულმა აპლიკაციებმა "დამღუპა": სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი გავხდი. შემიძლია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ქსელი ჩართული მქონდეს. თუმცა, ისე არ გამიგოთ, თითქოს გამუდმებით კომპიუტერთან ვზივარ ან მობილურ ტელეფონს ვუკირკიტებ, ამისთვის არც მცალია და თან, ვფიქრობ, ყველაფერი კარგია მხოლოდ მაშინ, როცა დოზირებულია.

- პირველად როდის და რომელ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდი?

- დაახლოებით 2006 წელს, "მაისპეისზე" დავრეგისტრირდი. ამჟამად "ფეისბუკზე" ვაქტიურობ.

- სოციალურ ქსელში შენს ყურადღებას რა სახის ინფორმაცია იპყრობს?

- ახალ ამბებს ვადევნებ თვალყურს, პოლიტიკაში "გადავარდნილი" ვარ. როცა ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვების ნახვას ვერ ვასწრებ, საჭირო ინფორმაციის მისაღებად სოციალურ ქსელს ვსტუმრობ. ასევე, ჩემთვის საინტერესო ადამიანების მიერ გაზიარებულ სხვადასხვა სიახლეს ვეცნობი, რომელიც შესაძლოა, ადრე გაგონილიც არ მქონდა. ჩემს ყურადღებას სასურველი მუსიკაც იპყრობს... მოკლედ, "ფეისბუკით" უამრავ სიახლეს ვიგებ.

- პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს თუ წერ?

- არასოდეს. მიმაჩნია, რომ ყველას "თავისი სიმართლე" აქვს. მე ვიცი, "ჩემი სიმართლე" რაც არის, მაგრამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერის სურვილი არასოდეს გამჩენია.

- ავტომობილის საჭესთან მჯდომს "ფეისბუკით" გისარგებლია?

- იშვიათად.

- რა უნდა მოხდეს, რომ ასე მოიქცე?

- დიდ "საცობში" უნდა "გავიჭედო". ასეთ დროს, უსაქმურობის გამო, სოციალურ ქსელში "შევძვრები" და რაღაცებს თვალს გადავავლებ.

- შენი სახელობის "ფეიჯზე" გამოქვეყნებულ "პოსტებს" ეცნობი?

- კი. ასეთი გვერდები ჩემმა უსაყვარლესმა პატარა მეგობრებმა შექმნეს. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მათ მადლობას ვუხდი. ძალიან გულთბილი ადამიანები არიან და "ფეიჯზე" აქტიურობას მთხოვენ.

- უცნობებს თუ იმეგობრებ და ეკონტაქტები?

GzaPress- აბსოლუტურად ყველას ვიმეგობრებ - დასამალი არაფერი მაქვს. "სამეგობროში" რაც უფრო მეტი ადამიანი გყავს, სოციალური ქსელის "ნიუსფიდი" უფრო საინტერესოა, უფრო მეტ სიახლეს იგებ... როცა უცხოები მწერენ და ჩემ მიმართ სიმპათიას გამოხატავენ, არ არსებობს, მათ არ ვუპასუხო. ადამიანს გულთბილი სიტყვებისთვის მადლობა რა უფლებით არ გადავუხადო?

- "ფრენდმა" ისეთი რა უნდა დაწეროს, რომ ის მეგობრების სიიდან წაშალო?

- მსგავსი შემთხვევა არასოდეს მქონია. სხვისი აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და გავაანალიზოთ, რომ ყველა ერთნაირად ვერ იაზროვნებს; ინდივიდუალურები ვართ და უფლება გვაქვს, სოციალურ ქსელში, ჩვენს პირად გვერდზე ის დავწეროთ, რაც გვსურს.

- რომანტიკულ წერილებს გიგზავნიან?

- არა.

- გვატყუებ?

- (იცინის) არა. სიმპათიის გამოხატვას "რომანტიკულ წერილს" ვერ დავარქმევ. მაგალითად, ადამიანები მწერენ, რომ ჩემი "სკეტჩები" მოსწონთ, მგულშემატკივრობენ...

- ვინმესთან ინტერნეტნაცნობობა რეალურ მეგობრობაში გადაზრდილა?

- ყოფილა შემთხვევა, როცა სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ადამიანი სერიალის - "ჩვენი ამბავი" ჩაწერაზე მოსულა და უთქვამს: ის ვარ, "ფეისბუკზე" რომ გწერდითო.

- როცა სერიალი - "ჩვენი ამბავი" გადიოდა, მიკი (მირიან) ჯეჯელავა "ფეისბუკზე" გწერდა, - ისე არასოდეს მოგექცევი, როგორც გიორგი თამუნას მოექცაო. რას გულისხმობდა? რომანი გაქვთ?

- მე და მიკი დიდი ხნის მეგობრები ვართ. ბევრს ჰგონია, რომ რაღაც "სხვანარი" ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ასე არ არის.

- თუკი მხოლოდ მეგობრები ხართ, მიკიმ თქვენი ურთიერთობა ცოლ-ქმრის ურთიერთობას რატომ შეადარა?

- იმიტომ, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში გადაცემის წამყვანები ვიყავით და ერთმანეთს ხუმრობით ასე მივმართავდით: "ქმარო", "ცოლო"...

- შეყვარებული არ გყავს?

- არა.

- "სელფომანიით" "შეპყრობილი" ხომ არ ხარ?

GzaPress- არა! ერთხელ "სელფი" რომ გამოვაქვეყნე, მეორე დღეს მთელმა სამეგობრომ მომწერა, - ნინო, შენც დაიწყე? სელფი "ფეისბუკიდან" ახლავე მოაშორეო! გადავწყვიტე, რომ "სელფშოტები" საერთოდ აღარ გადამეღო (იცინის). ისე, ფოტოების გადაღება ყოველთვის მეზარება - მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიმყოფები. ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღირსშესანიშავ ადგილებს სურათებს უღებენ? პირადად მე, ფოტოების გადაღებას ყოველთვის სანახაობით ტკბობა მირჩევნია.

- ინტერნეტში შენს ინტერვიუებთან დაკავშირებულ და საერთოდ, შენს შესახებ გამოქვეყნებულ კომენტარებს კითხულობ?

- რა თქმა უნდა. ახლაც, TV11-ის ოფიციალურ გვერდს ხშირად ვათვალიერებ და გადაცემისა თუ "სკეტჩების" შესახებ კომენტარებს ვეცნობი.

- ძირითადად, როგორი შეფასება ჭარბობს?

- კარგი (იცინის), მაგრამ იშვიათად ნეგატიური კომენტარებიც მხვდება. ყველა "კრიტიკოსი" გახდა, ერთმანეთს ლანძღავენ... ახლა რადიკალურად განსხვავებული აზრის ქონაა მოდაში. ადამიანს რომც ეთანხმებოდნენ, მაინც სხვა რაღაც უნდა დაწერონ. ეს ცოტა არ იყოს, გამაღიზიანებელია.

- ამას წინათ შენი "პოსტი" ვნახე: გეწერა, - გიორგი გაბუნია სტეფანეს ეპრანჭებაო. რას გულისხმობდი?

- ვაიმე!.. აი, ამიტომაც არის, რომ მსგავსი არაფერი უნდა დაწერო (იცინის)... უბრალოდ, ერთ-ერთ გადაცემას ვუყურებდი. სასაცილო დუეტი იყო, მაგრამ ალბათ ეს შოუს ნაწილი გახლდათ. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ვიხალისე. ჰოდა, ის "პოსტი" ხუმრობით დავწერე. ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგარი ადამიანები არიან.

- შენს განწყობილებაზე "ლაიქების" რაოდენობა მოქმედებს?

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა "ლაიქების" რაოდენობა მომატებულია. ალბათ ეს ყველა ადამიანს ახარებს.

ეთო ყორღანაშვილი