კერძი, რომელიც ფულთან ასოცირდება - გზაპრესი

კერძი, რომელიც ფულთან ასოცირდება

"გულწრფელად გეტყვი, ფული ჩემთვის პირველხარისხოვანი არ არის, მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ მშვიდად ვიცხოვრო და შვილს არაფერი მოვაკლო", - ამბობს მანიკა.

- ყველა დედის ოცნებაა, რომ მის შვილს ჰქონდეს ის, რაც ბავშვის აღზრდისთვის აუცილებელია, ამისთვის კი მატერიალური სტაბილურობაა საჭირო.

- შენთვის ფული რომელ გემრიელ საჭმელთან ასოცირდება?

- (ფიქრობს) "სუში" მიყვარს ძალიან. მიმაჩნია, რომ საოცრად გემრიელი კერძია. ჰოდა, ფულის გემოს "სუშის" შევადარებ.

- ფული როდის არის ყველაზე "გემრიელი"?

GzaPress- ადამიანს გარკვეული თანხა ყოველდღიურად სჭირდება, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როცა ფულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად.

- უფულობის გამო შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდე?

- საერთოდ, დეპრესიული ადამიანი არ ვარ. მიმაჩნია, რომ ყველანაირი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, ამისთვის კი საჭიროა, პრობლემა სწორად გააანალიზო. უფულობის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდები, მით უმეტეს, რომ საკმაოდ თავშენახული ადამიანი ვარ და ფულს ბოლო თეთრამდე არასდროს ვხარჯავ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ერთი დღით ცხოვრობენ და მომავალზე არ ფიქრობენ.

- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან ხარ?

- 16 წლიდან უკვე საკუთარი შემოსავალი მაქვს. ფულის ფასი ვიცი და ამიტომაც, მას უდიერად არასოდეს ვეპყრობი. ვაცნობიერებ, რომ თუ არ იშრომე, შემოსავალი არ გექნება და შესაბამისად, ბევრ რაღაცაზე მოგიწევს უარის თქმა.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რა ასაკში და რამდენი აიღე?

- 13 წლის ვიყავი, რომ რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღო. ძალიან მიხაროდა, რომ გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი და თან, საკუთარი შრომით გამომუშავებული ჰონორარის - 150 ლარის დახარჯვის შესაძლებლობა მომეცა. თუმცა არ მახსოვს, ის თანხა რაში დავხარჯე.

- ხშირად ოცნებობ?

- საკმაოდ, მაგრამ არარეალური და მიუწვდომელი ოცნებები არ მაქვს. ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მთავარია, მიზანი დაისახო და ბოლომდე იბრძოლო.

- მდიდარი რომ იყო, რას გააკეთებდი?

- არ ვიცი, სიმდიდრე და ჩემთვის სასურველი თანხა რამდენია (იცინის). კონკრეტულ თანხაზე არასდროს ვოცნებობ. უბრალოდ მინდა, იმდენი ფული მქონდეს, რამდენიც სურვილების ასრულებაში მეყოფა. მინდა, ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი და გახარებული იყოს; არ იყვნენ გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ექმნებათ პურის ფულის შოვნის პრობლემა. ოდესმე თუ გავმდიდრდები, გარანტიას ვიძლევი, რომ მეგობრებსა და ნათესავებს არაფერს გავუჭირვებ.

- ფულის შეგროვება გიყვარს?

- მიყვარს, მაგრამ არ გამომდის. ყველაზე დიდი თანხა, რისი დაგროვებაც შევძელი, 350 ლარი იყო.

- ფულის ეკონომიურად ხარჯვა თუ შეგიძლია?

- ეს კარგად გამომდის. ყოველთვის წინასწარ ვსაზღვრავ, რა უნდა შევიძინო და რა - არა. არ ვარ მფლანგველი. თუ ადამიანმა ფულის სწორად ხარჯვა არ იცის, ყოველთვის საწუწუნოდ ექნება საქმე.

- ყველაზე დიდი გასამრჯელო რამდენი გქონია?

- ერთი პერიოდი 2 სამსახური მქონდა და საერთო ჯამში, ხელფასის სახით თვეში 3.000 ლარს ვიღებდი. ამას ემატებოდა ჰონორარიც (სხვადასხვა გადაღებაში მონაწილეობისთვის). მოკლედ, ნორმალური შემოსავალი იყო.

- ალბათ ამიტომაც არ გიჭირს თვიდან თვემდე ხელფასის განაწილება...

GzaPress- ვცდილობ, ეს მოვახერხო (იცინის). თუმცა ხანდახან მეუღლის დახმარებაც მჭირდება. ის ყველანაირად მხარში მიდგას და ზუსტად ხვდება, რა დროს რა მჭირდება.

- ოდესმე ისეთი ნივთი ან სამოსი თუ შეგიძენია, რომელიც ვერ გამოიყენე?

- როგორ არა! ბევრჯერ შემიძენია საკმაოდ ძვირად ღირებული სამოსი და სახლში მისულს აღარ მომწონებია. მიუხედავად იმისა, რომ უსარგებლო ნივთებში ფულის "გადაყრა" არ მიყვარს, ზოგჯერ ასეთი რაღაცებიც ხდება.

- ყველაზე დიდი სიამოვნებით ფულს რაში ხარჯავ?

- ვგიჟდები, როცა ფულს საჩუქრებში ვხარჯავ. მომწონს საყვარელი ადამიანების გახარება და ამ სიამოვნებაზე უარს არასდროს ვამბობ. ფულის ხარჯვა საკუთარი თავისთვისაც არ მენანება. როცა რაღაც მომეწონება, აუცილებლად ვყიდულობ.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- არა, რადგან ისედაც ყოველთვის ვიცი, რა თანხა მაქვს... ფულის ხარჯვა ნამდვილად სასიამოვნო პროცესია და მინდა, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ელემენტარული რაღაცები არ ენატრებოდეს.

- საბანკო მომსახურებით ხშირად სარგებლობ?

- საკმაოდ ხშირად ვსარგებლობ, რაც ჩემთვის დიდი კომფორტია.

- ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი რა მიგიღია?

- ჩემთვის ნებისმიერი საჩუქარი ძვირფასი და სამახსოვროა, მის ფასს კი ყურადღებას არ ვაქცევ. როცა ადამიანი რაღაცას გულით გჩუქნის, ეს უნდა გახარებდეს. ამ მხრივ, პირადად მე, განებივრებული ვარ... რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ საჩუქარს: დავასახელებ ოქროს სამკაულებს, რომელიც მეუღლემ მაჩუქა.

- ფულის სესხება ხშირად გიწევს?

- თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვთხოვ ძალიან ახლობელ ადამიანს, ფული მასესხოს. უმნიშვნელო რაღაცების გამო ვალის აღება არ მიყვარს.

- შენ თუ გაგისესხებია?

- რა თქმა უნდა, გამისესხებია. როცა მეგობარს უჭირს და დახმარებას მთხოვს, მზად ვარ, მხარში ამოვუდგე.

- შენს შვილს თუ აქვს ყულაბა?

- ჩემი შვილი ჯერ წლისა და 9 თვისაა. მისთვის ასეთი რაღაცები ნაადრევია. როცა წამოიზრდება, აუცილებლად დავეხმარები ყულაბის გაკეთებასა და ფულის შეგროვებაშიც.

- როგორ ფიქრობ, წარმატების ყიდვა შესაძლებელია?

GzaPress- თუ თავი ცარიელი გაქვს, ფულითაც ვერაფერს მიაღწევ. თუმცა იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები უფრო კარგად წარმოაჩინო, ფული აუცილებელი რამ არის.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ სტაბილური შემოსავალი გქონდეს?

- ამქვეყნად მუდმივი არაფერია. წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ყოველთვის სტაბილურად უზრუნველყოფილი იქნები თუ არა.

- კომუნალურ გადასახადებს შენ იხდი თუ ეს საქმე მეუღლეს აბარია?

- კომუნალურ გადასახადებს ბექას მშობლები იხდიან.

- ოდესმე თუ დაგჭირვებია იმაზე ფიქრი და ზრუნვა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი დაგეხარჯა, რათა თვის ბოლოს ნაკლები გადასახადი მოგსვლოდა?

- სიმართლე გითხრა, მსგავს რაღაცებზე ფიქრი არასდროს დამჭირვებია. ალბათ იმიტომ, რომ ბევრს არც ელექტროენერგიაში ვიხდი და არც - ბუნებრივ აირში.

სოფო ჭონიშვილი