ზალიკო ბერგერის თავნება "გოგო" ტანსაცმელს არ კადრულობს - გზაპრესი

ზალიკო ბერგერის თავნება "გოგო" ტანსაცმელს არ კადრულობს

სამაგიეროდ, ახლა ზალიკო ბერგერის ოჯახის წევრები ფუმფულა კატაზე - კუსუსაზე გიჟდებიან და ოჯახის სრულუფლებიან წევრადაც მიიჩნევენ.

- ჩემს კატას კუსა ჰქვია, "კუსუსას" მოფერებით ვეძახი. 10 წლის ბრძანდება. ულამაზესი "გოგოა". კნუტი იყო, როცა დედამ შინ მოიყვანა: ქუჩაში, ტრანსპორტის გაჩერებაზე დაუნახავს, მოეწონა და მისი აგარაკზე წაყვანა გადაწყვიტა. იმ პერიოდში სახლში "მოშენებას" ვაკეთებდით. კნუტი რკინის ხარაჩოებზე ჩავარდა. შეგვებრალა და გადავწყვიტეთ, ვიდრე გამოჯანმრთელდებოდა, შინ გაგვეჩერებინა. როგორც დედა ამბობს, - სახლში ნასვამი მივსულვარ და კნუტისთვის მითქვამს: აბა, იმედია, კაი ფეხით შემოხვედი, თუ არადა, გარეთ პანღურის კვრით გავარდები-მეთქი (იცინის)!.. ახლა კუსა ჩვენი ოჯახის წევრია. აი, ვეთამაშები და ისე გესაუბრები... სუფრასთან რომ მოდის, ითხოვს (გვანიშნებს), - სკამი გამომიწიეთ და დამსვითო.

- კნუტი ჭირვეული არ იყო?

- კიდევ კარგი, სახლში რემონტი მოგვიანებით გავაკეთეთ! მანამდე შინ რაც იყო, ყველაფერი გაანადგურა და შპალერიც ჩამოფხრიწა. ლამის ჭერამდე ხტებოდა, "მაიმუნობდა"... ახლაც მხიარულია - თავისთვის დარბის და დაშლიგინებს.

- არ გაბრაზებს? ოინებს არ გიწყობს?

- არა. ჩემს მშობლებს ლოგინში უწვება, მე - არა, რადგან მის ხასიათზე ვერ "ვივლი"... ხშირად მოდის, ფეხებთან მომელამუნება, კუდს გაიქნევს ხოლმე... ფარშავანგივით დიდი კუდი აქვს! მოკლედ, ულამაზესი კუსუსა გვყავს.

- რა ჯიშის არის?

- მთლად "ჯიშიანიც" არ არის, მაგრამ მგონი, ციმბირული ანგორისა და "რაღაცის" ნაჯვარი გახლავთ. ფუმფულაა.

- დიზაინერი პატრონი მის ჩაცმულობაზე ან ვარცხნილობაზე არ ზრუნავს?

- არა. ძაღლებს ტანსაცმელს რომ აცმევენ, დიდად არც ეგ მომწონს. ისე, ზოგ ძაღლს უხდება. ჩემს მეგობარს ძაღლი - ქეთო ჰყავს, რომელზეც ოჯახის წევრები გიჟდებიან, ისე უყვართ და ნაირ-ნაირ კაბებს აცმევენ. მოგეხსენებათ, კატა ძაღლივით დამჯერი არ არის. ერთხელ კუსუსას ლამაზი ყელსაბამი ვუყიდე, მაგრამ არ ატარა, იუცხოვა. ძალიან თავნება, "დასტოინი" "გოგოა". თავისი ბეწვითაც კმაყოფილია და ტანსაცმელს არ კადრულობს (იცინის).

- მარტში კატებს პირად ცხოვრებაში "აფორიაქების" პერიოდი აქვთ ხოლმე...

- საბრალო კუსუსა "ქალიშვილია". თავდაპირველად, როცა "ატყდებოდა", კნაოდა ხოლმე, შემდეგ კი ოპერაცია გავუკეთეთ: "ქალური" ორგანოები ამოაჭრეს და სექსუალური მოთხოვნილებაც გაუქრა. სამაგიეროდ, დაისვენა. კუსუსა ვეღარ დაორსულდება.

- ასეთი ხვედრისთვის როგორ გაიმეტეთ?

GzaPress- ქუჩაში არ ვუშვებთ, სახლის გარეთ ნამყოფი არც არის... ასე რომ არ მოვქცეოდით, მისთვის კატა უნდა მოგვეძებნა, მერე - კნუტები გაგვეჩუქებინა... მგონი, პრობლემა უკეთ გადავწყვიტეთ - ცხოველი ნაკლებად იტანჯება. მისთვის ოპერაციის გაკეთება ჯობდა, რადგან წინათ რაღაც წამალსაც ვასმევდით, რომელმაც კუსუსაზე უფრო ცუდად იმოქმედა - თურმე, იმ წამლის დალევა არ შეიძლებოდა...

- ამბობენ, დროთა განმავლობაში ცხოველი პატრონს ემსგავსებაო. შენ და კუსუსა ერთმანეთს ჰგავხართ?

- ასე ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ ამბობენ, რომ - ვგავართ. რამდენჯერმე შინ სტუმარი გვეწვია და აღნიშნა, - ოჯახში ყველას რა ლამაზი თვალები გაქვთო ანუ - კუსუსას, მის პატრონს, დედაჩემს და ა.შ. (იცინის). შეიძლება, ერთმანეთს თვალებით ვგავართ.

- ხასიათით - არა?

- გამორიცხული არ არის, რომ ერთმანეთს ხასიათითაც ვგავდეთ, რადგან კატა თავისებურია: მომთხოვნია, კომფორტი უყვარს...

- როცა მოგზაურობ, კუსუსა შინ რჩება?

- კი. "გასვლითი რეისი" კუსუსას ჯერ არ ჰქონია.

- სასეირნოდ საერთოდ არ გადის?

- არა. პირველ სართულზე მცხოვრები კატები ქუჩაში კი გადიან ხოლმე... თავდაპირველად, კუსუსა მაინც კარისკენ "იქაჩებოდა", ახლა გარეთ გასვლით აღარ ინტერესდება - სახლში ცხოვრებას მშვენივრად შეგუებულია.

- დღის განმავლობაში რას აკეთებს, როგორ ერთობა?

- მოგეხსენებათ, კატებს დიდხანს ძილი უყვართ - მათი ცხოვრების წესი ასეთია. კუსუსას რამდენიმე სამალავი აქვს და ხშირად გვიწევდა მისი ძებნა. თუ კარგ ხასიათზეა, სათამაშო თაგვებით ერთობა: "თაგვს" დაიჭერს, აქნევს... თუ აივანზე ჩიტები მოფრინდებიან, კუდს იქნევს - ვითომ ნადირობა უნდა (იცინის). ძალიან სასაცილო ვინმეა.

- მოფერება უყვარს?

- რა თქმა უნდა! თავად გაგრძნობინებს, როცა მოფერების ხასიათზეა. 1 ხალიჩა აქვს ამორჩეული. იქ მივა და დაწვება - განიშნებს, როდი უნდა, რომ მოეფერო.

- ტელეეკრანზე გცნობს?

- მგონი - არა. იტალიაში რომ ვიყავი, დედაჩემს "სკაიპით" ველაპარაკებოდი. "კუსუსა" რომ დავიძახე, კატა გაოცებულა - ჩემი ხმა გაიგონა და ვერ მხედავდა!.. აი, ტელეეკრანთან დაკავშირებით, "ექსპერიმენტი" ჯერ არ ჩაგვიტარებია (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი