მარიტა როხვაძე შეყვარებულს დაშორდა - გზაპრესი

მარიტა როხვაძე შეყვარებულს დაშორდა

მარიტა როხვაძე ქუთაისში გაიზარდა, მერე სიმღერა მოუნდა და "ჯეოსტარში" სცადა ბედი. საყვარელი, ბუნჩულა, გაბერილლოყებიანი გოგონა მაყურებელმა მალევე შეიყვარა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. დამწყებ მომღერალს მაშინ ცხოვრებას ამერიკაში მყოფი შეყვარებული - ზურა ნიქაბაძე ულამაზებდა. უკვე პოპულარულმა მარიტამ მიზანს მიაღწია და 2 წლის განმავლობაში წონაში 21 კილოგრამი დაიკლო, მაგრამ დაკარგა ყველაზე მთავარი, საყვარელი ადამიანი.

- ქალებს ზედმეტი წონის მოსაშორებლად სჭირდებათ სტიმული. მეთანხმები?

- მართალია, სტიმული ნამდვილად საჭიროა, მაგრამ მე შეყვარებული "ჯეოსტარში" მონაწილეობის პერიოდშიც მყავდა და მას ისეთი ვუყვარდი, როგორიც გახლდით. თუმცა, პროექტის ფინალს ტელეეკრანზე რომ ვუყურე, შემეშინდა: მაშინ 81 კილო ვიყავი და თან, ხომ იცით, ეკრანზე კიდევ უფრო ჭარბწონიანი ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ. ჰოდა, შემრცხვა... ახლა ზოგს მოსწონს გამხდარი მარიტა, ბევრი კი მეუბნება, - ის საყვარელი, ბუნჩულა მარიტა გვერჩივნა, რომელსაც თვალები უციმციმებდაო. ახლაც მიციმციმებს თვალები, თან - უკეთ ჩანს, რადგან ლოყები აღარ ეფარება (იცინის). ვფიქრობ, მხოლოდ კარგი ხმა და ვოკალური მონაცემები არ არის საკმარისი მომღერლისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს მის გარეგნობასაც.

- როგორც ჩანს, კარგი ნებისყოფაც გაქვს...

GzaPress- ჰო, ნებისყოფა მართლა აღმომაჩნდა. პირველი სამი თვე მხოლოდ წიწიბურას, უმარილო ყველს და წყალს გეახლებოდით, მეოთხე თვეს ვარჯიშიც დავუმატე; ვვარჯიშობდი, ვცურავდი და საუნაში შევდიოდი. საუნა რეკომენდებულია მაქსიმუმ, კვირაში სამი დღე, მე კი ყოველდღე 30 წუთით შევდიოდი. ქორწილში ან დაბადების დღეზე თუ წავიდოდი, მხოლოდ სამ ზეთისხილსა და ლიმონს ვჭამდი. ამ ყველაფერში ისიც დამეხმარა, რომ ძალიან მინდოდა, სცენაზე ლამაზი, გამხდარი, მომხიბვლელი გავსულიყავი და მომერგო ის სამოსი, რომელზეც მანამდე მხოლოდ ვოცნებობდი.

- შენს შეყვარებულს მოეწონა, რომ გახდი?

- კი, მოეწონა, მაგრამ ამბობდა, - ისეთი მიყვარდი, როგორიც იყავიო.

- დღეს ისევ ერთად ხართ?

- არა, მაგრამ დღემდე ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ... მისი სითბო და ყურადღება რომ მომაკლდა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მენატრებოდა. ახლაც მენატრება და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით მოვიკითხო. ის ისევ ამერიკაშია.

- ზურასთან ერთად დასასვენებლად დადიოდი, მის ოჯახთან მეგობრობდი... რატომ დაშორდით ერთმანეთს?

- მის ოჯახთან დღემდე ვმეგობრობ. ძალიან მიყვარს ზურას დედა და ძმა. ამ ურთიერთობის გაფუჭება ჩემი ბრალიც არის. პრესაში დაიწერა, ვითომ მე რომანი მქონდა მოდელთან, მახო (მაქსი) მაჭარაშვილთან. დილის 5 საათზე დამირეკა ზურამ, ელაპარაკა მახოსაც. ავუხსენით, რომ მხოლოდ მეგობრები ვართ და თითქოს დალაგდა ყველაფერი. მაგრამ მერე ისევ აგორდა ახალი ჭორები; ვიღაც ინკოგნიტოდ სწერდა ზურას რაღაცებს, მეც მწერდნენ მასზე, თითქოს სერიოზულად აღარ ფიქრობდა ჩემზე. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ერთი და იგივე ადამიანი გვწერდა ორივეს, ოღონდ - სხვადასხვა პროფაილით. ჩემი აზრით, შეყვარებულ ადამიანს, რომელიც თავის რჩეულთან ბედნიერია, არანაირი სოციალური ქსელი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ურთიერთობას ანგრევს; ზოგიერთები იმდენად დაბოღმილები არიან, რომ სხვის ბედნიერებას ვერ ეგუებიან...

- ვის შეეძლო, ეს გაეკეთებინა?

- ვიცნობ გოგოს, რომელსაც ზურა აინტერესებს. ის "ფეისბუკზე" მეგობრებში მყავს, ფოტოებს "მილაიქებს", მიკომენტარებს და ალბათ ჩვენი განშორებითაც ტკბება. ასე მგონია, ვერ მიტანს და ჩემი ბედნიერება არც ერთ შემთხვევაში არ გაუხარდება.

- მე კი ვფიქრობ, როცა წყვილს შორის ნამდვილი სიყვარულია, სოციალური ქსელი და ინკოგნიტო წერილები ამ ურთიერთობას ვერ დაანგრევს.

- თავიდან ამ წერილებს ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ ბევრი დაგროვდა და ეტყობა, ნებისყოფაც არ გვეყო... ვცდილობ, ვიყო პოზიტიური და სხვებთან საკუთარ პრობლემებზეც არ ვლაპარაკობ. არ მინდა, ვინმეს ჩემ გამო ხასიათი გაუფუჭდეს. ჰოდა, რატომ გადამეკიდნენ, მართლა ვერ ვხვდები... ზურას არ ვამტყუნებ, რადგან შორს იყო ჩემგან (ამერიკაში ცხოვრობს). მის ადგილას შესაძლოა, მეც "გამეჭედა", მით უმეტეს, რომ დედისერთა ვარ, თან - "თევზები" და საშინლად მესაკუთრე გახლავართ. ზურას ბევრი მეგობრის დათმობა მოუხდა ჩემ გამო, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი. ეს ურთიერთობა დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. არასდროს გავიმეორებ იმ შეცდომებს, რაც ზურასთან ურთიერთობისას დავუშვი! უკვე ვისწავლე კარგი ადამიანის ფასი.

- ვფიქრობ, დღესაც გიყვარს ზურა.

- მიყვარს, მენატრება და ამას არც ვმალავ.

- შენი "ფეისბუკის" გვერდზე ასეთი სტატუსი წავიკითხე: "თვალს ვხუჭავ და მაშინვე მოდიხარ... მოდიხარ ისევ ისე, როგორც მაშინ აღებდი კარს და ფეხაკრეფით მოდიოდი ჩემამდე. მაგ ლამაზ თითებს შეაცურებდი თმაში და მეთამაშებოდი... მე დავიძინებ, იქნებ ოდესმე ნაცნობმა სურნელმა ისევ გამაღვიძოს და ამაფორიაქოს, როგორც მაშინ, დიდი ხნის წინ". ეს სტატუსი ზურას ეკუთვნოდა?

- კი, ზურას ეკუთვნოდა, მაგრამ არ შეიმჩნია (ცრემლებს იწმენდს. - ავტ.). თუმცა, დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს და მიწერ-მოწერაც გვაქვს ზოგჯერ... მძიმეა ჩემთვის ამ თემაზე ლაპარაკი.

- იმასაც წერდი: ისევ აციმციმდა თვალებიო. რა ხდება?

GzaPress- ეს კარიერული ციმციმია. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს და მიხარია, რომ ძალიან დაკავებული ვარ. ამაში ჩემი პროდიუსერი, კახა ხოშტარია დამეხმარა. "ჯეოსტარში" კი გავიმარჯვე, მაგრამ ორი წლის განმავლობაში სახლში ვიჯექი. გავხდი, გავლამაზდი და მაინც ვერაფერს ვაკეთებდი. მერე კახა გამოჩნდა და დამასაქმა. ახლა ორ კლუბში ვმუშაობ. მაქვს ხელფასი, რომელიც მეც მყოფნის და ჩემს ოჯახსაც. ხომ იცით, ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობ. მამა მეორე ჯგუფის ინვალიდია, დედა კი 26 წელი ცეკვავდა ოპერის თეატრში, ახლა ასაკი აღარ უწყობს ხელს. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ შემიძლია, ოჯახს დავეხმარო. თითოეული თეთრის ფასი ვიცი.

- ყველა ადამიანს აქვს მიზანი, ფიქრი, ოცნება. შენ რაზე ოცნებობ? როგორი გინდა, იყოს მომავალი?

- ზუსტად ვიცი, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, რადგან ვფიქრობ: როცა ადამიანს რაიმე მთელი გულით უნდა, აუცილებლად მიაღწევს მიზანს. მაპატიეთ, მაგრამ ჩემი მომავალი საქართველოში ვერ წარმომიდგენია. აუცილებლად ვიცხოვრებ ამერიკაში, აუცილებლად ავიღებ "გრემის" და დავდგები ისეთ სცენაზე, როგორსაც ვიმსახურებ! აუცილებლად მივაღწევ დიდ წარმატებას და ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვარ ქართველი, ვარ ქუთაისელი.

- უფრო რომანტიკული ოცნებები არ გაქვს?

- მაქვს, ოღონდ არა - სახლი ტბის პირას და ჰამაკი ეზოში. მე მექნება პენტჰაუსი მანჰეტენზე.

- წეღან ისე ჩამოყარე ცრემლები, უფრო მეტად რომანტიკოსი მეგონე...

- ცრემლებიც ჩამოვყარე და გულიც ამიჩქარდა იმიტომ, რომ ვლაპარაკობდი ადამიანზე, რომელთანაც არაჩვეულებრივი სამი წელი გავატარე... თავში არ მიქრის. შემოქმედებითად მყარად რომ დავდგები ფეხზე, ალბათ მერე მეც მეყოლება გვერდით საყვარელი ადამიანი, თუნდაც იმ პენტჰაუსში.

ნინო მჭედლიშვილი