სოფო გელოვანი - ბავშვობიდან დღემდე - გზაპრესი

სოფო გელოვანი - ბავშვობიდან დღემდე

- მახსოვს, ბავშობაში, ჩემს ეზოში გამართული ყველა კონცერტისა და წამოწყების ინიციატორი ვიყავი. მართლაც, ზედმეტად აქტიური გახლდით, მაგრამ ჩემი სიცელქის გამო მშობლებისთვის პრობლემა არასოდეს შემიქმნია. როცა წამოვიზარდე, მშობლებმა ჩემში მუსიკის ნიჭი აღმოაჩინეს და ანსამბლ "ნერგებში" შემიყვანეს, სადაც ფორტეპიანოზე ვუკრავდი. პარალელურად, სკოლაში ვმღეროდი და ყველა ღონისძიებაში აქტიურად ვმონაწილეობდი.

- ეს ფოტო სად არის გადაღებული?

GzaPress- ბავშვობის დროინდელი ეს სურათი ძალიან მიყვარს და როცა ვუყურებ, მეცინება: ამ ფოტოზე ჩემი ძმა და ბიძაშვილებიც არიან აღბეჭდილი და თუ დააკვირდებით, ყველას ერთნაირი წითელი "ბასანოჩკები" გვაცვია, რომელიც მამამ ჩამოგვიტანა. ძალიან მომწონდა და არ ვიშორებდი (ბავშვობაში ტანსაცმლის ამოჩემება ვიცოდი). სურათი ზოოპარკში გადაგვიღეს. ბიძაშვილები ასაკით ჩემზე უფროსები არიან. მანებივრებდნენ და ამავე დროს, სულ მეუფროსებოდნენ, მაგრამ მახსოვს, თავს არ ვიჩაგრავდი (იცინის). სხვათა შორის, პუტკუნა და "ლოყებიანი" გოგო ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში წონაში დავიკელი, მხოლოდ 7 წლის ასაკამდე ვიყავი ასეთი ჩაპუტკუნებული.

- სკოლის მოსწავლე როგორ გამოიყურებოდი?

- კლასში ყველაზე პატარა ვიყავი. როცა ჩემი კლასელი გოგონები უკვე იპრანჭებოდნენ და დაქალებას ცდილობდნენ, მე ისევ ძალიან ბავშვური გახლდით. აი, ამ ფოტოზე 8 წლის ვარ. ახლა, როცა კლასელები და მეგობრები მხვდებიან, ყველა აღნიშნავს: დიდად არ შეცვლილხარ. თითქმის ისე გამოიყურები, როგორც მოსწავლეობის პერიოდშიო.

- თინეიჯერი სოფო როგორი იყო?

- გარდატეხის ასაკი იოლად გადავლახე. ვიცვამდი იმას, რაც მაშინ იყო მოდაში და სულაც არ ვცდილობდი, სხვებისგან ჩაცმულობით გამორჩეული ვყოფილიყავი. სამაგიეროდ, მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით, თმა ყოველთვის სხვადასხვა ფრად შეგვეღება და ამისთვის ისეთ საღებავს ვიყენებდით, რომელიც დაბანის შემდეგ იოლად მოგვშორდებოდა. კლასში 5 გოგო ძალიან დავმეგობრდით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს მეგობრობა დღემდე გრძელდება. მახსოვს, მოგვწონდა ერთმანეთის სამოსის ჩაცმა და მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, დედა გამიბრაზდებოდა, სახლში მეგობრის მაისურით არაერთხელ მივსულვარ. ვფიქრობ, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და ის პერიოდი ყოველთვის სასიამოვნოდ გამახსენდება.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს იცვლის, ბანკეტისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან...

- (მაწყვეტინებს) სკოლის ბანკეტს ნუ გამახსენებ, რადგან ეს იყო საშინელება. თუმცა ამ დღისთვის მართლაც განსაკუთრებულად მოვემზადე: მამიდამ გერმანიიდან ორი კაბა გამომიგზავნა და ვარცხნილობასა თუ მაკიაჟზეც წინასწარ ვიზრუნე. ხომ იცი, ამ პერიოდში გოგოს გინდება, ქალურად გამოიყურებოდე. ჰოდა, მაშინ მეგონა, რომ საბანკეტოდ გამოპრანჭული მართლაც, მაგრად და საოცრად ლამაზად გამოვიყურებოდი. ახლა კი იმ დღის ამსახველ ფოტოებს რომ ვუყურებ, მეცინება. როცა მეგობრები ძველ ფოტოებს ვათვალიერებთ, საბანკეტოდ გამოპრანჭულ საკუთარ თავზე კარგად ვხალისობთ.

- მაკიაჟს ყოველდღიურ ცხოვრებაში იკეთებ?

GzaPress- პირველი სერიოზული მაკიაჟი ბანკეტის დღეს გავიკეთე და არ მომეწონა. მანამდეც ვიღებებოდი, მაგრამ მსუბუქად და თანაც - იშვიათად. ახლა ამ საქმეს მეტი სერიოზულობითა და სიფრთხილით ვეკიდები. სცენას უხდება მკვეთრი მაკიაჟი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი უპირატესობას სიმსუბუქეს ვანიჭებ.

- სახის კანს როგორ უვლი? კოსმეტოლოგთან ხშირად დადიხარ?

- კოსმეტოლოგს იშვიათად ვსტუმრობ. სახის კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი, მაგრამ ვცდილობ, ხარისხიან კოსმეტიკასა და კრემებში ფული არ დავზოგო. როცა დრო მაქვს, ასევე, კიტრისა და ხილის ნიღბებს ვიკეთებ.

- სტუდენტობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?

- ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, ესპანური ენის განხრით, საერთაშორისო ურთიერთობებს ვსწავლობდი. მაშინაც ისე გამოვიყურებოდი, როგორც ახლა. მოკლედ, გარეგნულად არ შევცვლილვარ. უბრალოდ, მაშინ სულ გარეთ ვიყავი, ფეხით მიწევდა სიარული და ამიტომაც, ძირითადად სპორტულად მეცვა... სიმართლე გითხრათ, სტუდენტობის გემო ვერც გავიგე, რადგან ამ პერიოდში კონკურსებზე მიწევდა სიარული.

- ჩაცმასთან დაკავშირებით ვის აზრს ითვალისწინებ?

- სამოსი პირველ რიგში, თავად უნდა მომეწონოს და მასში თავი კომფორტულად ვიგრძნო. მე თუ არ მომწონს, გარშემო მყოფებმა რამდენიც უნდა მიმტკიცონ, - გიხდებაო, არ ჩავიცვამ. თუმცა, მყავს მეგობარი - ტატიანა მეფარიძე, რომლის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ. მან კარგად იცის ჩემი ხასიათი და სტილი.

- მეუღლის აზრს არ ითვალისწინებ?

GzaPress- ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საკუთარ აზრს გამოხატავს და თუ რაიმე არ მოეწონება, მეუბნება. მის სიტყვას ყოველთვის ვითვალისწინებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.

- თმა პირველად რა ასაკში შეიღებე?

- ბუნებრივად შავი თმა მაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, სკოლის პერიოდშიც ვიღებავდი, მაგრამ ისეთი საღებავით, რომელიც ადვილად მომშორდებოდა. მყარი საღებავით თმა მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით ერთი წლის წინ შევიღებე, უფრო სწორად, მელირება გავიკეთე და უკვე თითქმის აღარც მეტყობა. ახლა გადავწყვიტე, სანამ ჭაღარა არ გამიჩნდება, საღებავს აღარ გავიკარებ. ჩემს ხვეულ, სქელ თმას ძალიან ვუფრთხილდები და ვუვლი, რასაც "მიფასებს": ძალიან დამყოლია, ადვილად სწორდება. ზაფხულში ხვეული თმის ტარება მიყვარს, ზამთარში კი ხშირად ვისწორებ.

- სცენაზე კლასიკურ სამოსს ანიჭებ უპირატესობას, თუმცა ამ ფოტოზე განსხვავებულად გაცვია...

- ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ასე პროექტის გამო გამოვეწყვე. ვფიქრობ, სცენაზე მყოფს კლასიკური, აკადემიური სტილი უფრო მეტად მიხდება. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მუსიკაც ასეთია.

- თავის მოწესრიგებას ბევრ დროს უთმობ?

- შემიძლია, ძალიან სწრაფადაც მოვემზადო, მაგრამ მიყვარს, როცა არსად მეჩქარება. ჰოდა, ვიდრე სახლიდან გავალ, საათნახევრით ადრე ვიწყებ თავის მოწესრიგებას. მოკლედ, ჩემი რიტუალი მაქვს.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს. საათი ის ნივთია, რომლის გარეშეც გარეთ არ გავდივარ. მიყვარს შარფები, სათვალეები, ჩანთები. მომწონს ბიჟუტერია, რომელსაც თავადაც ხშირად ვყიდულობ და მჩუქნიან კიდეც.

- საკუთარ ქორწილში როგორ გამოიყურებოდი?

- მე და ჩემს მეუღლეს - ნოდო ლანდიას დიდი ქორწილი არ გვქონია. უბრალოდ, მეგობრების წრეში დავიწერეთ ჯვარი და თაფლობის თვის გასატარებლად წავედით. ჯვრისწერის დღეს ძალიან სადა, მაგრამ ლამაზი, კრემისფერი კაბა მეცვა. მე და ნოდო წლებია, ერთად ვართ და გვყავს 5 წლის დათა. არ მჯერა, 5 წელი ასე სწრაფად "გაფრინდა". არადა, მალე ჩვენი შვილი სკოლაში შევა, მოსწავლე გახდება. ქმარ-შვილთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო მიყვარს.

- შენს ფოტოალბომში ნოდიკო ტატიშვილთან ერთად გადაღებული ბევრი სურათია...

GzaPress- მოგეხსენებათ, ჩვენი დუეტი "ევროვიზიისთვის" შედგა. დღეს ძალიან კარგი, ახლო მეგობრები ვართ და ერთმანეთის აზრს, რჩევას ხშირად ვითვალისწინებთ.

- პროექტში - "ორი ვარსკვლავი" მონაწილეობდი. რას იტყვი შენს მეწყვილეზე?

- მყავდა ძალიან კარგი მეწყვილე, წყალბურთელი მიშა ბაღათურია. პროექტი არა მარტო მისთვის, არამედ ჩემთვისაც საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ არაპროფესიონალ მომღერალთან მომიხდა მუშაობა. იყო სირთულეები, მაგრამ დავძლიეთ და ჩვენი წყვილი შედგა. ჩემი აზრით, ცუდი გამოსვლები არ გვქონდა. მინდა, მიშას წარმატებები ვუსურვო.

- ოდესმე საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე არ გიფიქრია?

- არ არსებობს ადამიანი, ვისაც თავი უნაკლო ჰგონია. რაღაცები მეც არ მომწონს და ყოფილა შემთხვევა, როცა მითქვამს: ასეთი თვალები ან ცხვირი რომ მქონოდა, უკეთესი იქნებოდა-მეთქი. მაგრამ ოპერაციის გზით საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლა არასდროს მომნდომებია.

- დაბოლოს, შენს შემოქმედებაში თუ არის რაიმე სიახლე?

- ძალიან მალე ჩავწერ ახალ ფრანგულენოვან სიმღერას, რომელიც ლილიკო ნემსაძემ ჩემთვის დაწერა. ის ტანგოს ახლებური ვერსია. ასევე იგეგმება ჩემი ალბომისთვის კიდევ ერთი ახალი სიმღერის ჩაწერა და ჩემი კონცერტი გერმანიაში.

მარეხ ჭონიშვილი