"მანიაკი" გალაკტიონ ტაბიძის როლში - გზაპრესი

"მანიაკი" გალაკტიონ ტაბიძის როლში

ლაშა გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრის მსახიობი გახლავთ. თეატრის სცენაზე განსხვავებულ როლებს ასრულებს... ამჟამად, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მხატვრულ ფილმზე - "ექვთიმე თაყაიშვილი" მუშაობს, რომელშიც გალაკტიონ ტაბიძის როლში მოგვევლინება.

- "ღამის შოუს" სტუდიის კასტინგზე დავით გოგიჩაიშვილს თავად უთხარი, რომ ვინმე ბოროტი, ზორბა მეზობლის როლს შეასრულებდი. მანიაკის როლზე შენი დამტკიცება როგორ მოხდა?

GzaPress- სერიალის კასტინგების მენეჯერი - ეკა მჟავანაძე ჩემი მეგობარია. თან, მისი ასისტენტიც ვარ: როცა "მასოვკები" ან ეპიზოდური როლის შემსრულებლები სჭირდებათ, ხშირად ვეხმარები. ამ როლს რაც შეეხება: თავდაპირველად, უბრალოდ ჩემი ხმის ჩაწერა სურდათ. მოგეხსენებათ, ჩემი პერსონაჟი - მანიაკი ანკას რადიოში ურეკავს. ვხუმრობდი, - რადგან რუსთაველი ვარ, მიიჩნიეს, რომ მანიაკის როლს უფრო დამაჯერებლად შევასრულებდი-მეთქი (იცინის). შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი გმირი ეკრანზე უნდა გამოჩენილიყო. რამდენიმე სცენა გადავიღეთ. ახლა სერიალში ისევ "ხმით" ვარ. მერე რა იქნება, არ ვიცი... მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნოა, როცა მის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. კრეატიულ ჯგუფთან ვმუშაობ, რომელმაც თავისი საქმე იცის. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

- ოდესმე თქვენი პერსონაჟის მსგავსი ადამიანი შეგხვედრიათ?

- ვინმესთვის სურათი გადაეღოთ და ამით "დაეშანტაჟებინოთ", მსგავსი რამ მხოლოდ ტელევიზორში მინახავს. პირადად მე, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია. ჩემი გმირის საქციელი არაკაცურია. "დაჟე", ერთხელ თინა მახარაძეს ჩემი პერსონაჟის შესახებ ვკითხე, - ამ კაცს შენგან რა უნდა? მგონი, სერიალის ეს გმირი საქართველოა-მეთქი. ამაზე გულიანად ვიცინეთ... არა მგონია, მსგავსი რამ ოდესმე ჩავიდინო. თუმცა, გამორიცხულიც არაფერია, ამქვეყნად ყველაფერი ხდება: ბოლო დროს ისეთი რამ მოხდა, ისე მოვიქეცი, რომ ადრე ვერც ვიფიქრებდი, ამის გაკეთებას თუ შევძლებდი. მერე მიკვირდა, - ეს როგორ ჩავიდინე-მეთქი?

- რას გულისხმობთ?

- ადამიანმა, რომელსაც ვენდობოდი, რომელთანაც ვმეგობრობდი და ვთანამშრომლობდი, რატომღაც, ჩემი ნდობა ბოროტად გამოიყენა, მერე კი ამის გამო პასუხი მოვთხოვე. დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ...

- ნიკა ხომასურიძესთან ისევ თანამშრომლობთ?

- კი, ის ჩემი ახლო მეგობარია. სხვათა შორის, ახლა ფილმის - "ექვთიმე თაყაიშვილი" სცენარზე მუშაობას ვასრულებთ. სცენარის დასასრულებლად, საფრანგეთში გამგზავრება გვინდა, რადგან ერთია, როცა კონკრეტული სიტუაციის შესახებ წაკითხული გაქვს და მეორე - როცა იქაურობას პირადად ნახავ. საფრანგეთში არასოდეს ვყოფილვარ. ჰოდა, იქაურობაზე როგორ დავწერო?

- როგორც მივხვდი, "ექვთიმე თაყაიშვილის" სცენარისტი ხართ...

- დიახ. ნიკამ 3 წლის წინ მკითხა, - ამ ფილმისთვის სცენარზე მუშაობას შევძლებდი თუ ვერა. სხვათა შორის, სულ მეგონა, რომ ისტორიულ ბიოგრაფიას არასოდეს დავწერდი, რადგან ეს რთული სამუშაოა: როცა სიუჟეტს თავად იგონებ, ვერავინ ვერაფერს მოგკითხავს - სცენარი ხომ შენი ფანტაზიის ნაყოფია? მაგრამ ბიოგრაფიაზე მუშაობისას ბევრ რამეზე ხარ დამოკიდებული: მთავარ "ხაზს" არ უნდა ასცდე, რადგან ფილმის გმირი რეალურდ არსებობდა, ცხოვრობდა. მისი გრძნობების შესახებ ვერასოდეს შევიტყობ, თუკი მის ჩანაწერებს არ წავიკითხავ. ამ სცენარზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. სულ მეგონა, რომ ინტერნეტში სასურველ ინფორმაციას ყოველთვის მოვიძიებდი, მაგრამ ასე არ არის: ყველა საიტზე ერთი და იგივე ინფორმაციაა გამოქვეყნებული. ამიტომ ბიბლიოთეკებში სიარული და ისეთი პიროვნებების ძებნა დავიწყეთ, ვინც ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ მეტი ინფორმაცია იცოდა. სცენარს საინტერესო "ფორმა" მივეცით: ექვთიმე თაყაიშვილის წერილები "დავშალეთ" და დიალოგებად "ავაწყვეთ". მაყურებლები ასე უკეთ იგრძნობენ, თუ ვინ იყო ეს კაცი, რა უნდოდა და როგორ მოახერხა საქართველოსთვის ისტორიულად განსაკუთრებული განძის სამშობლოსთვის უკლებლივ დაბრუნება.

- სცენარზე მუშაობისას, ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ისეთი რა შეიტყვეთ, რაც საზოგადოებამ არ იცის?

- გავიგეთ, რომ დიდი "ფიგურები" დასათანხმებლად "დასდევდნენ", მათთვის განძის ნაწილი რომ მაინც მიეყიდა. ექვთიმეს ემიგრაციაში უამრავი მტერი ჰყავდა. იმის გამო გადაემტერენ, რომ საფრანგეთში მყოფი ქართველები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდნენ, ექვთიმე კი დიდძალ ქონებას უფრთხილდებოდა, ერთ მონეტასაც არ ჰყიდდა. ამბობდა, - ეს ხალხის საკუთრებაა და არა - ჩვენიო. მასთან კოლექციონერები, მდიდარი ადამიანები სწორედ უკიდურესი გაჭირვების დროს მიდიოდნენ. ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს კიდეც, - სისტემატურად ასეთი დამთხვევები შეუძლებელია: დარწმუნებული ვარ, ჩვენ შესახებ მათ ინფორმაციას ვიღაც "შიგნიდან" აწვდისო... სცენარში ნიკო ფიროსმანის, გალაკტიონ ტაბიძის სცენები საინტერესოდ "ჩავსვით". შემოდგომაზე ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი და წვერი მოშვებული მქონდა. ნიკამ ჩემი სურათი რომ ნახა, მითხრა, - გალაკტიონი შენ უნდა იყოო. ეს წინადადება ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ.

- "ექთიმე თაყაიშვილის" სცენარზე მუშაობისას საკუთარ თავს რომელ პერსონაჟად "ხედავდით"?

- საფრაგეთში, ერთ-ერთ სუფრაზე, სუფრის წევრები დიდაქტიკური მოტივებით გამოდიან, სადღეგრძელოებს ამბობენ, ერთ-ერთი ადამიანი კი ყველას აუშარდება - საქართველოს სადღეგრძელოს რა სინდისით ამბობთ? როცა ქვეყანას სჭირდებოდით, კურდღლებივით გამოიქეცით, ახლა კი გინდათ, დიდაქტიკური მოტივებით თავი მოიწონოთო! აი, ეს ტიპი ძალიან მომეწონა; ამ გმირის როლში ჩემი თავი "დავინახე"... სცენარში ბევრი ინტრიგაა. ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორი გენი, წარსული გვაქვს. ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ არ ვიცით.

- ორ ქართულ სერიალში გამოჩნდით...

- (მაწყვეტინებს) აი, თქვენ თქვით, - ორიო, არადა, ვმონაწილეობდი სერიალებში - "გოგონა გარეუბნიდან", "ჩვენი ოფისი", "კა17", "დეტექტივები", "კლინიკა" და ეს არავის ახსოვს. მიხარია, რომ ჩემი ახალი როლი მაყურებლისთვის დასამახსოვრებელია.

- მიგაჩნიათ, რომ საშიში პერსონაჟების განსახიერებით თქვენი "ნიშა" იპოვეთ?

GzaPress- ზუსტად! სხვათა შორის, ნიკა ხომასურიძემ ფესტივალებისთვის ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი - "დილემა - შავი და თეთრი" გადაიღო, რომელშიც "თეთრი" ვარ ანუ სიკეთეს ვასახიერებ. ეს ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი როლი იყო. ინგლისურ ენას კარგად ვერ ვფლობ, მაგრამ შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ფილმში საკმაოდ კარგი სახე შევქმენი. ჩემი გმირის სურათის ნახვის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა ცხენზე ჯირითის სცენაში გადამიღეს... ჩემი მთავარი პროფესია მსახიობობაა და წარმატების მისაღწევად ბევრს ვმუშაობ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოში ეროტიკულ სცენაში მონაწილეობის სურვილი არ გაქვთ. "ჩემი ცოლის დაქალებში" ანკასთან სექსის თამაში რომ დაგჭირდეთ, რას იზამთ?

- არა მგონია, სცენარისტებმა საქმე აქამდე მიიყვანონ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ფილმზე ისეთი პროფესიონალები მუშაობენ, რომ ვფიქრობ, მონაწილეობისგან თავშეკავების მიზეზი არ მექნება. თან, სხვა პერსონაჟების ლამაზად, ესთეტიკურად გადაღებული ეროტიკული სცენები უკვე ვნახეთ.

- ცოტნე ცოტაშვილის ადგილას რომ ყოფილიყავით, მანიაკის მიერ შემოთავაზებული წინადადების მოსმენისას როგორ მოიქცეოდით?

- ჩემს მანიაკ პერსონაჟს ცხვირ-პირს ისე დავუმტვრევდი, რომ არაფერი მოუნდებოდა: არც - ქალი, არც - კაცი; სურათს კი არა, საკუთარ დაბადების დღეს დავავიწყებდი (იცინის). სერიალში რაც უფრო მეტი ბარიერია, სანახაობაც უფრო საინტერესოა.

- ფართო საზოგადება სერიალებიდან გიცნობთ. თქვენი აზრით, გალაკტიონ ტაბიძის როლში როგორ მიგიღებენ?

- შეიძლება, უცებ ვერც მიხვდნენ, სინამდვილეში ვინ ვარ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ შესანიშნავ პოეტს წვერის, მაკიაჟის დახმარებით გარეგნულად დავემსგავსო.

ეთო ყორღანაშვილი