"ბანის" სოლისტი ახალშექმნილი ოჯახის შესახებ - გზაპრესი

"ბანის" სოლისტი ახალშექმნილი ოჯახის შესახებ

მათეს თქმით, ეს მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარულია. წყვილი ოჯახურ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

- "ბანის" წევრებთან ერთად, ქვაშუეთის ეკლესიასთან, მიწისქვეშა გადასასვლელში ვუკრავდი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა წევრმა - გოგამ სურვილი გამოთქვა, - კოლმეურნეობის მოედანზე გადავიდეთო. წინააღმდეგობა გავუწიეთ, მაგრამ საბოლოოდ, დავთანხმდით. პირველივე დღიდან გზა იკეტებოდა, ხალხს გავლა უჭირდა და ამის გამო იქ დგომას გვიკრძალავდნენ. ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მაღაზიაში, დედასთან მოდიოდა. მოგეხსენებათ, მეგრელებისთვის შეუმჩნეველი არაფერი რჩება და მეც, ეს ლამაზი გოგონა თვალში მომხვდა (იცინის), რისთვისაც მთელი ცხოვრება გოგას მადლობელი ვიქნები.

- თქვენს მოსასმენად ეთო მაღაზიიდან არ გამოდიოდა?

ეთო:

- დედას გამოვყავდი ხოლმე. მეუბნებოდა, - ნახე, რა კარგი ბიჭები არიან, როგორ მღერიანო.

მათე:

- მაღაზიის შუშებს მიღმა ქსოვილები იყო დალაგებული. გამვლელებს სულ იმას ვთხოვდი, შუშასთან არ დამდგარიყვნენ. ეთო ერთ-ორ ქსოვილს აიღებდა ხოლმე და იქიდან მიყურებდა. მინდოდა გამეცნო, მაგრამ ვერ ვახერხებდი. არ მინდოდა, უკან გავყოლოდი. ერთხელ ვიღაც კაცმა ჩამოიარა და სათბურში გაზრდილი ყვავილი მაინცდამაინც მე მაჩუქა. ეს მინიშნებად ჩავთვალე, მაღაზიაში შევიტანე და ეთოს ვაჩუქე. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. "ფეისბუკზე" მიმოწერაში ღამეებს თეთრად ვათენებდით.

- და ეს დილით სიმღერაზე არ აისახებოდა?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთი მოზღვავებული ენერგია მქონდა, პირიქით - უფრო კარგად ვმღეროდი. ერთხელ სახლში კომპიუტერი გაგვიფუჭდა. ის ღამე ინტერნეტკაფეში გავათენე. დილით მეპატრონე გაოცებული შემოვიდა, - სახლში წასვლას არ აპირებო? 11 საათზე ძლივს ავდექი. კოკისპირულად წვიმდა, მაგრამ სიყვარულით გაბრუებული, ნელი ნაბიჯით მივდიოდი სახლში. ერთხელაც, სასიდედრო შემხვდა. მითხრა: ჩემი შვილი სწავლობს და თავი დაანებე, ხელი ეშლებაო. ეთოს დავურეკე და ვუთხარი, რომ მისი ნახვა ამიკრძალეს. ეთომ მითხრა, - მერე რა, ჩუმად გნახავო. პირველად ვარდების ბაღში შევხვდი. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.

- ეთო, როგორ ფიქრობ, მათე სხვა სიტუაციაში რომ არ გაგეცნო და არ გცოდნოდა, როგორც მღერის, მაინც შეძლებდა შენს მოხიბვლას?

ეთო:

GzaPress- რა თქმა უნდა, სიმღერითაც მომხიბლა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამით. თვალებიდან ენერგიას, სიცოცხლის სიყვარულს აფრქვევს და მასში ყველაზე მეტად ეს მიყვარს.

- გარდა ამისა, რა თვისებებით გამოირჩევა?

- ძალიან ყურადღებიანია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ადრე უფრო რომანტიკული იყო, ვიდრე ბოლო დროს (იცინის). ერთხელ სახლთან სერენადაც მიმღერა.

- წყლის გადმოსხმას გადაურჩა?

- სხვათა შორის, როგორც ჩანს, ჩემი ოჯახის წევრების ეშინოდათ და ამიტომაც, ძალიან სწრაფად იმღერეს. მერე მამა გავიდა და ბიჭები სახლში შემოიპატიჟა.

- ეთო როგორი დიასახლისია?

მათე:

- არაჩვეულებრივი. მიუხედავად იმისა, რომ სწავლობს, ყველაფერს ისე აწესრიგებს, არ შეგაწუხებს. თქმა არ მჭირდება, ისედაც ხვდება, რა მჭირდება, რა მწყინს, რა მიხარია...

- როცა საჭიროა, შენს გაბრაზებასაც კარგად ახერხებს?

ეთო:

- თვითონ უფრო ხშირად მაბრაზებს. ძირითადად, კარგ ხასიათზეა, მაგრამ თუ რამე ეწყინა, უცებ იცის "აფეთქება"; სხვაზეც რომ ბრაზდება, ჯავრს ჩემზე იყრის (იცინის).

- ერთმანეთზე ეჭვიანობთ?

მათე:

- ეს გადამეტებული სიყვარულის ბრალია.

- მაგრამ ეჭვი ხშირად საქმეს აფუჭებს...

- რა თქმა უნდა, ავადმყოფობაში არ უნდა გადაიზარდოს. თუმცა, არც ისაა სწორი, როცა არაფერზე რეაგირებ.

ეთო:

- მე არა, მაგრამ მათე ეჭვიანია. მგონია, რომ როცა გიყვარს, ენდობი კიდეც და იქ ეჭვიანობას "არაფერი ესაქმება". პირიქით, მიხარია, რომ ჩემი მეუღლე ბევრ გოგონას მოსწონს, გამართლებით კი მხოლოდ მე გამიმართლა (იცინის).

- მათე, როგორც ვიცი, სამეგრელოდან ხარ. აქ ჩამოსულს თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდა?

მათე:

- ღარიბი ოჯახი მქონდა. ჩემი ბავშვობის პერიოდიც რთული იყო: გახსოვთ ალბათ, ეს ის დრო იყო, "რეკორდი" ტელევიზორები რომ გვქონდა და მის გადასართავად ბრტყელტუჩას ვიყენებდით (იცინის)... ჯერ პატარების ანსამბლში ვმღეროდი, შემდეგ - დიდების. ფულს რომ აიღებდნენ, ცოტ-ცოტას მეც მჩუქნიდნენ ხოლმე. 10 წლის ვიყავი, როცა თბილისში მეზობელმა, ბორის ქობალიამ ჩამომიყვანა. მამა აქ იყო. სადგურზე დაგვხვდა და მეზობელს გაუნაწყენდა, - ამის საშუალება რომ მქონოდა, თავად წამოვიყვანდიო. ბიძასთან ვცხოვრობდი, რადგან ქირის ფული არ მქონდა. დღეს ბედნიერი ვარ იმით, რაც მაქვს. სოფელში რომ ჩავდივარ, მიწას ვკოცნი ხოლმე.

- ქორწილის გადახდას გეგმავთ?

ეთო:

- დიახ. მალე ლამაზი ქორწილი გვექნება. მათეს დიდი, ტრადიციული ქორწილი უნდა, მე კი მხოლოდ ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად. მათე ალბათ ჩოხას ჩაიცვამს, ისედაც სულ ნაციონალური სამოსმით დადის. სამკერვალოში აკერვინებს ეროვნულ, განსხვავებულ სამოსს. გაგიკვირდებათ და, 7 შვილის ყოლის სურვილი აქვს. თანაც, მინდა, რომ დედამ გაზარდოსო.

მათე:

- ბავშვები აუცილებლად, დედამ უნდა გაზარდოს. ძალიან საყვარელი სიდედრი მყავს და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილების აღზრდაში ისიც სიხარულით მიიღებს მონაწილეობას.

- შვიდ შვილს მხოლოდ სიმღერით არჩენ?..

- არა, რა თქმა უნდა. აფრიკაში სტუდია გვაქვს გახსნილი და ასი ბავშვი გვყავს. ვგიჟდები მათზე... პატარ-პატარა საქმეს სულ ვაკეთებ და მალე ოჯახურ ბიზნესსაც წამოვიწყებთ. სხვათა შორის, მალე "ბანის" ალბომი გამოვა, მხოლოდ ერთი სიმღერა დაგვრჩა ჩასაწერი. ახლახან ბათუმში გვქონდა კონცერტი, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ზაფხულში რეგიონებში ვგეგმავთ გასვლას. გარდა ამისა, ყოველ კვირა დღეს ბიჭებთან ერთად, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში ვიგალობებთ. ამ ტაძარს სრულიად შემთხვევით დაუკავშირდა ჩემი ცხოვრება: ერთხელ მორჩილი გავიცანი, ნომრები გავცვალეთ, მაგრამ ის ნომერი დავკარგე და ვეღარაფრით დავუკავშირდი. აღდგომის წინადღეს მე, ეთო და ჩემი სიმამრი მცხეთაში ამ მონასტრის საძებნელად წავედით. რამდენიმე მონასტერი მოვილოცეთ, მაგრამ ეს ტაძარი ვერ ვიპოვეთ. წამოსვლას ვაპირებდით, როცა ეკლესია შევნიშნეთ. მივედით და აღმოჩნდა, რომ ის ბერი სწორედ ამ ტაძარში იყო. აღდგომის ღამეს მოძღვარი ავიყვანე, ვეზიარე. მანამდე არ ვცხოვრობდი ეკლესიური წესით. სტიქარიც ჩავიცვი.

შორენა ლაბაძე