ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი - გზაპრესი

ზურ­მუხ­ტის ქა­ლა­ქის ჯა­დო­ქა­რი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი თავის ყველაზე პატარა მაყურებელს მორიგი პრემიერით შეხვდა. 28-30 ოქტომბრიდან მაყურებელს საშუალება აქვს დაესწროს ორმოქმედებიან თოჯინურ წარმოდგენას "ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი", რომელიც ორ - ქართულ და რუსულ ენებზე იმართება.

სპექტაკლი ამერიკელი მწერლის, ფრენკ ბაუმის ცნობილი რომანის - "ოზის ჯადოქრის" მიხედვით დებიუტანტმა რეჟისორმა, დენ ხლიბოვმა დადგა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

ქარბორბალამ, რომელიც კანზასის შტატს დაატყდა, პატარა გოგონა ელი და მისი ძაღლი ტოტო სახლიანად ჰაერში აიტაცა და ზღაპრულ ქვეყანაში გადააფრინა. ელი სასწრაფოდ, შინ დაბრუნებას გადაწყვეტს, მას ხომ იქ დეიდა და ბიძა ელოდებიან. თუმცა, კანზასში დასაბრუნებლად გოგონამ ჯერ ზურმუხტის ქალაქამდე უნდა მიაღწიოს, სადაც კეთილი ჯადოქარი გუდვინი ეგულება. მხოლოდ მას შეუძლია ელისა და ტოტოს დახმარება. გოგონა ყვითელი აგურით მოფენილ გზას გაუყვება და ამ მოგზაურობისას გაიცნობს საფრთხობელას (რომელსაც მიაჩნია, რომ ჭკუა აკლია), რკინის კაცს - ტყის მჭრელს (რომელიც უგულობას განიცდის) და მშიშარა ლომს. ელი სამივეს დაარწმუნებს, რომ დიდებული ჯადოქარი გუდვინი ყოველ მათგანს დაეხმარება და მეგობრები გზას გაუდგებიან. ისინი ერთად გადალახავენ წინააღმდეგობებს და საბოლოოდ, ნანატრ მიზანსაც მიაღწევენ.

დენ ხლიბოვი:

- ჩემი სადიპლომო ნამუშევარი მარჯანიშვილის თეატრის "სხვენში" დავდგი. ეს იყო ნიკოლოზ გოგოლის "მოთამაშეების" მიხედვით გაკეთებული კლასიკური პიესა თანამედროვე დროში. ახლა კი, ბავშვებისათვის წარსადგენად, არჩევანი "ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარზე" შევაჩერე. შევეცადე, სიუჟეტი ბავშვებისთვის გასაგები ენით მომეთხრო და გადავწყვიტე, სცენაზე მეთოჯინე გამოსულიყო, რომელიც თოჯინებს ქმნის და ამავდროულად, მათთან ერთად თამაშობს. ალბათ, მეთოჯინეში, როგორც რეჟისორმა, ჩემი თავი ვიგულისხმე. ის სხვადასხვა ხრიკს, ისტორიას თხზავს თოჯინებთან ერთად და მაყურებელს ელისა და მისი მეგობრების ზღაპარს უყვება.

- სპექტაკლი ორმოქმედებიანია. როგორ ფიქრობ, ამდენ ხანს გაძლებს პატარა მაყურებელი?

- დაწყებით კლასებში გაკვეთილის დრო 35 წუთით განისაზღვრება, შემდეგ კლასებში - 45 წუთით. ჩვენც შესაბამისად ვიმოქმედეთ და პირველ მოქმედებაში 45 წუთს არ გავცდით, ხოლო მეორე მოქმედებას 30 წუთი დავუთმეთ. შუალედში ბავშვები 15 წუთი შევასვენეთ და აქედან გამომდინარე, არა მგონია, სპექტაკლზე გაჩერება პატარებისთვის რთული იყოს. აფიშაზე აწერია +5. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი 5 წლიდან მე-4 კლასელ მოსწავლეებს დააინტერესებს. თავიდან მინდოდა, სპექტაკლი "ლეგოს" კონსტრუქციებით გადამეწყვეტა, მაგრამ შემდეგ სხვა გზა ავირჩიეთ და კლასიკურად გადავწყვიტეთ.

- ამ სპექტაკლის შემდეგ, რა გეგმა გაქვთ?

- მინდა, ილიაუნის თეატრში დავდგა სპექტაკლი "ოთახი #13". სიტუაცია-კომედია უფროსი ასაკის მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ნინო ჩიტაიშვილი:

- "ზურმუხტის ქალაქის ჯადოქარი" ბავშვობიდან მახსოვს. ამ ზღაპრის მიხედვით მულტფილმიც იყო გადაღებული. ეს ჩემი პირველი გამოცდილებაა თოჯინური სპექტაკლის მხატვრობაში. ძალიან სპეციფიკურია. მინიატიურული არსებები იქმნება და ფაქიზი შესრულება უნდა. სიამოვნებით ვიმუშავე სპექტაკლზე, კარგი სადადგმო ჯგუფი იყო. დარბაზში 5 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებიც ისხდნენ და ვხედავდი, როგორ ჩაერთნენ სპექტაკლის მსვლელობაში. ვფიქრობ, წარმოდგენა სანახაობრივი გამოვიდა და ბავშვებსაც მოეწონათ.

როგორც ანტრაქტსა და სპექტაკლის ბოლოს ჩანდა, კეთილმა ზღაპარმა მეგობრობაზე, ერთგულებაზე, სიმამაცესა და სიყვარულზე გულგრილი არ დატოვა პატარა მაყურებელი. ელი, ტოტო, ლომი, საფრთხობელა, რკინის კაცი... - ეს ის მთავარი პერსონაჟები არიან, რომლებიც თეატრში მისულ პატარებს ყველაზე კარგად დაამახსოვრდათ.

ცნობისათვის, პიესის თარგმანი ანანო მირიანაშვილს ეკუთვნის. ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი დენ ხლიბოვია. დამდგმელი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი, მხატვარი-მეთოჯინე - მაია სულხანიშვილი. მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის, ქორეოგრაფი დავით მეტრეველი, სიმღერების ტექსტის ავტორი ნინო პაპიაშვილი და ნინო მანაგაძე.

ანა კალანდაძე