ზურა ინგოროყვა შს მინისტრი გახდება - გზაპრესი

ზურა ინგოროყვა შს მინისტრი გახდება

რუსთაველის თეატრის მსახიობი ორ ამერიკულ ფილმში სახელგანთქმული ავიატორისა და შს მინისტრის როლებს ითამაშებს. ცოტა ხნის წინ, მსახიობი ტელეგადაცემის - "ბიზნესი მაღალ ქუსლებზე" წამყვანი გახდა და როგორც ამბობს, საქართველოში საკმაოდ მომრავლებული "მაგარი" და წარმატებული ქალების პიარზე ზრუნავს.

- როგორ მოხვდით იმ "გაუგებრობაში", რასაც ჰოლივუდი ჰქვია?

GzaPress- ერთ დღეს დამიკავშირდა ქართველ დოკუმენტალისტთა ჯგუფი, რომლებიც ამერიკელებთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ. მივედი, ვისაუბრეთ და როლზე კასტინგის გარეშე დამამტკიცეს. გადაწყდა, რომ უნდა განვასახიერო ამერიკელი შს მინისტრი. მოკლედ, მალე ძალოვან სტრუქტურაში მიხილავთ (იცინის), - ეს არის მეორე პროექტი. რაც შეეხება პირველ პროექტს: იღებენ ფილმს ამერიკაში მოღვაწე სახელოვან ავიატორ ალექსანდრე ქართველიშვილზე და მთავარ როლზე მიმიწვიეს. ამ ადამიანს დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკული ავიაციის განვითარებაში. მან გვარი შეიმოკლა და ქართველი გახდა. როგორც მითხრეს, ჩემამდე ამ როლზე სხვა ცნობილი ქართველი მსახიობი ჰყავდათ დამტკიცებული, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, აზრი შეიცვალეს და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ეს არის ქართულ-ამერიკული პროექტი და იქნება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. კახი კავსაძე განასახიერებს ასაკოვან ქართველიშვილს, რომელიც ჰყვება თავის ცხოვრებაზე, მე კი ახალგაზრდა ავიატორი ვიქნები. გადაღებები გვექნება ამერიკაში, პარიზსა და ალბათ, საქართველოშიც. ჯერჯერობით ამერიკელები დოკუმენტურ მასალაზე მუშაობენ.

- თავად რა იცით ალექსანდრე ქართველიშვილზე?

- ეს ადამიანი ამერიკაში პოპულარულია. მან, ფაქტობრივად, პირველი თვითმფრინავი შეუქმნა ამერიკას. პროდიუსერმა მითხრა: ქართველიშვილზე "ნასას" აქვს სერიოზული გასაიდუმლოებული მასალა. დიდი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიპოვეთ და ფაქტობრივად, სცენარი თავიდან იწერებაო. გარდა იმისა, რომ ავიაინჟინერი იყო, ქართველიშვილი საინტერესო და ქარიზმატული ადამიანი ყოფილა. იგი მის მომავალ მეუღლესთან ერთად ისვენებდა პარიზში, როცა მასთან მისულა ვიღაც მდიდარი ამერიკელი, გასცნობია და უთქვამს: ჩემთან, ამერიკაში წამოდი და ერთად ავაგოთ თვითმფრინავიო. წარმოიდგინეთ, 20-იანი წლებია და ის წარმოუდგენელ რაღაცაზე დათანხმდა, გარისკა და წავიდა! მაშინ ამერიკაში ასე ხდებოდა: როცა სამხედრო ტენდერებს აცხადებდნენ, იმარჯვებდა არა ერთი, არამედ ორი კომპანია, რომლებიც ცალ-ცალკე მუშაობდნენ იდენტურ პროექტზე; ვინც უკეთეს პროექტს ჩააბარებდა, ის გაიმარჯვებდა. ქართველიშვილი ავიატორ ჰოვარდ ჰიუზის დროს მუშაობდა (გახსოვთ ალბათ ფილმი "ავიატორი", რომელშიც ჰიუზის როლს დიკაპრიო ასრულებს). ტენდერში ქართველიშვილმა და ჰიუზმა გაიმარჯვეს, მაგრამ საბოლოოდ, ჰიუზის ტრაგედიის შემდეგ (თვითმფრინავი ჩამოვარდა), ქართველმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, ჩვენ შორის გარეგნული მსგავსებაც არის.

- ფილმში პარტნიორობას ვინ გაგიწევთ?

- ქართველიშვილის მეუღლე იქნება მაია ასათიანის და, რომელიც, როგორც მითხრეს, მსახიობი არ არის.

- ზურა, ჰამლეტით დაწყებული, დავით აღმაშენებლით დამთავრებული, უამრავი საინტერესო როლი ითამაშეთ თეატრში.

- მართლაც, ბევრი საინტერესო როლი მითამაშია და თითოეული მათგანი მიყვარს. თუმცა, არის სპექტაკლები, რომლებზეც მაყურებელი გიჟდება, მაგრამ მე დიდად არ მომწონს. ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორია ესა თუ ის სპექტაკლი, რადგან ჩანასახიდანვე "მასთან ვარ", "ერთად ვცოცხლობთ"... გამოვყოფ როლს, რომელიც ძალიან მიყვარს: ეს გახლავთ მერვე მსაჯული "12 განრისხებულ მამაკაცში". პრემიერის დღიდან სრული ანშლაგით მიდის. ფაქტობრივად, ეს ჩემი პირველი როლია რუსთაველის თეატრში... მიყვარს შექსპირი. ჰამლეტი უკვე ვითამაშე და სიამოვნებით მოვირგებდი მაკბეტის, ოტელოს, რიჩარდის როლს.

- როგორ შეეწყვეთ სპარტაკას, ფილმში - "გასეირნება ყარაბაღში"? ამ როლმა არანაკლები პოპულარობა მოგიტანათ...

- სპარტაკას როლისთვის 28-დან 45 წლამდე ბევრმა მამაკაცმა გაიარა კასტინგი და ბოლოს, მე დამამტკიცეს, თან ისე, რომ სინჯებზეც არ ვყოფილვარ. როდესაც ამ ფილმზე მუშაობას ვიწყებდით, ცხონებულმა ლევან კორინთელმა (კორომ) მითხრა, - ჩემთვის სპარტაკი არის ყველა პატრიოტი, კარგი ქართველი და მეომარი ადამიანი, ვინც დამოუკიდებელ საქართველოს თავი შესწირა. მასშია ყველა გაერთიანებულიო. თან ხომ იცით, როგორი დინჯი, მშვიდი და სიტყვაძუნწია ჩემი გმირი. მიყვარს ეს როლი.

- ვიცით, რომ ძალზე მძიმეა მსახიობის ხვედრი. დღევანდელი გადასახედიდან რას იტყვით, ეს პროფესია პერსპექტიულია?

GzaPress- ყველა პროფესია პერსპექტიულია, თუ მისთვის თავს დადებ და შეაკვდები. მსახიობი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ჩემმა შვილმაც - ანამაც მსახიობობა გადაწყვიტა, წელს თეატრალურ ინსტიტუტში აბარებს. როდესაც გამიმჟღავნა, შევეწინააღმდეგე, მაგრამ იმდენად დიდია მისი სურვილი, ვერაფერს გავხდი. ქალისთვის უფრო რთულია მსახიობობა, მით უმეტეს, რომ ქალის როლი ნაკლებია. სპექტაკლში 13 მსახიობი თუ თამაშობს, მათგან 10 კაცია, ქალი - 3. ძალიან მაგარი და უნიჭიერესი უნდა იყო, ქალს როლი რომ მოგცენ. ვნახოთ, რა გამოუვა...

- მიგყავთ გადაცემა "ბიზნესი მაღალ ქუსლებზე". ტელეწამყვანის ამპლუის მორგება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ჩემთვის ბევრჯერ შემოუთავაზებიათ გადაცემის ან შოუს წაყვანა, მაგრამ ფეხს ვითრევდი; არ მინდოდა, მაგრამ სადაც მეძახდნენ, ზრდილობის გამო ყველგან მივდიოდი და ვიდექი ხესავით. როცა თV-3-დან დამირეკეს, ვიფიქრე: ამდენჯერ შემომთავაზეს და მოდი, ვცდი, რატომაც არა-მეთქი?! ჰოდა, ამ ტელევიზიაში ჩემი დებიუტი შედგა. საოცრად კარგი და ტკბილი ადამიანები დამხვდნენ. დარწმუნებული ვარ, მალე ამ გადაცემას მაღალი რეიტინგი ექნება. ჩვენი მიზანია წარმატებული ქართველი ქალების წარმოჩენა და ამით იმის ჩვენება, რომ თუ მოინდომებ, მიუწვდომელი არაფერია. ბოლო დროს საქართველოში შეიცვალა ქალის მიმართ დამოკიდებულება და თუ ადრე მანდილოსანი უმთავრესად, სამზარეულოში იყო, ახლა ისინი ახერხებენ გემრიელი კერძების მომზადებას ბიზნესის "კეთება" შეუთავსონ. გვინდა, საზოგადოებას ვუჩვენოთ, რომ თუ მიზნად დაისახავ რამეს და მის მისაღწევად თავს გადადებ, ყველაფერს შეძლებ! უკვე გადავიღეთ რამდენიმე წარმატებული ქალბატონი, რომლებმაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს: თამთა დემურიშვილი, თაკო დოლაბერიძე, ანი მიროტაძე, ნაზი ალასანია და თაკო ჩხეიძე. ვაპირებთ მაყურებელს გავაცნოთ ამერიკელი ქართველი, კახელი ქალბატონი - ლუიზიანის შტატის სენატორი მანანა მამუკელაშვილიც.

- საქართველოში ბევრია წარმატებული ქალი?

- საკმაოდ. სამწუხაროდ, 90-იანმა წლებმა მოგვცა არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია და მძიმე ცხოვრება, მაგრამ ამავე დროს გვაჩუქა წარმატებული ქალბატონებიც, რომლებმაც მამაკაცის ფუნქციებიც იტვირთეს.

- თქვენ გვერდით თუ აიტანდით ლიდერ, წარმატებულ ქალს, რომელიც კაცის ფუნქციებსაც ითავსებს?

- დიდი სიამოვნებით... ქალები ყოველთვის მაგრები იყვნენ, მაგრამ დღევანდელი მანდილოსნები საოცრებებს ახდენენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ რას ვიზამთ, ესეც ცხოვრებამ მოიტანა. ქალი კარგად მოერგო თანამედროვეობას და გაუძლო XXI საუკუნის გამოწვევებს, უცებ აითვისა ყველაფერი. ქალები, ყველა სიკეთესთან ერთად, მამაკაცებზე უფრო მეტად დიპლომატიურებიც არიან. მოკლედ, ყოჩაღ, ჩვენს ქალებს! დრო მოვა და ჩვენი ბიზნესმენი ქალები თავად დაიქირავებენ უცხოელებს.

ნანა ფიცხელაური