ლიკა ქორქია თბილისურ "სპეცფორმებზე", დიალექტსა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე - გზაპრესი

ლიკა ქორქია თბილისურ "სპეცფორმებზე", დიალექტსა და ჟურნალისტების პასუხისმგებლობაზე

სოციალურ ქსელებში "სტატუსების" წაკითხვას თავს არიდებს და ქვეყანაში შექმნილი ნეგატიური ფონისგან თავის დაღწევას ასე ცდილობს.

- ჩემი ოთახი საკუთარი გემოვნებით მოვაწყვე. აქ ზუსტად ის ფერები დომინირებს, რომელიც კარგ განწყობილებას მიქმნის. საერთოდ, წითელი ძალიან მიყვარს. დილით თვალს რომ ვახელ, სასურველ ფერებში გადაწყვეტილი გარემო ჩემზე დადებითად მოქმედებს და მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ. ნათელი ოთახია და ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები იქაურობას კიდევ უფრო ლამაზ შეფერილობას აძლევს. ოთახში რაღაცები მეგობრებთან ერთად მოვხატე...

- შენი დის - ანის გათხოვების შემდეგ ოთახის დიზაინში კორექტივები ხომ არ შეგიტანია?

- არა. უბრალოდ, ფარდა შევცვალე, რადგან გამჭვირვალე იყო.

- ანის და შენი გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა?

GzaPress- ყოველ შემთხვევაში, გემოვნებასთან დაკავშირებით კონფლიქტი არ გვქონია. ანი რასაც ახლა თავის სახლში აკეთებს, ის ჩემთვის ზედმეტად მინიმალისტურია. თვალს რომ გავახელ, რაღაც ფერმა უნდა "გაანათოს", ეს "მაცოცხლებს". ანის სახლში კი ყველაფერი სიმშვიდისკენ გიბიძგებს... როცა გავთხოვდები და ოჯახი მეყოლება, შესაძლოა, ჩემი ოთახი მეც "დავამშვიდო".

- წიგნების კითხვა გიყვარს?

- ხომ შეიძლება, ლიტერატურული ნაწარმოები ინტერნეტით გადმოიწერო? მაგრამ მე წიგნი მიყვარს - თავისი ფურცლებით, სუნით... თავისუფალ დროს ყოველთვის ვცდილობ, კარგი წიგნები წავიკითხო. როცა ძალიან დაღლილი ვარ, ვერ ვიძინებ და ბევრჯერ რაღაცის კითხვაში დამთენებია. ასეთი თვისება მაქვს: კითხვას რომ ვიწყებ, მინდა, ბოლომდე ჩავამთავრო - წიგნში მოთხრობილი ამბავი არ გავწყვიტო... შესაძლოა, 3 წიგნი "ერთდროულად" ვიკითხო: "მძიმე" ნაწარმოებს "მსუბუქით" ვანეიტრალებ (იღიმის)...

- რომელიმე წიგნი მხოლოდ მისი პოპულარობის გამო წაგიკითხავს?

- როგორც კი საქართველოში პოპულარული ნაწარმოებების თემას ავყვები, მაშინვე ვხვდები, მომავალში ასე არ უნდა მოვიქცე, მაგრამ ხანდახან ისეთი ამბავი ატყდება ხოლმე, რომ ასეთი წიგნის წაკითხვა მაინც მინდება.Aერთხელ აზარტში ისე შევედი, რომ კონკრეტული მწერლის თითქმის მთელი შემოქმედება წავიკითხე და მივხვდი, - დრო ტყუილად დავკარგე. მაინცAარ ვნანობ. ბოლოს და ბოლოს, თუკი ვინმე მის ნაწარმოებებზე საუბარს დაიწყებს, საკუთარ აზრს მაინც გამოვთქვამ... საფიქრალი, რთული, ფსიქოლოგიური, საინტერესო წიგნები მიყვარს.

- ამჟამად რას კითხულობ ან ბოლოს რა წაიკითხე?

- ახლა ნიცშეს "ასე თქვა ზარათუშტრამ" ვკითხულობ. ბოლოს ჯორჯ ორუელის "1984" წავიკითხე.

- ლიკა, ყოველდღიურად ქალურ, სექსუალურ სამოსს იცვამ?

- ძირითადად, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, ჯინსის შარვალი და მაისური ანუ კომფორტული სამოსი მაცვია. კვირაში რამდენჯერმე ან გადაღება მაქვს, ან რაიმე საღამოზე მივდივარ, ამიტომ შესაბამისი სამოსის შერჩევა მიწევს. არსებობს პროტოკოლი, რომელსაც ვერ დავარღვევ.

- შენთვის სამაგალითო გემოვნებიანი ადამიანი ვინ არის?

- სამაგალითოს ვერ დავასახელებ. შეიძლება, რაღაც მას უხდებოდეს, მე - არა ან - პირიქით. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვიცი, რომ კარგად აცვიათ. ისინი "ინსტაგრამზე" "დაფოლოვერებული" მყავს და ვათვალიერებ ხოლმე.

- გაქვს გამოკვეთილი სტილი, რომლითაც სხვა გოგონებისგან განსხვავდები?

- ყოველთვის ვცდილობ, ისე არ შევიმოსო, როგორც - უმრავლესობა. თბილისში ერთი დიდი "პათოლოგია" არსებობს: რაღაც მოდურია, შემდეგ კი ყველას ის აცვია. მერე მგონია, რომ ხალხი სპეცფორმაშია გამოწყობილი - ყველა ერთნაირ ტანსაცმელს იცვამს. დიდი თანხის დახარჯვა საჭირო არ არის იმისთვის, რომ ორიგინალურად გამოიყურებოდე. ყოველთვის ვცდილობ, ჩემს გარდერობში განსხვავებული სამოსი იყოს, რათა კონკრეტული მასისგან (რომელიც ცუდად არ იცვამს) გამორჩეული ვიყო.

- ამა თუ იმ მოვლენასთან, თუნდაც - დიზაინერის ჩვენებასთან დაკავშირებული დადებითი აზრი მხოლოდ იმიტომ თუ გაგიზიარებია, რომ უმრავლესობამ დადებითად შეაფასა?

- არა. ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, კრიტიკული ვარ. ყოველთვის ვითხოვ, რომ თუ ვინმე რამეს აფასებს, საქმის პროფესიონალი იყოს. რომელიმე დიზაინერის კოლექციას არ ვაკრიტიკებ. თუკი არ მოგწონს, ჯობია, გაიარო, არ იყიდო, არ ჩაიცვა. ყველა ადამიანის შრომა დასაფასებელია, მაგრამ მის პროდუქციას გამოიყენებ თუ არა, ეს სხვა თემაა.

- როცა აზრის საჯაროდ დაფიქსირებას გთხოვენ, როგორ იქცევი?

GzaPress- ასეთ შეკითხვებს თავს მაქსიმალურად ვარიდებ, რადგან არ მინდა, კონკრეტული საკითხისადმი ჩემი დამოკიდებულება ვინმეს თავს მოვახვიო ან ის ადამიანი გავაღიზიანო, ვინც შრომობს, რაღაცას ქმნის...

- როგორი კერძები მოგწონს?

- რომელი კერძიც ლამაზია, მგონია, რომ გემრიელიც არის. ამას ფსიქოლოგიურად ისე ვიჯერებ, რომ კერძი მართლა "მეგემრიელება".

- ამ მხრივ იმედი არასდრის გაგცრუებია?

- კი, მაგრამ დიდი გურმანი არ ვარ.

- საყვარელი კერძების მირთმევა ყოველთვის შეგიძლია თუ დიეტის დაცვა გიწევს?

- რა თქმა უნდა, დიეტა დამიცავს. ჯანმრთელი ორგანიზმი მაქვს. შესაბამისად, თუ მისაღებ დოზას ოდნავ გადავამეტე, წონაში ვიმატებ. ჰოდა, მერე ვშრომობ და ვწვალობ, რომ ისევ ფორმაში ჩავდგე. ხშირად მეგობრებისგან გამიგონია, - რა კარგია, ბევრს რომ ჭამენ და არ სუქდებიანო. ყოველთვის ვამბობ: ეს კარგი არაა; ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში რაღაც "დარღვევაა"-მეთქი.

- შეგიძლია, სადღესასწაულო სუფრისთვის კერძები მოამზადო?

- რა თქმა უნდა! საერთოდ, რისი გაკეთებაც რთული მგონია, იმ საქმეს უფრო იოლად ვაკეთებ. უბრალოდ, სამზარეულოში ხშირად "ტრიალისთვის" არ მცალია, მაგრამ მეგობრების გამასპინძლება ძალიან მიყვარს. ასევე, მომწონს, როცა მათ კერძების მომზადებაში ვეხმარები.

- დაასახელე კერძი, რომელიც გიყვარს და რომლის მომზადებაც იცი.

- როცა ამა თუ იმ კერძს ვუყურებ, ზუსტად ვხვდები, რისგან მოამზადეს, დაგემოვნებისას - მით უმეტეს. ჰოდა, შემიძლია, სახლში მისულმა იგივე კერძი ურეცეპტოდ მოვამზადო. განსაკუთრებულად რომელი კერძი მიყვარს? ეს შეკითხვა მაშინ უნდა დამისვა, როცა მშია (იცინის). ასეთ დროს აბსოლუტურად ყველაფერი გამახსენდება. უპირატესობას ზღვის პროდუქტებს ვანიჭებ.

- ლიკა, როგორ ადამიანთან ვერ იმეგობრებ?

GzaPress- ჩემს სამეგობროში ადამიანთა ბევრ კატეგორიას ნახავთ. როცა პიროვნებასთან თავს კომფორტულად გრძნობ, მასში "მინუსები" არ უნდა ეძებო, რადგან უარყოფითი თვისებები ყველას გვაქვს. ერთმანეთში პოზიტივის დანახვის ხარჯზე, ურთიერთობა გაგვიადვილდება. საერთოდ, ნეგატიური დამოკიდებულებები ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან მზღუდავს. ცხოვრებაში პრობლემა ყველას გვაქვს, მაგრამ თავად უნდა მოვაგვაროთ. ჩვენს ქვეყანაში ნეგატიური ფონია. მაგალითად, სოციალურ ქსელში ეს თვალსაჩინოა: ადამიანები უზარმაზარ ნეგატივს ვერსად ატევენ, ინტერნეტში ილანძღებიან. კიდევ კარგი, "სტატუსის" დაწერას "ვოის" ფუნქცია არ აქვს, თორემ ალბათ, "პოსტებს" ყვირილით "დადებდნენ". ვცდილობ, სოციალურ ქსელში აღარ შევიდე, "სტატუსები" არ წავიკითხო. არ შეიძლება, ყველაფერზე ინერვიულო, ყველას ცხოვრებაზე იფიქრო და გააკრიტიკო, როცა საკუთარი ცხოვრება აუწყობელი გაქვს. ჩემს სამეგობროში ძირითადად, ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ყველაფერს პოზიტიურად უყურებენ და მომავლის იმედი აქვთ. ნეგატიურ ადამიანებთან (რომლებიც ყველაფერში ცუდს ეძებენ) მეგობრობა არ შემიძლია.

- შენი აზრით, დიალექტით მოსაუბრე ადამიანი გოიმია?

- არა, არა, გურულ დიალექტზე ვგიჟდები, კარგ ხასიათზე ვდგები!.. საქართველოს ყველა კუთხე თავისი კულტურით, დიალექტით ძალიან მაგარია! საერთოდ, როცა კონკრეტულ ადამიანზე ამბობენ, - გოიმი, ქაჯიაო, ასეთებს ირონიით ვეკითხები ხოლმე, - გოიმი და ქაჯი როგორია-მეთქი?

- დიალექტით მოსაუბრე ტელეწამყვანი მოგეწონებოდა?

- არა. ასეთ შემთხვევას არაერთხელ წავაწყდით. მერე ვიდეოს "ამოჭრიან", სოციალურ ქსელში "ატრიალებენ"... ცალკე ეს "საცოდავი" წამყვანები მებრალებიან. თითქოს მთელ თბილისს დიალექტური გამონათქვამები არ გაუგონია, - ყველანი "ხოხბები" არიან, აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ მთელი შთამომავლობით, რაღაცებზე ღადაობენ... ეს კიდევ ცალკე თემაა: სხვისი დაცინვა, მით უმეტეს, საჯაროდ არ შეიძლება. ყველამ საკუთარ თავს მიხედოს, მაგრამ ტელევიზიაში მაინც რაღაც ცენზურა უნდა არსებობდეს, რადგან ტელეწამყვანს ვიღაც ყოველთვის ბაძავს. შესაბამისად, ჟურნალისტს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

ეთო ყორღანაშვილი