როდის ეძებს შარს გიორგი სუხიტაშვილი - გზაპრესი

როდის ეძებს შარს გიორგი სუხიტაშვილი

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს უყვარს წესრიგი და გემრიელი კერძები. ის დიდი ხანია, საცხოვრებლად ცალკე გადავიდა და როგორც ამბობს, საოჯახო საქმეებს თავს მშვენივრად ართმევს. ის ვერ იტანს უჭკუო ქალებს; მოსწონს ჩამოყალიბებული, სერიოზული და სასიამოვნო გარეგნობის მქონე მანდილოსნები. კითხვაზე: გყავს თუ არა შეყვარებული? პასუხი არ გაგვცა. თუმცა, აღნიშნა, რომ ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ფიქრობს.

- პირველ რიგში, შენი ოჯახი გაგვაცანი.

GzaPress- მამაჩემი მუსიკოსია. თუმცა, თავის დროზე ტყავის ტექნოლოგიაც შეუსწავლია. დღემდე ვერ ვხვდები, ასეთი პროფესია რატომ აირჩია. მამა 14 წლიდან მუსიკით ცხოვრობს და თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს. განსაკუთრებით კარგად გამოსდის აკორდეონზე დაკვრა, ეს მისი "სავიზიტო ბარათია". სახლში უამრავი ინსტრუმენტი გვაქვს. დაახლოებით 12 წელია, რაც მამა მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს.

- საქართველოში, თქვენს სანახავად ხშირად ჩამოდის?

- ორმაგი მოქალაქეობა აქვს და საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა ამის სურვილი უჩნდება.

- დედაზე რას გვეტყვი?

- დედას კონკრეტული პროფესია არ აქვს, თუმცა, მრავალმხრივ განათლებული ადამიანია. მაგალითად, ძალიან კარგად გამოსდის სიმღერისთვის ტექსტის წერა. მოგეხსენებათ, გორში დავიბადე და გავიზარდე. დედა გახლდათ ის ადამიანი, რომელიც არასოდეს გვაგრძნობინებდა, რომ რაიონში ვცხოვრობდით: დავყავდით სპექტაკლებზე, კინოში, არანაირი ინფორმაციული ვაკუუმი არ გვქონია. დედა ძალიან პატარა ასაკში - 17 წლისა გათხოვდა და აქედან გამომდინარე, პროფესიის არჩევა და კარიერის აწყობა ვერ შეძლო.

- როგორ ფიქრობ, 17 წლის ადამიანისთვის ოჯახის შექმნა ნაადრევია?

- ნამდვილად ნაადრევია და ეს ჩემთვის მიუღებელია. ამ ყველაფერს ერთადერთი პლუსი აქვს: მშობლებსა და შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა ძალიან მცირეა და აქედან გამომდინარე, ერთმანეთთან უფრო მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს. თუმცა, მამა ნაადრევად რომ არ დაოჯახებულიყო, ვფიქრობ, ის ერთ-ერთი ქართული პოპულარული ანსამბლის წამყვანი სოლისტი იქნებოდა.

- შენი დედმამიშვილებიც მღერიან, არა?

- ჩემი ძმა მსახიობია და ამ ეტაპზე ერთ-ერთ ქართულ სერიალში თამაშობს. რაც შეეხება ჩემს დას: ის კონსერვატორიაშიც სწავლობდა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტშიც. თუმცა, ვფიქრობ, მისი საქმე სიმღერაა.

- საკუთარი თავი დაგვიხასიათე, - როგორი ადამიანი ხარ?

- საკუთარ დადებით თვისებებზე ლაპარაკი მიჭირს. ამიტომ გეტყვი იმას, თუ რა არ მომწონს ჩემში და რას შევცვლიდი, რომ შემეძლოს: ეს არის ჩემი ფიცხი ხასიათი.

- შენი სიფიცხე რაში გამოიხატება?

- ძირითადად, უსამართლობის დანახვისას "ვფეთქდები". ვერ ვიტან, როცა უდანაშაულო ადამიანს ჩაგრავენ ან ცუდად ექცევიან. ეს ჩემი სუსტი წერტილია.

- გამოდის, სამართლიანი ყოფილხარ...

- დიახ, ასეა და მერწმუნეთ, თავადაც არასდროს მოვიქცევი უღირსად.

- რა მავნე ჩვევები გაქვს?

- ვერ ვიხსენებ (ფიქრობს).

- სიგარეტს ეწევი?

- არა. ვცდილობ, ჯანსაღად ვიცხოვრო.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?

- იშვიათად ვსვამ. ალკოჰოლური სასმელები არც მიყვარს და არც მძულს (იცინის).

- როგორი სიმთვრალე გაქვს?

- როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვარ, უფრო ემოციური ვხდები და ყველას ვეხუტები, ვესიყვარულები, მაგრამ ამ ჩახუტების დროს ვინმეს მზერა თუ არ მომეწონა, მერე ჰოოო...

- ანუ მერე შარს ეძებ?

- მეგობრებზე არასდროს ვბრაზდები, მაგრამ როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ვართ და სრულიად უცხო ადამიანები არაადეკვატურად იქცევიან, ცდილობენ, ისეთი სიტყვა "გადმომიგდონ", რაც არ მესიამოვნება, მერე საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ჰოდა, ამიტომაც არის, რომ იშვიათად დავდივარ რესტორანში. საერთო დარბაზში უამრავი ადამიანი რომ ზის, დათვრებიან და მერე ერთმანეთში ირევიან, ყველა ერთად რომ იწყებს ცეკვას, ამ სიტუაციას ვერ ვიტან.

- ერთგული ხარ?

- რა თქმა უნდა! ერთგულება პირველ რიგში, საკუთარი თავის ნდობაა და თუ ადამიანმა ეს დაკარგე, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდები.

- შეყვარებული ხარ?

- მოდი, ეს კითხვა გამოვტოვოთ (იცინის).

- ქართული ტრადიციები თუ მოგწონს?

- ქართული ტრადიციები ძალიან მძიმე თემაა, რადგან ბევრმა არ იცის, სინამდვილეში რა არის ქართული ტრადიცია... საინტერესოა, ამის შესახებ თქვენ რა იცით?

- ჩამოგითვალოთ? მაგალითად, ქართული ტრადიული ქორწილი...

GzaPress- (მაწყვეტინებს) ქართული ტრადიციული ქორწილი არ მომწონს. განსაკუთრებით არ მომწონს ის, როცა ქორწილში იწვევენ თამადას, რომელიც ამ ოჯახის წევრებს არც იცნობს და ძირითადად, უნიჭო ლექსებით, ციტატებითა და მდაბიო იუმორით (რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება) სტუმრებს თავს აწონებს. ჩემი აზრით, ქორწილში თამადა საერთოდ არ უნდა სვამდეს. მას უბრალოდ, სუფრის მართვა უნდა ევალებოდეს. ჰოდა, თავად თუ დათვრება, სუფრასთან მსხდომებს კი არა, საკუთარ თავსაც ვეღარ გააკონტროლებს. ქართულ ქორწილებს ამიტომაც აქვს ხშირად, ღრეობის სახე. ქართულ ტრადიციულ 700-კაციან ქორწილებს ვუწოდებ - "სადილი ყველას", რადგან იქ უამრავი ადამიანი მიდის და იკვებება (იცინის). უმეტესობას სულ არ აინტერესებს, ვის ქორწილშია.

- შენ როგორ ქორწილს გადაიხდი?

- მე გადავიხდი თავისუფალ ქორწილს, ზედმეტი პასუხისმგებლობების გარეშე. ვეცდები, ის დღე ერთ-ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი იყოს თითოეული სტუმრისთვის.

- აზიატი ხარ თუ ევროპელი?

- სადღაც შუაში ვარ. ყველას ჰგონია, რომ ზედმეტად ტრადიციული ვარ. ეს ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ კავკასიური გარეგნობა, ჰაბიტუსი მაქვს. არადა, ლიბერალი გახლავართ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არ გავზრდილვარ, მიმაჩნია, რომ ძველი თბილისელი მამაკაცის ტიპაჟი ვარ, რომელიც ძალიან ტოლერანტული იყო. არ მძულს ფერადკანიანები, არ მეშინია სიახლეების და იმის, რომ ვინმე ქართველობას წამართმევს. იმას, რაც ჩემშია, ვერავინ და ვერაფერი დამაკარგვინებს.

- საყვარელი ქალის ოჯახში მისი ხელის სათხოვნელად თუ მიხვალ?

- ამ ყველაფერში არის რაღაც რომანტიკული, რასაც საყვარელი ადამიანის გამო სიამოვნებით გავაკეთებ.

- როგორი გოგონები მოგწონს?

- ყველანაირი (იცინის). მთავარია, კარგი იყოს და არა აქვს მნიშვნელობა, ქერა იქნება თუ შავგვრემანი. ვერ ვიტან უჭკუო ქალებს, აი, ისეთებს, მხოლოდ მანიკიურზე, პედიკიურზე და თმის ფერზე რომ ფიქრობენ. თუმცა, ამის გარეშეც არ მომეწონება გოგო. ვფიქრობ, ქალი მოვლილი, მაგრამ განათლებულიც უნდა იყოს.

- საყვარელი ქალის განებივრება თუ შეგიძლია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია, მაგრამ ეს დიდ ფინანსებს მოითხოვს(იცინის). ჩემთვის საყვარელი ქალის განებივრება სასიამოვნო პროცესია. მიყვარს კონტრასტული ურთიერთობა, არ მომწონს ერთფეროვნება და გამუდმებით ვცდილობ, მოსაბეზრებელი არ ვიყო.

- საყვარელი ადამიანისთვის ფანჯრებთან სერენადა გიმღერია?

- ჩემი საყვარელი ქალისთვის სერენადა არასდროს მიმღერია, მაგრამ ძმაკაცების შეყვარებულებისთვის - ხშირად. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ ჩემი ძმაკაცები ჩემს დაუკითხავად წასულან და უმღერიათ იმ გოგოსთვის, ვის მიმართაც იმ მომენტში სიმპათია მქონდა (იცინის). მიყვარს ქალისთვის ვარდების ჩუქება.

- შენ თუ განებივრებენ თაყვანისმცემლები საჩუქრებით?

- კონკრეტულ საჩუქრებს ვერ ვიხსენებ, თუმცა გეტყვით, რომ არც უმაგისობაა (იცინის).

- გოგონები სიყვარულში ხშირად გიტყდებიან?

- როცა ვხვდები, რომ ურთიერთობები სხვა ფაზაში გადადის, ყველაფერს იქვე "ვაიასნებ". თაყვანისმცემელს პირდაპირ ვეუბნები, რომ არაფერი გამოვა.

- მომავალ მეუღლეს სთხოვ, რომ დედაშენს "დედას" დაუძახოს?

- ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ჩემმა ცოლმა დედაჩემს "დედა" დაუძახოს. უფრო მეტიც, ეს ჩემთვის მიუღებელია. მირჩევნია, მან დედაჩემს სახელით მიმართოს.

- როცა შინ მარტო ხარ, შეგიძლია სადილი დამოუკიდებლად მოამზადო ან სახლი დაალაგო?

- რაღაცების მომზადება ვიცი და შიმშილით არ მოვკვდები. მიყვარს გემრიელი კერძები, თუმცა, ბევრს არასდროს მივირთმევ... რაც შეეხება სახლის დალაგებას: სახლიდან გარეთ ისე არ გავალ, თუ შინ ყველაფერი წესრიგში არ არის.

- მარტო ცხოვრობ, არა?

- დიახ, უკვე რამდენიმე წელია, მარტო ვცხოვრობ და რომ არ მოგატყუოთ, აქვე გეტყვით, ხანდახან დამლაგებელსაც ვურეკავ და ჩემი სახლის მოწესრიგებას ვთხოვ ხოლმე.

- ოჯახის წევრები არ გეუბნებიან, რომ უნდა დაოჯახდე?

- ჩვენ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ყველანაირ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ.

სოფო ჭონიშვილი