ლევან ჯავახიშვილის უცნაური სიყვარული - გზაპრესი

ლევან ჯავახიშვილის უცნაური სიყვარული

თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები კლავს. ვნებიანი, მამაცი, ყურადღებიანი და ამბიციურია. ის დარწმუნებულია საკუთარ თავში და არ ეშინია გამოწვევების. უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი ჟურნალისტ ლევან ჯავახიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება წაკითხული მაქვს და ხასიათთან ბევრი თანხვედრაც აღმოვაჩინე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი ინტერესი მაქვს ამ სფეროს მიმართ.

- პირადი ჰოროსკოპი არასდროს შეგიდგენია?

- არა, მაგრამ თუ ვინმე შემიდგენს, უარს არ ვეტყვი.

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა", შეზღუდვები "კლავს", - წერია შენი ნიშნის დახასიათებაში. მართლა ასეა?

- 100%-იანი სიმართლეა. არ მესმის, ჩამოწერილი გეგმის მიხედვით როგორ უნდა იცხოვრო. შეიძლება, ეს ცუდიც არის.

- ახლო მომავალსაც არასდროს გეგმავ?

GzaPress- მხოლოდ იმას ვგეგმავ, რომ სამსახურში მივიდე და საქმე გავაკეთო. პუნქტუალური არ ვარ. დაგვიანება მჩვევია, მაგრამ ნახევარ საათზე მეტს არასდროს ვიგვიანებ.

- როგორ იქცევი, როცა გრძნობ, რომ რაღაცაში გზღუდავენ?

- როგორც კი უჰაერობას ვიგრძნობ, იმ ადგილს სასწრაფოდ გავეცლები.

- "ენერგიული, დაუმორჩილებელი და ამბიციურია. დარწმუნებულია საკუთარ თავში, არ ეშინია გამოწვევების..."

- გამოწვევების ნამდვილად არ მეშინია. ამბიციაც მაქვს, მაგრამ ჯანსაღი. პრეზიდენტობა არასდროს მომდომებია.

- "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობაც ერთგვარი გამოწვევა იყო, არა?

- რა თქმა უნდა! ბავშვობაში "მართვეში" ვმღეროდი, მაგრამ მას შემდეგ პროფესიულ სცენაზე აღარ ვმდგარვარ. ისე კი, ჩემთვის სულ ვღიღინებდი. მიმაჩნია, რომ ეს ჯანსაღი ამბიციაა. მე და ნინი მეგობრებს და სრულიად უცნობ ადამიანებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით. პროექტის დასაწყისში ჩვენი პროგრამა მინიმუმ ფინალში გასვლა იყო, მაქსიმუმ - გამარჯვება.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები. საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ბავშვობაში მიყვარდა; როცა მშობლები სამსახურებში მიდიოდნენ, თავს კარგად ვგრძნობდი, მუსიკას ვუსმენდი. დღეს კი განმარტოების სურვილი იშვიათად მიჩნდება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც დასასვენებლად მარტო დადიან, მე კი მსგავსი რამ ვერ წარმომიდგენია.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- "ფეთქებადი" ვარ. თუ საჭიროა, ბოდიშის მოხდის არ მრცხვენია. სტუდენტობის წლებში ზაალ წულუკიძესთან (ვინი) რაღაცაზე ვკამათობდი და ხმას ავუწიე. მერე გავაანალიზე, რომ უხეშად გამომივიდა. დღემდე ბოდიშს ვუხდი. შეხვედრისას რომ ჩავეხუტები, სულ ის ეპიზოდი მახსენდება. ის ჩემი ახლო მეგობარია.

- საკუთარ თავზე კონტროლს ხშირად კარგავ?

- ხშირად - არა, მაგრამ ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონია.

- ასეთ დროს შენი დამორჩილება შეიძლება?

- შეიძლება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩემს დამორჩილებას შეეცდება, კარგად უნდა მიცნობდეს.

- "ნაკლებად მეოჯახეა, შინ გაჩერებას გარეთ ყოფნა ურჩევნია".

- ესეც სიმართლეა.

- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა".

- შემოქმედებითად პასიური პერიოდი არაერთხელ მქონია. ასეთ დროს ახალი გზების პოვნა რთულია, მაგრამ არა - შეუძლებელი.

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".

- (იცინის) მართლა? ჯერ ხელმძღვანელ პოსტზე არ მიმუშავია.

- ბრძანებებს ადამიანები "პოსტის" გარეშეც გასცემენ, ამ კატეგორიას არ განეკუთვნები?

- დედა მეუბნება, რომ ეგ საქმე მეხერხება (იცინის). ხელმძღვანელ პოსტზე რომ ვიყო, მგონია, მკაცრიც ვიქნები, სამართლიანიც, მაგრამ ჩემთან ერთად ჭიქა ყავის დალევა ყველა თანამშრომელს მოუნდება.

- უყვარს ფულის ხარჯვა და არ ესმის სიტყვის - "დაგროვება" მნიშვნელობა.

- ასტროლოგებს ჩემზე ყველაფერი სცოდნიათ. ფულის შენახვა არ გამომდის და ამის გამო პრობლემა არაერთხელ შემქმნია. შეცდომებზე ჭკუის სწავლა მიჭირს: გადის დრო და ისევ იმავეს ვიმეორებ.

- "აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებას".

- აზარტული ვარ, მაგრამ თამაში არ მიყვარს. საქმის კეთების აზარტი მაქვს. რისკზე წასვლასაც არ ვუფრთხი, რაც ხან ამართლებს, ხან - არა.

- "უყვარს უცნაურობები და ძალიან მოსწონს იდუმალი ადგილები".

- ჩემთვის იდუმალი ადგილი მთაა. ვერ ვიტან ზღვას, გარუჯვას. ზღვასთან უცნაური სიყვარული მაკავშირებს. შემიძლია სანაპიროზე საათობით ვიჯდე და ზღვის ხმას ვისმენდე. მეუბნებიან, არანორმალური ხარო. მთაში უფრო კარგად ვისვენებ, ტყეში ხეტიალი საინტერესოა.

- "სენტიმენტალურია. უყვარს ბავშვობის დროინდელი საყვარელი ადგილების მონახულება".

GzaPress- ასეთი ადგილი მანგლისია. შვილები დასასვენებლად იქ ხშირად მიმყავს, მაგრამ ბავშვური თვალით აღქმული მანგლისი დღევანდელისგან განსხვავებულია. მაშინ თითქოს, ჰაერსაც სხვა სუნი ჰქონდა.

- ეგოისტი ხარ?

- საშუალო დოზით.

- "მოკრძალებული არ არის და ამას დრაკონის ტემპერამენტს თუ დავუმატებთ, ხელში მბრძანებელი შეგრჩებათ".

- ო! საინტერესოა, დრაკონის წელში რომელი პოლიტიკოსები არიან დაბადებულები.

- "მარტივად უყვარდება, მაგრამ ძნელია მოანდომო ოჯახის შექმნა".

- ამაშიც არის სიმართლის მარცვალი. შეგნებულ ასაკში სულ ორჯერ მიყვარდა გააზრებულად.

- ახლაც შეყვარებული ხარ, არა?

- შეყვარებული ვარ, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ყოველთვის გავურბი.

- შეიძლება, ამ გრძნობამ ოჯახის შექმნა მოგანდომოს?

- ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- ინტუიციას საქმის კეთებისას არ ვუჩივი, პირად ცხოვრებაში - ნაკლებად.

- "როგორც მისი სიმბოლო - მოისარი კენტავრი, მშვილდოსანი პირდაპირია მანერებითა და ლაპარაკით".

- ამის გამო პრობლემა ბევრჯერ შემქმნია. ადამიანებს სიმართლის მოსმენა არ უყვართ და ზოგჯერ ნათქვამსაც სხვაგვარად იგებენ. თავიდან ნებისმიერი ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, მთავარია, ფეხი არ დამიდონ, რაც წარსულში არაერთხელ მომხდარა.

- ასეთ დროს როგორ იქცევი?

- სამაგიერო არასდროს არავისთვის გადამიხდია. ურთიერთობას მარტივად ვწყვეტ.

- მშვიდობიანად?

- თუ ნერვებს ძალიან არ მომიშლიან, მშვიდობიანად ვშორდები, მაგრამ სხვა შემთხვევაში, "მთვარის ბნელ მხარესთან" უწევთ ურთიერთობა (იღიმის).

- რომანტიკული ხარ?

- კი. სიურპრიზების მოწყობაც მჩვევია და პირველ რიგში, ამით სიამოვნებას თავად ვიღებ. ცხოვრება სპონტანურად უფრო საინტერესოა, ვიდრე - დაგეგმილად.

- "სანახევროდ გაკეთებულ საქმეებს იმ იმედით ტოვებს, რომ ყველაფერი თავისთავად მოგვარდება".

- ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ხშირად - არა.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანები ხანმოკლეა. მაშინვე გარბის, როგორც კი იმედგაცრუების ან უარის სიმწარეს იგემებს".

- აქ კი ასტროლოგები მწარედ ცდებიან: სასიყვარულო ურთიერთობებში მარტივად არასდროს დავნებებულვარ. წინააღმდეგობები მეტ აზარტს მმატებს, გლადიატორი ვხდები.

თამუნა კვინიკაძე