8 ნაღდი მამაკაცის უქალო, დიდი "ფილარმონიული მოძრაობა" - გზაპრესი

8 ნაღდი მამაკაცის უქალო, დიდი "ფილარმონიული მოძრაობა"

რეგიონებში მათ უდიდესი სითბოთი ხდებოდნენ...

ამ "მოძრავი ფილარმონიის" დამფუძნებელი იუმორისტი ბესო ბერულაშვილი გახლავთ. რამდენიმე ხელოვანს შევხვდით, რომლებმაც თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს...

ბესო ბერულაშვილი:

GzaPress- ჩემთვის ძვირფას ხალხთან ერთად ჩემოვაყალიბე "მოძრავი ფილარმონია". ეს პროექტი კულტურის სამინისტროს დახმარებით განხორციელდა, რომელიც მართლაც ეროვნულია. ადამიანები, რომლებიც ჩემთვის, საზოგადოებისთვის ძვირფასები არიან და დედაქალაქში ჩამოსვლას, ამა თუ იმ ღონისძიებაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, მათთან ჩვენ თვითონ ჩავდივართ და კონცერტებს ვუტარებთ. დიახ, დაუვიწყარი იყო ის 22 კონცერტი, რომელიც რეგიონებში, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში გავმართეთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტი ამით დავასრულეთ. ის გრძელდება. ჯერ კიდევ ბევრი კუთხეა, სადაც უნდა ჩავიდეთ. ყველგან მივალთ. მოკლედ, როგორც ბრემენელი მუსიკოსები, "ბორბლებზე ვდგავართ". ისე, ჯგუფში სულ მამაკაცები ვართ და ქალი არ გვყავს.

- როგორ მოვიდა "მოძრავი ფილარმონიის" დაარსების იდეა?

ნუგზარ კვაშალი:

- "მოძრავი ფილარმონია" ადრე, კომუნისტების დროს არსებობდა, რომელიც მთელ საქართველოს ემსახურებოდა, ანუ ჩვენში დიდი "ფილარმონიული მოძრაობა" იყო. ეს ყველაფერი მაშინაც და ახლაც მიზნად ისახავს, რომ დედაქალაქიდან თვითონ უნდა ეახლო მის უდიდებულესობა გლეხს, სოფლის მოსახლეობას... მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც ფული არა აქვთ და თბილისში ვერ ჩამოდიან. ამრიგად, კონცერტებს გარეთ, ღია ცის ქვეშ ვატარებთ. ეს საღამოები "მონატრების" სახელს ატარებს და პროექტი ამართლებს თავის სახელწოდებას. ვისაც ჭეშმარიტი ქართული ხელოვნება ენატრება, ის მოდის იმ კონცერტებზე. მოკლედ, ჭეშმარიტად სახალხო პროექტია. სოფლისა თუ რაიონის მოსახლეობიდან იქ ნებისმიერს შეუძლია დასწრება. მადლობა კულტურის სამინისტროს, ასეთი მხარდაჭერისთვის.

ზურა ვადაჭკორია:

- დიახ, ვმუშაობთ. ვიღაც ფონოგრამაზე პირს აღებს და ისე მღერის, ჩემი მეგობრები კი ნაღდად მღერიან. დმანისში, წალკაში, წეროვანში, გარდაბანში ისეა ხალხი ამ ყველაფერს მონატრებული, რომ კონცერტებზე რომ მოდიან, ტირიან. მოკლედ, ყველანაირი გაგებით, 8 ნაღდი მამაკაცის სცენაზე ხილვა უდიდესი სიხარულია. რეგიონებში ადგილობრივი მუსიკოსებიც გვემატებოდნენ, სცენაზე ჩვენთან ერთად მუშაობდნენ. მღეროდა ასევე ტატო გოდერძიშვილიც.

ბესო ბერულაშვილი:

- რომ ვამბობთ, ხალხი ტიროდაო, ეს მართლაც ასეა. ამ ადამიანების ხელოვნებაზე, სიმღერებსა და გემოვნებიან მუსიკაზე ვიზრდებოდი, მათ ვერაფერს დაუწუნებ... ნუგზარ კვაშალი 62 წლის არის, მაგრამ მოვიდეს ნებისმიერი ახალგაზრდა მუსიკოსი და ამა თუ იმ ჟანრის ცოცხლად შესრულებაში შეეჯიბროს.

ნუგზარ კვაშალი:

- ჩვენ (ანსამბლი "ივერია") ვიყავით პირველები, ვინც საკონცერტო დარბაზში შევასრულეთ ის ინგლისური სიმღერები, რომლებიც მაშინ აკრძალული იყო. კინაღამ დაგვიჭირეს... მაგრამ, პირველ რიგში, გვიყვარდა ქართული ხელოვნება და იმ აკრძალული უცხოურით ვერთობოდით, ჰობი იყო. დღეს მეგაშოუებში სულ ინგლისურად მღერიან. შეიძლება, ცხრა დღე ინგლისური კომპოზიცია ჟღერდეს და მხოლოდ ერთი დღე - ქართული?!

- ბატონო ვახტანგ, თქვენ რას იტყვით?

ვახტანგ ტატიშვილი:

- მთელი 20 წელი უძრავი იყო ფილარმონია, ახლა ამოძრავდა, რაც ძალიან მიხარია, მაგრამ ცხადია, ეს ის მოძრაობა და მასშტაბი არ არის, რაც ადრე იყო. ადრე სოფლები მოსახლეობით სავსე იყო, დღეს დაცლილია, ყველა დედაქალაქისკენ ან უცხოეთისკენ ადგება გზას, მაგრამ ვინც იქ რჩება, მათ ადგილზე უნდა ვეახლოთ.

ბესო ბერულაშვილი:

- ამ ჩვენი გასტროლების შესახებ რაჭველებმა რომ გაიგეს, დაგვირეკეს და გვკითხეს, - ჩვენთან როდის ჩამოხვალთო? გვაქვს ჟანრობრივი მრავალფეროვნება: სიმღერა, იუმორი, ილუზიონისტის ნომრები. რამდენი ზურა ვადაჭკორია ჰყავს ამ ქვეყანას? ეს ჟანრი არ არის განებივრებული ისე, როგორც ვთქვათ, სასიმღერო ან იუმორისტული. ილუზიონისტები აბსოლუტურად მივიწყებულები არიან. არადა, ზურა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ილუზიონისტია, მაგრამ როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო...

ნუგზარ კვაშალი:

- ქართველი ყველა მომღერალია, მაგრამ საქართველოში დიდი პროცენტი უხმო მუსიკოსია.

- ეს როგორ?

- შეიძლება ადამიანს ხმა არ ჰქონდეს, მაგრამ კარგი მომღერალი იყოს, გადმოსცემდეს გრძნობებს, ემოციას, ყველაფერს... არავის ვეჯიბრებით, ყველას თავისი გზა აქვს. უამრავი მუსიკოსი მინახავს, რომელმაც იმღერა, გახდა პოპულარული და მალე ყველამ დაივიწყა. დიახ, ვტრაბახობ, რომ ანსამბლი "ივერია" 46 წლის არის და დღესაც კი, სადაც უნდა ჩავიდეს, ასაკის, სქესისა და სოციალური ფენის მიუხედავად, დიდი სითბოთი გვხვდებიან და გულში გვიხუტებენ.

ვახტანგ ტატიშვილი:

- ხალხს წარსულში ჩვენი ღვაწლი ახსოვს და ისიც, რომ არასოდეს ვატყუებდით...

ნუგზარ კვაშალი:

- ვახო სცენაზე დღესაც 25 წლის ბიჭივით იქცევა - დადის, ბავშვებს ეფერება, ხუმრობს, მღერის, დახტის... მოკლედ, ისევ ისეთები ვართ, ანუ ის ბიჭები ვართ...

ზურა ვადაჭკორია:

- კაცი პოპულარობით კი არ უნდა გახდე შემოქმედი, არამედ, შენი შემოქმედებით... ჩვენ ნაღდ ხელოვნებას ვემსახურებით. არასოდეს ვატყუებთ.

- ისე, ეს ადამიანები არა, მაგრამ ზურა, შენი საქმიანობა კი მგონი, ტყუილზეა აგებული, რადგანაც ილუზიონისტი ხარ, არა?

- ილუზიონისტობა ტყუილზე კი არა, გაოცებაზეა აგებული. დიახ, მე თქვენ გაოცებთ! მოკლედ, ჩვენი ხილვით გახარებული სოფლის მოსახლეობა ჩვენთან სურათებს იღებდა, ავტოგრაფებს გვთხოვდა, ზოგი პირდაპირ მაისურზე გვაწერინებდა ხელს. ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი ყველა გვეფერებოდა...

- რა სხვაობაა საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებულ გასტროლებსა და ახლანდელს შორის?

ნუგზარ კვაშალი:

GzaPress- როგორც გითხარით, ყოველთვის იყო "ფილარმონიული მოძრაობა". ადრეულ წლებში ბრიგადები არსებობდა, რომლის წევრებიც სხვადასხვა დროს იყვნენ: აკაკი კვანტალიანი, აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ოთარOმეღვინეთუხუცესი, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი. ისინი პატარა კონცერტებითა და რეპრიზებით ჩადიოდნენ რეგიონებში. აი, მაშინ კი რეგიონებში მართლაც განებივრებული იყო მაყურებელი. წელიწადში 120-ზე მეტი კონცერტის გეგმა ჰქონდა სახელმწიფოს.

ბესო ბერულაშვილი:

- საოცარი ყურადღება გამოიჩინა ადგილობრივმა ხელმძღვანელობამაც. ყველგან დააფასეს "მოძრავი ფილარმონია". განსაკუთრებით - კახეთში.

ნუგზარ კვაშალი:

- თავიდან საღამო 200 კაცით იწყება, მერე მაყურებელის რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, ხალხი თანდათან ემატება. თელავში 3 000 კაცამდე ავიდა. ამდენ ადამიანს დარბაზიც ვერ დაიტევდა. დიდი მადლობა ლეილა ლეგაშვილს, კახეთის კულტურის სამსახურის უფროსს, მის გარეშე არც ერთი კონცერტი არ ჩატარდებოდა... ერთი ქალი ამბობდა, - რა ბედნიერებაა, რომ თემურ წიკლაური ცოცხლად ვნახე, ახლა თავისუფლად მოვკვდებიო. მერე ვახო ტატიშვილი რომ დაინახა, - ახლა უკვე მკვდარი ვარო...

ბესო ბერულაშვილი:

- 1978 წელს 5 წლის ვიყავი, დედაჩემმა პირველად "ივერიას" კონცერტზე რომ წამიყვანა. გავგიჟდი, ისე მომეწონა ამ ადამიანების ხელოვნება... გავიდა წლები და ისინი დღეს ჩემი განუყრელი მეგობრები არიან არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც. არადა, მაშინ როგორ წარმოვიდგენდი, რომ "არწივის", "ბუსა" და "წრუწუნას" მეგობარი გავხდებოდი? სცენაზე წრუწუნას გამოსვლას მოუთმენლად ველოდებოდი, რომ გამეცინა. დღეს ტექსტები კი ავიწყდება, მაგრამ არა უშავს, იმპროვიზაციის მეფეა! ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვა. ვაპირებთ ამ პროექტის გაგრძელებას. სექტემბერ-ოქტომბერში ჩაფიქრებული გვაქვს, რომ მთელი საქართველო მოვიაროთ. დავპირდით მოსახლეობას, რომ ყველგან მივალთ. დიახ, არც ყინვა, არც წვიმა, ქარი და ავდარი არ დაგვაბრკოლებს...

ზურა ვადაჭკორია:

- ბესო სცენაზე რომ გამოჩნდა, მე უკვე მსახიობი ვიყავი. პირველად ერთად მოვხვდით გასტროლებზე, ნომერშიც ჩემთან იყო. ისეთი აქტიური და მოუსვენარი გახლდათ, ღამეც კი არ ეძინა. ერთი კვირის განმავლობაში რომ ვერ დავაძინე, მერე "სიბაზონი" მივეცი და ორი დღე მივაძინე.

- სანამ სამომავლო გეგმებზე გვეტყოდეთ რამეს, საუბრის ბოლოს, ყველამ თითო ანეკდოტიც მოგვიყევით...

ბესო ბერულაშვილი:

- მამი, - პატარა მიხო ეკითხება დიდ მიხოს, - იახტა რა არის?

- კარგად წაიკითხე, შვილო, მიახტა იქნებაო.

ნუგზარ კვაშალი:

- ქალების პოპულარული საცვალი ხომ ტანგაა. ჰოდა, ვახომ კაცებისთვის ახალი საცვალი გამოუშვა: ვახ-ტანგა.

ბესო ბერულაშვილი:

- ერთი ქვრივი ქალბატონია, ჩვენი მეგობარი, რომელსაც უყურებს ვახტანგი და მოეწონა, - ცოლი რომ მომიკვდება, შენ უნდა მოგიყვანოო.

იმ ქალმა ახედ-დახედა და უთხრა:

- ბატონო ვახტანგ, აღარ მინდა, მეორედ დაქვრივებაო.

ლალი ფაცია