100-ჯერ წაკითხული "გველის პერანგი" და "არანორმალური" მეხსიერება - გზაპრესი

100-ჯერ წაკითხული "გველის პერანგი" და "არანორმალური" მეხსიერება

დავით ლომინაძე პროფესიით იურისტია, ინტელექტუალთა კლუბში 2009 წლიდან თამაშობს. 2010 წელს დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი გახდა, შემდეგ კი ტელეგადაცემაში - "რა? სად? როდის?" "დღის მოაზროვნედ" იქნა დასახელებული. უყვარს წიგნების კითხვა (დაწოლილ მდგომარეობაში), მუსიკის მოსმენა (სიბნელეში), თევზაობა და ჯეოპარდი.

პრეამბულის მაგიერ

- ბაღდათში დავიბადე და გავიზარდე. ოჯახში ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს. ჯერ ქართველი ავტორების ნაწარმოებების კითხვა დავიწყე, მერე რუსული და ინგლისური ენებიც ვისწავლე. ბავშვობაში ჩემი სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნი არაერთხელ მომიპარავს. ხანდახან მომქონდა და შეგნებულად ვიტოვებდი, ხან - ბევრი კითხვისგან მეხეოდა და უკან აღარ ვაბრუნებდი.

- როგორც მივხვდი, წაკითხულ ნაწარმოებებს ხელმეორედ ხშირად უბრუნდები.

- დიახ, რომელი წიგნიც მომწონს, შემიძლია რამდენჯერმე წავიკითხო.

- ყველაზე ბევრჯერ, რომელი ნაწარმოები გაქვს წაკითხული?

- რობაქიძის "გველის პერანგი". 100-ჯერ მექნება წაკითხული.

- 100-ჯერ?

- რობაქიძის სტილი ძალიან მომწონს, მაგრამ ის მწერლად არ მიმაჩნია, ფილოსოფოსია. ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. "გველის პერანგში" ფერსათზე წერს, ფერსათი ჩემი სოფელია.

- ფილოსოფიური ჟანრის ლიტერატურა გიზიდავს?

- კი, ისეთი ნაწარმოებები მომწონს, "მძიმე წიგნებს" რომ ეძახიან, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური... მეორედ და მესამედ წაკითხვის სურვილს რომ მიჩენს. სიუჟეტური ნაწარმოებები არ მიყვარს. დეტექტივებს ვერ ვკითხულობ.

- მეგობრად რომელ პერსონაჟს აირჩევდი?

- მაქს ფრიშის განტენბაინთან ვიმეგობრებდი. ძალიან კარგი პერსონაჟია. ამ ავტორმა ჩემი ცხოვრება საერთოდ შეცვალა. 23 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე და მასზე დიდი გავლენა ჯერ არც ერთ წაკითხულ ნაწარმოებს არ მოუხდენია.

- კლუბში - "რა? სად? როდის?" როგორ მოხვდი?

- ბაღდათში ინტელექტუალური თამაშის ერთ-ერთ სახეობას, ბრეინინგს ხშირად ვთამაშობდით. ეს თამაში სისწრაფეზეა. 2000 წელს უნივერსიტეტში ჩავაბარე. 2009 წელს, 1 წელი ქუთაისში ვცხოვრობდი. იქ "რა? სად? როდის?" ძალიან კარგი კლუბია, ინტენსიურად თამაშობენ, ვარჯიშობენ, შეჯიბრებებს აწყობენ. რამდენიმე ათეული ადამიანი ამით ცხოვრობს, ეს ცალკე სოციუმია. იმდენს მივაღწიე, ქუთაისის ყველაზე წარმატებულ გუნდ "კოზანოსტრაში" ჩემთვის ადგილი გამოინახა. ამ გუნდთან ერთად წარმატებული თამაშის შემდეგ, კასტინგის გზით დიდ კლუბში "რა? სად? როდის?" მოვხვდი.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- "არანორმალური". რამდენი გამოცდა ჩამიბარებია, სწავლა დამჭირვებია, ორჯერ არაფერი წამიკითხავს, ლექსებს თუ არ ჩავთვლით.

- პოეზია გიყვარს?

- ძალიან. ზეპირად უამრავი ლექსი ვიცი.

- ლექსებსაც ერთი წაკითხვით იმახსოვრებ?

- არა, 2-3 წაკითხვაა საჭირო. XX საუკუნის ქართული პოეზია მიყვარს.

- თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედებას კარგად იცნობ?

- დიახ, შეძლებისდაგვარად ვეცნობი. ძალიან მომწონს გიორგი შალამბერიძის ლექსები.

- ამ ჩინელმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა, აღიარება სიკვდილის შემდეგ ჰპოვა. თავდაპირველად მენახირე იყო, შემდეგ სამართლის მინისტრი გახდა. დაასახელე, ვისზეა ლაპარაკი?

- კონფუციზე.

- ვისი სახელობის იყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა?

- ლენინის, არა?

- კარლ მარქსის სახელობის იყო. როგორ ითარგმნება ქართულად ებრაული სიტყვა "ალილუია"?

- "აქებდეთ ღმერთსა".

- გაიუს მარიუსი, იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი, პომპეუსი. ამ სარდლებიდან რომელმა დალაშქრა საქართველო?

- პომპეუსმა. მისი სახელობის ხიდი დღემდე შემორჩენილია.

- რომელ ტაძარშია დაკრძალული საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ამბროსი ხელაია?

- (ფიქრობს) სიონში.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი: "ამანა განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- ფარნავაზზე.

- რას გიწოდებდა ძველი რომაელი, თუ მას მარათონზე შეხვდებოდი?

- ოპონენტს.

- კონკურენტს.

- ჰო, მართალია, სიტყვები ამერია.

- სახელმწიფო უშიშროების სამსახურში ახალ თანამშრომლებს იღებენ. წინასწარი გასაუბრების შემდეგ, ყველას მისცეს კონვერტი, გრიფით - "საიდუმლო" და სთხოვეს, რომელიღაც კაბინეტში წაეღოთ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივიდოდა, საპირფარეშოში შეიარა და კონვერტი გახსნა. რა ეწერა წერილში?

- ხომ გითხარით, არ გახსნათო. ან რაღაც ამდაგვარი ეწერებოდა.

- "თქვენ ჩვენთვის შესაფერისი მუშაკი ხართ, დაბრუნდით უკან".

- მართლა? მე პირიქით ვიფიქრე.

- ვინ გახდა 1921 წელს, სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- როგორც ამბობენ, ეს ადამიანი მერი შერვაშიძე იყო.

- ვისზე თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ნიქსონმა: "ცუდი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლიაო"?

- რეიგანზე?

- მიგანიშნებთ, ის საბჭოთა...

- ...(მაწყვეტინებს) ბრეჟნევზე, რადგან მას მანქანის მართვა უყვარდა.

- "როგორებიც არიან ადამიანები, ისეთები არიან მათი წიგნებიც". - ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი?

- არ ვიცი.

- გერმანელი ფიზიკოსი, ლიხტენბერგი.

- არ ვეთანხმები. ვიცი აუტანელი ადამიანები, რომლებიც კარგ წიგნებს წერდნენ.

- მაგალითად?

- აკუტაგავა.

- რომელი ქვეყანაა მსოფლიოში II ადგილზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით?

- ინდოეთი.

- ძველ ჰიმალაელ დურგლებში არსებობს ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის უცნაური წესი: მასწავლებელი მოსწავლეს ხის ნაჭერს ესვრის. რა უნდა ქნას მან დაჭერამდე?

- არ ვიცი.

- უნდა გამოეცნო, ხის რომელი ჯიშია. რომელ მხატვარს ეკუთვნის ყველაზე მეტი ავტოპორტრეტი?

- რუბენსს. ვან გოგიც ხშირად ხატავდა. ფერწერაში ძალიან კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ცნობილია, რომ რემბრანდტი ყველა ნახატში, ერთ მისეულ დეტალს მაინც დებდა.

- ეს საზოგადო მოღვაწე გორის მაზრაში, ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. კიევის სასულიერო აკადემიაშიც ჩააბარა, მაგრამ უკრაინის ცივი ჰავა ვერ აიტანა და III კურსიდან სწავლას თავი დაანება. დაასახელე ეს პიროვნება.

- იაკობ გოგებაშვილი.

- სამეფო არწივი მთელ ცხოვრებას 1 პარტნიორთან ატარებს. კიდევ რას არ იცვლის იგი სიცოცხლის განმავლობაში?

- ბუდეს.

- რომელ კონტინენტზეა მწვერვალი კილიმაჯარო?

- აფრიკის.

- ის იმდენად პატარა ჩიტია, ხშირად ობობას ქსელში ეხვევა და თავს ვეღარ აღწევს. რომელ ჩიტზეა ლაპარაკი?

- კოლიბრზე.

- ცნობილი ფიზიკოსი, ნილს ბორი წარმატებული სპორტსმენი იყო. რომელი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში თამაშობდა ის მეკარედ?

- დანიის ნაკრებში.

- ახლა კი დაასახელეთ ქვეყანა, რომელიც დღემდე გამართულ მსოფლიოს ყველა საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

- ბრაზილიაა. 1994 წლიდან ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ.

- რას ნიშნავს სიტყვა "ოდიოზური"?

- არასასურველს, ცუდს.

- ერთ-ერთ გალერეაში დამთვალიერებელი პორტრეტს უყურებს და ამბობს, ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა მამაჩემის სიმამრიაო. რა იქნება მისთვის პორტრეტზე გამოსახული მამაკაცი?

- (ფიქრობს) გთხოვ, კითხვა გამიმეორე, დავიბენი (გამეორების შემდეგ), ბაბუა? ვერ მივხვდი.

- ბიძა. ავლაბარი, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი. ამ უბნებიდან რომელი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე?

- საბურთალო.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი მინდი იქნება?

- 48 საათის შემდეგ ისევ ღამის 12 საათი იქნება (იცინის).

- სად დაიბადა ვერიკო ანჯაფარიძე?

- ჩვენებურია, ქუთაისში დაიბადა.

- ვინ შეასრულა ილიკოს როლი ფილმში - "მე, ბებია ილიკო და ილარიონი"?

- სანდრო ჟორჟოლიანმა.

- მორიელი ვერ იტანს ალკოჰოლს. სულ პატარა წვეთის შეხების შემთხვევაშიც კი რას აკეთებს იგი?

- თავს იკლავს.

- "ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს". დაასახელე ამ სიტყვების ავტორი, ქართველი კლასიკოსი.

- კონსტანტინე გამსახურდია.

- ბარონი დენონი ფრანგი გრავიორი, მხატვარი, მწერალი და დიპლომატი იყო. ის დაწინაურებული იყო ლუდოვიკო XVI-ის და ნაპოლეონ I-ის დროს. ალექსანდრე I კი მისგან სურათებსა და სხვადასხვა ნივთებს იძენდა. სად ინახავდა ამ ნივთებს?

- ერმიტაჟში.

- რა ჰქვია ლომის შვილს?

- ბოკვერი.

- ლომების გუნდს?

- პრაიდი.

- დაბოლოს, დაასრულეთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "სიყვარულის სიმცირე კი არა, მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო..."

- "...უიღბლო ქორწინებას".

თამუნა კვინიკაძე