სამი ამბავი - დათო ტურაშვილისგან - გზაპრესი

სამი ამბავი - დათო ტურაშვილისგან

ფელაციო - ამერიკელ ასტრონავტს ეხება, რომელმაც პირველმა დააბიჯა ფეხი მთვარეზე; ჯოჯუ ჩიტაიას სისტემა - ფეხბურთის მწვრთნელის განსხვავებული და უნიკალური გამოგონების შესახებ გვიამბობს; კურკა - მისი შვილის, ანა-მარიამის ბავშვობის დროინდელი სიყვარულის გახსენებაა.

ფელაციო

- ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა - ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას, მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მთვარეზე გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მომენტისთვის, წინასწარ მოუმზადეს. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა დედამიწასთან შეუთანხმებელი ტექსტიც, რომლითაც არმსტრონგმა ვიღაც თანამოქალაქეს მიმართა: Good luck, mister orsky!..

მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი წარმატებას.

დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველ პრესკონფერენციაზე, ასტრონავტს სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა სთხოვეს, მაგრამ ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა, - მისტერ გორსკი ჯერ ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო... რამდენიმე წლის შემდეგ, მისტერ გორსკი ცოცხალი რომ აღარ იყო, არმსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოს ფარდა ახადა: თურმე, გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან ოთახში უცნაური სცენა დაინახა: მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე (ფელაციო) დათანხმებისაკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, მერე მივხვდიო, არმსტრონგმა) და ცოლი ღიმილით პასუხობდა, - მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე ფეხს რომ დაადგამსო (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი - ვირი ხეზე ავაო).

პატარა არმსტრონგს იმდენად დაამახსოვრდა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე დადგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაახსენდა გაწამებული მეზობელი და წარმატებაც უსურვა: Gოოდ ლუცკ, მისტერ ორსკყ!..

პ.ს. გენიალური ასტრონავტი, სხვათა შორის, თბილისშიც არის ნამყოფი და თვითმხილველთა გადმოცემით, ძალიან მოეწონა ქართული ღვინო, მაგრამ რამდენიმე ჭიქის შემდეგ, სუფრიდან მაინც იპარებოდა ხოლმე და თურმე, ისევ მთვარეს უყურებდა ცრემლიანი თვალებით.

ჯოჯუ ჩიტაიას სისტემა

- საბჭოთა კავშირის დანგრევამდე, ჯოჯუ ჩიტაიას, საქართველოში თუ არა, აფხაზეთის მაშინდელ ავტონომიურ რესპუბლიკაში ნამდვილად კარგად იცნობდნენ, უფრო სწორად - მის სისტემას იცნობდნენ, რომელსაც ანალოგი არ ჰქონდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ფეხბურთის მოყვარულებს კარგად ახსოვთ რამდენიმე ცნობილი მწვრთნელის განთქმული სისტემა, რომელსაც საფუძველი დაუდეს: ფეოლამ, ერერამ თუ სალდანიამ, მაგრამ ის, რაც შექმნა ჯოჯუ ჩიტაიამ, სრულიად განსხვავებული და უნიკალური იყო. თუმცა, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და პრიმიტიული ჩანდა, მაგრამ როცა ამ სისტემით გაწვრთნილმა მისმა საბავშვო გუნდებმა არნახული წარმატებების მიღწევა დაიწყეს, ყველას სწორედ ის ფრაზა გაახსენდა, რომლის მიხედვითაც ზოგჯერ ყველაზე გენიალურ გამოგონებას, ყველაზე უბრალო საფუძველი აქვს.

ჯოჯუ ჩიტაიას სისტემის მიხედვით, მთავარი იყო მოტივაცია, რომელიც მოედანზე გასვლის წინ, პატარა ფეხბურთელებს აუცილებლად უნდა ჰქონოდათ და გასახდელიდან გასვლამდე, აღსაზრდელებს, მოწინააღმდეგე გუნდის შესახებ რუსულად ეკითხებოდა:

- à êàê âû äóìàéòå, çà÷åì îíè (მაგალითად) èç Êóòàèñè ê íàì ïðèåõàëè?

მაშინ, საბჭოთა პერიოდში, აფხაზური ფეხბურთი იქნებოდა თუ ქართული ბალეტი, ხშირად ყველაფერში, რუსული ენა იყო დომინანტური და ბავშვებსაც მწვრთნელის კითხვაზე შესაბამისი პასუხები ჰქონდათ: რომ სპორტი მეგობრობის საწინდარია და ეს საფეხბურთო ტურნირიც ამიტომ მოიგონეს; რომ მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებას, უპირველესად რაც უწყობს ხელს, ეს სწორედ ფეხბურთია; რომ (რაც მშობლებისგან ჰქონდათ მოსმენილი) ფიზკულტურა აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. ბოლოს კი თვითონ განმარტავდა ხოლმე ჯოჯუ ჩიტაია, ქუთაისელი ბავშვების სოხუმში სტუმრობის `ნამდვილ~ მიზეზს:

- íåò ìîè äîðîãèå, íà ñàìîì äåëå, îíè ïðèåõàëè íå äëÿ òîãî, ÷òîá ñ âàìè â ôóòáîë èãðàòü, à äëÿ òîãî, ÷òîá âàøèõ ìàì âûåáàòü!..

გაოგნებული, თვალცრემლიანი და გამწარებული ბავშვები, მოედანზე კი არ შედიოდნენ, შეცვივდებოდნენ ხოლმე და მოწინააღმდეგეებს კი არ უგებდნენ, ზოგჯერ უბრალოდ, ანადგურებდნენ და ხშირად ანგარიში კატასტროფულად დიდი იყო.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პატარა ფეხბურთელთა წინასწარი განწყობის ამ მეთოდს (რომელსაც დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიასთან მხოლოდ შემთხვევითი კავშირი ჰქონდა), ჯოჯუ ჩიტაია, სხვა შემთხვევებშიც მონდომებით იყენებდა და ასევე წარმატებით. მისთვის სულერთი იყო, ვის ეთამაშებოდნენ მისი შეგირდები - ქუთაისელებს, გაგრელებს თუ კრასნოდარელებს.

კურკა

- მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.

პირველად ვნახე ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და დამპირდა, - კურკას გაგაცნობო. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასგან ვიცოდი და მას ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა.

ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში პირდაპირ მითხრა, - კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა, - კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო? უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად, ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ლამის საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით. კურკას მშობლებს ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში, ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორედ, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისაგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად, სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ ინსტინქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ, მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია, უცებ გამაჩერა, ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და მითხრა:

`არა უშავს, მა...~

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი, არაფერი მინდოდა სიკვდილის გარდა.

ნანული ზოტიკიშვილი