"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო" - გზაპრესი

"ქუ­ჩა­ში მო­მა­ძა­ხეს, თენ­გოს საყ­ვა­რე­ლო­ო"

მსახიობი ნინო ოკუჯავა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად დროის გამონახვა ძალიან უჭირს. ის მუდმივად გადაღებაზეა, აქვს მეორე სამსახური, სადაც ოფის-მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. სამსახიობო ფაკულტეტზეც დედის რჩევითა და მხარდაჭერით ჩააბარა. პროფესიული არჩევანით კმაყოფილია.

- ბავშვობაში წიგნის სამყაროში ჩემი მეგზური დედა იყო. მეგობრების მიერ ნაქებ წიგნებსაც ვკითხულობდი. წასაკითხი ლიტერატურა განწყობის მიხედვითაც ხშირად ამირჩევია. ავტორებიდან გამორჩეულად მიყვარს შექსპირი, ჩეხოვი, ცვაიგი... დიდი ინტერესით ვეცნობი ნოველებს, პოეზია დიდად არ მიყვარს, მაგრამ მაქვს ხოლმე პერიოდები, როცა მეგობარი პოეტის ლექსებს სიამოვნებით ვეცნობი.

ლიტერატურული პერსონაჟები, რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი პეპისთან. მასთან ერთად ვიგიჟებდი, ვიხალისებდი. ბავშვობაში პეპის ვგავდი, მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს ყველაზე კარგად გავუგებდით. პეპის როლი არაერთხელ მითამაშია. მამაკაცი პერსონაჟებიდან რომეო შემიყვარდებოდა.

ბავშვობაში დედას დავყავდი ცეკვაზე, სიმღერაზე, მეტყველებაზე... სცენა, ტაში, დარბაზიდან წამოსული დადებითი ემოცია ძალიან მომწონდა. დედის მხარდაჭერით ჩავაბარე თეატრალურში. ექიმების გარემოცვაში გავიზარდე, მაგრამ მათ გზას არ გავყევი. მამა გარდაცვლილი მყავს, მან მხოლოდ ჩემი ერთი სპექტაკლი ნახა და მოეწონა. დედა ძალიან მგულშემატკივრობს, სერიალს უყურებს და რჩევებსაც ხშირად მაძლევს, ზოგჯერ მაქებს კიდეც.

წაკითხულ ნაწარმოებებთან მიბრუნება მჩვევია. ზოგიერთი ნაწარმოები სამჯერ მაქვს წაკითხული. მერე უფრო კარგად მამახსოვრდება.

ინტელექტუალური თამაშები დიდად არ მიყვარს, არც არასდროს მითამაშია. ადამიანების სახელების დამახსოვრება ძალიან მიჭირს. პიროვნება ბევრჯერ უნდა ვნახო, რომ მას სახელით მივმართო.

ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები. მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობთ და არ მინდა მარტო დავტოვო. წელს გამონაკლისი მოხდა, ახალ წელს მეგობრებთან ერთად ბაკურიანში შევხვდი. დედა თავის დასთან ერთად შეხვდა, ეს საკითხი გამგზავრებამდე მოვაგვარე, რომ იქ მშვიდად ვყოფილიყავი.

წინასაახალწლო სამზადისში ნაკლებად ვერთვები, ალბათ იმიტომ, რომ დედა ძალიან აქტიურია, 2-3 კვირით ადრე იწყებს ტკბილეულისა და საახალწლო ნივთების შეძენას, სახლსაც თავად რთავს. მე უმნიშვნელოდ თუ ვეხმარები, ინტერესი კი მაქვს, მაგრამ მგონია, რომ სამზარეულოში ტრიალი არ მეხერხება. ნაძვის ხის დადგმა მიყვარს. ბავშვობაში მეკვლედაც დავდიოდი. მეგობართან 3 წელი მიბარებდნენ, მოდი, კარგი ფეხი გაქვსო.

ჩემი გმირი მაიკო სერიალში ძალიან პოპულარულია, ქუჩაში ყველა მცნობს, მაიკოს მეძახიან. ყველანაირი ასაკისა და კატეგორიის მაყურებელი გვყავს. ნეგატიური შეფასებები მომისმენია, რა უნდა ამ გოგოს, ოჯახს რატომ ანგრევს? ქუჩაში მომაძახეს, თენგოს საყვარელოო (იცინის). მსახიობობის გარდა, მეორე სამსახური მაქვს, რეალურ ცხოვრებაშიც ოფის-მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს როლის შექმნაში ძალიან დამეხმარა.

- ვინ გადაიღო მულტფილმი "ფიფქია და 7 ჯუჯა"?

- უოლტ დისნეიმ.

- ტოკიოს ზოოპარკი წელიწადში ერთხელ ორი თვით იკეტება, რატომ?

- სავარაუდო პასუხებს მეტყვი?

- ეს რამე დღესასწაულთან არის დაკავშირებული, დასუფთავების აქციასთან თუ უბრალოდ ცხოველებს დამთვალიერებლებისგან ასვენებენ.

- ალბათ ცხოველებს ასვენებენ, არა?

- დიახ. სიტყვას "ზახრუმა" ხშირად ამბობ?

- ხშირად არ ვამბობ.

- სპარსული სიტყვაა, იცი, რას ნიშნავს?

- რაღაც ცუდს ნიშნავს, ზუსტი განმარტება არ ვიცი.

- "არგადარჩენას". ზოოფობია ეს არის შიში ცხოველების მიმართ, იხტიოფობია - შიში თევზების მიმართ, პანოფობია - შიში ყველაფრის მიმართ. რისი შიშია გინეფობია?

- გინეკოლოგიასთან ვაკავშირებ.

- ანუ?

- შიში ქალების მიმართ, ხომ?

- დიახ. შენ გაქვს რამე ფობია?

- დახურული სივრცის შიში მაქვს, მეტროში ვერ ჩავდივარ, ლიფტში ვერ შევდივარ. პანიკურად მეშინია ობობების, რომ დავინახო, შეიძლება ფანჯრიდან გადავხტე.

- მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი გავიხსენოთ. "როდესაც ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმრავლესობა ... აღმოჩნდება ხოლმე", რომელი სიტყვა გამოვტოვე?

- მხოლოდ ერთი სიტყვა?

- დიახ.

- გაუნათლებელი?

- არა.

- ბრმა?

- "უწიგნური". შენ შეგხვედრია ასეთი კაცები?

- მე არ შემხვედრია, მაგრამ მეგობრების გამოცდილებიდან ვიცი, რომ არსებობენ.

- რომელ ჟანრს განეკუთვნება ცეკვა "ქართული"? სატრფიალოს, სახუმაროს თუ საომარს?

- სატრფიალოს.

- ვინ დაწერა "რევიზორი" და "მკვდარი სულები"

- გოგოლმა.

- როგორ პიროვნებას უწოდებენ ოდიოზურს?

- მიუღებელს.

- სარდინია, სიცილია, კორსიკა, ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულებიდან რომელია ყველაზე პატარა?

- სარდინია, არა?

- კორსიკა. წარმოიდგინე, რომ დედამიწის გარშემო მოგზაურობ, აღმართი უფრო მეტი შეგხვდება თუ დაღმართი?

- (იცინის) ორივე თანაბრად იქნება.

- გოეთემ მასზე თქვა: "ის ჩინებული უნდა იყოს, ან სულაც არ უნდა იყოს", შლეგელი თვლიდა: "ის არის მუსიკალური გამოხატულება ადამიანის სულიერი მოძრაობისა", რუსი პოეტი ბრიუსოვი კი წერდა: "ის ადამიანის სიტყვით სარგებლობის ხერხთა შორის, ყველაზე სრულქმნილია". რის შესახებ ამბობდნენ ამ ყველაფერს?

- არ ვიცი.

- პოეზიის შესახებ. "ლამაზი ქალი სხვისია,/ ლამაზი ქალი მტრისას,/ თავს მოგჭრის, ძმაო, ნისიად,/ ისეთ რამეებს იზამს./ ჭკვიანი ქალი რად გინდა,/ ჭკვიანი ქალი მტრისას,/ თავს დაგაჯდება, გაგქირდავს/ და ამოგიხმობს ტვინსა,/ მდიდარი - ჭირვეულია,/ მდიდარი ქალი მტრისას,/ ღარიბი - სულწასულია,/ სხვისი შეაცდენს ქისა.../ ...თქვენ ვაჟბატონო, რამდენი ცოდვა გდებიათ კისრად,/ ჰაუ, რამდენი ოჯახი აშენებულა მტრისას..." ვინ არის ამ ლექსის ავტორი?

- არ ვიცი.

- შოთა ნიშნიანიძე. ამ დამწერლობაში 40 ათასზე მეტი სიმბოლოა, რომელ დამწერლობაზეა ლაპარაკი?

- ჩინურზე.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ კაშკაშა მზიანი ამინდი იქნება?

- მაგას წინასწარ ვერ ვიტყვით, ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ.

- 48 საათის შემდეგ?

- (იცინის) დავიბენი, ღამე იქნება.

- რა ჰქვია ლომების გუნდს?

- არ ვიცი.

- პრაიდი. ერთ-ერთ გალერეაში დამთვალიერებელი პორტრეტს უყურებს და ამბობს: ამ სურათზე გამოსახული კაცის მამა, მამაჩემის სიმამრიაო. ვინ იქნება მისთვის სურათზე გამოსახული მამაკაცი?

- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), ახლა ძალიან დავიბენი, უნდა დავფიქრდე, ვგრძნობ, რთული პასუხგასაცემი შეკითხვა არ არის (პაუზის შემდეგ). ბაბუაჩემის შვილი დედაჩემია.

- დედაშენი დედისერთა არ არის.

- (ფიქრობს) ანუ პორტრეტზე გამოსახული კაცი ბიძაჩემია?

- დიახ. "ოსკარით" დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს ნანატრ სტატუეტებს ართმევენ და რამდენიმე დღის შემდეგ უბრუნებენ, რატომ?

- მათზე მფლობელის სახელი და გვარი რომ ამოტვიფრონ.

- დაასახელე ამერიკის ქალაქი, რომელიც გადმოცემით განგსტერებმა დააარსეს და დღეს კაზინოებისა და საქმიანი შეხვედრების ადგილად არის ცნობილი.

- ლას-ვეგასი.

- რამდენიმე წლის წინ, ლონდონში, კრისტის აუქციონზე 1912 წელს გამოშვებული პლაკატი 12 ათას დოლარად გაიყიდა. ამ პლაკატით ყველას უსაფრთხო და სასიამოვნო მოგზაურობას ჰპირდებოდნენ. სად?

- ვერ ვხვდები, სად უნდა დაეპატიჟათ?

- ტიტანიკზე. ხელოვნების რომელი სფეროს წარმომადგენლებს აჯილდოებენ "გრემით"?

- მუსიკოსებს.

- ვის მიმართა დახმარებისთვის წრუწუნამ მულტფილმში - "წუნა და წრუწუნა"

- რა ერქვა (ფიქრობს)? ფიცხელას.

- მაია წყნეთელის მამაკაცური სახელი გახსოვს?

- არ მახსოვს.

- მათე ბიჭს ეძახდნენ. რომელი ცნობილი მწერლის ნაწარმოების გმირია კირილე მიმინოშვილი?

- დავით კლდიაშვილის გმირია, "სამანიშვილის დედინაცვალში".

- წარსულში ქმრის მოღალატე და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას სცოდნოდა. მაშინ გაჩნდა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რომელ ფორმაზეა ლაპარაკი?

- "ჩოლკა".

- დაბოლოს, დაასრულე ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ფულს შეუძლია ყველაფერი, ისეთი პიროვნებაა, რომელიც წავა ყველაფერზე..."

- "...ფულის გამო".

თამუნა კვინიკაძე