უარყოფითი პერსონაჟების გულშემატკივარი - გზაპრესი

უარყოფითი პერსონაჟების გულშემატკივარი

ახალ გამოცემებსაც ვიძენ. ძალიან მომწონს წიგნების სერია, რომლიც "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოდის". - ამბობს "ვანოს შოუს" ბენდის ხელმძღვანელი, თამუნა ლეკვეიშვილი. უყვარს რომანები, მაგრამ გამორჩეულად საყვარელი ავტორი არ ჰყავს.

პრეამბულის მაგიერ

- ბავშვობაში წიგნებს როგორ დაუმეგობრდი?

- დედამ დიდი როლი ითამაშა. ასაკის შესაფერის წიგნებს ის მირჩევდა. საკმაოდ აქტიური მკითხველი ვიყავი. ძალიან მინდა, წიგნები ჩემს შვილებსაც შეუყვარდეთ. ჯერ პატარები არიან, ქართულ ხალხურ და შარლ პეროს ზღაპრებს ხშირად ვუკითხავ და ინტერესით მისმენენ.

- ბოლოს რა წაიკითხე?

- აკუტაგავას მოთხრობების კრებული და ძალიან მომეწონა.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- არა, მსგავსი რამ ფილმის ნახვისას დამმართნია.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ერთი დავასახელო? ძალიან რთულია (ფიქრობს). მხოლოდ დადებითი გმირები დიდად საინტერესოები არ არიან. ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი გმირები მეტად მომწონს, მაგრამ კითხვის დროს მათ ვგულშემატკივრობ.

- წიგნი მოგიპარავს?

- ერთხელ მუსიკალური ნოტები მოვიპარე, რომანსები, თავისი ტექსტებით და დღესაც სახლში მაქვს.

- კარგი მეხსიერებით გამოირჩევი?

- ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი მეხსიერება მაქვს.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელახლა უბრუნდები?

- კი, ყველაზე მეტჯერ "ოსტატი და მარგარიტა" მაქვს წაკითხული.

- ტელევიზიაში კასტინგი გქონდათ, რა ხდება?

- ახალ მუსიკალურ პროექტს ვიწყებთ. მოდიან ადამიანები ფანდურით, გიტარით, მღერიან და ჩვენ ვარჩევთ. გადაცემას მალე "კომედი არხზე" დავიწყებთ. პროექტს კვირაში ერთი მონაწილე დატოვებს. გვეყოლება ჟიური და სხვა დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავის ცოდვებს სიმბოლურად თხას დააკისრებდნენ და მას უდაბნოში გზავნიდნენ. ამ ჩვეულების თანახმად, ისინი თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. რომელი ცნობილი გამოთქმა წარმოიშვა ამ ამბიდან?

- არ ვიცი.

- გაიხსენე, მამალ თხას რას ეძახიან?

- ვაცს. ა! მივხვდი, "განტევების ვაცი".

- რომელმა ქართველმა მწერალმა დალია სული დღევანდელი სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში, სადაც მაშინ წმინდა ნინოს სახელობის ლაზარეთი იყო განთავსებული?

- ვაჟა-ფშველამ.

- რა ჰქვია ინდიელის ფეხსაცმელს?

- ვაიმე, ვერ ვიხსენებ.

- მოკასინი.

- უი! ეს ვიცოდი.

- მითოლოგიაში კარგად ერკვევი?

- ბერძნული მითოლოგია შედარებით კარგად ვიცი.

- ვინ იყო ბედისა და იღბლის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში?

- ფორტუნა.

- შენს ფორტუნაზე რას იტყვი, გწყალობს?

- უმადური უნდა ვიყო, რომ ვთქვა, არ მწყალობს-მეთქი.

- "ძლიერებს უფრო მეტად უჭირთ ამ ქვეყნად, ამიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ". - რომელი ქართველი კლასიკოსია ამ სიტყვების ავტორი?

GzaPress- კონსტანტინე გამსახურდია.

- რას უწოდებენ სახელმწიფოს ერთპიროვნულ მმართველს, რომელიც შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობს?

- დიქტატორს.

- ვინ ასრულებს მთავარ როლს ფილმში - "მაია წყნეთელი"?

- ლეილა აბაშიძე.

- რამდენი ფეხი აქვს რვაფეხას?

- რვა (იცინის).

- რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ ასკილი, მაღალი საზოგადოებიდან?

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელო, ვარდს უწოდებდა. ასკილი ხომ ვარდისებრთა ოჯახიდანაა.

- რომელმა ცნობილმა მხატვარმა გამოსახა ჯოკონდა ულვაშებით?

- თანამედროვე მხატვარია?

- არა.

- გთხოვ, მინიშნება მითხარი.

- ესპანელია.

- სალვადორ დალიზე ვფიქრობ, ასეა?

- გამოიცანი. არისტოტელემ მას "სურვილების შესრულების გარანტი" უწოდა, ლორდ ბაირონმა - "ალადინის ლამპარი", ჰენრი ფორდმა ის კიდურებს შეადარა, ბერნანდ შოუ კი თვლიდა: "ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე". რაზეა ლაპარაკი?

- გთხოვ, კითხვა გამიმეორე (გამეორების შემდეგ), მადროვე, გავიაზრო (პაუზის შემდეგ) ორი ვერსია მაქვს. ერთია ფული, მეორე - სილამაზე.

- ერთ-ერთი სწორი პასუხია.

- მართლა? მოდი, პირველ ვარიანტს ავირჩევ, - ფული.

- რა თქმა უნდა, ფულს გულისხმობდნენ. ამ 4 ადამიანიდან რომელს ეთანხმები?

- ფული რამდენიც უნდა გქონდეს, ალბათ ყველა სურვილს მაინც ვერ შეისრულებ. არისტოტელეს არ ვეთანხმები. ბერნანდ შოუს აზრიც არ მიმაჩნია მართებულად. აი, ჰენრი ფორდის აზრთან კი უფრო ახლოს ვარ.

- რა ჰქვია იმ მდინარეს, სადაც პირველად ოქრო აღმოაჩინეს?

- (ფიქრობს).

- მიგანიშნებ, ამ დასახელების მაღაზიათა ქსელიც კი არსებობს.

- ეს მდინარე საქართველოშია?

- კანადაშია.

- ვერ გიპასუხებ.

- კლონდაიკი. სიგარეტის მწარმოებელი ამ ცნობილი კომპანიის წარმომადგენელი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

- ვერ გიპასუხებ, ეს არის ფაქტი, რომელიც ან იცი, ან - არა. ლოგიკური აზროვნებით ვერ გამოვიცნობ.

- "მარლბორო". რომელი ცნობილი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში?

- უინსტონ ჩერჩილი.

- "და სანამ მხრებზე მემსხვრევა წვიმა,/ გზები ნაბიჯებს სანამ მითვლიან,/ მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,/ რაც ჩემი ნებით არ დამითმია". - ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- არ მეცნობა.

- ოთარ ჭილაძე. როგორ მოძრაობენ პლანეტები, საათის ისრის თუ საპირისპირო მიმართულებით?

- საათის ისრის მიმართულებით, ასე მგონია.

- დიახ, გამონაკლისიც არსებობს. დაასახელე პლანეტა, რომელიც საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს.

- არ ვიცი.

- ეს პლანეტა ვენერაა. ვის მიუძღვნა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა "აბესალომ და ეთერი"?

- გარდაცვლილ შვილს.

- ეს მუსიკალური საკრავი უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. შუა საუკუნეებში მას რომანტიკული ბალადების შესასრულებლად იყენებდნენ, ხოლო XVIII საუკუნეში სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობაში შევიდა. დაასახელე, რომელ ინსტრუმენტზეა ლაპარაკი?

- ერთდროულად ბევრი მახსენდება და ზუსტად რომელია, არ ვიცი.

- არფა. "მუსიკა საგანძურია, სადაც ყველა ეროვნებას თავისი განძი შეაქვს". - რომელი კომპოზიტორია ამ გამონათქვამის ავტორი?

- ცოტათი დამეხმარე, გთხოვ.

- ის რუსული კლასიკური მუსიკის წარმომადგენელი და არაერთი შედევრის ავტორია.

- ჩაიკოვსკი ხომ არა?

- გამოიცანი. რომელი ქართული მელოდია ჟღერს ჩაიკოვსკის "მაკნატუნაში"?

- "იავნანას" მელოდია.

- ადამიანის რომელი ჯირკვალი გამოყოფს ადრენალინს?

- არ ვიცი, მედიცინაში კარგად ვერ ვერკვევი.

- თირკმელზედა. - მსოფლიოში ცნობილი ეს გალერეა იტალიაში მდებარეობს, სასახლე XVI საუკუნის II ნახევარში აშენდა. რომელ გალერეაზეა ლაპარაკი?

- რომელ ქალაქშია?

- ფლორენციაში.

- (ფიქრობს) უფიცის გალერეა.

- მზე უფრო დიდია თუ დედამიწა?

- მზე.

- დაალაგე მამაკაცთა სასიმღერო ხმები მაღლიდან დაბლისკენ: ბარიტონი, ბანი, ტენორი.

- ტენორი, ბარიტონი, ბანი.

- როგორც ცნობილია, სიმღერა საქართველოში, ისევე, როგორც შელოცვა, სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. რომელი სამკურნალო ხალხური სიმღერის დასახელება შეგიძლია?

- "ბატონებო".

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე". - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე სარეცელი უამრავ ქალთან გაიყო. მათ შორის იყვნენ მაღალი წრის მანდილოსნები. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. მიპასუხე, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე. ხომ არ ვცდები?

- არა. ერთიანი საქართველოს რომელი მეფე აღიკვეცა ბერად დავით-გარეჯის მონასტერში დამიანეს სახელით?

- რომელ საუკუნეში?

- ეს 1155 წელს მოხდა.

- ლაშა-გიორგი? არ იქნება ეს სწორი პასუხი.

- დემეტრე I აღიკვეცა. რა ერქვა ხევისბერი გოჩას შვილს?

- ონისე.

- ის საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული, გოგი თუშურაშვილი გახლდათ. რა მეტსახელით ვიცნობთ ჩვენ მას?

- კუკარაჩა.

- ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი, ლესია უკრაინკა, ჯორჯ ბაირონი ჩამოთვლილი მწერლებიდან, რომელი არ იყო საქართველოში ნამყოფი?

- დიუმა და პუშკინი ნამდვილად იყვნენ. ბაირონის საქართველოში სტუმრობა კი არ მახსენდება.

- ამ მცენარის სამშობლო ჩინეთია, საქართველოში 1993 წელს შემოიტანეს, მისი პლანტაციები პირველად ოზურგეთში გააშენეს. დაასახელე ეს მცენარე.

- ჩაი.

- დაბოლოს, დაასრულე ცნობილი ჩინური გამონათქვამი: "შეიძლება არ იყო თავმდაბალი და არ იყო ბრძენი, მაგრამ შეუძლებელია, იყო ბრძენი და არ იყო..."

- "...და არ იყო თავმდაბალი".

თამუნა კვინიკაძე