ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი" - გზაპრესი

ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი"

ის პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ მეგრელი ქალის თამაში არ გასჭირვებია. ამბობს, რომ დოჩის ბევრი რამით ჰგავს, მასავით ხმაურიანი და დემაგოგია.

- დაბადების თარიღი...

- ...1983 წლის 4 ნოემბერი...

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, მსახიობი, მხატვარი. ძალიან ბევრი ოცნება მქონდა. საბოლოოდ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ქაოსური ადამიანი ვარ, სურვილებში ბოლომდე კარგად ვერ ვერკვევი, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. ცოტა ხნით სტაჟიორად ვმუშაობდი, მერე ერთ-ერთ ჟურნალში ვცადე ბედი, შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის პიარში ვიყავი, ეიჩარის პოზიციაზეც ვიმუშავე. დროთა განმავლობაში პერსონალთა მართვის მენეჯერი გავხდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...მოხვედრა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი მეგობრის, თიკო გაგუას დაბადების დღეზე ვიყავი, ის ქეთი დევდარიანის მეგობარია. მე და ჩემი და ცნობილი მომლხენები ვართ. ამ დაბადების დღეზეც მივიქციეთ ყურადღება. ქეთი ჩემით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მიმოწერაც გვქონდა. მერე მითხრა, - ვქმნი პერსონაჟს, რომელსაც მგონია, რომ კარგად განასახიერებო. ვიუარე, კამერასთან მუშაობა არ ვიცი-მეთქი. მოკლედ, საბოლოოდ შემოთავაზება მაინც მივიღე. ყველანაირ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. რასაც ჩემს თავზე ავიღებ, ის აუცილებლად, კარგად უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს საერთოდ არ ვახლებ. პირველი, რისიც შემეშინდა, ის გახლდათ, რომ არ მინდოდა, ქეთი იმედგაცრუებული დამეტოვებინა. კასტინგზე არანორმალურად ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან თბილი გარემო დამხვდა. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რომ ნერვიულობისგან გალურჯებული ვიყავი, ცალკე ოთახში შემიყვანა და მიამბო, როგორ ხდება როლებზე მსახიობების შერჩევა, სტრესი მომიხსნა. სცენარი ერთად გავიარეთ. ბუნებრივია, მერე სხვა ადამიანების წინაშეც წარვდექი, მაგრამ მათ უკვე ვეღარ ვხედავდი. როცა მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, მერე შემართება მოვიდა. გადაღებაზე რომ მივედი, ძლიერი დაძაბულობა აღარ მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ხალისიანი ვარ და გარშემო მყოფებს ვაბედნიერებ.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი, საუკეთესო მეგობრები, მაქვს საყვარელი საქმე... ადვილად შემიძლია გავხდე ბედნიერი. პატარა დეტალებშიც კი ვპოულობ ბედნიერებას.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანების გატანისა და დაცვის დიდი უნარი მაქვს. ეს ინსტინქტი ჩემში ბუნებრივად ჩნდება.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო.

- ...საშინლად არაპუნქტუალური ვარ. დროის შეგრძნების უნარი მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მაქვს - ეს ძალიან ცუდი თვისებაა, ვებრძვი, მაგრამ ჯერ უმნიშვნელო შედეგი მაქვს. არის შემთხვევები, როცა მეგობარს 2 საათი ვალოდინებ და ისინი მხოლოდ ამის გამო მეჩხუბებიან.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...დაუნდობლობა.

- არ მჩვევია...

- ...ღალატი, საიდუმლოს გაცემა, ენის მიტან-მოტანა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ჩემს ცხოვრებაში პატარ-პატარა წარმატებები სულ იყო, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება და გამარჯვება მაშინ ვიგრძენი, როცა წონაში 50 კილო დავიკელი და აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი. მას შემდეგ, სულ კომპლიმენტებს ვიღებ. 100 კილოზე მეტი ვიყავი, მაგრამ დიეტა ძალიან მსტრესავდა. წონა ას კილოგრამს რომ გადასცდა, მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. თავად მოვიფიქრე, რა არ დამსტრესავდა: დილიდან 3 საათამდე ვჭამდი ყველაფერს (ღომს, კუპატს, ნაყინს, ნამცხვარს...) და 3 საათის შემდეგ, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ასე გავატარე 2 წელი და 30 კილო დავიკელი. მერე სხვადასხვაგვარ დიეტას მივმართე და 20 კილო დავიკელი. მოკლედ, 5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი... სერიალში გადასაღებად რომ წავედი, წინა საღამოს, სოციალური ქსელიდან "მსუქანი ფოტოები" გავაქრე - აი, ახლა პატარა საიდუმლო გაგიმჟღავნე.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ფეხებს დავითხელებდი. ჩემი ოცნებაა, თხელი ფეხები მქონდეს, წვრილკანჭა გოგო ვიყო, სხვა პრობლემა არ მაქვს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რაც კი მოვინდომე, ყველაფერი ვისწავლე. თუ ვიცი, რაღაც ჩემთვის დაუძლეველია, ბრძოლაში დროს არ დავხარჯავ.

- მეზარება...

- ...ვარჯიში.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მეუბნებიან, არაჩვეულებრივი მსახიობი ხარო. ამ კომპლიმენტს ვერც მივიღებ - მსახიობი არ ვარ.

- ჩემი პერსონაჟი დოჩი ალიშბაია...

- ...სიგიჟემდე მიყვარს. დილით რომ ვდგები, ბეწვეულს და მდიდრულ სამოსს ვეძებ, ვერ ვპოულობ და მერე გაღიზიანებული დავდივარ (იცინის). ამ პერსონაჟმა ჩემში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი სიკეთე გამიკეთა, ბევრი ადამიანის სიყვარული მაჩუქა. მასსა და ჩემ შორის ბევრ მსგავსებასაც ვპოულობ. მაგალითად, მეც ხმაურიანი და დემაგოგი ვარ. ჩემთვის ღვთიურია სიტყვა "მჭირდები". როცა ეს რომელიმე ახლობლისგან მესმის, მერე არ არსებობს ჩემთვის წინაღობა, ტაქტი, რომ შენი საქმე არ არის, რომ მესამე ხარ და ზედმეტი... მეგრულიც კარგად ვიცი, რადგან ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, სკოლა დავამთავრე. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...მთხოვენ. ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ კონფლიქტში იშვიათად შევდივარ. ჩემი ზოდიაქოს ნიშანი მორიელია. ძალიან თუ მეტკინა, მერე თავს ვერ ვიკავებ და სიბრაზეს იგნორით გამოვხატავ. ყველაზე დიდი სასჯელი ის მგონია, რომ კონკრეტულ ადამიანს მე არ ვეყოლები. მცირე ხნის შემდეგ, პირველ ნაბიჯს თუ გადმოდგამს, ყველანაირი სიბრაზე მავიწყდება და ვპატიობ.

- დაშვებული შეცდომები...

- ...მაწუხებს, თავს მახსენებს. სხვის შეცდომებზე ჭკუის სწავლა რთულია, საკუთარზეც კი ბევრი ვერაფერი ვისწავლე. სულ ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებ. სითბოს, სიყვარულს მაქსიმალური დოზით გავცემ და ხშირად, უკან მინიმალურიც არ მიბრუნდება, მერე მტკივა და გული მწყდება.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ძალიან ემოციური ვარ, სულ ვტირი. ბოლოს ვიტირე სერიალის გადაღებისას, გრიშა კაკაჩიას სცენაზე, ნათესავი რომ მოუკვდება. სეზონის ბოლო კადრი ძალიან შთამბეჭდავი იყო.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ახლა თავს დოჩი-ნანუკას ამპლუაში იმდენად კარგად ვგრძნობ, ამ მდგომარეობაში ყოფნა მინდა, დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- სიყვარული ეს...

- ...არის სილაღე, სიმშვიდე. როცა ურთიერთობაში დიდი ჰარმონიაა, ესაა სიყვარული. ამ დროს ანათებ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ძალიან გვიან ასაკში ვიგრძენი, რომ ქალი ვარ, სულ "მაუგლი გოგო" ვიყავი. სკოლა ისე დავამთავრე, არავინ მყვარებია. რომელიმე ბიჭი ჩემდამი სიმპათიას თუ გამოხატავდა, შეურაცხყოფად აღვიქვამდი და ვცემდი. ხშირად მგონია, რომ არანორმალურად მიყვარს, მაგრამ ეს შეგრძნება ძალიან მალე გამდის. ვეღარც კი ვიხსენებ, რას განვიცდიდი ან რა მომწონდა.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ თუ არა? გულწრფელად გითხრა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, ახლა კარგი პერიოდი მაქვს. ამ მდგომარეობას ლაღად და კარგად ყოფნას დავარქმევ. რაღაც ხდება, მაგრამ ჯერ მოსაყოლი არაფერია.

- ვრისკავ, როცა...

- ...დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში. უაზრო გარისკვები არ მჩვევია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მეგობრები, რომ მათთან არ მივდივარ, არ ვნახულობ. ჩემი მეგობრების არმია ძალიან დიდია, მათზე ვგიჟდები.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...როცა წინ ვიხედები, მგონია, რომ მომავალში მდიდარი ქალი ვიქნები. ვივლი ჩემს ახლობლებთან და მათთან ბედნიერებას მივიტან. სხვისი სიხარული მაბედნიერებს. ბევრი ფული რომ მქონდეს, ბევრ ადამიანს გავახარებდი.

- თავისუფლება...

- ...ის უფლებაა, რომელსაც საკუთარ თავს აძლევ. გადამეტებულ თავისუფლებას სხვა სახელი ჰქვია. აზროვნებით გალიასა და ჩარჩოში არ უნდა იყო.

- ბედისწერის...

- ...ძალიან მჯერა. როცა გამოუვალი მდგომარეობა მაქვს, გზას ყოველთვის მარტივად ვპოულობ. სულ მგონია, რომ ამ დროს ჩემთან ვიღაც არის. ცოტათი ცრუმორწმუნეც ვარ: ცოცხს ტარით დაბლა ვდებ, მაგიდას ქაღალდით არ ვწმენდ, რადგან უბარაქობა იცის.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს დედა ძალიან მშველის. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა სიტყვა "დეპრესია".

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...გაბრაზებული ვარ.

- მეშინია...

- ...სიბნელის, სიმაღლის, სისწრაფის. ფრენის ძალიან მეშინია. მეგრელი ქალის თმის გაშლა და ისტერიკა მემართება, როცა სადმე მივფრინავ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება.

- ...როგორც გითხარი, ძალიან "მაუგლი ბავშვი" ვიყავი. დედამ დამიწესა: აირჩიე, რა გირჩევნია, ჯერ იმეცადინო 1 საათი, მერე ითამაშო დაძინებამდე თუ 1 საათი ითამაშო და მერე დაძინებამდე იმეცადინოო? რა თქმა უნდა, პირველ ვარიანტს ვირჩევდი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობა მაშინ სწორად შერჩეული იმ 1 საათის შედეგია.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დიდ მადლობას იმ უსაზღვრო სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც ადამიანებისგან ვიღებ.

თამუნა კვინიკაძე