"უთანხმოებაში იზრდები, "იხარშები", მკვიდრდები..." - გზაპრესი

"უთანხმოებაში იზრდები, "იხარშები", მკვიდრდები..."

- პირველი არდადეგები...

- არ მახსოვს. თქვენ მე პატარა გგონივართ?.. ბავშვობაში, წლების განმავლობაში, ძირითადად, წყნეთში ვისვენებდი. სწორედ წყნეთს უკავშირდება სხვადასხვა პირველი განცდა: მეგობარზე გულგატეხილობა, სიყვარული, შიში, ღამით თამაში... შემდეგ, წყნეთში დიდხანს აღარ ავდიოდი, რადგან ეს ემოციებთან იყო დაკავშირებული. მერე მაინც შევიარე: წინათ, აღმართი, სახლი, ხეები უშველებელი რომ მეჩვენებოდა, ძალზე პატარა ყოფილა - იქაურობა სულ სხვანაირი დამხვდა. გული ამიჩუყდა და მივხვდი, რომ გავიზარდე, მოვლენებს სხვაგვარად ვუყურებ...

- წყნეთში მშობლებთან ერთად ისვენებდით?

- არა, ჩემი მშობლები გამუდმებით მუშაობდნენ. ნათესავებთან ერთად ვისვენებდი.

- პირველი არდადეგები შვილთან ერთად... GzaPress- ეს შარშანწინ იყო. წეროვანში აგარაკი გვაქვს. იქ წასვლა უყვარს. მერე ზღვაზე მივდივართ. შარშან თურქეთში ვიყავით... წელს მაინც ზღვაზე წასვლა ვამჯობინეთ, რადგან ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როცა ბევრ რუსთან ერთად, ტურბაზაში გამოკეტილი ვიყავი, რუსული სიმღერები ისმოდა... ეს სიტუაცია არ მომეწონა და გადავწყვიტე, ზემო აჭარაში, კვარიათის მთაზე წავსულიყავით. ზღვაზე მანქანით მივდიოდით. ძალზე სასიამოვნო იყო...

- დედა-შვილი ერთმანეთს კარგად უგებთ, ერთად კარგად ერთობით?

- კი, ჯერჯერობით (იღიმის). ისე ვეპყრობი, როგორც დიდ ადამიანს. ჩემთან ერთად დასვენება უყვარს. პირიქით, ბევრ დროს მე ვერ ვუთმობ ხოლმე...

- პირველი ფილმი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- ძეფირელის "რომეო და ჯულიეტა". მაშინ წყნეთში ვიყავით, სადაც ღია კინოთეატრი იყო. ფილმი იქ ვნახე. 10 წლის ვიქნებოდი. "რომეო და ჯულიეტამ" ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა... კიდევ მახსოვს, როცა "ფანტომასი" ვნახე. ძალიან შემეშინდა. დედამ ატირებული წამომიყვანა. წლების შემდეგ, "ფანტომასი" ინსტიტუტში შემთხვევით ვნახე და გამიკვირდა, - ამ კომედიის გამო გული ასე რატომ გამისკდა-მეთქი?!.

- პირველი პაემანი...

- ჩემი პაემანი ვაკის პარკში იყო. იქვე ვცხოვრობ. ისედაც სულ ვაკის პარკში ვიყავი - დილიდან დაღამებამდე. მაშინ ფალიაშვილის ქუჩა ასეთი ხმაურიანი არ იყო...Dდედა აივნიდან რომ გამომძახებდა, "მარინა!"-ს კივილი სტადიონამდე მესმოდა და სახლში მივრბოდი...

- პირველი სერიოზული გადაწყვეტილება...

- ალბათ - პროფესიული არჩევანი. გარკვეული სერიოზული ნაბიჯები ისე გადამიდგამს, მშობლებისთვის არც მითქვამს. მერე შეიტყვეს... ინსტიტუტში სწავლისას, განცხადება დავწერე და ერთი ჯგუფიდან მეორეში გადავედი: თავიდან, რეჟისურის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ბოლო ნახევარი წელიწადი კი - სამსახიობოზე. დიპლომიც არ ამიღია. საბოლოოდ, ახლა პროფესიით ვინ ვარ, ვერ გავიგე... შემდეგ, რუსთაველის თეატრიდან წამოვედი - განცხადება დავწერე. დედაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ამის შესახებ არ იცოდა... გარკვეულ სარფიან შემოთავაზებებზე უარი მითქვამს, რადგან მივიჩნიე, რომ არ მჭირდებოდა. საკუთარი გადაწყვეტილების განხილვას აზრი არ აქვს: რადგან გადაწყვეტ, უნდა გააკეთო. მერე ან ინანებ, ან - არა, მაგრამ საკუთარ თავს დააბრალებ და არა - სხვას.

- პირველი სამაგალითო ადამიანი...

- ძალიან ბევრი იყო, უპირველეს ყოვლისა - მამაჩემი. მას მიაჩნდა, რომ ნიჭზე მაღლა სიკეთის კეთება დგას, მე ვფიქრობდი, რომ ნიჭიერება უმთავრესია და მას ხელშეწყობა სჭირდება. ახლა მამას ვეთანხმები: სიკეთის გაცემა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ უკან არ უნდა მიიხედო, რადგან უმეტესწილად სიკეთე არ დაგხვდება. ამის გამო, გული არ უნდა გაგიტყდეს... მამა ძალიან პრინციპული იყო. კიდევ, მიაჩნდა, რომ ადამიანისთვის უარი ისე უნდა ეთქვა, რომ მისთვის გული არ დაეწყვიტა. მოვლენებს მოწინააღმდეგის მხრიდან უნდა შეხედო. ალბათ,Aამ დროს ობიექტური ხდები.

- პირველი იმედგაცრუება...

- უი, რომელი პირველი? ძირითადად, იმედგაცრუებები მაქვს... არა, ასეც არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მუდმივად განვიხიბლები. ამას შევეგუე. ამაში ტრაგიკული არაფერია. უბრალოდ, დიდი კოშკები არ უნდა ააგო. სწორად როგორც მიგაჩნია, ისე უნდა მოიქცე. განხიბვლა ბევრი ადამიანის მიმართ მიგრძნია. თავდაპირველად, გული მტკიოდა, ახლა ამ ამბავს ჩვეულებრივად ვუყურებ, არა უშავს (იღიმის)...

- პირველი სირცხვილი...

- უი, პირველი სირცხვილი მახსოვს: ბავშვობაში "პიცუნდაში" ვიყავი. ბევრ ბავშვთან ერთად, საკონფერენციო დარბაზში ვიცინოდი და ამ დროს ჩავიფსი (იცინის). არადა, უკვე მოზრდილი - 9-11 წლის ბავშვი ვიყავი. ეტყობა, ტუალეტში მინდოდა და არ მივდიოდი...

- სირცხვილისგან მიღებული სტრესი რთულად დასძლიეთ?

- ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ დავძლიე, აბა, რა ვქენი?! მას შემდეგ ბევრი რამის გამო შემრცხვენია, ბევრი სისულელე გამიკეთებია. უბრალოდ, უნდა აღიარო: ჯობია, თქვა, - ჩავიფსი, ვაი, მაპატიეთ-თქო, ვიდრე - საკუთარი საქციელი გაამართლო, სხვას გადააბრალო. დამარცხების აღიარება უკეთესია - უფრო გაპატიებენ...

- პირველი მეგობარი...

- ჩემი ეზოს მეგობრები - ლაურა და კაროლინა გამსახურდიები, რომლებიც ახლაც ჩემი განუყრელი მეგობრები არიან. ამჟამად, ერთი ამერიკაში ცხოვრობს, მეორე - თბილისში.

- მეგობრებიც კამათობენ, ჩხუბობენ... GzaPress- მეგობართან არასოდეს მიჩხუბია. ერთი-ორჯერ დავცილებულვართ, მაგრამ დიდი ჩხუბითა და სკანდალით - არა. რაღაც მწყენია. ამ დროს "კარი იკეტება", რაღაც მთავრდება. არც ვბრაზდები, არც - ვჭორაობ, არც - განვიხილავ... არავითარი ცუდი გრძნობა გულში არ მომყვება. უბრალოდ, ის ურთიერთობა სრულდება.

- პირველი "შატალო"... - დიდი "შატალოზე" მოსიარულე არ ვიყავი. ჩემი "შატალოც" ვაკის პარკში წასვლა იყო, რაც საშინლად მეზარებოდა. ერთადერთი, იქ არ მეძინა, თორემ თითქმის სულ პარკში ვიყავი. ამიტომ ბავშვები "შატალოზე" ვაკის პარკში რომ მიდიოდნენ, მე სახლში ავდიოდი (იცინის).

- პირველი უთანხმოება მშობლებთან... - უთანხმოებაში, პროტესტში ვიზრდებით. ძირითადად, თვითდამკვიდრება პროტესტებზეა "აწყობილი". მიმაჩნდა, რომ მშობლები მართლები არ იყვნენ, ცხოვრებას მე უფრო სწორად ვუყურებდი. მშობლები სულ მეუბნებოდნენ, - ცოცხლები რომ აღარ ვიქნებით, ამ ყველაფერს ძალიან ინანებო... კი არ ვნაობ, რაღაცნაირად მეღიმება, როცა მათი სიტყვები მახსენდება. ადამიანი უთანხმოებაში იზრდები, "იხარშები", მკვიდრდები და შენს გზას ეძებ. ამიტომ, მგონი, მშობლები უფრო ლოიალურები უნდა იყვნენ, შვილებს მეტი თავისუფლება მისცენ. უკვე მიჭირს, მაგრამ ვეცდები, შვილს არჩევანის თავისუფლება მივცე. მინდა, რომ დამოუკიდებელი რაც შეიძლება ადრე გახდეს. მგონი, არის კიდეც. არ მინდა, ჩემი სურვილები თავს მოვახვიო: იყოს ის, ვინც არის და არა ის, ვინც მე მინდა, რომ გახდეს. მაინც ვერ გავხდი და (იღიმის)... ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"