მარიკო ებრალიძე: "შინის" მუსიკა სასწაულია!" - გზაპრესი

მარიკო ებრალიძე: "შინის" მუსიკა სასწაულია!"

საზოგადოებაში არსებობს სხვადასხა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ვაღწევთ წარმატებას ამ კონკურსზე... "ქართული დელეგაციის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც, შეიძლება ითქვას, დიდი ფურორი მოჰყვა. მუსიკას და მთლიანად, ჩვენს ნომერს ყველა დადებითად აფასებდა, მაგრამ... "ევროვიზია" არაპროგნოზირებადი კონკურსია", - მითხრა მარიკომ, რომელიც დანიიდან ახლახანს დაბრუნდა.

- მარიკო, ეს მარცხი ალბათ, ძალიან განიცადე...

GzaPress- მართლაც, ძალიან ვინერვიულე, ფინალში რომ ვერ გადავედით. ამ კონკურსზე გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარგვედგინა ევროპის წინაშე, უამრავმა ადამიანმა უდიდესი შრომა და ენერგია ჩავდეთ. სულ სხვა ემოციებით ჩავედით დანიაში და არენაზეც ვაქტიურობდით. მალტა, მონტენეგრო, მაკედონია, იტალია, ირლანდია, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ისრაელი, საბერძნეთი, რუმინეთი - ჩვენ გარეშე ევროვიზიის ფარგლებში საღამოს არ მართავდნენ, ყველგან გვეპატიჟებოდნენ. ქართული დელეგაციის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც, შეიძლება ითქვას, დიდი ფურორი მოჰყვა. მუსიკას და მთლიანად, ჩვენს ნომერს ყველა დადებითად აფასებდა. "ევროვიზია" არაპროგნოზირებადი კონკურსია, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო ფინალს გარეთ დარჩენა. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ მასში მონაწილეობით. ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო რაღაცები მელის და ეს ყველაფერი ჩემთვის წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

- ჯგუფ "შინთან" მუშაობის პროცესი როგორი იყო?

- ეს ყველაფერი მარტო იმად ღირდა, რომ ამ ჯგუფთან ერთად მემუშავა. სიტყვები არ მყოფნის, გადმოვცე ის ყველაფერი, რაც ამ კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში მივიღე. პირველი ეტაპზე, როცა ჯფუთან მუშაობა დავიწყე, ძალიან ვღელავდი, მერე უკვე შემოქმედებით საქმიანობას შევუდექით და დაძაბულობა ცოტათი მომეხსნა, რაც "შინის" წევრების, მათი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. პირველად ერთმანეთს შტუტგარდში შევხვდით და სწორედ იქ ჩავწერეთ სიმღერა, რომლითაც ევროვიზიის კონკურსზე წარვდექით. სტუდიაში შესვლითანავე მივხვდი, რომ საქმე არც ისე მარტივად იყო, როგორც მეგონა. "შინის" მუსიკა სასწაულია! მათი კომპოზიციიები დატვირთულია "ჩატეხილი" რითმული მონახაზებით. ამიტომ, როცა მათ ნაწარმოებს ვსწავლობდი, ბატონი ზაზა სულ მეუბნებოდა: - აბა, ახლა ფრთხილად, "ჰიჩკოკური" ადგილი მოდისო. მათი მუსიკა დრამატურგიული მოულოდნელობებით არის სავსე. მათთან მუშაობისას, თუ მთელი ყურადღებით, გონებითა და გულით არ ჩაერთვები საქმეში, არაფერი გამოგივა. "შინთან" თანამშრომლობამ უდიდესი გამოცდილება შემძინა.

- უკვე რამდენი წელია, ევროვიზიის კონკურსის ფინალშიც კი ვერ ვხვდებით. როგორ ფიქრობ, რა არის ამის მიზეზი?

- რამდენიმე წელი კი არა, მგონი, წელს მეორედ მოხდა ასეთი შემთხვევა და იმედია, ეს უკანასკნელი იქნება. ასე რომ, იმ მომღერალს, ვინც ამ კონკურსში მომავალ წელს მიიღებს მონაწილეობას, ფინალში მოხვედრას კი არა, გამარჯვებას ვუსურვებ!

- რას იტყვი თქვენ კომპოზიციაზე - "სამი წუთი დედამიწამდე"?

- ვფიქრობ, რომ ეს იყო უმაღლესი ხარისხის, უდიდესი დონის მუსიკა და უნაკლო ნომერი. თუმცა, ფაქტია, მაინც ვერ გავიმარჯვეთ...

- ეს ყველაფერი იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა არ იაქტიურეს?

- რაც შეეხება ქართველ დიასპორას და უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებს, - მათი მადლობელი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკურსი არ აინტერესებთ და არ გვგულშემატკივრობდნენ, პირიქით - ევროპაში მცხოვრები ქართველები მობილიზებულები იყვნენ, სულმოუთქმელად ელოდნენ ჩვენს ფინალში გადასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, იმედები გაუცრუვდათ.

- გამარჯვებული კონჩიტა თუ გაიცანი?

- რეპეტიციებსა და პრესკონფერენციებზე გვიწევდა მასთან შეხვედრა. ამ ადამიანზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

სოფო ჭონიშვილი