ლახტით ნაცემი ეკატერინე აბშილავა - გზაპრესი

ლახტით ნაცემი ეკატერინე აბშილავა

მისი გმირი საქმიანი ქალბატონი გახლავთ, რომელიც საკუთარ თავს გარკვეულ მისიას დააკისრებს... ფილმში ეკატერინეს პერსონაჟს ახალგაზრდა, ფრიად სიმპათიური ჭაბუკი (რომლის როლსაც გიორგი ვარდოსანიძე ასრულებს) უყვარდება... "პირველი" ამბების გახსენებამდე, ჩვენმა რესპონდენტმა ცოტა რამ ფილმის შესახებ გვიამბო:

- ფილმს "კომედი არხი" იღებს. რეჟისორი ნიკა რამიშვილი, იგივე დრუპი გახლავთ. რაც მთავარია, "5 ნახვით შეყვარება" კომედიაა. ამ ჟანრის ფილმი ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება. ჩემი გმირი "ბიზნესვუმენი" გახლავთ... ფილმს "5 ნახვით შეყვარება" იმიტომ ჰქვია, რომ ჩემს პერსონაჟს 5 დღეში შეუყვარდება ადამიანი, რომელიც... მოდი, ამ წინადადებას არ დავასრულებ, ინტრიგას ჩავაგდებ (იცინის)!

- შენი პირველი პაემანი გაიხსენე...

GzaPress- ეს სკოლაში სწავლის პერიოდში იყო. მაშინ 14 წლის გახლდით და ცხადია, ყველაფერს სხვაგვარად აღვიქვამდი. ბავშვური სიყვარული განცდილი მაქვს... იმ ადამიანთან ერთად საკმაოდ დიდხანს ვიყავი.

- თანაკლასელი იყო?

- არა. ის უბრალოდ, ჩემს სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა (იცინის). პირველი პაემანი დეტალურად არ მახსოვს, მაგრამ ის პიროვნება აქ რომ მოვიყვანოთ და ჰკითხოთ, - პირველი პაემანი როგორი იყო და რა ილაპარაკეთო? დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იტყვის, რადგან ძალიან კარგი მეხსიერება აქვს. მასთან ახლაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იშვიათად ვნახულობ.

- ისევ უყვარხარ?

- არა. იცი, მას მერე ბევრი დრო გავიდა, თან - სხვადასხვა გზით წავედით...

- რატომ დაშორდით?

- ბევრჯერ დავშორდით, ბევრჯერ შევრიგდით... მოკლედ, არ ვიცი, რატომ დავშორდით (იცინის).

- პირველი სელფშოტი...

- ოოო, სელფშოტები მეზიზღება, ვერ ვიტან!.. ერთადერთი, შემიძლია, მეგობრებთან ერთად გადავიღო. ზოგადად, სელფშოტები ჩემთვის მიუღებელია. მგონი, სერიოზული სენისკენ "მივდივართ", უფრო სწორედ, ეს უკვე პრობლემაა, რადგან "სელფს" თითქმის ყველა იღებს. მთავარი ის არის, რომ ამას სოციალური ქსელის გამო აკეთებენ. უკვე "ფეისბუკზე" დამოკიდებულები ვხდებით, რაც არ მომწონს! სელშოტები ძალიან მცირე რაოდენობით გადამიღია. პირველი რომელი იყო, არ მახსოვს.

- პირველი სასჯელი...

- "ახტაჯანა" ბავშვი ვიყავი. მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭმა სკოლაში რაღაცის გამო ვიჩხუბეთ და მერხი ჩავტეხეთ. ჰოდა, ვიდრე ახალს მოიტანდნენ, ზუსტად 1 კვირა უმერხოდ ვიყავი - კლასის დამრიგებელმა ასე დამსაჯა. თან, პირველ რიგში, თვალსაჩინო ადგილას ვიჯექი. მახსოვს, სასწავლო ნაწილის გამგე რომ შემოდიოდა, ამბობდა: - ეს ბავშვი მერხთან რატომ არ ზისო? დამრიგებელი პასუხობდა: - ჩატეხაო. ძალიან მრცხვენოდა... დედაჩემის სასჯელზეც მოგიყვე? ერთხელ ლახტით მცემა (იცინის). რაღაცებს ალაგებდა, ლახტი ხელში ეჭირა და "გემრიელად" მომცხო!

- რა დააშავე?

- არ მახსოვს. ძალიან ცელქი ვიყავი... ერთხელ მეგობარმა პატარა კენჭი მესროლა, მე კი დიდი აგური ავიღე და გავეკიდე.

- იმედია, მეგობარს ვერ დაეწიე...

- ვერა, ვერ მოვასწარი, დედამ დამიჭირა და ამ საქციელის გამო მაგრად "მომხვდა".

- პირველი კერძი, რომელიც მოამზადე...

- სხვათა შორის, პირველი გემრიელი კერძი რამდენიმე კვირის წინ მოვამზადე: რაღაც გადაცემაში კონკრეტული კერძის გაკეთება დამჭირდა. ვიფიქრე, - ყველა ერთსა და იმავეს ამზადებს, მე კი რამე ორიგინალურს მოვიფიქრებ-მეთქი. თევზის კერძის მომზადება ვისწავლე: თევზი გამოვშიგნე და ნავივით გავაფორმე... საკმაოდ გემრიელი გამოვიდა.

- პირველი ხელფასი...

- 13 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში გადამიღეს. ბევრი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ იცი, როგორი ბედნიერი ვიყავი? ფულზე საერთოდ არ ვფიქრობდი! დღის ბოლოს კუთვნილი თანხა მომცეს. აბა, რამდენი შეიძლება, მოეცათ?

- 100 ლარი?

- 15 ლარი (იცინის)! თანხას არც ველოდი. ეს პირველი გასამრჯელო იყო... ხელფასი მაშინ ავიღე, როცა მუშაობა "ქლაბ შოუში" დავიწყე. სტუდენტობისას სტიპენდიასაც ვიღებდი. უნივერსიტეტში 2005 წელს (განათლების რეფორმა რომ გატარდა) ჩავაბარე. სასწავლო წლის ბოლოს პრემია - 500 ლარი ავიღე. სტუდენტობის დროს ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო.

- პირველი მოგზაურობა...

- ერევანში, თეატრიდან 3-4-დღიანი გასტროლი გვქონდა. პირველ "პაეზდკას" სხვა "მუღამი" ჰქონდა...

- საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირველი დამოუკიდებელი მგზავრობა...

- სხვათა შორის, დამოუკიდებლად ადრეული ასაკიდან ვმგზავრობდი. მეორე კლასში ვიყავი, როცა დასთან ერთად, ბებიასთან მივდიოდი ხოლმე (კოლმეურნეობის მოედნიდან - ვარკეთილში), მესამე-მეოთხე კლასიდან - უკვე ჩემი დის გარეშეც ვახერხებდი ამას. დედა პანიკიორი არ იყო. ცდილობდა, დამოუკიდებლობას მივჩვეოდით, მაგალითად - მარტო სიარულს, საჭმლის მომზადებას, ოთახის დალაგებას... მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან დამეხმარა, თუნდაც - პროფესიის არჩევისას.

- პირველი მესიჯი, რომელიც მობილური ტელეფონით გაგზავნე...

GzaPress- აუ, ნამდვილად არ მახსოვს! მობილური ტელეფონი პირველად მეთერთმეტე კლასში მქონდა. იცი, რა მახსენდება? "მარშრუტკაში" ვიჯექი, ხელში ახალი ტელეფონი მეჭირა და სადღაც მესიჯს ვგზავნიდი ან მობილურის მენიუში რაღაცას ვეძებდი...

- პირველი ავტოგრაფი...

- დაბადების დღის ცენტრში ვიყავი. 40 ბავშვისთვის საღამო ჩავატარე, შემდეგ კი მათ ბედნიერი დავემშვიდობე. ერთი ბავშვი მოვიდა და ავტოგრაფი მთხოვა. მხოლოდ გვარის მიჯღაპნა არ მიყვარს - ავტოგრაფებს მთელი სულითა და გულით ვწერ ხოლმე. ამასობაში, მეორე ბავშვიც მოვიდა, მესამეც... მართალია, ცოტა დრო მქონდა - სხვა ღონისძიება უნდა ჩამეტარებინა, მაგრამ ორმოცივეს "პროზები" ჩამოვუწერე (იცინის).

- პირველი სირცხვილი...

- ალბათ ბავშვობაში ბევრჯერ შემრცხვენია, მაგრამ სტუდენტობის დროინდელ ამბავს გავიხსენებ: თეატრალურში ახალი ჩაბარებული მქონდა. ძალიან მორცხვი ვიყავი. რეპეტიციაზე პიესას (ლაშა ბუღაძის "სულიერი არსებები") ვკითხულობდით. ტექსტში უამრავი გინება, "დედის ტრიალი" იყო. კითხვა ვერ გავაგრძელე, თითქოს რაღაც მახრჩობდა, სიტყვას ვერ ვამბობდი, რადგან მრცხვენოდა. ბოლოს, როგორც იქნა, სირცხვილი დავძლიე.

- პირველი სიგარეტი...

- პირველ კურსზე ვიყავი. მე და ჩემი დაქალი - მაშო კიკეთში ავედით. მანამდე სიგარეტი გასინჯული არ გვქონდა. გადავწყვიტეთ, მოგვეწია. წყაროსთან წავედით (სხვათა შორის, ის წყარო ახლა დამშრალია, რის გამოც გული მწყდება) და თითო ღერი წავიღეთ... სიგარეტის გემო არ მომეწონა და არ ვეწევი. ყოფილა შემთხვევა, როცა სპექტაკლში, გადაღებაზეც სიგარეტის მოწევა დამჭირვებია, მაგრამ ეს არ მომწონს! უფრო მეტიც: ვერ ვხვდები, ხალხი მოწევას თავს როგორ ვერ ანებებს? ერთხელ "მუღამი" მქონდა, სიგარეტის მოწევა დამეწყო, რომ მერე თავი დამენებებინა...

- პირველი ჯარიმა...

- მართვის მოწმობა რომ ავიღე, მანქანა არ მყავდა. ჩემს მეგობარს ვთხოვე და მისი მანქანის საჭეს მივუჯექი. ამაყად ვთქვი, - აბა, ახლა პატრულმა გამაჩეროს-მეთქი! ზუსტად 10 წუთში გამაჩერეს და 20 ლარით დამაჯარიმეს. რატომ? მგონი, "წითელზე" გავიარე.

ეთო ყორღანაშვილი