დათო კენჭიაშვილი ამერიკაში დააჯილდოეს - გზაპრესი

დათო კენჭიაშვილი ამერიკაში დააჯილდოეს

- ამერიკაში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი გავმართეთ. ჩემთან ერთად იყო ჯგუფი "ეგარი", ჩემი მეგობარი და აკომპანიატორი - მიხეილ წითელაშვილი. ძალიან თბილი და ლამაზი საღამო ჩავატარეთ კლუბ "ნაციონალში". ამავე საღამოზე დააჯილდოეს ის ადამიანები, ვისაც წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის განვითარებაში. სხვათა შორის, მეც დამაჯილდოეს.

- როგორც ქართული ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელი?

- არა, ქართული ფოლკლორის საუკეთესო შემსრულებელი არის გიორგი უშიკიშვილი. მე არ ვარ პირველი, პირველი ის არის და ეს ყველამ კარგად იცის. დიდ პატივს ვცემ გიორგის, როგორც შემოქმედს. მე მისი მოსწავლე ვიყავი და შესაბამისად, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მუსიკალურ განვითარებაში... მე კი დამაჯილდოეს გარკვეული, სულ პატარა წვლილისთვის ქართული ფოლკლორის განვითარებაში.

- მართალია, რომ ამ კონცერტს ჩვენი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა?

GzaPress- კი, შუა კონცერტის დროს მოვიდა. ამ დროს სცენაზე ჯგუფი "ეგარის" მღეროდა. დაჯდა, კონცერტს უყურა, მერე ინტერვიუც მისცა იქაურ ტელევიზიას.

- ამბობენ, ქართველმა ემიგრანტებმა ის დარბაზიდან გააძევესო.

- ეს ინფორმაცია ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ მსგავსი რამ თავად არ მინახავს. პირიქით, ექსპრეზიდენტთან ფოტოებს იღებდნენ. ის ლამის კონცერტის ბოლომდე დარჩა.

- დათო, პირველად იყავი ამერიკაში მიწვევით?

- კი, პირველად ვიყავი და უკვე მეორე კონცერტიც დაიგეგმა. თუმცა, სხვა ქვეყნებში ხშირად მიწვევენ. ისრაელი ფაქტობრივად, ჩემი სახლია (იღიმის).

- რა სიმღერები შეასრულე?

- "არ დაიჯერო" და "რამდენი მალოდინე". ქართველი ემიგრანტების ცრემლიანი თვალები შევნიშნე დარბაზში და მივხვდი, რა რთულია საქართველოდან შორს ცხოვრება. მე ამას ალბათ, ვერასდროს შევძლებ.

- შენს ყველა სიმღერაში სიყვარულის ტრფიალია და მაინც, დღემდე მარტო ხარ. რატომ?

- საქვეყნოდ ვაცხადებ, ცოლის მოყვანას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ოჯახი ხელს შემიშლის საქმეში. უღელს რომ დაიდგამ, საქმე გვერდზე დაგრჩება.

- რისი თქმა გინდა: ვისაც ოჯახი გვაქვს, დიპლომები შევინახოთ და ოჯახს მივხედოთ?

- არა, არა, ალბათ მე სუსტი ვარ და ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ ვარ. როგორც ჩანს, ხელოვნებაზე უფრო ვარ შეყვარებული, ვიდრე სიყვარულზე.

- რამდენი წლის ხარ?

- 7 მაისს 29-ის გავხდი.

- პრინციპში მზად უნდა იყო... როგორ გაატარე დაბადების დღე?

- ჩვეულებრივად. არანაირი სუფრა, არანაირი სადღეგრძელო და არანაირი ხმაურიანი გარემო.

- რატომ, არ გიყვარს შენი დაბადების დღე?

- როგორ არა, მიყვარს და მიხარია, რომ ამ დღეს მოვევლინე ქვეყანას. უბრალოდ, ამის აღნიშვნა არ მიყვარს. როცა პატარა ვიყავი, ჩემი მშობლების მეგობრები მოდიოდნენ და ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ამ დღეს. საერთოდ, ბუნებით ძალიან მშვიდი ვარ. არ მიყვარს ხმაური, ქაოსი, ალკოჰოლის სუნი, მთვრალი კაცების ხვევნა-კოცნა.

- ისეთ წრეში ტრიალებ და ისეთ სიმღერებს მღერი, რომ საინტერესოა, როგორ ახერხებ ამ ყველაფერს თავი აარიდო?

- მეგობრებს ესმით ჩემი და იციან, რომ დალევა არ მიყვარს. ალკოჰოლური სასმელი არასდროს გამისინჯავს.

- როგორ ერთობი?

- ბილიარდი მიყვარს და კარგადაც ვთამაშობ.

- ალბათ კლუბშიც არ დადიხარ...

- არა. ნიუ-იორკში ჩამიყვანეს მეგობრებმა კლუბში და ვფიქრობდი: ღმერთო, მიშველე, აქედან გამიყვანე-მეთქი (იცინის).

- ასეთი რა ხდებოდა?

GzaPress- იმ კლუბთან შედარებით, ქართული კლუბები პანსიონატია. გამოვშტერდი. ვის ვინ სად გაჰყავდა და ვინ რას აკეთებდა ყველას თვალწინ, ვერ გაიგებდი... ფოლკლორისტისთვის, რომელიც ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე გაიზარდა, ეს მეტისმეტი იყო (იცინის).

- იქ ყოფნის დროს "ფეისბუკის" შენს გვერდზე წერდი, - მანჰეტენზე შუქი ჩაქრაო...

- (იცინის) ეს ხუმრობა იყო, რა თქმა უნდა.

- დაბადების დღეზე რა საჩუქრები მიიღე? ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყო?

- ჩემი დაბადების დღე დაემთხვა რეპეტიციას ბავშვებთან. შემოცვივდნენ სიმღერითა და ტორტით ხელში. ისინი ძალიან საყვარლები არიან, გამახარეს.

- ახალ სიმღერაზე მუშაობ, არა?

- ორ დუეტს ვწერ: ერთს - "გორდელას" სოლისტთან, თამარ ალადაშვილთან ერთად, მეორეს კი ლა სკალას ცნობილ სოპრანოსთან, თეონა დვალთან. ეს იქნება ფოლკლორისა და ოპერის სინთეზი. ვფიქრობ, საინტერესო უნდა გამოვიდეს. მუსიკა უკვე დაწერილი მაქვს. ახლა თეონას ჩამოსვლას ველოდები.

- დასასრულ, იმ ინციდენტზე მინდა გკითხო, რომელიც შენსა და სტეფანეს შორის, "ფეისბუკზე" მოხდა. შენ ერთ-ერთი რადიოს მიერ ჩატარებული იმ კონკურსის შედეგებს აპროტესტებდი, სადაც სტეფანე წლის საუკეთესო მომღერალ მამაკაცად დასახელდა...

- ჰო, მაშინ გავცხარდი. არავისთან არ მინდა ომი. ადამიანები როცა რაღაცას ვაშავებთ, პირველ რიგში, ღვთის წინაშე ვცოდავთ. ყველაფერი კარგად დამთავრდა. ღმერთმა ხელი მოუმართოს სტეფანეს. უბრალოდ, ვვიქრობ, რომ რამდენიმე ადამიანი არ უნდა წყვეტდეს ამა თუ იმ მომღერლის სტატუსს.

- ამის მერე ხომ არ გისაუბრიათ შენ და სტეფანეს?

- არა. ახლა ვფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი; ნებისმიერ ადამიანს სიყვარულით უნდა მიუდგე. გავცხარდი, რასაც ვნანობ.

ნინო მჭედლიშვილი