ფლირტი თამთა გოდუაძესთან და ის, რაც "იქსფაქტორის" მაყურებელმა ჯერ არ იცის - გზაპრესი

ფლირტი თამთა გოდუაძესთან და ის, რაც "იქსფაქტორის" მაყურებელმა ჯერ არ იცის

"იქსფაქტორის" ერთ-ერთი მონაწილე, "ვიცე მისტერ ვალენტინი", იგივე ნიკ შერმა (ანუ ნიკა შემაზანაშვილი) მაყურებელმა კარგი სიმღერით, საკუთარი გარეგნობითა და როგორც თვითონ ამბობს, ჟიურის წევრთან - თამთა გოდუაძესთან ფლირტით გაიცნო. მან პირველი ტური წარმატებით გაიარა და გიორგი გაბუნიას ათეულშიც მოხვდა. როგორც ნიკამ მითხრა, ის პროექტიდან უკვე გამოუშვეს, რაც მისმა გულშემატკივრებმა ჯერ არ იციან...

- საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ვსწავლობ. მე-4 კურსზე ვარ. აქტიური სტუდენტური ცხოვრება მაქვს. ვარ უნივერსიტეტის სამსახიობო დასის წევრი; ვდგამთ სპექტაკლებს და მაქვს როლები, მათ შორის, რომელსაც ვთამაშობ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში შევქმენი "სეუ ბენდი". ეს იყო ევროპული სტანდარტის ბენდი, მაგრამ მერე მე წამოვედი.

- ბენდთან ერთად სად უკრავდი?

GzaPress- "ნაით ოფისში", "მაგთი კლუბში". ამ ყველაფერში უნივერსიტეტის რექტორი გვიწყობდა ხელს, რათა საზოგადოებას ჩვენ შესახებ სცოდნოდა. სამწუხაროა, რომ დღეს ამ ბენდში აღარ ვუკრავ.

- გული თუ გწყდება, მაშინ საინტერესოა, რატომ წამოხვედი?

- ძალიან შრომისმოყვარე ვარ. ვცდილობ, ყველაფერი უნაკლოდ გავაკეთო. ბენდი უაზრო კამათის გამო დავტოვე. პირადად მე, ამ ჯგუფის წარმატების მისაღწევად ბევრ რამეს საკუთარ თავზე ვიღებდი და სხვების მხრიდან საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებას ვერ შევეგუე. ჩვენი დაწერილი სიმღერა ბერას სტუადიამ მოიწონა და სიმღერის ჩაწერაში დაგვეხმარა. მე ამ ბენდში ვიყავი სოლო გიტარისტი და ვოკალისტიც. მერწმუნეთ, ჩემი წამოსვლის შემდეგ ბენდი წინ აღარ წასულა.

- როგორც ვიცი, პროექტში - "მაგთი ფანი" მონაწილეობდი...

- ეს პროექტიც მალე დავტოვე, რადგან იქ არაჯანსაღი გარემო იყო. სხვათა შორის, ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები ამ პროექტშიც ვერ დაინახეს. ბევრი მაქეს, მაგრამ რატომღაც, პროექტიდან მაინც გამომიშვეს. არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ნიჭიერი ადამიანის პოტენციალი. მაგალითად, "მაგთი ფანში" გიტარაზე დაკვრის უფლებას მაძლევდნენ, მაგრამ დროში მზღუდავდნენ: მხოლოდ ნახევარი საათი მქონდა, რომ დამეკრა, ეს დრო კი გიტარის აწყობას სჭირდებოდა. ჰოდა, პროექტი გაბრაზებულმა დავტოვე და დავიწყე აქტიური ვარჯიში დაკვრაში. უკვე 7 თვეა, ვვარჯიშობ და კარგი შედეგი მაქვს.

- რამდენი წლის ხარ?

- 21-ის. ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, ყოველდღე რაღაცებს ვსწავლობ.

- "იქსფაქტორში მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- "მაგთი ფანის" დატოვების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, სხვა პროექტშიც მიმეღო მონაწილეობა და ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომემჟღავნებინა. სწორედ ამ დროს დაიწყო "იქსფაქტორმა" მონაწილეების შერჩევა, რაც ძალიან გამიხარდა. ვფიქრობ, ყველაზე მეტად, ამ პროექტმა მომიტანა პოპულარობა.

- ჯერ საზოგადოებამ არ იცის, რომ პროექტს გამოეთიშე...

- ასეა. მაყურებელმა მხოლოდ ის იცის, რომ მე გიორგი გაბუნიას ათეულში მოვხვდი, რაც სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მინდოდა.

- რატომ?

- მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ვთქვი, - თამთა მომწონს-მეთქი, მის გუნდში მოხვედრაც არ მინდოდა. ამ პროექტში სიამოვნებით ვიმუშავებდი სოფოსთან ერთად. ვფიქრობ, ის კარგად მომხედავდა. მეორე ტურში ყველამ დადებითად შემაფასა, მხოლოდ გიორგის არ მოვეწონე. მასთან არანაირი პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს და არც მექნება. ის ძალიან მეგობრული ადამიანია, არავის ზემოდან არ უყურებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში რა პინციპით მიიღო გადაწყვეტილება, ვერ გეტყვით. მე მის შეფასებებს არ ვეთანხმები ისევე, როგორც არ დაეთანხმებოდა თვით პროექტის ავტორი - სამოელ კოელი. გიორგი ჟურნალისტია და იმ რაღაცებს ვერ შეამჩნევს, რასაც მუსიკოსი. ის შენიშვნები, რაც ჟიურის სხვა წევრებმა მომცეს, გავითვალისწინე და შემდეგ ეტაპზეც ასე მოვიქცეოდი. მოკლედ, მალე მაყურებელი ყველაფერს თავად ნახავს და მიხვდება, თუ რა გამიკეთა გიორგი გაბუნიამ.

- ანუ გიორგის ადანაშაულებ იმაში, რომ შემდეგ ტურში ვერ გადახვედი?

GzaPress- ჩემი აზრით, საქართველოში, არც ერთ პროექტში ჟიურის აზრი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში გაბუნიამ გადაწყვიტა ყველაფერი. ვაღიარებ, სიმღერის დროს რაღაც დეფექტები მქონდა, მაგრამ ეს არ იყო საგანგაშო... დაუშვას გაბუნიამ საკუთარ თავს კითხვა: არის კი ის თავის საქმეში კომპეტენტური და პროფესიონალი? ჩვენ შორის შუღლი არ არსებობს! ამბობენ, რომ თამთა გოდუაძე გაბუნიასაც მოსწონს და მან სწორედ ამ მიზეზით არ გადამიყვანა შემდეგ ტურში ანუ კონკურენტი მომიშორა.

- მეორე ტურში სიმღერის დასრულების შემდეგ, გიორგიმ როგორ შეგაფასა?

- ჩემი გამოსვლის შემდეგ მან ისეთი კომენტარი გააკეთა, მეტირა თუ მეცინა, აღარ ვიცოდი. მითხრა, - ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სარკის წინ იდექი და საკუთარ თავს უმღეროდიო. არადა, თამთას დაჟინებით ვუყურებდი და სიმღერაც მას მივუძღვენი.

- მას მერე, რაც პროექტს გამოეთიშე, თამთა არ გინახავს?

- პროექტიდან გამოვარდნის შემდეგ სახლში არ წავსულვარ, "მაგთი კლუბში" მივედი, სადაც "იქსფაქტორის" მონაწილეები იყვნენ შეკრებილები; იქ დამხვდა თამთაც. მასთან მივედი და ჩავეხუტე, დავემშვიდობე. ვფიქრობ, თამთასაც დასწყდა გული ჩემი წამოსვლით... გიორგის კი ვუთხარი, რომ მაგარი გაკვეთილი ჩამიტარა და ჩემთან ყველაფერი ცუდად გამოუვიდა. ვერ ვიჯერებ, რომ ამ პროექტში აღარ ვარ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. მე მყავს საკუთარი ბენდი, სადაც მე და ანი გოზალიშვილი - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტი ვმღერით, გამოვდივართ სხვადასხვა კორპორაციულ საღამოზე, მაქვს უამრავი საინტერესო შემოთავზება...

- ხარ მოდელიც. დიდი ხანია, რაც ამ სფეროში საქმიანობ?

- სამოდელო სააგენტო "კატრინში" ვარ. რამდენიმე თვეა, რაც მოდელობა დავიწყე. ამ სააგენტოსთან 6-თვიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. წელს ვმონაწილეობდი "მისტერ ვალენტინის" კონკურსში და გავხდი "ვიცე მისტერ ვალენტინი". "კატრინ მენში" თავს კარგად ვგრძნობ. იქ ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ორიენტაციის ხალხია.

- მოდელობა რატომ გადაწყვიტე?

- ეს საქმიანობა ხელს არაფერში მიშლის, პირიქით - სააგენტოში ბევრ სასარგებლო რამეს ვსწავლობ. ასევე, გვაქვს უფასო აუზი და ფიტნესი. ასე რომ, ამ რაღაცებში ზედმეტი ფულის ხარჯვა აღარ მიწევს.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, არა?

- ამ პროექტში გამოჩენის შემდეგ ჩემი თაყვანისმცემლების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ხალხს ჩემი ნამღერი, სითამამე და თამთასთან ფლირტი მოეწონა. მინდოდა, მათთვის ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე მეჩვენებინა და ენახათ, რომ "იქსფაქტორი" მე ვიყავი, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს.

- როგორ ფიქრობ, სხვა მონაწილეებისგან გამორჩეული რით ხარ?

- მაგალითად, იმით, რომ კარგი გარეგნობა მაქვს, თან, არაჩვეულებრივად ვმღერი და გიტარაზეც ვუკრავ, - ვფიქრობ, ეს ყველაფერი საკმარისი გახლდათ საიმისოდ, რომ პროექტი მომეგო. იმასაც გეტყვით, რომ ჩემს ვიდეოს "იუთუბზე" 110 ათასი ნახვა ჰქონდა. ორი დღეა, რაც ეს ვიდეოც სადღაც გაქრა.

- როგორი გოგონები მოგწონს?

GzaPress- სლავური გარეგნობის გოგონები მოწონს. საქართველოში ძალიან ცოტა ლამაზი გოგოა და მათ შორის უმეტესობას ან ქმარი ჰყავს, ან შეყვარებული, ან კიდევ, ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ ამ ეტაპზე მათი ახირებების დაკმაყოფილება არ შემიძლია.

- ასეთი, რა მოთხოვნები აქვთ?

- ისინი პირველ რიგში, მამაკაცის მატერიალური მდგომარეობით ინტერესდებიან. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვში წასვლას ვაპირებ. იმედია, იქ ჩემს ნიჭს დააფასებენ და ცოტაოდენი თანხის შეგროვებასაც შევძლებ, რათა მერე ამერიკაში გავემგზავრო. ნიკ შერმა ტყუილად კი არ დავირქვი?! ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი მიზნის მისაღწევად... სხვათა შორის, მყავდა მეგობარი გოგო, რომელსაც 2 დღის წინ დავშორდი. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, "დაგრუზული" ვარ.

- თამთა გოდუაძე შენს გემოვნებას აკმაყოფილებს?

- თამთა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ მისი არც ტელეფონის ნომერი ვიცი და არც - "ფეისბუკ"-მისამართი. მას მხოლოდ "მაგთი კლუბში" ვნახულობ. თბილი ადამიანია, მაგრამ მე უფრო დიდი სითბოს გამომჟღავნება ვიცი, როცა ადამიანი მომწონს. ისე, ასაკით ჩემზე ბევრად დიდია, მაგრამ არ ეტყობა. თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ 33 წლისაა. ისე არ გამიგოთ, თითქოს მისი ასაკი ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს. 37 წლის მანდილოსანთანაც მქონია ურთიერთობა. ვფიქრობ, ქალი 30 წლის შემდეგ უფრო სიმპათიური და მიმზიდველი ხდება, ვიდრე 20 წლის ასაკში იყო.

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობო, მითხარი. სიგარეტსაც არ ეწევი?

- ვეწეოდი და აღარ ვეწევი! არასოდეს არაფერსა და არავისზე დამოკიდებული არ ვყოფილვარ და არც ვიქნები! საკუთარ თავთან ბრძოლა ყოველთვის კარგად გამომდის.

სოფო ჭონიშვილი