ეკა ჩხეიძის წინათგრძნობა, რომანტიზმი და ბებიისგან მოსმენილი სიტყვები - გზაპრესი

ეკა ჩხეიძის წინათგრძნობა, რომანტიზმი და ბებიისგან მოსმენილი სიტყვები

"მას შესწევს ძალა ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია. მოუსვენარი, რომანტიკული და თავგადასავლების მოყვარულია. შესანიშნავად ეხერხება, რომ ადამიანი საკუთარი პოზიციის სიზუსტეში დაარწმუნოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მსახიობ ეკა ჩხეიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- რომ ვთქვა, - ასტროლოგიის მჯერა-მეთქი, მოვიტყუები. ერთხელ პირადი ჰოროსკოპის შესადგენად მეგობარს გავყევი და იმ ასტროლოგმა ისეთი რაღაცები მითხრა, რაც ჩემი ხასიათისა და განვლილი ცხოვრების საწინააღმდეგო იყო.

- "თქვენ ნამდვილი გველი ხართ", - აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალს კომპლიმენტს ასეც ეუბნებიან.

- მართლა? ეს არ ვიცოდი. საქართველოში გველი ცოტა სხვაგვარად აღიქმება; ასე შხამიანი ენის მქონე ადამიანებს ეძახიან.

- "გველი ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან..."

- აქსესუარები მეც მიყვარს, თან - ძალიან.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- სამწუხაროდ, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს; იმდენად კარგი, რომ ჩემი შეგრძნებები მაწუხებს. მერე მსაყვედურობენ, საკუთარ თავს თარსავო?

- "თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

GzaPress- ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად იყო. იმ საღამოს მოუსვენრობამ შემიპყრო, ფიქრები ამეკვიატა და რამდენჯერმე დავურეკე. არადა, მსგავსი რამ არ მჩვევია. ყველგან ვუშვებ, ყოველთვის ვიცი, სად არის, ვისთან ერთად არის და მის მეგობრებსაც ვიცნობ. იმ საღამოს კი ვერ იქნა და ვერ მოვისვენე. რომ დავურეკე, მითხრა, - 2 საათში მოვალო, მერე - 1 საათშიო. თავადაც არ ვიცოდი, რატომ ვნერვიულობდი; ფილმს ვუყურებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. იმ საღამოს ჩემი შვილი სახლში ნიკაპზე 10 ნაკერით დაბრუნდა... ადამიანებზეც უცნაური რაღაც მჭირს: შეიძლება პიროვნებასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ერთ დღესაც ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ რაღაცას დააშავებს. ჰოდა, გამორიცხულია, იმან რამე არ გააფუჭოს. ერთხელ ჩემს ქმარს ბავშვი, თავის პატარა (11-12 წლის) მეგობრებთან ერთად, ბირთვისის ხეობაში მიჰყავდა. ვურჩიე, - ვინმე უფროსი წაიყვანე, ბავშვებთან მარტო ნუ იქნები-მეთქი? უკვე დიდი ბიჭები არიან, ტყეში ფიჩხს მოაგროვებენ, კოცონს დავანთებთ, მწვადს შევწვავთ. ვინმეს წაყვანა რად მინდა, ბირთვისში უამრავჯერ ვარ ნამყოფიო. მაინც არ ვეშვებოდი, - ვინმე წაიყვანე. რა ვიცი, საბურავი არ გაგისკდეს-მეთქი. მოკლედ, ბავშვები წაიყვანა და წავიდა. როცა მოსაღამოვდა, დამირეკა: მითხარი, ახლა, თარსი არ ხარ? საბურავი მართლა გამისკდაო!

- ასტროლოგები მამაკაცებს აფრთხილებენ, როცა ქალ გველთან ურთიერთობას იწყებენ, მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინონ. ქალი გველი სასურველ მამაკაცს გარს ეხვევა და შეიძლება, მოგუდოს კიდეც. შენ თუ ყოფილხარ ვინმეზე "შემოხვეული"?

- არა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად ემოციური ვარ.

- "პარტნიორს პირველი ყოველთვის თავად ირჩევს. ეჭვიანია".

- ვიდრე გავთხოვდებოდი, ვერ ვიფიქრებდი, ცოლად იმ ბიჭს თუ გავყვებოდი, ვისთან ერთადაც ოჯახი შევქმენი. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. მისი და ჩემი კლასელი იყო. ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. არასდროს არც ერთი ბიჭის გაცნობაზე არ მიოცნებია, არ მიჩალიჩია, არანაირი აქტიურობა არ გამომიჩენია. ეჭვიანი ვარ მეგობრების მიმართაც და ეს დამღლელია. ურთიერთობაშიც ხელს მიშლის, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჩემი ეჭვები მართლდება. კარგი ის არის, რომ მოტყუებული არ ვრჩები.

- ამინდი ხასიათზე მოქმედებს?

- ნაკლებად. თოვლი არ მიყვარს. მთაში წასვლასა და თხილამურებით სრიალს არასდროს ვინატრებ. ზღვაზე, მთაში წასვლა უფრო მინდება ხოლმე. ზამთარს ზაფხული მირჩევნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცივი ამინდები ხასიათს მიფუჭებს.

- "ის საკუთარ შეგრძნებებსა და შთაბეჭდილებებს უფრო მეტად უჯერებს, ვიდრე ფაქტებს".

- სიჯიუტე ნამდვილად მახასიათებს. ზოგჯერ ვიცი, რა არ უნდა გავაკეთო, სად არ უნდა წავიდე, მაგრამ იმ მომენტში მინდა და მაინც მივდივარ. ამ დროს ჩემს თავს ვეჯიბრები თუ რა ხდება, ვერ გეტყვი.

- საქმის შუა გზაში მიტოვება გჩვევია?

- არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ არის შემთხვევა, როცა ხვდები, რომ თავის დანებება ჯობია და ვეშვები. საქმის კეთებისას მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ვიყო დარწმუნებული. მთავარია, მჯეროდეს, რომ ის გამომივა.

- "ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, რომელიც არ არის რისკთან დაკავშირებული".

- რისკზე იმ შემთხვევაში მივდივარ, როცა საკუთარ თავში 100%-ით ვარ დარწმუნებული. როცა ვიცი, რომ ეს საქმე გამომივა.

- "სძულს მარცხი, მაგრამ ბუნებით მშვიდია".

- სიმშვიდის შენარჩუნებას ყოველთვის ვცდილობ. მარცხის დროს შეცდომას პირველ რიგში, საკუთარ თავში ვეძებ. ეს ბევრ რამეში მეხმარება, თითქოს მამშვიდებს კიდეც.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".

- არც კი ვიცი, ეს უნარი მაქვს თუ არა. ღმერთმა კარგად მისმინოს, მაგრამ რაც მაქვს, ყველაფერი იოლად მომეცა, არასდროს მიბრძოლია, კბილებით გატანა არ დამჭირვებია.

- "ფულის გასესხება არ უყვარს, მაგრამ უჭირს ადამიანებს დახმარებაზე უარი უთხრას".

- საერთოდ, ფული ცოტათი საფრთხილო თემაა. თავადაც არ შემიძლია ვინმესთან მივიდე და ვუთხრა, - მასესხე-მეთქი. სტუდენტობიდან მოყოლებული, სულ მინდოდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა, რადგან ეს თავდაჯერებულობას მმატებდა. თუ ბევრს არ მთხოვენ და მაქვს, ვჩუქნი. შესაძლებლობების ფარგლებში, ადამიანებს დახმარებაზე უარს არასდროს ვეუბნები.

- "მას შესწევს ძალა ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- ჩამოვიშორო? ეს არასწორად ნათქვამია! ვცდილობ, ჩემი საქმით ვაჯობო, უკეთესად ვითამაშო... ეშმაკურ სვლებს არასდროს ვაკეთებ. როგორ მოვიქცევი, თუ მეტოქე პირად ცხოვრებაში გამოჩნდება? ვისაც ჩემთან არ უნდა, იმის იქით გზა ჰქონია, იძულებით ვერ გავაჩერებ. ისიც ვიცი, რომ შეუცვლელი არავინაა. ერთხელ ბებიამ - მედეამ მითხრა: თუ გინდა, სიყვარული შეამოწმო, გალიაში არასდროს დაიჭირო, გაუშვი. თუ იფრინა, იფრინა და მერე მაინც შენთან მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა უყვარხარ, მაგრამ თუ სამუდამოდ გაფრინდება, აღარ იდარდოო. ეს სიტყვები მაშინ თქვა, როცა კოტე მახარაძეზე ლაპარაკობდა. მე კოტე ძალიან მიყვარდა, მაგრამ გავუშვი, მისი დაჭერა არც მიცდიაო. ადამიანი შეიძლება, ფიზიკურად დაიჭირო, მაგრამ გულით შენთან თუ არ იქნება, გამოდის, რომ ტყუილში ცხოვრობო. მედეას ეს სიტყვები სულ მახსოვს, თან, ტყუილზე ისეთი გართულება მაქვს, ყველაზე მწარე სიმართლეც კი მირჩევნია.

- ტყუილის გამო ადამიანებს კარგავ?

- კი, მათთან ვეღარ ვურთიერთობ. სიმართლის თქმით თავადაც ბევრი მტერი გამიჩენია. ხომ იცი, სიმართლის მოსმენა არავის უყვარს.

- "მშვილდოსანი პირდაპირია მანერებითა და ლაპარაკით; მისი ნატყორცნი სიტყვა ყოველთვის მიზანს ხვდება".

GzaPress- აი, ხომ გითხარი, ამას ასტროლოგებიც ადასტურებენ. სიტყვას მიზნისკენ ერთხელ ვისვრი და თუ მოხვდა, მოხვდა, თუ არა და, მეორედ აღარ ვცდი, სპორტული ჟინი არ მაქვს.

- "შესანიშნავად ეხერხება საკუთარი პოზიციის სისუსტეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს".

- 100%-იანი სიმართლეა!

- "მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ საჭიროების შემთხვევაში ოსტატურად იყენებს". მოუსვენარი ხარ?

- კი, ყველაფერი მალე მბეზრდება. პროფესია ხელს მიწყობს იმაში, რომ ცხოვრება ერთფეროვანი არ იყოს. სხვადასხვა ადამიანის როლს ვირგებ, მის ტყავში ვძვრები, სხვანაირად ალბათ გავგიჟდებოდი.

- "თავგადასავლების მოყვარულია".

- თავგადასავლებზე ვგიჟდები. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავისთავად ხდება, ხან კარგი, ხან - ცუდი, მაგრამ როცა რაღაც ცუდად მთავრდება, გადის დრო და ვხვდები, ისე სჯობდა, როგორც მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიური ცხოვრებით ვცხოვრობ, მაგრამ უხილავი ძალის მფარველობას ყოველთვის ვგრძნობ.

- "ის ძალიან რომანტიკულია".

- ძალიან რომანტიკული ვარ და გული მწყდება, რომ ამ ქვეყანაში რომანტიზმი აღარავის შემორჩა.

- მეუღლეს?

- ისიც რომანტიკულია. ჩვენი შეხვედრების პერიოდი გამახსენდა: მეორე სართულზე ვცხოვრობდი. ის სახლთან ახლოს მდგარ ხეზე ძვრებოდა, ხიდან - აივანზე და ყვავილები მოჰქონდა. მეუღლე მეუღლეს მანქანას ხომ ჩუქნის და უმეტეს შემთხვევაში, ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება ანუ ერთად მიდიან, ირჩევენ ფერს, მოდელს და ა.შ. ჩემმა მეუღლემ კი მანქანა ორჯერ მაჩუქა და ორჯერვე მოულოდნელად. მახსოვს 30 დეკემბერი იყო, მეორე ღამეს საახალწლო საღამო მიმყავდა. მაკა ასათიანთან კაბას ვიკერავდი. მოსაზომად უნდა მივსულიყავი, ხალხი მელოდებოდა. მაშინ მანქანა არ მყავდა და ვთხოვე, - შენი მანქანა მომიყვანე, უნდა წავიდე-მეთქი. ტაქსით სიარული არ მიყვარს, მინდა საჭეს თავად ვმართავდე (მძღოლის გვერდით ჯდომაც კი არ შემიძლია). მოვდივარ, მოვდივარო, - მეუბნებოდა ყოველ ჯერზე, მაგრამ დრო ძალიან გაიწელა. ვნერვიულობდი. რომ მოვიდა და მითხრა, - მანქანა ისეთი ტალახიანი იყო, რომ მეგობარმა გასარეცხად წაიყვანაო, გავგიჟდი, - რა დროს მანქანის გარეცხვა იყო-მეთქი? დამატებით რამდენიმე წუთი მალოდინა. მერე, როგორც იქნა, მოვიდა. ჩავედით და რას ვხედავ, ზუსტად ჩემი სადარბაზოს წინ, ვერცხლისფერი, ახალთახალი "პეჟო" დგას და მთვარის შუქზე ბრწყინავს. ჩავიბურტყუნე, - ეს მანქანა ჩემი კარის წინ ვინ დამპალმა დააყენა-მეთქი? - რა ვიცი, ვინ დამპლმა დააყენაო - და უცებ, ჯიბიდან გასაღები და პულტი ამოიღო. გავგიჟდი, ემოციებისგან ისე ავკანკალდი, საჭეს ვეღარ მივუჯექი.

- "მას ყოველივე უცხოური ხიბლავს".

- უცხოური ბევრი რამ მხიბლავს. როცა სადმე ვმოგზაურობ, შურით ვუყურებ და ვფიქრობ, ეს რატომ არ არის ჩვენთან? აქ ბოლო დროს ყველაფერი აირია. პოლიტიკოსებმა უიმედობა ჩამისახეს, რადგან უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. 3 პროექტში ვიყავი დაკავებული და არც ერთი აღარ დაფინანსდა. ვგრძნობ, ჩემში ენერგიაა დაგროვილი, რომელსაც ვერ ვხარჯავ. მინდა, დილიდან დაღამებამდე ვიმუშაო, მაგრამ სად? არ მინდა პოლიტიკაში ვერკვეოდე, არადა, ყველა პოლიტიკოსი გახდა; "ხსნის გზა" რომ ყველამ იცის, ეს ძალიან მაკვირვებს.

თამუნა კვინიკაძე ეკა ჩხეიძის წინათგრძნობა, რომანტიზმი და ბებიისგან მოსმენილი სიტყვები