მწერალთან შეხვედრით მიღებული შთაბეჭდილება და ჯანო იზორიას ემოციური პოსტი - გზაპრესი

მწერალთან შეხვედრით მიღებული შთაბეჭდილება და ჯანო იზორიას ემოციური პოსტი

ჯანო იზორია საინტერესო მსახიობი და პიროვნება გახლავთ. ძლიერი სურვილი აქვს, ნანახისა და განცდილის ისე დაწერა შეეძლოს, რომ მისი ნაწერის კითხვისას ადამიანებს ემოციები აღუძრას...

- წიგნი იმის კარგი გარანტიაა, რომ ადამიანმა ცხოვრება უფრო მშვენივრად გაატარო. როგორც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" - წერია, თუ რამე ახალი წიგნი გამოვიდა და ჯერ არ წაგიკითხავს, ეს მოსალოცი ამბავია, რადგან ახალ სამყაროს, ახალ საოცრებას გაეცნობი. ეს სასიამოვნოა... ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, უამრავ წიგნს წავიკითხავდი. დრო გავიდა და რაღაცებს ვნანობ... ბავშვობაში სხვა რაღაცებით ვიყავი დაკავებული. ხომ იცით, 90-იან წლებში როგორი ამბავი იყო? იმ დროის შესახებ ადამიანი წიგნს დაწერს... ნაწარმოებებს იმ პერიოდშიც ვკითხულობდი, მაგრამ ბავშვები ცხოვრებისეული მოვლენებით უფრო ვიყავით გატაცებული: ქუჩაში დავდიოდით, შემოსულ ტანკებს დავდევდით, ვერთობოდით, ზღვაზე ვიპარებოდით... ბუნებრივია, შემეძლო, წიგნი ზღვის სანაპიროზეც წამეღო და წამეკითხა, მაგრამ ცოტა "მოხულიგნო" ბანდა ვიყავით... შემდეგ, ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, წიგნების კითხვისკენ პედაგოგები გვიბიძგებდნენ: პოეზიის, მხატვრული კითხვის საღამოებს ვაწყობდით და ნათელი მომავლის გზას დავადექით. საქართველოში, ნანა ჯანელიძის ფილმის - "იავნანამ რა ჰქმნა" პრემიერა როცა იყო, რეჟისორთან შეხვედრა მოგვიწყვეს - ეს არ დამავიწყდება! ფილმის ნახვამდე, ნაწარმოები წაკითხული მქონდა. მაშინ ლეკები ახოვან ადამიანებად წარმომედგინა, რომლებიც მთებზე გადმოვიდნენ, ცხენებით მოქროლდნენ და ქეთო მოიტაცეს. ფილმი რომ ვნახე, იქ ლეკები დაბეჩავებული ტიპები არიან. ამან გადამრია! ძალიან მომეწონა.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციაში ითამაშებდი სიამოვნებით?

- საოცნებო როლი არ მაქვს, მაგრამ მაგალითად, რობაქიძის "ლამარაში" მინდიას როლს შევასრულებდი. ბოლო დროს ეს პერსონაჟი ავიკვიატე. მინდია "მიწიერი" ადამიანია. დღესდღეობით, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კაცობრიობას ცხოვრება გაგვიადვილდა (მაგალითად, თუ რაღაც არ ვიცით, "დავგუგლავთ" და გავიგებთ), ინფორმაციას მარტივად ვიღებთ, ცხოვრება სხვანაირად მწყურია. ძალიან მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც ზღვაზე, მთაში დადიან და ცხოვრებას უფრო ღრმად ეცნობიან. ყველაფერს უნდა შეეხო და გაიგო, ეს რა მცენარეა, რა მწერია და ა.შ. ხალხს ნელ-ნელა სურვილი უჩნდება, რომ სოფელში სახლი ჰქონდეს, ხმაურს მოშორდეს...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?

- მერაბ ნინიძის შესახებ, ბიოგრაფიული წიგნი - "მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე" წავიკითხე. გვიან საღამოს გადაღებიდან, თბილისიდან ფოთში ვბრუნდებოდი. სამგზავრო ფულის გარდა, ჯიბეში გარკვეული თანხა მქონდა და წიგნი იმ ფულით ვიყიდე. ისეთი რაღაცები ამოვიკითხე, რაც ძალიან მომეწონა. წარმატებული ადამიანი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს უკარება ჰგონია. ფიქრობენ, - ნეტავ, ახლა ამას თუ ეცოდინება, ყანაში გლეხი როგორ მუშაობსო? წაკითხულიდან რამაც აღმაფრთოვანა, ეს გურიის შესახებ მოგონებებია. კითხვისას ჩემს ცხოვრებასთან პარალელებს ვავლებდი და გარკვეულ მსგავსებას რომ ვპოულობდი, მიხაროდა. ხომ იცი, როცა ადამიანი წიგნს კითხულობ, გეღიმება და ბედნიერი ხარ, - ვა, ეს ეპიზოდი ჩემი ცხოვრების ამა და ამ მონაკვეთს როგორ ჰგავსო?! კიდევ რამაც გამახარა, ის იყო, რომ ბატონი მერაბი ბაბუამისის შესახებ წერს: რეჟისორი იყო, ზესტაფონსა და ოზურგეთში სპექტაკლებს დგამდა. სპექტაკლი ფოთშიც აქვს დადგმული. თეატრისა და კინოს მიმართ ჩემი სიყვარული სწორედ ფოთიდან დაიწყოო. წიგნის ეს მონაკვეთი მაშინვე ტელეფონით გადავიღე და მეგობრებს გავუგზავნე: ნახეთ, ჩვენს თეატრს და ქალაქს როგორ იგონებს-მეთქი!.. ამ წიგნს რეპეტიციის დროსაც ვკითხულობდი. თითქოს, მუშაობისას ერთგვარი სტიმული იყო... საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც ხელოვნებასა და თუნდაც, სპორტში მნიშვნელოვანი რამ შექმნა. ასეთი ხალხის ბიოგრაფიული წიგნები რომ გამოდიოდეს, ცუდი არ იქნებოდა. შეიძლება, ადამიანის შესახებ დოკუმენტური ფილმი ნახო, მაგრამ კითხვას სხვა ინტიმი აქვს... მოკლედ, გვიანი არასოდეს არის - ვცდილობ, ადრინდელი შეცდომები გამოვასწორო და წიგნები ახლა წავიკითხო.

- შენს განვითარებაზე, პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა?

- გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებმა - "სამოსელი პირველი". ფანტასტიკურია! სასწაულია, რომ ამ წიგნის ავტორი - ასეთი სასწაული ადამიანი დღეს ჩვენ შორის დადის. მასთან შეხვედრის ბედნიერებაც მქონდა: ბატონი რეზო ჩხეიძის სტუდენტი გახლდით. ჩვენს მეგობარს ქორწილი ჰქონდა. მაშინ გურამ დოჩანაშვილის 4-ტომეული ახალი გამოსული იყო. გვინდოდა, ქორწილში საჩუქრად მიგვეტანა. ბატონ რეზოს ვთხოვეთ: იქნებ, ბატონმა გურამმა წიგნზე წარწერა გაგვიკეთოსო. - არ არის პრობლემაო, - გვითხრა რეზო ჩხეიძემ, ბატონ გურამს დაურეკა და დილის 9 საათზე მასთან შესახვედრად მივედით. როცა გურამ დოჩანაშვილმა კარი გაგვიღო, მახსოვს, როგორი ინტონაციით გვითხრა, - მოდითო... ოთახში წიგნები ფრთაგაშლილი ფრინველებივით იყო მიმოფანტული. ისიც დამამახსოვრდა, ბატონი გურამი სავარძელში როგორ ჩაეშვა. მერე გვიყვებოდა საინტერესო პარალელებზე, როცა ადამიანი ბახის მუსიკის ფონზე ვაჟას შემოქმედებას კითხულობს... ბატონ რეზოსთან მეგობრობის შესახებ რომ გვიამბობდა, თამბაქოს ეწეოდა, ნამწვი იატაკზე ეცემოდა, რომელიც თავისით ქრებოდა და ამომწვარი ადგილები, კვალს ტოვებდა წინწკლებივით. შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა - ირინამ (ვისთან ერთადაც ბატონ გურამთან ვიყავი) "კავშირები" მოვძებნეთ და უცებ დავასკვენით: რა მაგარია, როდესაც ადამიანი ღვთის რჩეულია და არაფერი ემართება-თქო. ახალგაზრდები ვიყავით და ბატონ გურამს ვუთხარით: თქვენ ხართ უდიდესი მწერალი, ძალიან გვიყვარხართო! გვიპასუხა: - არა, არა, მოკარნახე მყავს ზემოდან. მხარზე ჩამომაჯდება და მკარნახობს. უბრალოდ, მე გადავწერ ხოლმეო... ძალიან საყვარელი, ფანტასტიკური ადამიანია! მიხარია, რომ დღეს კარგად არის, კარგად გამოიყურება... კიდევ, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებია ფანტასტიკური! ისინი ყველა ქართველისა და საერთოდ, ადამიანის ცხოვრებას ჰგავს, მაგრამ ჩემში რაღაც "ამბავი დაატრიალა"... ასევე, გურამ რჩეულიშვილზე ვგიჟდები! ადამიანი 26 წლის ასაკში ამდენ რამეს რომ მოასწრებ, სიგიჟეა! ვამაყობ, რომ ასეთი მაგარი მწერალი გვყავდა!.. საერთოდ, ხელოვანებს ის "პრივილეგია" აქვთ, რომ საკუთარი შემოქმედებით, საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ.

- ჯანო, საკუთარ თავს რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ამსგავსებ?

- არ ვიცი, რამდენად ვგავარ, მაგრამ დონ კიხოტი ძალიან მიყვარს. ქარის წისქვილებს რომ ებრძვის, ამიტომ მომწონს. ცხოვრებაშიც არის შემთხვევები, როცა ქარის წისქვილებთან ბრძოლა გვიწევს.

- თანამედროვე ლიტერატურას ეცნობი?

- რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე. უფრო მეტად, პიესები მაინტერესებს. საბედნიეროდ, ახალი თაობის მწერლები ბევრნი არიან. თანამედროვე პოეზია მომწონს. ახლა "გურული დღიურების" წაკითხვა მაინტერესებს. ლია ლიქოკელის, ლაშა ბუღაძის შემოქმედება მომწონს... ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში - "თეატრი" ვითამაშე კიდეც. სხვათა შორის, მალე ამ სპექტაკლის 10 წლის იუბილე გვაქვს...

- თავად არ აპირებ წიგნის დაწერას?

- (იცინის) მშურს ადამიანების, რომლებსაც "კალამი უჭრით". ჩემში დაგროვებული ემოციების გამოხატვის საშუალება მხოლოდ სცენაზე მაქვს, ისიც - იმ შემთხვევაში, თუ გამიმართლა და შესაბამისი როლი მომცეს, რომ რაც მინახავს და განმიცდია, იმ ემოციების რეალიზაცია პერსონაჟის შექმნაში მოვახდინო.

წერა ძალიან მინდა. უთქვამთ ხოლმე: სცადე, იქნებ გამოგივიდესო... როცა ვცადე, შეცდომების დაშვების კომპლექსი მქონდა. სხვათა შორის, ამას წინათ, "ფეისბუკზე" ერთი ამბავი დავწერე, რომელიც მეტროში ვნახე და ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა: ვაგონის დასაწყისიდან, ერთმა მოხუცმა კაცმა მოწყალების თხოვნა დაიწყო. უეცრად, კართან თანატოლი ქალი დაინახა, რომელიც ასევე, მოწყალებას ითხოვდა. კაცმა ქალს დაუთმო, - მიდით, მიდით, ჯერ თქვენ, ქალბატონოო... ეს ტკივილი და იმავდროულად, სიამაყეა: მოწყალების თხოვნის დროსაც კი, კაცმა თავაზიანობა და მოკრძალება გამოიჩინა. ადამიანი თუკი ზნეობრივად და სულიერად "დიდია", ის ყველგან მშვენიერია! არ შემეძლო, ჩემი ემოცია არ გამომეხატა... შენ მიერ ნანახს ფურცელზე რომ გადაიტან და სხვა ადამიანში ემოციებს აღძრავ, ეს დიდი ნიჭია და მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთა შესახებაც ინტერვიუში ვისაუბრე... ცხოვრება საინტერესოა. ადამიანებს ისეთი რამე გაუკეთებიათ, რასაც საერთოდ არ ელოდნენ: ვიღაცას ხატვა დაუწყია, ვიღაცას - მუსიკის წერა... იქნებ, ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს რაღაც ისეთი, რაც წერას დამაწყებინებს...

ეთო ყორღანაშვილი